Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე: ქართველი მეცნიერის ამჟამინდელი ხელფასი მასხრად აგდებაა!

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე: ქართველი მეცნიერის ამჟამინდელი ხელფასი მასხრად აგდებაა!

1931

საქართველოს  ეროვნული  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი (ოთარ) კვესიტაძე ცოტა ხნის წინათ შვეიცარიაში, ჟენევის მახლობლად მდებარე ატომური კვლევების ევროპულ ცენტრ «ცერნში» (СERN – Conseil Europeen pour la Recherche) იმყოფებოდა. ბატონი ოთარი სწორედ «ცერნში» ვიზიტსა და მეცნიერებათა აკადემიაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

 

_ 2013 წლის 20 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტების, სწავლული მდივნის არჩევნები და მთლიანად გამოიცვალა მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობა. წინა პრეზიდენტი, სახელგანთქმული მეცნიერი, ბატონი თამაზ გამყრელიძე ჰუმანიტარი იყო და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მეცნიერებათა აკადემია ჰუმანიტარული მიმარულებით უფრო ვითარდებოდა, დღეს კი ვექტორი შეიცვალა. დღეს ვცდილობთ, რომ იმ შესაძლებლობებით, მიღწეული დონით, რომელიც საქართველოშია (არადა, ჩვენი მეცნიერული დონე საკმაოდ მაღალია), ტექნოლოგიები დავამუშავოთ. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როდესაც მავანი სვამს კითხვას: დარჩა კი დღეს საქართველოში მეცნიერი? ქართველი მეცნიერები მსოფლოში არიან აღიარებულნი.

_ ტექნოლოგიების დამუშავებაში რას გულისხმობთ?

_ ტექნოლოგიების უკმარისობამ, მორალურად მოძველებულმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია ის, რომ საქართველოში სოფლები თანდათან დაიცალა ხალხისგან. ქვეყანაში მწვავედ დგას შიგა მიგრაციის საკითხი. მაღალმთიანი სოფლებიდან ხალხი მოდის და მხოლოდ სახლებიღა რჩება. ეს ტენდენცია თვალში საცემია მთა-თუშეთსა და ზემო სვანეთში, შედარებთ უკეთესი მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში. ბოლო 50 წლის განმავლობაში ამ მხარეებში მთავრობამ გაიყვანა უხარისხო გზა და ზოგიერთ სოფელში _ ელექტროენერგია. იქაური მოსახლეობისთვის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ამიტომ ის, რასაც გლეხი საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა, მორალურად გაცვდა, დაძველდა და გლეხიც იძულებული შეიქნა, ქალაქში წასულიყო. სწორედ ამის ბრალია, რომ დღეს თბილისი თავკომბალას დაემსგავსა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოვაყალიბეთ ტექნოლოგიების კომისია, რომელიც არჩევს, აანალიზებს და აფასებს ქართულ მიწას. სწორედ ამგვარი მიდგომით ვაპირებთ სოფლისთვის მთელი რიგი ტექნოლოგიების დამუშავებას. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ათი ტექნოლოგია უკვე შემუშავებული გვაქვს.

ასევე გვინდა, კავკასიური უნიკალური ბიომრავალფეროვნების წარმოჩენა და მრავალდარგობრივი ტექნოლოგიის განვითარება.

_ ამ ყველაფრის განვითარებაში სახელმწიფო თუ  გეხმარებათ?

_ ჯერ მთავრობისთვის არ გაგვიცნია. ვაპირებთ, რომ მასალები ეკონომიკის სამინისტროს მივაწოდოთ. აგრეთვე, ვაპირებთ აკადემიაში პრემიერმინისტრის მოპატიჟებას ამ ყველაფრის გასაცნობად და ა.შ. იმედია, ამ ყველაფერს დადებითად შეხვდებიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მოითხოვს ტექნოლოგიურ მოდერნიზებას. ასევე ვაპირებთ სხვა უნიკალური პროდუქტების წარმოებას, დაკონსერვებას. მაგალითად, ნიყვისა და მოცვის. ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს და მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდეს, წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, ამიტომაც ვაპირებთ ჩვენი უნიკალური მიწა-წყლის და რესურსების ბოლომდე გამოყენებას.

_ რა პრობლემები დაგხვდათ მეცნიერებათა აკადემიაში?

