Home რუბრიკები პოლიტიკა კოჰაბიტაციის მეოთხე უკურნებელი სტადია

კოჰაბიტაციის მეოთხე უკურნებელი სტადია

580

«ქართული ოცნების» და «ნაციონალური მოძრაობის» ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა. მათი თანაარსებობის ნორმების ნაწილი, რომელიც დასავლელი პარტნიორების მოწადინებით კოჰაბიტაციის პერიოდში დაინერგა, კვლავინდებურად ძალაშია, მაგრამ, ამავე დროს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრძოლა ამ ორ ძალას შორის გამძაფრდა და მათ საბოლოო მიზანს მოწინააღმდეგის ანიჰილაცია წარმოადგენს. ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, რეალურია ეს ბრძოლა თუ მეტწილად წარმოსახვითი და რა საფრთხეებს უკავშირდება ის.

 

ძირითადი და სათადარიგო ინსტინქტები

ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ კუთხეში მიმწყვდეული ადამიანი ან ცხოველი, კატა იქნება ის, ვირთხა თუ (ერთი შეხედვით) უწყინარი და უძლური ზაზუნა, უკიდურესად საშიში ხდება. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რამ მიიყვანა «ნაცმოძრაობა» დასკვნამდე, რომ დღეს სწორედ ამ მდგომარეობაში იმყოფება _ გახშირებულმა დაკითხვებმა პროკურატურაში, გავლენის ინფრასტრუქტურის რღვევამ თუ ფინანსური შესაძლებლობების შემცირებამ (ან ყოველივე ამან ერთად), მაგრამ ბოლო დროს ის აშკარად კუთხეში მიმწყვდეულივით იქცევა _ აღარ იცავს არანაირ წესებს და ყველა მიმართულებით ქაოტურად უტევს. მართალია, ამ შეტევების უმეტესობა მოუმზადებელია და დასახულ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ასეთ სიტუაციაში საშიშია ზაზუნაც კი, არათუ ყოფილი სახელისუფლო პარტია შემცირებული, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი რესურსებით.

«ნაციონალების» წინააღმდეგ მუშაობს მათი აზროვნების შაბლონურობა და კრეატიულობის თვალშისაცემი სიმცირე. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ მათ კომენტარებს მედიასა და სოციალურ ქსელებში, ვნახავთ, რომ ბოლო დროს ისინი ღიად ან ქვეტექსტში საუბრობენ «ქართულ მაიდანზე» (ანუ უკრაინული სცენარის გამეორებაზე), «გირგვლიანის საქმის გამეორებაზე» (თათუხაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით), «ვალერი გელაშვილის ინციდენტის გამეორებაზე» (ნუგზარ წიკლაურის ცემის კონტექსტში). ხოლო მას შემდეგ, რაც სამარშრუტოების მძღოლების აქციაზე, რომლის უკან, სავარაუდოდ, «ნაციონალები» იდგნენ, ერთი მეორის მიყოლებით თავის დაწვა ორმა მძღოლმა სცადა, სააკაშვილის ზოგიერთმა მიმდევარმა მოჰამედ ბუაზიზიც კი გაიხსენა, ტუნისელი ვაჭარი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, რაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლების, შემდგომ კი რევოლუციის ერთერთი მთავარი საბაბი გახდა. აქაც, როგორც ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, საუბარია თავისებური «რიმეიკის» შექმნაზე, უკვე რეალიზებული სცენარის გამეორებაზე, შაბლონის გამოყენებაზე და არა ახალი, ორგინალური ტაქტიკური გადაწყვეტილების მოძებნაზე. გასაკვირი ამაში არაფერია, _ საკუთრივ «ვარდების რევოლუცია» არსებითად წარმოადგენდა საქართველოში სერბული გამოცდილების გადმოტანას, ხოლო მის შემდეგ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, საკუთარი ფსიქოლოგიური კომპლექსებიდან გამომდინარე, პარტიაში ჩაკლა ყოველივე შემოქმედებითი და მოაზროვნე (თუ ასეთი რამ იქ საერთოდ იყო).

