საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ ნატოსა და ამერიკელებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განსათავსებლად საქართველოს ტერიტორიის შეთავაზებამ ბევრი შეაშფოთა. მართალია, ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებით აღშფოთებულმა საზოგადოების ნაწილმა ირაკლი ალასანიას ეს განცხადება, ერთი შეხედვით, თითქოს უყურადღებოდ დატოვა, მაგრამ პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ალასანიას ამ შეთავაზებაში ძალიან დიდ საფრთხეს ხედავენ. ზოგი მოქალაქე კი ამბობს, ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე, მგონი, უფრო დამღუპველი რამ შემოგვაპარესო. «საქართველო და მსოფლიოს» მოსალოდნელ საფრთხეებზე პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერი ვალერი კვარაცხელია ესაუბრება.
_ ბატონო ვალერი, თავდაცვის მინისტრის შეთავაზება ნატოსა და ამერიკისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის საშუალებები განათავსონ, რას მოუტანს საქართველოს და რა რეაქცია ექნება რუსეთს?
_ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ ნატოსა და ამერიკელებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განსათავსებლად საქართველოს ტერიტორიის შეთავაზება შეიძლება შევაფასოთ, როგორც რუსეთისთვის ომის გამოცხადება.
რუსეთი ამჟამად ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მას მთელი დასავლეთი დაუპირისპირდა. რუსეთი უძლიერესი ქვეყანაა, მაგრამ ეს გამოწვევა ისეთი სერიოზულია, რომ იგი, პრაქტიკულად, ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთმა, თუნდაც ყირიმის მიერთებით, ისეთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა, რომ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. ის ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ მარცხი მის აუცილებელ დაშლას მოასწავებს.
მოვლენათა განვითარების ასეთი ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ამაზე ოცნებობენ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, მაგრამ იგი თავისთავად კი არ არის გამორიცხული, არამედ იმის გამო, რომ რუსეთი ყველაფერზე წავა მოვლენებისთვის მისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.
ახლა ამ საკითხს საქართველოს პოზიციებიდან შევხედოთ და გაგცემთ პასუხს თქვენს შეკითხვაზე _ რას მოუტანს ეს საქართველოს? ირაკლი ალასანიას ეს განცხადება ჩვენ ვისთან გვაპირისპირებს? _ ყველაფერზე წამსვლელ რუსეთთან და არა მგონია, ამ ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი, რომლისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნება, რას შეიძლება მოასწავებდეს ეს საქართველოსთვის.
ყოველი შემთხვევისთვის, დეტალებში ჩაღრმავების გარეშე, შეულამაზებლად, მოვხაზავ რუსეთის შესაძლო მოქმედების კონტურებს, რაც შეიძლება ალასანიას წინადადების რეალიზების თუნდაც მცდელობას მოჰყვეს საქართველოში: ეს არის პროცესები _ დაწყებული სამცხე-ჯავახეთის დაკარგვით და დამთავრებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით.
რუსეთს, თუკი ასეთი აუცილებლობის წინაშე დადგება, ვერაფერი შეაჩერებს, რადგან შემაკავებელი პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტები დასავლეთს უკვე აღარ აქვს, ვინაიდან მან თავისი ბინძური მოქმედებით უკრაინაში (და არა მხოლოდ უკრაინაში) ეს ბერკეტები გაანადგურა. ხოლო, რასაც ნიშნავს რუსეთთან ძალისმიერი დაპირისპირება, ყველამ ვიცით.
ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ ამერიკაში გაკეთებული ეს განცხადება საქართველოსთვის დამანგრეველია და თან იმ მასშტაბის საფრთხის შემცველი, რომლის გამოც, თუკი ჩვენს ქვეყანას უწერია, რომ ოდესმე თავის თავს თვითონვე განაგებდეს, ალასანია სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
შორს ვარ აზრისგან, რომ ალასანიამ ეს განცხადება დამოუკიდებლად გააკეთა, ასევე არ ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ ის გაუაზრებლად აკეთებს ამას და თან არავის უთანხმებს. დასავლეთის მიერ მართული ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომლის მოქმედებამაც ათეული წლების განმავლობაში ქვეყანა ტერიტორიულ, ეკონომიკურ და სულიერ ნგრევამდე მიიყვანა, შეთანხმებულად მოქმედებს და დასავლეთის ბინძურ ზრახვებს სწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მის ხვალინდელ დღეს!
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
სრულიად ვეთანხმები ბ-ნ ვალერი კვარაცხელიას პათოსს!!!