Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: ალასანიამ განაცხადა ის, რაც ამერიკელებმა დაავალეს

ანზორ მაისურაძე: ალასანიამ განაცხადა ის, რაც ამერიკელებმა დაავალეს

519

ამ დღეებში, როცა ჩვენს მასმედიაში ხმის ჩახლეჩამდე კამათობენ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებასა და სხვა ამგვარ «სენსაციურ» პრობლემებზე, რაღაც შეუმჩნევლად და, ვითომც არაფერიაო, ჩაიარა ჩვენი თავდაცვის მინისტრის _ ირაკლი ალასანიას ვაშინგტონში ყოფნისას ამერიკელებისთვის შეთავაზებულმა წინადადებამ საქართველოში თავდაცვის საშუალებების განლაგების შესახებ. რუსეთისგან თავდასაცავად, ალბათ. თორემ არც თურქმენეთი აპირებს ჩვენ წინააღმდეგ გამოლაშქრებას, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ერთად აღებული, ხოლო თურქეთს ისედაც დაპყრობილი ვყავართ. ალასანიას მოულოდნელი ინიციატივის კომენტირება «საქართველო და მსოფლიომ» უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძეს სთხოვა:


_ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2008 წლის ომიც ისეთივე წაქეზებით მოხდა, როგორითაც დღეს ალასანიამ მოითხოვა რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების საქართველოში განლაგება.

2008 წლის ომი სააკაშვილის ინიციატივა არ იყო. იგი ამერიკის შეერთებული შტატების ქორებმა წააქეზეს. წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსო, _ ზუსტად ასე მოხდა.

_ ასე მარტივად იყო საქმე?

_ სამწუხაროდ _ კი. სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ კონფლიქტური რეგიონების დასაბრუნებლად ყველა პირობა იყო შექმნილი, რომ ქართული არმია კარგად გაწვრთნილია, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ამ ომში ჩაბმას, რადგან, ჯერ ერთი, დაჟანგული ტანკებით ვერ გაგვიწევდა წინააღმდეგობას და, საერთოდ, არ იყო დაინტერესებული მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებით. სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, უყოყმანოდ დაემორჩილა პატრონების «რჩევას».

ამასთანავე, ამერიკელები დაჰპირდნენ ყოველმხრივ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში და ა. შ. რით და როგორ დაეხმარა თავის ფავორიტს პრეზიდენტი ბუში, ცნობილია. და მოურჩენელ ჭრილობად დაგვრჩა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა.

ამ ომში ჩვენი დამარცხების მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ გაგახსენებთ, რა მსხვერპლი და როგორი ზარალი მოჰყვა სააკაშვილ-აშშ-ის თავდაჯერებულ ავანტიურას. თქვენი გაზეთის მკითხველებმა ეს შესანიშნავად იციან, სხვათა შორის, თქვენთან გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიების წყალობითაც.

_ გმადლობთ!

_ მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ალასანიას შეთავაზებით რაკეტებს საქართველოში არავინ არ და ვერ დააყენებს. წარმოუდგენელია, რომ მათ, ვისაც იგი ასეთი თხოვნით მიმართავს, არ გაითვალისწინონ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება და, რაც მთავარია, ის რეაქცია, რომელიც შეიძლება ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან მოჰყვეს.

ძალთა ბალანსს, რომელიც ასე თუ ისე არის დამყარებული აშშ-სა და რუსეთს შორის, ალასანიას ინიციატივას არ დაარღვევინებენ.

უბედურება კი ის არის, რომ ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ ასე მოხდა, ყველაზე მეტად სწორედ საქართველო დაისჯება. შეიძლება ერთ მშვენიერ დილას, გარეთ რომ გამოხვალთ, დაინახოთ, რომ თბილისისა და ქვეყნის ყველა გზაჯვარედინზე რუსეთის არმიის ტანკი ან ჯავშანტრანსპორტიორი დგას.