_ პრობლემა იყო ის, რომ აკადემია მოწყვეტილი იყო იმ ჭეშმარიტ საქმიანობას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. არადა, აკადემია ფუნდამენტურ მეცნიერებას გულისხმობს, რომ პერსპექტივები ადრე თუ გვიან რეალობად იქცეს. დღეს მსოფლიოში ბიოტექნოლოგიებით ვაჭრობა ნავთობით ვაჭრობის შემდეგ მეორე ადგილზეა (თანხების ბრუნვას ვგულისხმობ). არადა, საქართველო, რომელიც უფალმა თითქოს ბიოტექნოლოგიის გასავითარებლად შექმნა, ამ მხრივ ძალიან დაბალ დონეზეა. საქართველოში «აფეთქებული», განსხვავებული ბუნება და ხალხია, რაც ბიომრავალფეროვნების შედეგია. მსოფლიოში 16 ჯიშის ხორბალი არსებობს. მათგან 4 ქართულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საქართველოში 500 ჯიშის ვაზია ნაპოვნი, მაშინ, როდესაც ევროპაში სულ 100 ჯიში ხარობს. 7 000 ბაზიდიალური სოკოა საქართველოში, უკრაინაში კი _ მხოლოდ 1 500 ჯიში

_ მიხეილ სააკაშვილმა არაერთი ინსტიტუტი გაანადგურა საქართველოში, მაგალითად, ფიზიკის

_ აკადემიიდან 46 ინსტიტუტია გაძევებული და ახლა ვიბრძვით, რომ უკან დავიბრუნოთ.

_ გაძევებული რას ნიშნავს?

_ სააკაშვილმა ინსტიტუტები აკადემიის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ინსტიტუტების შენობები გაეყიდა. ამ ინსტიტუტებს დღეს შენობები აღარ აქვთ, მაგრამ მეცნიერულად მაინც მაღალ დონეზე არიან. ახლახან ამერიკაში გახლდით, ამერიკის არმიის განვითარების ცენტრში, სადაც შევხვდი გენერალ ედვარდ კენედის. მან გამომკითხა ჩვენი აკადემიის ამბები და მითხრა, მსოფლიოში უდიდესი რეპუტაციით სარგებლობთ ქართველი მეცნიერებიო, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნას 6-7 წელი სჭირდება, თავდაცვის სამინისტროს 10 წელი, მეცნიერებათა აკადემიას 50-60 წელი მაინც დასჭირდება და გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთო.

_ რამდენი აქვთ მეცნიერებს დღეს ხელფასი?

_ ქართველი მეცნიერის ამჟამინდელი ხელფასი მასხრად აგდებაა!

 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და პენსილვანიის უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ვიცი, რომ ამ სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტის ტოლია. იქ მეცნიერებას დიდ ყურადღებას აქცევენ, ჩვენთან კი უნივერსიტეტებს მიზერული თანხით აფინანსებენ და რომელ მეცნიერებაზეა საუბარი?! წინა ხელისუფლებამ აკადემიიდან სხვადასხვა ინსტიტუტი მოტყუებით გაიყვანა და ამტკიცებდა, ევროპაში ასეაო. ან ევროპას რატომ ვედრებით?! ესა თუ ის ინსტიტუტი ვიწრო ხაზს მისდევს, ხოლო მეცნიერებათა აკადემია სრულიად ქვეყანას ემსახურება.

_ საზღვარგარეთ რამდენი ქართველი მეცნიერი მუშაობს?

_ მაღალრეიტინგიან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში 350 ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს, მაშინ, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სულ 110 მეცნიერიღა მუშაობს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 350 მეცნიერის ქვეყნიდან გადახვეწა არ არის კარგი, თუმცა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებში მათი მოღვაწეობა ქვეყნის პრესტიჟია.

_ ეს . . ტვინების გადინებაა?

_ ადრე მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ დღეს სხვაგვარად დგას საკითხი. სწორედ ამ ხალხის გამოყენებით ვცდილობთ ერთიანი სამეცნიერო სივრცის შექმნას. იყვნენ ის მეცნიერები იქ. მათთან გავგზავნით ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები თანამემამულეს უფრო მიხედავენ, ასწავლიან და ასე შევკრავთ ქართულ სამეცნიერო  სივრცეს, რომელშიც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესორ-მეცნიერებიც იქნებიან ჩართულნი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ვიმყოფებოდი «ცერნში».

