Home რუბრიკები პოლიტიკა «ნაციონალური მოძრაობა» გვთავაზობს…

«ნაციონალური მოძრაობა» გვთავაზობს…

522

მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ქართველებს ძალიან მოკლე პოლიტიკური მეხსიერება გვაქვს. სწორედ ამის ბრალია ის, რომ, რაც უნდა დიდი შეცდომა დაუშვა პოლიტიკაში, დიდი-დიდი ერთი წელი ჩრდილში იქნები, შემდეგ კი ისევ მზის სინათლეზე გამოხვალ და, ქართული პოლიტიკის ავანგარდში თუ არა, მეორე ხაზზე მაინც დადგები, თანაც იმ იმედით, რომ არავის არაფერი ახსოვს. და მართლაც, ეს ტაქტიკა ხშირად ამართლებს. ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლოს გვქონდა.

 

«ნაციონალური მოძრაობა» 2012 წლის ციხის კადრების შემდეგ ხელისუფლებიდან პირდაპირ ციხეში უნდა წასულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, აქეთ _ კოჰაბიტაცია, იქით _ საერთო ინტერესები და ახლა «ნაციონალები» ისევ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, «ნაციონალურ მოძრაობას» ამის შანსი არ აქვსო, მაგრამ რეალურად «ქართული ოცნების» რეიტინგი თბილისური თოვლივით დნება და ჯერ არავინ იცის, მათი დაცემული რეიტინგის ხარჯზე რომელი ოპოზიციური პარტიის გავლენა მოიმატებს. ისიც ვთქვათ, რომ პიარში «ნაციონალებს» ვერავინ შეედრება და ბუზის სპილოდ წარმოჩენის ტექნოლოგია ლამის ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი. ამ ყველაფრის ფონზე საეჭვოდ არის გაჩუმებული მიხეილ სააკაშვილი, კაცი, რომელიც დღემდე «ნაცმოძრაობის» თავმჯდომარეა და გუნდის უპირობო ლიდერად ითვლება. როგორც ამბობენ, «ნაციონალები» ნიადაგის მომზადებას აპირებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი საქართველოში მოვლენების კულმინაციის დროს, ანუ გმირად დაბრუნდეს და, რაღა თქმა უნდა, ამის იმედი, ისევ და ისევ, ჩვენი მოკლე პოლიტიკური მეხსიერების გამო აქვთ.

«ნაციონალურმა მოძრაობამ» თვითმმართველობის არჩევნების წინ მხარდამჭერებთან ბოლო მასშტაბური შეხვედრა გამართა და სპორტის სასახლე გაავსო. სოციალურ ქსელებში ამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანმა იკითხა, სასტუმრო «ჰოლიდეი ინ» (ძველი აჭარა) მყარად არის ნაგები თუ, შესაძლოა, წაიქცეს და სპორტის სასახლეს დაეცესო, თუმცა ამ კომენტარებზე საინტერესო ის განცხადებები იყო, რომლებიც ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს. გიორგი ვაშაძით დავიწყოთ.

«ჩვენ გთავაზობთ იმას, რაც ვიცით!» _ განაცხადა ვაშაძემ და მისი შემდეგი სიტყვები ტაშის გრიალში ჩაინთქა. ტრიბუნასთან ახლოს ვიყავი და კარგად გავიგონე, რა თქვა ამის შემდეგ ვაშაძემ, ანუ რა იცის კარგად «ნაციონალურმა მოძრაობამ»:

პირველ რიგში, _ ეკლესიის დისკრედიტაცია და ნგრევა; სრულიად საქართველოს ციხედ გამოცხადება და ყოველი მეათე ადამიანის გასამართლება; ბიზნესმენების დაწიოკება და ტერორი; ადამიანების ქუჩაში დახვრეტა; საზეიმო ტელედაპატიმრებები; ციხეებში პატიმრების წამება, ხოცვა, გაუპატიურება; პრეზიდენტისთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭება და მისი მადის დასაკმაყოფილებლად ხან სუში-ბარის დაკეტვა და ხან დოქტორ დოტის ჩამოყვანა და მასაჟები… ვაშაძეს კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა, თუმცა ტაში მინელდა და გაჩუმება არჩია.

