Home რუბრიკები პოლიტიკა მადლობა ბარაკს…

მადლობა ბარაკს…

521

უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ საერთაშორისო პროცესები სულ უფრო მკვეთრ ხასიათს იღებს. განცხადებებში კონკრეტიკა მატულობს, ხოლო პოლიტიკური რომანტიზმი დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩანს, ოკეანის გაღმა პუტინისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა გადაედოთ და «თეთრი სახლის» მესვეურმა დიპლომატიურ კეკლუცობას უკლო, _ წინა კვირას ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, უკრაინა და საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე არ დგანანო, რიგ საკითხებში, შეიძლება ითქვას, წერტილი დასვა.

 

მოკლედ, სანამ საქართველოში «ნეტარ მორწმუნენი» მოახლოებული «ისტორიული არჩევანის» გამო ათბალიან ნირვანაში არიან, «სტრატეგიულმა პარტნიორმა» ჩვენზე ხელი დაიბანა. მწარე რეალობას შუბლით შევეჯახეთ. ასე რომ, ამიერიდან თამამად შეგვიძლია, არ ველოდოთ არც მაპს და არც მაპზე უკეთესს, 2008 წლის აპრილში რომ ერთხელ უკვე ვეზიარეთ.

ეს ყველაფერი _ ხუმრობით, სიმართლე კი ასეთია: მხოლოდ ყალბი რიტორიკის ნაწილია საუბრები, რომ თითქოს საქართველო ცივილიზაციათა გადაკვეთის ცხელი წერტილია, რომ ჩვენი პოლიტიკური ფასი გასაგიჟებლად მაღალია და ამიტომ დასავლეთი მზად არის, თვით რუსეთსაც შუბლით შეასკდეს ამ სივრცეში გასაბატონებლად. არაფერი მსგავსი, სინამდვილეში ვაშინგტონმა უკვე ფაქტობრივად აღიარა ყირიმის დამოუკიდებლობა და ამით გარკვეული წითელი ხაზებიც გაავლო. დასავლეთი ამ ხაზის მიღმაა, ჩვენ კი აშკარად საპირისპირო მხარეს დავრჩით; ამიტომ ახლა ლოგიკურად ის დროა, ხელისუფლება საგარეო მიდგომებში სერიოზულ ცვლილებებზე ფიქრობდეს. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად ფანჯიკიძე-პეტრიაშვილის ტანდემისგან კვლავინდებურად «ოპტიმისტური» განცხადებები გვესმის. ერთი ამბობს, რომ დასავლეთი განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას, მეორე კი უმოწმებს და ორ ხმაში გვარწმუნებენ. სინამდვილეში ეს ყველაფერი, შესაძლოა, მთლად უსაფუძვლოც არ იყოს, მაგრამ აქ საინტერესოა, რაში გამოიხატება დასავლეთის მხარდაჭერა _ ისევ და ისევ იმ ტიპის მაპროვოცირებელ განცხადებებში ხომ არა, უკრაინელი ხალხი რომ წააქეზა და ქვეყანა ორად გახლიჩა? როგორც ჩანს, უფრო რთულადაცაა საქმე, რადგან რამდენიმე დღის წინ ობამამ ბრიუსელში ხაზგასმით აღნიშნა: «ყველა ზომებს მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაძლიეროთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა». ეჰ ბარაკ, ბარაკ, ბარემ ბოლომდე გეთქვა მწარე სიმართლე და გაგემხილა ამ ხალხისთვის, რას აპირებთ, რის იმედი უნდა ჰქონდეთ უკრაინელებს და ჩვენც. თუმცა ახლა უკვე ისედაც ნათელია ყველაფერი, გასაგებია, რომ ერთმაც და მეორემაც, ანუ უკრაინამაც და საქართველომაც ამ შემთხვევაში მსხვერპლის როლი უნდა შეასრულონ. დასავლეთი მერე, ალბათ, ძალიან დიდხანს გააკრიტიკებს რუსეთის იმპერიას, როგორც მსოფლიო ჟანდარმს და დემოკრატიის სულთამხუთავს, მაგრამ ამით ჩვენ რა, ჩვენ ხომ ამ ქაოსის მონაწილეები ვართ და არა მაყურებლები, განსხვავებით მისი ავტორებისგან

ისე, კაცმა რომ თქვას, ობამასთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, ასე ხმამაღლა და დაუფარავად რომ განაცხადა სიმართლე. ვინ იცის, ამით რამდენ პოლიტიკურ ყეყეჩს, ბაქიას და მზარდი ამბიციების მქონე ელემენტს ამოსდო ლაგამი კოალიციაში, თორემ მაპს ვინ ამბობს, «მაპზე უკეთესის ბუშიც» რომ მოეცათ, სამპროცენტიანი პოლიტიკური «ჭუჭულებისგან» ერთბაშად, შესაძლოა, დაფრთიანებული ვარიებიც მიგვეღო. ცალკე საკითხია, «ნაცებისთვის» რამხელა დივიდენდი იქნებოდა ეს თავისთავად. «ვარდოსანთა ბელადი» სულ მისხალ-მისხალ შეგვახსენებდა მის მიერ დადებულ თითოეულ «აგურს» ამ დიად საქმეში. ერთი სიტყვით, ალიანსის პერსპექტივის მირაჟი ბევრისთვის პოლიტიკური დღეგრძელობის გარანტი იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბარაკს, რომ მსგავს ილუზიებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა.