კიდევ რა უნდა დაგვატყდეს თავს, საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე რომ ისწავლოს?

_ პასუხი მე არ მაქვს. მაქვს შეკითხვა: თუ აშშ-ის დაინტერესებულმა ძალებმა (მაკკეინი და მისთანანი), უკარნახეს ალასანიას ზემოაღნიშნული წინადადების წამოყენება, მან კი ეს დავალება შეასრულა, ეს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ზემოთქმულის გამომრიცხავი _ თუ აშშ-ში რეალურად არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან საღად აფასებენ ძალთა ბალანსს, რატომ გვაყოფინებენ თავს ისეთ ყულფში, რომელმაც შეიძლება მოგვაშთოს?

_ ჯერ ერთი, ყირიმის მოვლენების იგნორირება წინდაუხედაობა იქნებოდა. მეორე _ უკრაინაში მიმდინარე ამბების ფონზე, ნუ გამოვრიცხავთ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ ერთობლივად აგორებულ კამპანიაში, რაც რუსეთის იზოლაციის ღონისძიებებში გამოიხატა, საქართველო ჩართული აღმოჩნდეს, როგორც აგორებული პიარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

_ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისგან მოსალოდნელმა აგრესიამ შეაშინა და ამერიკას დახმარება სთხოვა თავდაცვის მინისტრის მიერ წამოყენებული წინადადებით?

_ დიახ, რატომაც არა. ამას რუსეთის აგრესიულობის დასადასტურებლად და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში აშშ-სა და ევროკავშირის ჩარევის გასამართლებლად გამოიყენებენ.

არა მგონია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის რეაქცია ალასანიას წინადადებაზე შორს წავიდეს, და ამერიკამ, რომელმაც უკრაინის გამო ისედაც ბევრი თავსატეხი გაიჩინა, ზედმეტად აიტკივოს თავი და გაირთულოს მდგომარეობა. საეჭვოა, რომ კავკასიაში, რომელიც მგრძნობიარე რეგიონია გარედან ჩარევის მიმართ, ამერიკამ გამოიყენოს ასეთი რადიკალური და უხეში მეთოდი. ეს მას დივიდენდებს არ მოუტანს.

_ რომ გამოიყენოს?

_ ვიდრე გამოიყენებს, როგორც გითხარით, ყველა ჩვენს გზაჯვარედინზე რუსეთის ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი დადგება. განა ყირიმში ასე არ მოხდა?

_ ყირიმის რუსეთში დაბრუნებით, მიმომხილველთა აზრით, გამოსწორდა ის ისტორიული უსამართლობა და მავნებლობა, რომლის ავტორი იყო ნიკიტა ხრუშჩოვი. დიქტატორის როლში შეჭრილმა ამ გაბერილმა ტიკინამ, რომელიც გატაცებული იყო ტერიტორიების გადანაწილების აზარტული თამაშით, ყირიმის ნახევარკუნძული ლანგრით მიართვა უკრაინას, ხოლო უკრაინის ბელგოროდის ოლქი რუსეთს მიუერთა.

_ გეთანხმებით, მაგრამ მე ვლაპარაკობ შესაძლებელ ვარიანტზე, რომელსაც თვალს ვერ მოუხუჭავ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან დაინტერესებული არ არის. მაგრამ თუ მის წინააღმდეგ რაკეტებს დააყენებ შენს ტერიტორიაზე, მაშინ გამორიცხული არ არის ის, რაზეც უკვე გელაპარაკეთ.

_ არ მესმის, ვერ ვიგებ, რომ ირაკლი ალასანიამ, რომელმაც აფხაზეთის ომის საშინელება გამოიარა, იმ ომის, რომელშიც მამა გმირულად დაეღუპა, არ გაითვალისწინა ის საშიშროება, რომელიც შეიძლება დაემუქროს საქართველოს და აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართა წინადადებით, რომელიც მაინცდამაინც ამ საშიშროების შემცველია?

