Home რუბრიკები პოლიტიკა ვის მიჰყავს კრახისკენ საქართველო და უკრაინა?

ვის მიჰყავს კრახისკენ საქართველო და უკრაინა?

866

ერთი შეხედვით, ქვეყნის დესუვერენიზაციისა და დაშლის საფრთხემ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გააერთიანოს, თუმცა ბრძოლა ხელისუფლებისთვის კიევში წამითაც არ წყდება. ის ერთობ მოაგონებს ბრძოლას კაპიტნობისთვის იმ ხომალდის ბორტზე, რომელსაც სწრაფი ჩაძირვა ემუქრება.


ახალი ამბები უკრაინიდან სულ უფრო მეტად აკვირვებს და აბნევს ქართულ აუდიტორიას, უპირველესად კი, მათ, ვინც თებერვალში «ევრომაიდანს» გულშემატკივრობდა. ახალი მთავრობა კიევში ძალზე არადამაჯერებლად, ხშირ შემთხვევაში, უსუსურად გამოიყურება და მისი მოქმედების ლოგიკის გაშიფრვა სულ უფრო რთული ხდება. გაუგებრობის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ქართველი ექსპერტების ნაწილი ამ ხელისუფლებას მონოლითურ ერთობად განიხილავს, არადა, რეალურად სიტუაცია გაცილებით რთული ჩანს და იმ ძალებს უკრაინაში, რომელნიც, ერთი შეხედვით, მტკიცე კავშირს ქმნიან, შესაძლოა, ერთმანეთის უფრო ეშინიათ, ვიდრე ვლადიმერ პუტინის.

საერთოდ, სამყაროს სურათის მაქსიმალური გამარტივება და მისი დაყვანა შავ-თეთრ ბიპოლარულ მოდელამდე არა მხოლოდ პრიმიტიული პოლიტოლოგიის, არამედ შიზოფრენიის უტყუარი ნიშანიცაა. ამ მიდგომის გავრცელებას საქართველოში ხელი სააკაშვილის რეჟიმმა შეუწყო, რომელსაც, უბრალოდ, არ შეეძლო აღეწერა პრობლემა, ვიდრე მის წარმოქმნაში ჩართულ ძალებს ორ პოლუსამდე არ დაიყვანდა _ «სიკეთე» და «ბოროტება», «დასავლეთი» და «რუსეთი», «ჩვენ» და «მტრები» და ა. შ. რეჟიმი დაემხო, მაგრამ ეს მიდგომა კვლავინდებურად გავრცელებულია (შესაძლოა იმიტომ, რომ შესაბამისი მოდელის გამოყენება განსაკუთრებულ ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვს) და, სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის უკრაინული მოვლენების არაკორექტული შეფასებები და მათ ტყვეობაში საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის მოქცევაც.

ერთი შეხედვით, ქვეყნის დესუვერენიზაციისა და დაშლის საფრთხემ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გააერთიანოს, თუმცა ბრძოლა ხელისუფლებისთვის კიევში წამითაც არ წყდება. ის ერთობ მოაგონებს ბრძოლას კაპიტნობისთვის იმ ხომალდის ბორტზე, რომელსაც სწრაფი ჩაძირვა ემუქრება.

ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მერაბიშვილისა და ახალაიების დაპირისპირება 2012-ში, რომელმაც ხელი შეუწყო «ქართული ოცნების» გამარჯვებას; სააკაშვილის მინისტრები მაშინ მოქმედებდნენ ისე, თითქოს საერთოდ ვერ აღიქვამდნენ საფრთხეს, რომელიც რეჟიმს ემუქრებოდა. მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიაში არაერთგზის მომხდარა; რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ჯგუფები აშკარა საფრთხის მიუხედავად, რომელსაც ისინი, თუნდაც დროებით უნდა გააერთიანებინა, ახრჩობდნენ ერთმანეთს, ქმნიდნენ ფარულ ალიანსებს და კონტრ-ალიანსებს, მანამ, სანამ არ მოვიდნენ ბოლშევიკები, რათა ყველა ერთად დაეპატიმრებინათ.

მესამე რაიხის ნანგრევებზე, მაშინაც კი, როდესაც ბერლინს საბჭოთა არტილერია ბომბავდა, გერინგს, გებელსსა და ჰიმლერს წამითაც კი არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ხელისუფლებისთვის და ყველაზე კრიტიკულ მომენტში მასზე უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს.

უკრაინელი ლიდერები ამ მხრივ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენენ და პოლიტიკოსების «ძირითადი ინსტინქტი» მათ მუდმივი დაპირისპირებისკენ უბიძგებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შეიძლება ყველაფერი დაკარგონ. ტაქტიკური აუცილებლობა მსგავს შემთხვევებში სრულად ფარავს სტრატეგიულ პერსპექტივას, ხოლო ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ინტელექტუალურ შემადგენელს კარგავს და გლადიატორების ბრძოლას ემსგავსება.

დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერამ და «ევრომაიდანმა» მოუტანა იულია ტიმოშენკოს გუნდს ძალიან სერიოზული პოზიციები ხელისუფლებაში, რომელთა დათმობა ცოცხალი თავით არ სურს.

მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგებში ტიმოშენკო მნიშვნელოვნად ჩამორჩება პეტრე პოროშენკოს, ხოლო თანამდებობებზე მყოფი მისი თანაგუნდელების პოპულარობა სწრაფად მცირდება. ტიმოშენკო სრული დომინირებისკენ მიისრაფვის; გამორიცხული არაა, რომ ამის გამო, «ძალზე არასტანდარტული» გადაწყვეტილებები მიიღოს და «მეორე უკრაინული რევოლუცია» ისეთივე წარმატებით დაასამაროს, როგორც პირველი. კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გულისთვის იულია ტიმოშენკო (ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი) ხელს აბსოლუტურად ყველაფერს მოაწერს.

ფორმალური თვალსაზრისით, ოლიგარქი პეტრე პოროშენკო დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მის უკან სხვა უკრაინელი, უპირველესად კი, დნეპროპეტროვსკელი ოლიგარქების ინტერესები მოიაზრება. საგულისხმოა, რომ «რეგიონების პარტიამ», რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლიგარქები აკონტროლებენ (იანუკოვიჩის კრახის მიუხედავად, მისი ლიდერები მაინც ინარჩუნებენ მნიშვნელოვან გავლენას ამ რეგიონის ელექტორატზე), უარი უთხრა მხრადაჭერაზე პერსპექტიულ კანდიდატს _ სერგეი ტიგიპკოს და თავის კანდიდატად ხარკოვის ოლქის გუბერნატორი მიხეილ დობკინი დაასახელა, რომელიც საკუთარი ოლქის ფარგლებს გარეთ ძალზე არაპოპულარულია, თუნდაც თებერვალ-მარტის კრიზისის დროს დაკავებული პოზიციის გამო. ანუ ავანსცენაზე გამოიყვანეს აპრიორი სუსტი კანდიდატი, რომელიც პოროშენკოს საერთო ელექტორალურ ნიშაში ყველაზე ნაკლებ ხმას წაართმევს. თავად პოროშენკო კი, მარტივად რომ ვთქვათ, «განახლებული იანუკოვიჩია», რომლის გამარჯვების შემთხვევაში სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლიგარქების გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, თანაც, სავარაუდოდ, ადგილი არ ექნება «დონეცკელთა» და «დნეპროპეტროვსკელთა» შორის ბალანსის სერიოზული დარღვევის მცდელობას, რის გაკეთებაც იანუკოვიჩმა სცადა და (მნიშვნელოვანწილად ამის გამო) მართვის სადავეები დაკარგა. დღეს პოროშენკო მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს, თუმცა სტრატეგიულ პერსპექტივაში მასთან დიალოგის გარდა სხვა გზას არ ხედავს, ხოლო მისი საწარმოები, ყველაფრის მიუხედავად, ამ წუთებშიც კი ასრულებენ მრავალმილიონიან შეკვეთებს რუსეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ დეკორაციები შეცვლილია, ჩვენ საქმე 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურ «რიმეიკთან» გვაქვს _ ერთი მხრივ, იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის დასავლეთის (აქ ნაწილი ნაციონალისტ კანდიდატებს მიემხრობა) და ცენტრის (აქ პოროშენკო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს) ამომრჩევლების მობილიზებას ცდილობს და, მეორე მხირვ _ ოლიგარქების კანდიდატი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის ამომრჩევლებს ეყრდნობა (ამჯერად პოროშენკო იანუკოვიჩის ნაცვლად, რომლის უკან, უპირველესად, დნეპროპეტროვსკის და არა დონეცკის კლანები დგანან, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს უმნიშვნელო ნიუანსებია).

თუ არჩევნები დათქმულ ვადაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიმართება, იულია ტიმოშენკო, რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, წააგებს. მაგრამ, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთში გაფართოვდება უკონტროლო ზონა, სადაც არჩევნები არ ჩატარდება («დონეცკის რესპუბლიკა», «ლუგანსკის რესპუბლიკა» და ა. შ.) და ადგილობრივი ოლიგარქები სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავენ, ტიმოშენკოს შანსები, უკრაინას დაეპატრონოს, მნიშვნელოვნად გაიზრდება, არჩევნების გზით მოხდება ეს თუ (უკიდურესი ესკალაციისა და სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის ჯარის უშუალო ჩარევით) უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, პროტესტის ჩახშობის, არჩევნების გადატანისა და დღევანდელი გარდამავალი ხელისუფლების არსებობის გახანგრძლივების გზით. რაოდენ უცნაურად უნდა გაიჟღეროს, ამ კონტექსტში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მეამბოხეები და კრემლი, რომელიც მათ უკან მოიაზრება, ტიმოშენკოს სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან. თუმცა აქ გასათვალისწინებელია სტრატეგიული ასპექტიც: მიუხედავად იმისა, რა რიტორიკას იყენებენ დღეს ოლიგარქები, ისინი მნიშვნელოვნად დამოკიდებულნი არიან რუსეთის ეკონომიკაზე, მის ენერგომატარებლებზე და, აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან «საბოლოო მოწყვეტას» რუსეთისგან. ამიტომ დასავლეთის ქვეყნებისთვის უფრო მომგებიანია, რომ უკრაინაში არა უშუალოდ ოლიგარქებს, არამედ იმ პოლიტიკოსებს დაეყრდნონ, რომელთაც ზურგს ძირითადად დასავლეთი და ცენტრალური უკრაინის ამომრჩევლები და ახალი ეროვნული, მკვეთრად პროდასავლური სახელმწიფოს შექმნის იდეები უმაგრებენ. მათი მართვა უფრო იოლია, ამასთანავე, მათ შეუძლიათ სტარტი მისცენ (სავარაუდოდ, ავტორიტარულ) გარდაქმნას, რომელიც შეზღუდავს ოლიგარქების გავლენას, მათ მუდმივ სურვილს, «ორ სკამზე ისხდნენ» და რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობა გააგრძელონ.

