Home რუბრიკები ისტორია ქართველი დიპლომატი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ყირიმის რუსეთთან მიერთებაში

ქართველი დიპლომატი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ყირიმის რუსეთთან მიერთებაში

1043

კიევის მაიდანზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ უკრაინელმა ნაციონალისტებმა ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი გუნდი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, საპასუხოდ, რუსეთმა 1954 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით გადაცემული ყირიმი უკრაინას ჩამოაშორა.

 

ყირიმი, რომელიც უძველესი დროიდან თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს რუსეთის ისტორიაში (988 წელს ყირიმში, ხერსონესში, მიიღო თავადმა ვლადიმირმა ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა რუსეთის სახელმწიფო რელიგიად აქცია) ხშირად იცვლიდა სტატუსს და სახელწოდებას _ სხვადასხვა პერიოდში იყო რუსეთის იმპერიის გუბერნია, ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა რსფსრ-ს შემადგენლობაში, ოლქი და ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში. ამ ნახევარკუნძულს ჰქონდა აღმავლობის და დაცემის პერიოდები; უმძიმესი დრო დაუდგა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ყირიმის ტერიტორია გერმანელმა ფაშისტებმა დაიპყრეს. ყირიმისა და ქერჩის გათავისუფლებას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

 1942-43 წლებში ქალაქ სევასტოპოლსა და სიმფეროპოლის გათავისუფლებისთვის ბრძოლებში, აგრეთვე, საპუნგორის ცნობილ შტურმში მონაწილეობდნენ 414- ქართული ანაპის მსროლელთა და 242- ქართული სამთომსროლელთა დივიზიები. ბევრ ქართველს სწორედ ამ ბრძოლების შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ერთმა ქართველმა დიპლომატმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ყირიმის რუსეთისთვის მიერთების საქმეში. ეს დიპლომატი გახლდათ სერგეი ლაშქარაშვილი (ლაშკარევი).

სერგეი ლაშქარაშვილი _ ქართული თავადური გვარის წარმომადგენელი _ 1739 წლის 23 თებერვალს დაიბადა მოსკოვში. მისი მამა ლაზარია ლაშქარაშვილი-ბიბილური მეფე ვახტანგ VI-ს გაჰყოლია რუსეთში. იქ ცოლად რუსი თავადის ქალი შეურთავს და მოსკოვში დასახლებულა.

1767 წელს ახალგაზრდა სერგეი ლაშქარაშვილი, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ქართული, რუსული, ბერძნული, თურქული, თათრული და სომხური ენები, კონსტანტინოპოლში რუსეთის რეზიდენტ ალექსანდრე ობროსკოვთან თარჯიმნად გაგზავნეს. რუსეთთურქეთის პირველი ომის დროს, როცა რეზიდენტი ციხესიმაგრეში გამოამწყვდიეს, რუსეთთურქეთის ურთიერთობას ადგილზე, ფაქტობრივად, სერგეი ლაშქარაშვილი წარმართავდა.

ახალგაზრდა დიპლომატმა წარმატებით მოაგვარა თურქეთში მყოფი რუსი ვაჭრების პრობლემები _ რუსეთის ქვეშევრდომები გამოგონილი გვარებით ჩასხა უცხო სახელმწიფოების გემებში და თურქეთის საზღვრებს გარეთ გაიყვანა.

ახალგაზრდა ლაშქარაშვილის სიცოცხლეს არაერთხელ დაემუქრა საფრთხე თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ის თავისი მოხერხებულობის, თურქული ენის შესანიშნავად ცოდნისა და თურქებთან საერთო ენის გამონახვის უნარის წყალობით საფრთხეს ყოველთვის ირიდებდა თავიდან.

1771 წელს ლაშქარაშვილმა დატოვა თურქეთი და პეტერბურგში ჩავიდა.

ქუჩუკ-კაინარჯის სამშვიდობო ზავის შემდეგ სერგეი ლაშქარაშვილი კვლავ გაგზავნეს კონსტანტინოპოლში, ამჯერად ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობისთვის. შემდეგ მას დაავალეს, მოეპოვებინა დარდანელის სრუტეში გატარების უფლება 5 რუსული სავაჭრო გემისა, რომლებსაც სამხედრო ფრეგატი «სევერნი ორიოლი» იცავდა. პორტის ხელმძღვანელობასთან კარგი პირადი ურთიერთობისა და დარდანელის კომენდანტთან ნაცნობობის წყალობით, სრუტე არა მხოლოდ სავაჭრო გემებმა, არამედ რუსულმა სამხედრო ფრეგატმაც გაიარა, რაც კონვენციის დარღვევა იყო. ამ დროიდან, ფაქტობრივად, მე-19 საუკუნის შუა წლებამდე რუსული სამხედრო გემები დარდანელის სრუტეში გავლის უფლებით სარგებლობდნენ. ამ უმნიშვნელოვანესი წარმატებისთვის სერგეი ლაშქარაშვილმა მაღალი ჩინი («კოლეჟსკი პრესორი»), აგრეთვე, მიწა ეკატერინბურგის გუბერნიაში და 100 ყმა გლეხი მიიღო.