ის, რომ «ნაციონალები», 99%-იანი ალბათობით, ორიგინალურს ვერაფერს მოიფიქრებენ, ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მაგრამ, მეორე მხრივ, მუდმივმა ორიენტაციამ დრამატულ ინციდენტებზე, რომელნიც «ქართული ოცნების» მაღალ რეიტინგს დააგდებენ და მასშტაბური პროტესტისთვის საბაბს შექმნიან, ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს შეიძლება კანონსაწინააღმდეგო პროვოკაციების დაგეგმვა-განხორციელებისკენ უბიძგოს (თუ უკვე არ უბიძგა და განსაკუთრებით საეჭვოდ ამ კონტექსტში  კომენტატორები «წიკლაურის ინციდენტს» მიიჩნევენ და არა მხოლოდ მას). ცხადია, ეს გზა პარტიას პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ქვეყანას სერიოზული დესტაბილიზაციის ფასად დაუჯდება, რადგან მოქმედი ხელისუფლება არასაკმარისად გონიერია იმისთვის, რომ ამ თამაშში სუფთა გამარჯვებას მიაღწიოს (მოგებით კი მოიგებს, მაგრამ რა ფასად?).

ორიენტაცია მაქსიმალურ შედეგზე («ქართული მაიდანი», «გირგვლიანის საქმე-2» და ა. შ.) სასტარტო პირობებისა და რესურსების შემცირების გათვალისწინების გარეშე, კონტრპროდუქტიულია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ «ნაციონალები» ახლა ცივი გათვლით ან სტრატეგიული გეგმით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ, როგორც წესი, კუთხეში მიმწყვდეული ადამიანივით, მეტწილად ინსტინქტებსა და პანიკურ შიშზე დაყდნობით მოქმედებენ, თანაც რეალობის შეუსაბამო შაბლონების გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ სახელისუფლო პარტია ოპონენტის ამ აშკარა სისუსტეს ვერ იყენებს.

როდის დასრულდება «უძრაობის ხანა»?

ინტელექტუალური რესურსის საგრძნობი დეფიციტი «ქართულ ოცნებაშიც» შეინიშნება. რაც ყველაზე გულსატკენია, მან, როგორც ჩანს, ვერ გაუძლო ცდუნებას მომავალი საარჩევნო კამპანია ისევ ბიპოლარული დაპირისპირების მოდელზე დააფუძნოს და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელ «ნაციონალებთან» დაპირისპირებაში «ნათელი მხარის» (სინამდვილეში კი, «ნაკლები ბოროტების») როლი შეასრულოს. სუფთა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს მარტივი და «მუშა» გადაწყვეტილებაა, რომელიც ათავისუფლებს ხელისუფლებას სრულფასოვანი პოზიტიური პროგრამის ფორმირების აუცილებლობისგან, მაგრამ ამავე დროს ეს გადაწყვეტილება უამბიციო და გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია. მანიპულირება «ნაციონალების» შესაძლო რევანშით უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აშინებდა ამომრჩევლებს: «თუ იქნა მეორე ტური, აგერ ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად მიშას წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ, ძველი ტაშ-ფანდურა გექნებათ ისევ» უკვე იგრძნობოდა ამომრჩევლთა არცთუ მცირე ნაწილის უკმაყოფილება ამგვარი მანიპულირებით და ადგილობრივი არჩევნებისთვის ის, სავარაუდოდ, გაიზრდება. მართლაც, კიდევ რამდენჯერ უნდა დაუბრუნდეს «ქართული ოცნების» ელექტორატი პრობლემას, რომლის გადაწყვეტას ხმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში მისცა, მას დღეს გაცილებით კონსტრუქციული და ამბიციური მიზნები იზიდავს.

