Home რუბრიკები საზოგადოება სიმონ კილაძე: ჩვენ გამო ნატოს სახელმწიფოები რუსეთს ომს გამოუცხადებენ, ატომურ ბომბებს დააყრიან?

სიმონ კილაძე: ჩვენ გამო ნატოს სახელმწიფოები რუსეთს ომს გამოუცხადებენ, ატომურ ბომბებს დააყრიან?

560

უკრაინაში განვითარებული პროცესების შემდეგ, უკვე მერამდენედ გამოგვიცხადეს, რომ, შესაძლოა, საქართველომ წელსვე მიიღოს მაპი. საინტერესოა, რამდენად რეალურია ეს დაპირება და იქნება კი ეს დაცულობის საკმაო გარანტია თუ პირიქით _ გაართულებს ქვეყნის მდგომარეობას? _ ამ თემაზე ვესაუბრებით პოლიტოლოგ სიმონ კილაძეს.

 

_ მაპის შესაძლო მიღებაზე საუბარი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს თემა წამოიწია უკრაინის კრიზისული სიტუაციის დროს, რუსეთის გასაფრთხილებლად: თუ კრემლი არ გაჩერდება, პასუხს მიიღებს _ ბრიუსელი საქართველოს სექტემბრისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში, მაპში, ჩართავსო. თუმცა ერთია სურვილი და მეორეა, სურთ თუ არა ნატოელებს საქართველოს თავიანთ ოჯახში მიღება. გავიხსენოთ, რომ ნატოში მიღება თითოეული წევრის თანხმობაზეა დამოკიდებული. ისმის კითხვა: რატომ არ სურთ ევროპელ წევრებს საქართველოს ნატოში მიღება?

მოდით, გავაანალიზოთ, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რატომ გვინდა ნატოში შესვლა?

მთავარი მიზანია, რომ ნატო პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს. დავუშვათ, საქართველო გახდა ნატოს წევრი და კვლავ კონფლიქტური სიტუაცია შეექმნა რუსეთთან ან თავად გადავწყვიტეთ ოკუპირებული ტერიტორიების ისევ სამხედრო გზით დაბრუნება. ამ შემთხვევაში ამოქმედდება თუ არა ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლები, რომლებიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ანუ ჩვენ გამო ნატოს სახელმწიფოები რუსეთს ომს გამოუცხადებენ, ატომურ ბომბებს დააყრიან? ვთქვათ, გამოუცხადეს და დააყარეს, ჰიპოთეტური სცენარი წარმოვიდგინოთ _ ეს ხომ აპოკალიფსია? სწორედ ამიტომ ერიდება ალიანსი საქართველოს გაწევრიანებას. დღემდე მსგავსი პრეცედენტი, ანუ საქართველოს მსგავსი სიტუაციის მქონე ქვეყნის მიღება, რომელსაც საზღვრებიც მორღვეული აქვს და ტერიტორიასაც ვერ აკონტროლებს, ნატოს არსებობის ისტორიაში არ დაშვებულა. ჩამოვთვალოთ, ვინ გაწევრიანდა 1997 წლიდან ნატოში: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ალბანეთი და ხორვატია. განა, რომელიმეს აქვს მსგავსი ტერიტორიული პრობლემები მეზობლებთან? _ არც ერთს. ერთადერთი მაკედონიაა, რომელმაც თითქმის ყველა პირობა შეასრულა, მაგრამ მაინც ვერ გახდა ნატოს წევრი, რადგან, ერთი შეხედვით სასაცილო მიზეზით, საბერძნეთი არ თანხმდება მის მიღებას, სანამ მაკედონია სახელს არ შეიცვლის.  ჩვენ კი გვგონია, რომ, რადგან მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე და ამაყი ხალხი ვართ, ულაპარაკოდ უნდა მიგვიღონ. ეს ასე არ არის.

_ საქართველომ ერთხელ უკვე სცადა მაპის მიღება, თუმცა გერმანია და საფრანგეთი წავიდნენ კატეგორიული წინააღმდეგნი. საბოლოოდ, მაპის მიღების მცდელობა საქართველოს 2008 წლის ომად დაუჯდა, არსებობს თუ არა რაიმე გარანტია, რომ იგივე გერმანია და საფრანგეთი ამჯერად ხმას მისცემენ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ?

_ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს, როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს, კვლავ ჰყავდეს მოწინააღმდგე და ჩვენს განაცხადს იმავე გერმანიამ და საფრანგეთმა ვეტო დაადოს. ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. მაგრამ მაპი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს საბოლოო გაწევრიანებას. მაკედონიამ მაპი მიიღო 1999 წელს, ჩერნოგორიამ _ 2009 წელს, მაგრამ ურემი ისევ იქ დგას, არაფერი შეცვლილა. შეიძლება მაპი მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ წლობით გაგრძელდეს გაწევრიანების პროცესი.

_ დავუშვათ, მართლაც მივიღეთ მაპი, მაპიდან ნატოში შესვლამდე პერიოდში რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ?

_ მაპი რომ მოგვცენ, ჩვენ მაინც არ ვიქნებით ნატოს წევრი და ჩვენზე არ გავრცელდება წესდების ის მე-5 და მე-6 მუხლები, რომელებიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, დაახლოებით იგივე სიტუაცია შეიძლება განმეორდეს, როგორიც 2008 წელს, რადგანაც არ ხარ ნატოს წევრი, ნატოს წევრები ვერ მიიღებენ ისეთ სამხედრო ზომებს ჩვენს დასახმარებლად, რომ უცხო ქვეყნის ქმედება აღკვეთონ. ასე რომ, მაპი ჩვენ ვერ გვიხსნის, ის, მგონი, უფრო ფიქციაა, რაც რუსეთს ჩვენთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააღიზიანებს და რასაც კიდევ უფრო არასასურველი მოვლენები განვითარდება.

ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით, დღის წესრიგში საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი არ არის შეტანილი. სხვათა შორის, არც მაკედონიისა და ჩერნოგორიის ნატოში მიღების საკითხი დგას, რომელთაც მაპი, დიდი ხანია, მიღებული აქვთ. მე თუ მკითხავთ, თუ დადგება ისეთი ჰიპოთეტური მომენტი, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთმა რაღაც კომპრომისი მოითხოვა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დიალოგი შემოგვთავაზა, ამ შემთხვევაში, ჩემის აზრით (შეიძლება ბევრი სხვაგვარად ფიქრობს), შეიძლება ამაზე დაფიქრება.  ბოლოსდაბოლოს, თუ ჩვენ მთავარი მიზნის მიღწევა გვინდა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ რაღაც-რაღაცებზე  უარიც უნდა ვთქვათ და ეს შანსი გამოვიყენოთ.

_ საქართველოს ხელისუფლება უკვე ხვეწნაზეა გადასული, ძალიან უნდა, რომ მალე მოხდეს საქართველოს ნატოში მიღება

_ ჩვენი საგარეოპოლიტიკური კურსი პროდასავლურია, მაგრამ ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება. რაღაც მომენტებში უნდა დავფიქრდეთ, ზოგჯერ დიპლომატიაში რაღაც გონივრულ კომპრომისებზე წავიდეთ, თორემ სხვაგვარად არაფერი გამოვა. ჩემთვის სოხუმსა და ცხინვალში უპრობლემოდ ჩასვლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ბრიუსელსა და სტრასბურგში უვიზოდ სიარული. მე რიწის ტბის დანახვა უფრო მინდა, ვიდრე ჟენევის ტბის დათვალიერება. ილორსა და ბედიის მონასტერს უფრო ვნახავდი, ვიდრე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მინდა. ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კი იმდენად მიეჩვია დასავლეთში სიარულს ვითომდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომ უკვე პარიზი და ბრიუსელი უკეთ იცის, ვიდრე თბილისი და, რასაკვირველია, იქ ურჩევნია სიარული. ჩვენ, ალბათ, უნდა გავიაზროთ, რომ მუდმივად  მთხოვნელის როლში ყოფნა სახელმწიფოს იმიჯს მაინცდამაინც არ უხდება.

_ ახლახან «აირაის» მიერ ჩატარებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, ნატოს სავარაუდო მხარდამჭერთა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ იკლო.

_ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე სხვაგვარად ფიქრობდეს. ზუსტი მონაცემები არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ის განწყობა, როგორიც ადრე იყო, უკვე აღარ არის. ამდენი წელი გავიდა ევროპის მოიმედედ, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენ სასარგებლოდ არ მომხდარა; პირიქით, შემოდის ისეთი ფასეულობები (იგივე ლგბტ), რომლებიც  მისაღები არ არის. მეტიც, ამაზრზენია.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here