Home რუბრიკები საზოგადოება ილია მეორე ეკლესიების იერარქიაში საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვს

ილია მეორე ეკლესიების იერარქიაში საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვს

559

საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა 6-9 მარტს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე უწმინდესის მიმართვის ტექსტი, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ეკლესიების იერარქიაში საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაბრუნებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას შეეხო.

 

«თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიარქო ბართოლომეოს, უწმინდესნო და უნეტარესნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებსა და წარმომადგენლებს და აღვნიშნავ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც მან უნდა განიხილოს საკითხები, რომლებიც მომავალი დიდი კრების წარმატებით ჩატარების წინაპირობად უნდა იქცეს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის შიში, რომელიც არსებობს მრევლის დიდ ნაწილში ამ საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით და მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის მომზადებას. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრებების მოწვევა ხდებოდა მწვალებლობისგან ეკლესიის დაცვისა და ჭეშმარიტი სწავლების განმტკიცების მიზნით. ეს კრება კი სხვა სახისაა, მისი მოწვევის საფუძველი და მიზეზი სულ სხვა არის. დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსის (ყველას თანხმობის) მიღწევა და ყველას ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, კონსენსუსის წესით უნდა წარიმართოს მთავარი შეხვედრაც. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ აღნიშნული კრება არ იქცეს ეკლესიათა შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებლად მსოფლიოს წინაშე. ვეთანხმებით იმ აზრს, რომ საჭიროა უკვე გავლილი და შეთანხმებული თემების ნაწილის ხელახლა განხილვაც, რათა, თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ამასთანავე, ათივე საკითხი, რომლებიც შემუშავდა მოსამზადებელ შეხვედრებზე და რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული 1968 წელს ჟენევაში გამართულ სხდომაზე, მომავალი კრების დღის წესრიგში უნდა შევიდეს.

მინდა აღვნიშნო უშუალოდ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებული თემების შესახებაც:

ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება.

მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ღია ჭრილობები საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია. მე არ შემიძლია თქვენ წინაშე არ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ ორივე ეპარქიიდან 370 ათასზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იმყოფებიან; პრობლემურია ადგილზე დარჩენილთა მდგომარეობაც.

დასასრულ, აღვნიშნავ, რომ ოც წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარებაა, ძმათაშორის დაპირისპირების მძიმე შედეგები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ამიტომაც მტკივნეულად განვიცდით დღეს სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ვლოცულობთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და შევთხოვ უფალს, 6-9 მარტის ჩვენი თავყრილობა იმედის მომცემი და ნაყოფიერი იყოს».

P.S. ბერძნული პრესის ცნობით, საერთო მართლმადიდებლური დიდი და წმინდა კრება 2016 წელს სტამბოლში უნდა ჩატარდეს.

 

1 COMMENT

  1. საკუთარი ძალაუფლების მეტი არაფერი დარჩენიათ თავის წარმოსაჩენად, ან ვის რას აძლევს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის გაცვეთილი ძალაუფლების საფრთხობელა??? 25 მილიონი რომ ურიცხონ? ერი დღემდე გახლეჩილია, გაჩანაგებული და ჩამორჩენილი ასეთი ჭკუის დამრიგებლების ხელში!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here