_ ვიდრე «ცერნში» ვიზიტზე ვისაუბრებდეთ, მითხარით, დღეს საქართველოში როგორ ცხოვრობენ მეცნიერები?

_ ძალიან უჭირთ. 20 წელიწადი ინსტიტუტის დირექტორი ვიყავი და იმ ინსტიტუტში 4-ჯერ მოხდა კადრების შემცირება. როდესაც თანამშრომლებს შევამცირებდი, შემოდიოდნენ და ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ… ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ჯამაგირი 35 ლარი ჰქონდა შემომჩივლა, რატომ შემამცირეთო. ვუპასუხე, 35 ლარი ხომ მაინც არაფერია-მეთქი, მიპასუხა, ეს არის ჩემი საარსებო საშუალებაო. დღეს ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც მეცნიერებას ემსახურებიან, სათანადო დაფასება მაინც არ აქვთ.

_ «ცერნში» რა მისიით იმყოფებოდით?

_ ამ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა როლფ-დიტერ ჰოიერმა მიმიწვია, რადგან იქ 35 ქართველი მეცნიერი მუშაობს. «ცერნის» ატომური კვლევების ლაბორატორიაში ქართველების წვლილი საკმაოდ დიდია და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ ამ ორგანიზაციაში მოვხვდი. «ცერნში» ნაწილაკების აჩქარების სამი დონეა, რომელსაც დიდი ანდრონული კოლაიდერი ჰქვია. იქ ხდება აჩქარება ელემენტარული ნაწილაკებისა, რომლებიც პირველ შრეში სპეციალური მაგნატების ზემოქმედებით იწყებენ მოძრაობას. ამ ნაწილაკებს მეორე შრეში უფრო აჩქარებენ, მესამე შრეში _ კიდევ უფრო და ბოლოს ერთმანეთს ეჯახებიან. დაჯახების მომენტში ნაწილაკების სიჩქარე ლამის სინათლის სიჩქარის ტოლია. ნაწილაკების შეჯახების მომენტში ერთ წამში გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია და იმდენი ინფორმაცია, რომ 100 ათას კომპაქტდისკზე არ ეტევა.

«ცერნში» 8 დღე ვიმყოფებოდი. შევხვდი იქ მომუშავე ქართველებს, მოვიარე მთელი ორგანიზაცია. იქ ვერც ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელი ვერ შევა დირექციის ნებართვის გარეშე. ეს არის მსოფლიოს მეცნიერების მოწინავე ფრონტი, რომელშიც ქართველებიც შესანიშნავად მუშაობენ _ «ცერნის» ხელმძღვანებლობამ ჩვენი თანამემაულეები ძალიან აქო. შეიძლება «ცერნის» მსგავსი ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსაც ჰქონდეს, მაგრამ სხვა ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. «ცერნში» ყოველდღიურად მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 7000 ფიზიკოსი მუშაობს. თვითონ შენობა მიწიქვეშ 80 მეტრის სიღრმეშია და იმ სამი შრის გარშემო ველოსიპედებით დავდიოდით. ამ ატომური ცენტრის კვლევების 95% ფიზიკის დარგს ემსახურება, 5% კი _ ქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებს.

_ რომელი ქართველი მეცნიერები მუშაობენ «ცერნში»?

_ გივი სეხნიაძე, ირაკლი მინაშვილი, ალექსანდრე ღონღაძე, ირმა ღოღაძე, ალექსი მესტვირიშვილი, ალექსანდრე ბითაძე, ნუგზარ მოსულიშვილი, რომან აბრამიშვილი, ნიკო ცუცქირიძე, ნიკა შარმაზანაშვილი, სოფიო პატარაია, გიორგი სალუქვაძე, ჯემალ ხუბუა და კიდევ უამრავი ქართველი. სხვათა შორის, ჯემალ ხუბუა «ცერნში» საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელია.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. არ მგონია, რომ რამე ეშველოს მეცნიერებს. თუ სახელმწიფოებრივი მიდგომა არ იქნა მეცნიერერებისადმი, არაფერი არ გამოვა. მე უკვე ოცი წელია პურის ფულის ძიებაში ვარ, ჩემი ძმა კი შარშან ჩამოვიდა და აკვირს სად ჩამოვედიო კაცი მოსკოვში ინტიტუტის დირექტორი იყო. ისე რომ ორი აკადემიკოსი, რომლებსაც მსოფლიო იცნობს, მზადაა ემსახურონ სამშობლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here