რაც შეეხება საქართველოს მომავალ სტრატეგიას, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს წინაშე, ფაქტობრივად, დგას ორი შესაძლებლობა: ერთი _ ან ჯიუტად დავრჩეთ პროდასავლური ორბიტის ვირტუალურ სივრცეში,  მეორე _ მთლიანად გადავეწყოთ მსოფლიო მოთამაშეთა მიერ გაცხადებული ახალი რეალობის კონიუქტურაზე. პირველ შემთხვევაში გასაგებია, რა ფუნქციაც დაგვეკისრება, _ დასავლეთი და, უწინარესად, შეერთებული შტატები მუდმივად გამოგვიყენებს ერთგვარ «ამრევებად» კრემლის გეოპოლიტიკურ «ციხესიმაგრეში»; ოღონდ ამრევებად არა გარედან, არამედ «ციხესიმაგრის» შიგნით და პრაქტიკულად ეს იქნება უსასრულო ქაოსი ქვეყანაში. უკანასკნელი ცხრა წელი სრულიად ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ტიპის მარიონეტულმა პოლიტიკამ, თუმცა ეს პოლიტიკა დღეს ათმაგად საშიშია. საშიშია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვაშინგტონს ახლა ბევრად უფრო მწვავე შეტევები სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ და მეორე, იმიტომ, რომ თვითონ რუსეთია უკომპრომისო გლობალისტთა ნებისმიერ რეციდივზე.

მოკლედ, სანამ «თეთრი სახლის» სტრატეგიულ მჭიდში შემდეგი «ვაზნა» ვიქნებით, სერიოზული სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ეტყობათ. საერთოდ, ახალი რეალობის პოლიტიკურ კონიუქტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, საკითხავია, არსებული ხელისუფლება არის თუ არა მზად ამ მოცემულობისთვის. ანუ, გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ სათავეში მოსვლამდე აცხადებდა, საგარეო ორიენტირები უცვლელი დარჩებაო, რამდენად შეძლებს საკუთარი მიდგომები ძირეულად გარდაქმნას?! დღევანდელი კურსი ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის და მეტიც, ახლა რასაც ვხედავთ ან რა განცხადებებიც გვესმის, «ქართულ ოცნებაში» კვლავინდებურად სრული მზადყოფნაა დასავლეთის მითითებებისთვის. ეს გასაგებიცაა, მათი ერთადერთი პოლიტიკური გარანტორი სწორედ დასავლეთია, ამიტომ ძალაუნებურად აქ ისევ ნარჩუნდება ის ცალსახა, დაუბალანსებელი რიტორიკა, რომელიც ცხრა წლის მანძილზე მუდმივად გვესმოდა.

არ მინდა, უკიდურეს პესიმიზმში გადავვარდე და გარკვეულწილად თქვენც დაგზაფროთ, მაგრამ შავი და თეთრი უკვე ძალიან იოლი გასარჩევია. გვინდა, არ გვინდა, იკვეთება _ ვინ მეგობარია და ვინ _ საიმედო პარტნიორი, ვისი იმედით შეიძლება ვეჯაჯგუროთ რუსეთს ან ვიოცნებოთ მის დაშლა-დანგრევაზე და შესაბამისად, «იბერიის გაბრწყინებაზე». ნეტარ არიან მორწმუნენი, მე კი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ბარაკს პირწმინდა სიმართლისთვის. ისე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ასეთივე მადლობა ვუთხრა მაია ფანჯიკიძეს, ალექსი პეტრიაშვილს, დავით უსუფაშვილსა და სხვებს, რომლებსაც ცოცხალი თავით არ სურთ, თვალი გაუსწორონ ნატოს დახშულ კარიბჭეს, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ამის საშუალებას არ გვაძლევენ. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა და ნათქვამია: «საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო». ერთი ფანჯიკიძის სურვილი კი ამხელა ალიანსს ვერ მოიყვანს…

 ჯაბა ჟვანია

P.S. საკითხავი კიდევ ერთია: ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, დაწყებული მეთიუ ბრაიზადან, დამთავრებული ჯეიმზ აპატურაით, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ საქართველო, თავისი ელვისებური რეფორმებით, გიგანტურ ნაბიჯებს დგამდა ნატოსკენ. ახლა ვგებულობთ, რომ თურმე არც კი ვდგავართ ალიანსის წევრობის გზაზე. ელემენტარული ადამიანური ცნობისმოყვარეობა მიბიძგებს, მარტივი შეკითხვა დავსვა: მაშინ გვატყუებდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები თუ დღეს? ან პირიქითაც შეიძლება ვიკითხოთ: მაშინ გვეუბნებოდნენ სიმართლეს თუ ახლა? ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა ბარაკს!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here