_ ალასანიას ვინ რას ეკითხება?! არა მგონია, რომ მას ასეთი აზრი მოსვლოდა თავში. უთხრეს, ასე თქვიო და იმანაც გაიმეორა.

_ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მაინცდამაინც არ დასცილებია «ნაცების» საგარეო პოლიტიკურ კურსს და სხვისი კარნახით მოქმედებს?

_ ჩვენი საგარეო პოლიტიკა პირდაპირ არის მიბმული ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე. ასე იქნება კიდევ დიდხანს, ვიდრე ამერიკის გავლენის ქვეშ ვიქნებით და ვიდრე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ვექტორს გამოვნახავთ. ხაზს ვუსვამ _ დამოუკიდებელ კურსს!

_ რუსეთიდან მოსული საფრთხე დღეს პოპულარული თემა რომ გახდა, ამაზე რას იტყვით?

_ საფრთხე, საშიშროება, მტერი… იცით კი, ვინ შეიძლება მიჩნეულ იყოს მტრად? მაგალითად, აშშ-ისთვის მტერი შეიძლება იყოს ის ქვეყანა, რომელსაც ისეთივე შეიარაღებული ძალები ჰყავს, როგორიც მას. რუსეთისთვის მტერი არის ის ქვეყანა, რომელსაც მისი ჯარის ფარდი არმია ჰყავს, ისეთივე რესურსები გააჩნია და ისეთივე ტერიტორია, როგორც მას. განა შეიძლება, რომ ჩვენ განვიხილებოდეთ რუსეთის მტრად, როცა საქართველოს შესაძლებლობები ასჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის?!

ხოლო ის, რის განხორციელებასაც ბატონი ალასანია ითხოვს, რუსეთის გამაღიზიანებელი დემარში შეიძლება აღმოჩნდეს და მტრის ის კლასიკური განმარტება, რომელზეც მოგახსენეთ, _ ფუჭი სიტყვები.

დასავლეთი რას იზამს ასეთ შემთხვევაში? აღშფოთდება და შეშფოთდება.

_ ე. ი. გაგვწირავს?

_ თავისი ინტერესებისთვის გაგვწირავენ, რადგან ფეხებზე ვკიდივართ და ისე გვექცევიან, როგორც წვრილი ჩხვლეტებისთვის გამოსაყენებელ სატელიტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ტრაგედიად შემოგვიბრუნდება. მაგალითი წინ გვაქვს _ 2008 წლის აგვისტოს ომი.

თავდაცვის მინისტრმა ინიციატივა კი გამოიჩინა, მაგრამ შეთანხმებული იყო ეს ქვეყნის მეთაურთან? მთავრობასთან? იქნებ, მისი თავგამოდება სუბიექტური ჰიპერაქტიურობის შედეგია?

თუ შეთანხმებული იყო, ცუდია. თუ არ იყო შეთანხმებული, _ უარესი.

პასუხს ამ კითხვებზე, ალბათ, მოკლე ხანში შევიტყობთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. დღის წესრიგში მდგარი ამ პრობლემის კომენტირებისას ოდიოზურმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არა მხოლოდ ერთი მინისტრი, არამედ ყველა მინისტრი კონცენტრირებული უნდა იყოს ამ საკითხზე, ე. ი. ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც და იგივე უნდა მოითხოვონო.

«ნაცების» იდეოლოგის ეს მოწოდება უტყუარი ნიშანია ალასანიას ინიციატივის ნეგატიურობის, რადგან, რაც აქამდე უქადაგია უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, მხოლოდ უბედურების მომტანი იყო საქართველოსთვის.

ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა და საერთაშორისო ურთიერთობების დიდი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ამჯობინა, ჩვენს თხოვნას, შეეფასებინა ირაკლი ალასანიას ინიციატივა, უპასუხა: _ ეს აბსოლუტური იდიოტიზმია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here