ამ კონტექსტში ხელისუფლებას ხელს აძლევს «ნაციონალების» გააქტიურება და მათი მოქმედების რადიკალიზაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ამომრჩეველთა მობილიზება ისევ მოახლოებული საფრთხის თემის ექსპლუატირებით, ძველი ლოზუნგებით მოახდინოს. დავუშვათ, რომ ამას კიდევ ერთხელ წარმატებით მოახერხებს, შემდეგ არჩევნებზე რას იზამს? ხომ არ აქვს ამ შემთხვევაში ადგილი პრობლემის გადაწყვეტის გადადებას, ხოლო რეალურად სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლი ფრონტის სახით შექმნილი კოალიცია, უბრალოდ, ვერ ახერხებს ტრანსფორმაციას ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისად?

დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების გახშირებული დაკითხვების ფონზე ამომრჩეველთა ნაწილმა (თუნდაც ნაწილობრივ) დაიჯერა, რომ ხელისუფლება არაფორმალური იმუნიტეტის მინიჭებას არავისთვის აპირებს. მაგრამ, ამავე დროს, ის ხედავს, რომ მთავრობა, ერთის მხრივ, ვერ ახერხებს, მიიტანოს დასავლელ პარტიორებამდე (ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილამდე) საკუთარი პოზიცია ისე, რომ ის თითქმის ყოველდღე პოლიტიკური ოპონენტების დევნაში არ დაადანაშაულონ და ამასთანავე, არ აქვს საკმარისი ნებისყოფა იმისთვის, რომ მკვეთრად უპასუხოს სააკაშვილის უცხოელ მეგობრებს, რომელნიც უკვე ისე გათავხედდნენ, რომ ცდილობენ ქართველ სამართალდამცავებს ყოფილი მაღალჩინოსნების არათუ დაპატიმრება, არამედ დაკითხვაც კი აუკრძალონ. ალბათ, საქართველოში არავის სიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ უგულებელყოფენ ისინი კანონის უზენაესობის პრინციპს და, ფაქტობრივად, ყველას დასანახად აფურთხებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, როდესაც უცხოეთში საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიციის წარმოდგენის და ლობისტებთან ურთიერთობის საქმეში ცნობილი, რესპუბლიკელი ცოლ-ქმარი ჩართო, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის «ნაცმოძრაობის» შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩანს (ვის ან რისთვის დასჭირდება ისინი, თუ ბიპოლარული მოდელი დაიმსხვრევა და მმართველი კოალიცია შეწყვეტს არსებობას, როგორც სააკაშვილის რეჟიმის თუ მისი ნარჩენების საწინააღმდეგო ფრონტი). ამასთანავე, ისინი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უცხოელების პოზიციას, ვიდრე სინამდვილეში აქვს და, დიდი ალბათობით, ყოველთვის მოახდენენ შესაძლო გართულებების გაბუქებას, როგორც ამას მათი თანაპარტიელი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს, რომელიც თავის ინტერვიუებში უკვე ღიად უარყოფს კანონის უზენაესობის პრინციპს და სააკაშვილის დაპატიმრების შესაძლებლობას წარმოსახვითი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება.

ამ შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. თუ ჩვენი მთავრობა საკმარისად გამბედავი იქნებოდა, ის ძალიან მკვეთრ პასუხს გასცემდა იმ უცხოელებს, რომელნიც საქართველოს კანონებს არაფრად აგდებენ და, შესაძლოა, გამოაქვეყნებდა მათი და სააკაშვილის რეჟიმის ფინანსური ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტებს, მაგრამ ეს არ კეთდება და ხელისუფლება უცხოელებთან ურთიერთობაში იქცევა, როგორც ბავშვი, რომელმაც რაღაც დააშავა და ახლა უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება პროკურატურას, ის ამ წუთს ჰგავს საფეხბურთო გუნდს, რომელიც ბურთს ფლობს, თითქოს ქმნის სახიფათო მომენტებს, მაგრამ ვერ აღწევს რეალურ გარღვევას და გოლს ვერ იტანს. მისი დღევანდელი გააქტიურების სერიოზულობას კი საზოგადოება, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, როდესაც (ეს მთავრობასაც ეხება) თამამ და (კარგი გაგებით) უკანმოუხედავ ნაბიჯებს გადადგამს, კანონის უზენაესობიდან და ქვეყნის სუვერენიტეტის აბსოლუტური პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. დღეს, როდესაც საზოგადოების უმრავლესობის სიმპათიები «ქართული ოცნების» მხარესაა, მას ამის გაკეთების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, დავრწმუნდეთ, რომ ადგილი აქვს სამართლიანობის რეალურ აღდგენას და არა მოჩვენებით გააქტიურებას წინასაარჩევნო პერიოდის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კოჰაბიტაციის მეოთხე უკურნებელი სტადიის ფონზე.

