Home რუბრიკები საზოგადოება გელა ხუციშვილი: ქართული ჯარი ძალიან სუსტია, მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მას არ...

გელა ხუციშვილი: ქართული ჯარი ძალიან სუსტია, მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მას არ გააჩნია

920

13 აპრილს საქართველოს დედაქალაქში «ნაციონალებისა» და 115 არასამთავრობო ორგანიზაციის პატრონაჟით რუსოფობური აქცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოვიდა. დიპლომატები, პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები აქციას, როგორც პროვოკაციას, ისე აფასებენ. თუ სახელმწიფო შეგნებულად და მიზანმიმართულად მიდის პროვოკაციაზე, ასეთ შემთხვევაში, რისთვის უნდა იყოს მზად? შეუძლია თუ არა ჩვენს ქვეყნას წინააღმდეგობის გაწევა და რამდენად მზადყოფნაშია ქართული ჯარი? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე «საქართველო და მსოფლიო» რეზერვის ყოფილ პოლკოვნიკსა და სასაზღვრო ჯარების სარდლის ყოფილ მოადგილეს _ გელა ხუციშვილს ესაუბრა.


_ რუსეთი პოზიციებს არ თმობს, ამ დროს კი საქართველოში «ნაცმოძრაობა» და ევროდიპლომატები ანტირუსულ მიტინგს აწყობენ…

_ მსოფლიოში ცივილიზაციათა დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ კი ნატოში გვინდა. ამ ვითარებაში ავღანეთი მახსენდება, როდესაც ამინი ჩავიდა ამერიკაგამოვლილი, დაიწყო «ნატო-ნატოს» ძახილი და რუსეთმა ავღანეთი დაიკავა. რა მოხდა უკრაინაში, ამასაც ძალიან კარგად ვხედავთ… ეს ყველაფერი ერთ ქართულ ანდაზას მახსენებს: «გააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსაო»… ქადილის უნარი არ შეგვწევს და არ უნდა დავიქადნოთ.

ქართველებმა ჭკუას უნდა მოვუხმოთ. ორი კლასიკური მაგალითი გვაქვს წინ: ერთი _ 2008 წლის ომი და მეორე _ უკრაინა, თანაც ყველას გვეგონა, რომ ევროპა და ამერიკა უკრაინას არ დათმობდნენ.

ფაქტი ერთია: სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები, მას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები. საქართველოსთვის, რაც მუდმივი დავის საგანია, არის ტერიტორია, მიწა, ამიტომ ამოსავალ წერტილად ტერიტორიის შენარჩუნება უნდა განვსაზღვროთ; არ გვექნება ტერიტორია, აღარ ვიქნებით ერი.

ხისტი პოლიტიკა, რომელიც, ცხრა წელიწადია, მიმდინარეობს, უნდა შევარბილოთ, სატყუარებს აღარ უნდა წამოვეგოთ.

იყო დრო, როდესაც ჩვენს კონსტიტუციაში ეწერა: არც ერთ პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანებაში ქვეყანა არ მონაწილეობს, რომელიც მიმართულია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. სად გაქრა ეს მუხლი, არ ვიცი.

ვინმე რამეს გვაძალებს? გვინდა ნატოში შესვლა, მაგრამ ვინ გვიშვებს? შესაძლებელია, რომ სულ ცალმხრივი სურვილები გვქონდეს? ქვეყანა თავზე გვემხობა და, დაპირების გარდა, ვერაფერს ვიღებთ.

ძალიან მეშინია კარს მომდგარი არჩევნების, რადგან ვითარება დაძაბულია და უფრო მეტად დაიძაბება. ჩვენ ვხედავთ, რომ პატარ-პატარა კერებს ქმნიან, ახლა ეს აქცია მოიფიქრეს და რუსეთის წინააღმდეგ ხალხი ქუჩაში გამოყავთ. რა უნდათ? რა არ ასვენებთ? არ ასვენებთ ის, რომ მოხვეჭილი თანხის დაკარგვა არ უნდათ, ვიღაცა ვიღაცის დავალებას ასრულებს, ამასობაში კი ქვეყანა გვეღუპება და თავზე გვენგრევა.

