Home რუბრიკები საზოგადოება დღეს ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი აბაზანის მარილად წოდებული ნარკოტიკული საშუალებაა!

დღეს ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი აბაზანის მარილად წოდებული ნარკოტიკული საშუალებაა!

1149

«იმას, რასაც ბიოს ვეძახით და მარიხუანად ვცდილობთ მის გასაღებას, რეალურად აბაზანის მარილია. ამდენ ხანს თავს ვიკავებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას ის, რაც რეალურად ხდება. დადგა დრო, ვთქვა, რომ დღეს ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი აბაზანის მარილად წოდებული ნარკოტიკული საშუალებაა. დიდხანს არ ვსაუბრობდი ამაზე, მაგრამ ვეღარ დავმალავთ, რადგან აქედან იწყება ჩვენი დაღუპვა,» _ ეს განცხადება სამედიცინო ცენტრ «ურანტის» ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ სიხარულიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნაბატონ ზურაბს სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

 

_ დიდი ხანია, ამ ყველაფრის შესახებ ვიცით, მაგრამ გამხელისგან თავს ვიკავებდით, უფრო მეტი ინტერესი რომ არ აღგვეძრა გარკვეულ კონტინგენტში,  რადგან ბიონარკოტიკების მოხმარების გამო ქვეყანაში ისედაც სავალალო სიტუაციაა. ამიტომ უმჯობესია, ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ვიდრე სირაქლემას პოზიციაში ვიყოთ.

_ . . აბაზანის მარილის ნარკოტიკულ საშუალებად გამოყენება ბევრისთვის წარმოუდგენელია

_ ე. წ. აბაზანის მარილი მეტამფეტამინების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საკმაოდ გავრცელებული ნარკოტიკია მსოფლიოში. გაიხსენეთ ბოლო ხანს გავრცელებული ვიდეორგოლები, რომლებშიც სხვადასხვა ბიონარკოტიკის შედეგად დასნეულებულ ადამიანებს უჩვენებდნენ. რეალურად ეს ბიონარკოტიკის ზემოქმედების შედეგი არ არის, რადგან მსგავსი სიმპტომები მხოლოდ აბაზანის მარილის მიღების შემთხვევაში უვლინდება ადამიანს. ე.წ. აბაზანის მარილი არის ძლიერი ფსიქოსტიმულატორი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს. როდესაც ამბობენ, ფხვნილსა და კრისტალებს ვეწევითო, სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფხვნილი ეფედრინია.

_ თქვენს კლინიკაში სამკურნალოდ ხშირად მოჰყავთ ამ პრეპარატით დაავადებული პაციენტები?

_ როდესაც დასნეულებული ადამიანები მოჰყავთ ჩემთან, თვითონაც არ იციან, რა აქვთ მოწეული და რა სჭირთ, ამბობენ, _ ბიომარიხუანა მოვწიეთო. აბაზანის მარილი არის მძიმე ნარკოტიკული საშუალება და პაციენტები, ბიოს რომ ამბობენ, ფიქრობენ, რომ მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარენ. რაც მთავარია, ვინც ამ აბაზანის მარილს ასაღებს, მყიდველს აწვდის ცრუ ინფორმაციას, რომ ეს არის უვნებელი მოსაწევი საშუალება, რომელიც არაფერს დაუშავებს. რეალურად კი ამ შხამის მიღება უმძიმესი შედეგით მთავრდება. აბაზანის მარილის მიღების შემდეგ ადამიანმა შეიძლება სცადოს თვითმკვლელობა, გაუჩნდეს ყველაფრის შიში და ა. შ. ამიტომ დროა, ამ ყველაფერზე ხმამაღლა ვისაუბროთ, რადგან საქმე ძალიან მძიმე ნარკოტიკთან გვაქვს.

_ მხოლოდ საუბარი შეცვლის ვითარებას?

_ არა მგონია, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა მომხმარებელს გააგებინებს, რასთან აქვს საქმე და შესაძლოა, ბევრმა მათგანმა უარიც თქვას აბაზანის მარილის მიღებაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მსოფლიოში ყველაზე საშინელი პრეპარატი.