დღეს «ევრომაიდნის» ხელისუფლება გავლენის პროეცირებას სამხრეთ-აღმოსავლეთში არა პირდაპირ, არამედ ადგილობრივი ოლიგარქების მეშვეობით ახდენს, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, დნეპროპეტროვსკის ოლქის თავკაცი იგორ კოლომოისკი. ის ცდილობს, დნეპროპეტროვსკი და მიმდებარე ოლქები უშუალოდ გააკონტროლოს, ხოლო დამოკიდებულება კიევზე ნომინალური გახადოს.

დღეს მისი რაზმები გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებიან, ვიდრე ოფიციალური სტრუქტურების ძალოვნების დემორალიზებული ჯგუგები. მას, პარტნიორებთან ერთად, რეგიონი, ფაქტობრივად, კიეველი პოლიტიკოსების კონტროლიდან გამოჰყავს და მასში ერთგვარ «ოლიგარქიულ ავტონომიას» ქმნის, თანაც ისეთ «ავტონომიას», რომელიც პერსპექტივაში, სავარაუდოდ, უკრაინის მთელ პოლიტიკურ ელიტას დაიმორჩილებს. თავის მხრივ, კრემლი და მასზე ორიენტირებული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთში თანდათან აფართოებენ პოზიციებს დონეცკში, ლუგანსკსა და სხვა ოლქებში. ეს რუსეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, სულ უფრო დიდი გავლენა მოახდინოს როგორც ტიმოშენკოსა და მის კადრებზე უკრაინის მთავრობაში, ისე ოლიგარქებზე. გამორიცხული არაა, რომ სწორედ იულია ტიმოშენკოს უსაზღვრო ამბიციების გამო კრემლი უკრაინაზე ან, როგორც მინიმუმი, მის სამხრეთ-აღმოსავლეთზე სრულ კონტროლს დაამყარებს; საქმე შეიძლება ქვეყნის საბოლოო დანაწევრებამდეც კი მივიდეს.

შესაძლოა, ის, ვინც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისგან ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას ან ეფექტური ძალისმიერი ოპერაციების ჩატარებას მოითხოვს, ერთობ მიამიტურად იქცევა, რადგან დღეს ამ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, არა ერთიანი და ძლიერი უკრაინისთვის, არამედ, უპირველესად, სკამებისთვის იბრძვის და საზოგადოების სამართლიან პროტესტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

კაცმა რომ თქვას, ნამდვილად ცოდოა ამათ ხელში უკრაინის მრავალტანჯული, საოცრად თბილი, გულწრფელი და შრომისმოყვარე ხალხი, ქვეყანა, რომლის დასავლეთი და აღმოსავლეთი შეიძლება უმძიმეს სისხლიან დაპირისპირებაში ჩააბან.

უკრაინის ტრაგედიის მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის საერთაშორისო პოლიტიკასა და ზესახელმწიფოების ბრძოლას, სავარაუდოდ, ნაკლებად ეხება.

მთავარი, ალბათ, ისაა, რომ საზოგადოებამ უნდა გაამკაცროს კონტროლი პოლიტიკურ ელიტაზე, ერთხელ და სამუდამოდ ზურგი შეაქციოს დემაგოგებს, თაღლითებს, კორუფციონერებსა და პოლიტიკურ მეძავებს, რადგან კრიზისის შემთხვევაში ისინი საქართველოს, დიდი ალბათობით, უარესს დამართებენ, ვიდრე მათი კიეველი კოლეგები უკრაინას. დეგრადირებული ელიტის ტოტალურ წმენდას ალტერნატივა არ აქვს და საზოგადოებამ, სავარაუდოდ, ძალზე სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც მას დაუყონებლივ, სააკაშვილის რეჟიმის მოცილებისთანავე არ შეუდგა.

თუმცა არც ახლაა გვიანი _ მკაცრ სამოქალაქო კონტროლს და უსინდისო პოლიტიკოსების მხილებას მოკლე დროში საოცარი შედეგის მოტანა შეუძლია; გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რამდენად არის მზად ამისთვის ქართული საზოგადოება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here