ვამპირი უნდა მოკვდეს

რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ქვეყანაში მოქმედებს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია დიქტატორული რეჟიმის რესტავრაციაზე, რომლის ლიდერებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ სკამების გულისთვის ხელს აბსოლუტურად ყველაფერს მოაწერენ და რომელთაც, უბრალოდ, არ ესმით, რა არის დემოკრატია და თამაშის შესაბამისი წესები. ისინი შინ და გარეთ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პოზიციები შეარყიონ და ზოგიერთი კომენტატორის შეფასებით უკვე არა მხოლოდ გეგმავენ, არამედ ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო პროვოკაციებს და, გამორიცხული არაა, ამის გამო ახლო მომავალში საქართველოში სისხლისღვრა მოხდეს. 

პროცესების ამ მიმართულებით წარმართვის პრევენცია არა იმდენად პოლიტიკის, რამდენადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. გასაგებია, რომ ასეთი დისკრედიტირებული, თვითგადარჩენის ინსტინქტის საფუძველზე ქაოტურად მოქმედი პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნება მმართველი კოალიციისთვის ძალზე კომფორტულია პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყნის უზენაესი ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივი დესტაბილიზაციის კერა უნდა მოისპოს. ცხადია, ეს არ გულისხმობს ისეთ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, როგორიცაა პარტიის აკრძალვა ან ყველა მისი წევრის სამართლებრივი დევნა, მაგრამ ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩართოს შესაძლო პროვოკაციების (მათ შორის შეიარაღებული, რადგან, გამორიცხული არაა, აქამდეც მივიდნენ) პრევენციის საქმეში და, რაც მთავარია, დასაჯოს უკლებრივ ყველა დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წევრია ის ან რა თანამდებობა ეკავა წარსულში.

ძველ ლეგენდებსა თუ თანამედროვე ფილმებში ხშირად გვხვდება ასეთი სიუჟეტი: ვამპირი შეიძლება მოკლა და დამარხო, მაგრამ, თუ გულში სარს არ ჩაასობ, ის გაცოცხლდება და უარეს უბედურებას ჩაიდენს. შესაძლოა, ახლა საქართველოში სწორედ ეს მომენტია _ «ერთიანი ნაციონალური» ვამპირის არსებობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავით ბაქრაძეს და სხვა ლიდერებს, რომელნიც ამ ეტაპზე არ არიან ეჭვმიტანილნი მძიმე დანაშაულის ჩადენაში, უნდა წაერთვათ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» სახელით არჩევნებში მონაწილეობის და, ზოგადად, ლეგალური პოლიტიკური საქმიანობის უფლება დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის პირობებში. მაგრამ, თუ ვინმე, ვინც გეგმავს და, შესაძლოა, ახორციელებს პროვოკაციებს, სცემს საკუთარ თანაპარტიელებს იმისთვის, რომ საინფორმაციო საბაბი შექმნას, ახდენს ზეწოლას გამოძიებისთვის საკვანძო მოწმეებზე და მათ ლიკვიდაციასაც კი არ გამორიცხავს, ამზადებს ბოევიკებს ან ყიდულობს შეიარაღებას მომავალი «მაიდანისთვის», ასეთი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სახელმწიფოს შესაძლებლობების მთელი სპექტრი უნდა აამოქმედოს. თუ ღარიბაშვილის მთავრობა ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებს, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქვეყანასაც დაღუპავს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here