სხვათა შორის, ვაშაძე ძალიან საინტერესო პერსონაა. იმის მიუხედავად, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ათასობით ყალბი პირადობა აღმოაჩინა, რაც, წესითა და რიგით, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის იმჟამინდელ მოადგილე ვაშაძეს უნდა სცოდნოდა, მის მიმართ კითხვებიც კი არ გაჩენილა და ვაშაძეც დიდ გულზეა, _ დამიმტკიცეთ, რომ ვიცოდიო. ამბიციამოძალებული გიორგი მერობის კანდიდატობასაც აპირებდა, მაგრამ მერე რაღაც არ მოეწონა და პრაიმერში მონაწილეობაზეც კი უარი თქვა, საბოლოოდ კი თბილისი ნიკა მელიას შეატოვა. ვერ ვიტყვი, «ქართული ოცნების» კანდიდატი დავით ნარმანია ციდან ვარსკვლავებს წყვეტს-მეთქი, მაგრამ მელიას რომ აჯობებს, ფაქტია. თბილისელები მოვლენათა ეპიცენტრში არიან და, რაც მთავარია, მათი პოლიტიკური მეხსიერება, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, არც ისე მოკლეა. ისევ «ნაცმოს» შეხვედრას დავუბრუნდეთ.

ვაშაძის შემდეგ იყო თენგიზ გუნავა, ადამიანი, რომელიც ახლა ზუგდიდის გამგებლობისთვის იბრძვის, მანამდე კი სამხარეო პოლიციის უფროსი იყო და სამეგრელოს მცხოვრებნი დღემდე ყვებიან, როგორ ტერორში იყვნენ იმხანად და, ვინც «ნაცებს» არ ემორჩილებოდა, ან ციხეში მიდიოდა, ან სასაკლაოზე, რომელიც სამეგრელოს ტყეებში იმდენი ყოფილა, რომ თვლას ვერ აუდიან. გუნავას ეს საერთოდ არ აწუხებს, რადგან მასა და მის გუნდს ამაზე უარესი თავხედობა შერჩენიათ და დიდი რამე, ესეც თუ შერჩებათ.

ისე როგორ იქნებოდა, ტრიბუნასთან გიგი უგულავა არ მისულიყო და ნამერალმა ჩვეულად დასჭექა, _ აქაოდა, დღე-დღეზე ხელისუფლებაში დავბრუნდებით და დავბრუნდებით ისე, რომ შურს არ ვიძიებთო. ძალიან გვინდა, დავიჯეროთ, რომ «ნაციონალური მოძრაობა» შურს არ იძიებს, მაგრამ რა ვქნათ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს, კარგად გვახსოვს 2003 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების თავს რა ქარბორბალა დატრიალდა. გასახსენებლად დავით მირცხულავა და სულხან მოლაშვილიც კმარა. ამ ადამიანებს ის ჯოჯოხეთი გამოატარეს, მომდევნო წლებში თითქმის ნახევარმა საქართველომ რომ გაიარა და მეორე ნახევარი სწორედ ამ ჯოჯოხეთის შიშით მმართველ გუნდს, პრაქტიკულად, დაემონა. ჰოდა, ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ ძალაუფლებას სისხლით ამაგრებდნენ, ადამიანებს სულში აფურთხებდნენ, სკამების გულისთვის უკან არაფერზე იხევდნენ, ახლა გვპირდებიან, დაბრუნების შემთხვევაში, იმას გავაკეთებთ, რაც ვიცითო. ამ განცხადების შემდეგ მათ ვერავინ შეედავება, ისევ იმავეს რატომ სჩადიხართო, რადგან გასაგებად ითქვა: «გთავაზობთ იმას, რაც ვიცით!»

დავით მინდიაშვილი

P.S. მერობის კანდიდატად «ნაციონალების» მიერ წარდგენილმა ნიკა მელიამ განაცხადა, ჩემი არჩევის შემთხვევაში თბილისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 20 თეთრი გახდება, ხოლო საწვავზე აქციზის გადასახადს გავაუქმებთ და ბენზინი, სულ ცოტა, 25 თეთრით გაიაფდებაო. არავის მოუვიდა თავში აზრად ეკითხა _ კი მაგრამ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხელს ვინ გიშლიდათო და… მაშინ ისე ჩანდა, რომ ხელისუფლება ურყევი იყო, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით სუშის ჭამა და ნაშებში გრიალი კი _ ძალიან ტკბილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here