_ როგორც ვიცი, აშშსა და სხვა ქვეყნებში აბაზანის მარილის გაყიდვა აიკრძალა

_ ე. წ. აბაზანის მარილი ბევრ ქვეყანაშია აკრძალული და საკმაოდ ძლიერი კონტროლიც არის დაწესებული. ჩვენს ქვეყანაში კი აბაზანის მარილის გამოწერა თავისუფლად შეიძლება ინტერნეტით.

სახელმწიფო, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რა ხდება სკოლებში, ღამის კლუბებსა და ქუჩაში, ასევე შავ ბაზარზე. ეს აუცილებელია, რადგან მესამე თაობას ვკარგავთ. აფხაზეთის ომის დროს რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. ჩვენი ბიჭები განადგურდნენ როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უამრავი ახალგაზრდა ამოალპეს ციხეში და ახლა დგება მესამე ეტაპი, რომელსაც ბიონარკომანია ჰქვია. ამიტომ სახელმწიფო ყოველთვის სადარაჯოზე უნდა იდგეს, სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, უნდა იყოს ინფორმირებულობა, პრევენცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, რაც განაპირობებს სახელმწიფოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას, გენოფონდისა და ერის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. არადა, ამ ტიპის ნარკოტიკის მომხმარებლები 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში იმახინჯებენ ფსიქიკას.  ჩვენ უნდა შევძლოთ, ამ ბავშვებს გავაგებინოთ, რომ სხვა უფრო კარგი გასართობიც არის, მაგრამ… საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც არ არის დისკოთეკა, არ არის იაფი სპორტული დარბაზები. აქ მხოლოდ  პიარისთვის შექმნილი ველოტრასებია, თანაც ველოსიპედი 1000 ლარზე მეტი ღირს, რასაც უამრავი ოჯახი ვერ ყიდულობს. თითქმის ყველა ეზოში გაკეთდა პატარა მოედნები, მაგრამ ფეხბურთის თამაშის ხმა, ჟივილხივილი, კარგა ხანია, არ გამიგონია.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ საშინელების მიღებაში ბიჭებს გოგონებიც არ ჩამორჩებიან.

_ ინტერნეტსივრცეშიც შეიძლება იაფფასიანი პრეპარატებით ნარკოტიკული საშუალების დამზადების რეცეპტების მოძიება. ამას როგორ შეებრძოლება სახელმწიფო?

_ ნარკოტიკული საშუალებების რეცეპტებს თავი რომ დავანებოთ, არსებობს ფორუმები, სადაც ამ თემით დაინტერესებული ადამიანები არიან გაწევრებულები და სხვადასხვა მეტსახელით დარეგისტრირებულნი. მაგალითად, «კრაკადილის პოვარი»… ეს არ არის სასაცილო, რადგან ეს სახელი ნიშნავს ე. წ. კრაკადილის კარგ დამამზადებელს, ანუ, კარგად ხარშავს «კრაკადილს»… ასეა, კიბერუსაფრთხოება კიდევ ერთი რთულად მოსაგვარებელი საკითხია და, ალბათ, შესაძლებელია ასეთი ლინკების დაბლოკვა. ეს ფორუმები მაინც უნდა მოისპოს, რადგან ისე აღწერენ ნარკოტიკების ზემოქმედებას, რომც არ გაინტერესებდეს, გასინჯვა მოგინდება. ასეა _ ქვეყანაში, სადაც ტოტალიზატორი და კაზინო გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტული დარბაზი, ნარკოტიკებისადმი ინტერესი დიდია.

_ ბიონარკოტიკის მიღების შედეგად სუიციდის შემთხვევა თუ აღინიშნა საქართველოში?

_ რა თქმა უნდა. ახლახან მოზარდი რომ გადმოხტა ღუდუშაურის კლინიკიდან, სწორედ ბიონარკოტის მიღების შედეგი იყო…

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here