იმის ნაცვლად, რომ შევიმუშავოთ სტრატეგია, როგორ გადავარჩინოთ სამშობლო და ტერიტორია, სისულელეებს ჩავდივართ. არავის ესმის, რომ ეს უპირველესი საზრუნავია, ვიდრე ტერიტორია იარსებებს, მანამ ჩვენ სულ გავმრავლდებით, სულ შევივსებით.

_ როდესაც სახელმწიფო ასეთ მიზანმიმართულ პროვოკაციებზე მიდის, ქვეყანაში, ალბათ, ყველაფერი მზადყოფნაში და მობილიზებული უნდა იყოს. ქართული ჯარი მზადყოფნაშია?

_ არმია არაფრისთვის არ არის მზად. ქართულ ჯარს მხოლოდ მიტინგების დარბევა შეუძლია, მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მას არ გააჩნია. ქართული ჯარი ერთ დროს ძლიერი იყო, მერე 19 ათას ჯარისკაცამდე დავიდა, რაღაც დროს 24 ათასი გახდა. დღეს ქართული ჯარი ძალიან სუსუტია; ჩვენ, საზღვაო ქვეყანას, საზღვაო ძალები საერთოდ არ გვყავს, ერთი კრეისერი მაინც შეგვენახა, რომ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობა მიგვეღო. ტრაბახობენ, «კომანდოს» სისტემით ვამზადებთო, ეს არის სამშვიდობო მისიების უზრუნველყოფა, ეს არ არის ტოტალური საბრძოლო მოქმედებების განმახორციელებელი არმია.

ვითარებას შეხედეთ. მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული. საქართველოც დენთის კასრებზე დგას და არაფრისთვის მზად არ არის, პროვოკაციებს კი აწყობს.

საქართველოში მილიარდერმა პარტია ჩამოაყალიბა და ამბობს, რომ მემარცხენე ცენტრისტული პარტია ვარო. მემარცხენეობა, ფაქტობრივად, სოციალიზმისკენ მიმავალი გზაა, რომელიც მართლამდიდებლობას უწონასწორდება, მაგრამ მართლმადიდებლურ სამყაროს ნატო და ევროკავშირი არ სწყალობს, ამიტომ მხოლოდ გონიერება, მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება გადაგვარჩენს. სხვა შემთხვევაში გავნადგურდებით.

_ რამდენად სწორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოქმედებები, როდესაც ის საერთაშორისო არენაზე გამოდის?

_ ვინმემ ცუდად რომ არ იფიქროს, ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანიას მიმართ პიროვნული ზიზღი არ მალაპარაკებს, მაგრამ მისი სიტყვები საერთაშორისო არენაზე ნათქვამი «ნატოში უნდა შევიდეთ» შეშინებული კაცის სიტყვებია, ვაი, თუ, რამე დამაბრალონო. ჩვენი პოლიტიკოსები ჭორებს აყოლილები არიან. ალასანია პოლიტიკური ფიგურაა, არ ეპატიება, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არავითარი შანსი არ გაქვთ ნატოში შესვლის და ის მაინც იმეორებს, რომ ნატოში უნდა შევიდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან ჩვენ აღარ უნდა მოგვასმენინოს ინფორმაცია, ან თავადაც უნდა მოისმინონ და ადექვატურად იმოქმედონ.

წარმოუდგენელია, 700 კილომეტრის საზღვარი გყოფდეს სახელმწიფოსგან, რომლის ჯარიც კართან გყავს და შეუძლია პირდაპირი მარშით ჩავიდეს გიუმრის ბაზაზე და სომხეთისკენ, ამ დროს კი მასთან დიპლომატია არ გქონდეს, უფრო მეტიც, დემარშებს უწყობდე!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here