1779 წელს დანიშნეს კონსულად სინოპში, 1970 წელს _ გენერალურ კონსულად მოლდავეთში, ვალახიასა და ბესარაბიაში.

1782 წლის 25 ოქტომბერს დანიშნეს რუსეთის რეზიდენტად ყირიმის სახანოში. ამოცანა, რომელიც სერგეი ლაშქარაშვილს უნდა გადაეწყვიტა, ძალიან რთული იყო. მას უნდა დაერწმუნებინა ყირიმის უკანასკნელი ხანი შაგინგირეი, უარი ეთქვა თურქეთის მფარველობაზე, დაეთანხმებინა ის ყირიმის დატოვებასა და რუსეთში გადასვლაზე _ ასე უნდა მიეღწია ყირიმის შეერთებას რუსეთთან. სერგეი ლაშქარაშვილმა მალე მოიპოვა ყირიმის ხანის პატივისცემა და ნდობა.

სერგეი ლაშქარაშვილმა უკვე 1783 წლის 26 აპრილს დაითანხმა ხანი, მფარველობა ეთხოვა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-სთვის. ამის გამო იმავე წლის 28 ივნისს ლაშქარაშვილს რუსეთის კანცელარიის მრჩევლის ჩინი და ბელორუსიაში 400 ყმა უბოძეს, გარდა ამისა, ეკატერინა II-მ თავისი ზარდახშიდან დაასაჩუქრა 1200 რუბლითა და ბრილიანტისთვლიანი ბეჭდით.

ყირიმის შემოერთებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ლაშქარაშვილი ვლადიმირის სახელობის ორდენით დააჯილდოვეს.

1786 წელს სერგეი ლაშქარაშვილი სპარსეთის საქმეთა რწმუნებულად დაინიშნა, მაგრამ მას რუსი თავადი, ფელდმარშალი გრიგორი პოტიომკინი გვერდიდან არ იშორებდა და უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარებას ავალებდა. სერგეი ლაშქარაშვილი იმყოფებოდა ეკატერინე II-ს ამალაში, როდესაც იმპერატრიცამ ტავრიდის ოლქი (1784 წელს ყირიმი შევიდა ტავრიდის ოლქში, რომლის ცენტრი იყო სიმფეროპოლი) მოინახულა.

1799 წელს სერგეი ლაშქარაშვილს იმპერატორის საიდუმლო მრჩევლის ტიტული მიანიჭეს. მისი უშუალო მონაწილეობით გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთმა საქართველო შეიერთა.

1804 წლის 4 იანვარს სერგეი ლაშქარაშვილი თადარიგში გავიდა. ის ბრილიანტის საბურნუთეთი და იმპერატორის ვენზელით (მონოგრამით) დააჯილდოვეს; ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად თავის მამულში გადავიდა.

სერგეი ლაშქარაშვილი, რომელსაც რუსები უბადლო დიპლომატს უწოდებდნენ, 1814 წლის 6 ოქტომბერს ვიტებსკის გუბერნიაში გარდაიცვალა.

სერგეი ლაშქარაშვილი დაქორწინებული იყო კონსტანტინოპოლში საფრანგეთის გენერალური კონსულის ქალიშვილზე _ კონსტანცია დიუნანტზე. მის შვილებს საპასუხისმგებლო პოსტები ეკავათ იმპერატორის კარზე: სერგეი დიპლომატი იყო, პავლე _ გენერალმაიორი, გრიგორი _ გენერალლეიტენანტი.

ეს ნახატი, რომელზეც სერგეი ლაშქარაშვილია (ლაშკარიოვი) გამოსახული, ცნობილი რუსი მხატვრის _ ვლადიმირ ბოროვიკოვსკის

(1757-1825) კალამს ეკუთვნის. ამჟამად ინახება ოდესის სამხატვრო მუზეუმში.

 

1 COMMENT

  1. ძალიან საინტერესოა.ამ კაცზე არაფერი არ მსმენია.დიდებული ადამიანი ყოფილა!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here