Home რუბრიკები სამართალი იური ვაზაგაშვილი: თუ ასე გაგრძელდება, ამდენი დაზარალებული, ამდენი გაუბედურებული ოჯახი ქუჩაში გამოვალთ...

იური ვაზაგაშვილი: თუ ასე გაგრძელდება, ამდენი დაზარალებული, ამდენი გაუბედურებული ოჯახი ქუჩაში გამოვალთ და ხელისუფლებას ცუდად წაუვა საქმე!

719

წელიწადზე მეტია, «ქართული ოცნება» ხელისუფლებაშია, მაგრამ დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას საშველი არ დაადგა. კვლავაც გამოსაძიებელია ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, ჟვანიას გახმაურებული საქმეები. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა გირგვლიანი ლამის უბედური შემთხვევის მსხვერპლად გამოაცხადა. გურამ გირგვლიანი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ დღეს არავის აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს მისი შვილის მკვლელობის საქმე, სოსო რობაქიძე კი  პირდაპირ აცხადებს, რომ თვითონ დაიწყებს დამნაშავეების ქუჩაში ლიკვიდაციასრა ხდება?

 

ახალ ხელისუფლებას მართლა არ აქვს რესურსი, რომ ოდესმე გამოიძიოს ეს მკვლელობები თუ ძალოვან უწყებებში ისევ სააკაშვილის კლანია მოკალათებული და ამ საკითხების შესწავლის პოლიტიკური ნება არ არსებობს? რაც შეეხება მინისტრ ჭიკაიძეს, ის, როგორც ჩანს, მუნდირის ღირსებას იცავს და ამიტომაც არ აპირებს ნაცებისდროინდელი პოლიციელების მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოძიებას. თუმცა ვინ იცის, რა არის გულგრილობის მიზეზი _ მუნდირის ღირსების დაცვა თუ ის, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არასოდეს დახევს?! «საქართველო და მსოფლიოს» იური ვაზაგაშვილი ესაუბრება:

_ ვფიქრობ, ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ ეს გახმაურებული მკვლელობები გამოიძიონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. რატომ? პირველი _ არ არის პოლიტიკური ნება, მეორე _ ძალოვან უწყებებში კვლავ არიან მოკალათებულნი ის ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებს სჩადიოდნენ. დიახ, მათი უმრავლესობა დღეს კვლავ მაღალ თანამდებობაზეა. მე ვამხილე კიდეც ასეთი ადამიანები: ქალაქის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე _ გიორგი დალაქიშვილი და ოთარ მირზოევი, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. პირდაპირ განვუცხადე შს მინისტრს, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები, დავუდე მტკიცებულებები, ვუთხარი, ისინი არ უნდა მუშაობდნენ ამ თანამდებობებზე, ვინაიდან შეეცდებიან, ხელი შეუშალონ გამოძიებასმეთქი, ჭიკაიძემ კი მათ ხელი დააფარა. მას შემდეგ კი, რაც  მინისტრს მოვუწოდე, გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობებიდან, გამოძებნეს ვიღაც ლევან გაბუნია და აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე. ალბათ, იცით, რასაც ამბობს ეს კაცი ჩემი შვილის შესახებ. არადა, ეს ის გაბუნიაა, რომელიც 10 თუ 12 წლის განმავლობაში სადღაც იყო დამალული, მამა, რომელსაც შვილი მოუკლეს და საერთოდ არც ყოფილა ჩართული თავის შვილის მკვლელობის გამოძიებაში, დაზარალებულად ცნობაზეც კი უარი უთქვამს. ეს საქმეც დღემდე გამოუძიებელია და უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. მაქვს ინფორმაცია და პირველად ამას თქვენთან ვამბობ: ეს ბინძური კამპანია გიორგი დალაქიშვილის, ფირცხალავასა და ვინმე კახა სირაძისგან მოდის.

სირაძე კრიმინალური პოლიციის ერთერთი დეპარტამენტის უფროსი და ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეა. ახლა თქვენ განსაჯეთ, უშლიან თუ არა ხელს ეს ადამიანები გამოძიებას.

_ კი მაგრამ, რატომ მფარველობს შს მინისტრი დამნაშავეებს?

_ 10 თებერვალს მოვიპოვე ერთ-ერთი პიროვნების ახსნა-განმარტება, მის სახელსა და გვარს ჯერ არ დავასახელებ, ის წერს: «გიორგი ხიზანიშვილმა და ფირცხალავამ რომ დამიჭირეს, ასეთი რამ მითხრეს (იმხანად სამმართველოს უფროსი იყო ხიზანიშვილი, ჩემი შვილის მკვლელი _ .): «სროკზე» გიშვებთ, 20-წლიანზე, ხოლო თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, აქედან სუფთად გაგიშვებთო. როცა ვთქვი, რაში მდგომარეობს თანამშრომლობამეთქი, ირაკლი ფირცხალავამ მკითხა _ ხუბულოვს თუ იცნობდიო? ვუთხარი, არამეთქი. შემდეგ დაინტერესდა, ვიცნობდი თუ არა ზურა ვაზაგაშვილს, რაზეც უარი განვუცხადე. მან მითხრა: შენ ქუჩაში მოძრაობ და შეგიძლია, შემიგროვო ინფორმაცია ვაზაგაშვილზე, იქნებ ვინმე ჰყავდეს დაჭრილი, ვინმესთან იყოს ნაჩხუბარი, ვინმე ჰყავდეს დაყაჩაღებული, მოკლული და . . იცოდე, ეს ძალიან გვაინტერესებს და, თუ დაგვეხმარები, მეფესავით გაცხოვრებთ, წამალიც გექნება, მწვანე ქსივაც, ვერავინ დაგაკავებსო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვუთხარი, ვეცდები ეგ ინფორმაცია შევაგროვომეთქი. ამ დროს ხიზანიშვილმა მითხრა, კიდევ ერთ საკითხზე მინდა იფიქროო: ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტერევლს, უნდა მოუაროო, ანუ მე ის უნდა მომეკლა. ხიზანიშვილმა მითხრა: იარაღს მოგცემთ ვითომ დაყაჩაღებისთვის და ვიტყვით, რომ შემთხვევით გაგივარდაო…»

აღარ გავაგრძელებ… და ეს როდის ხდება, იცით? 2006 წლის 2 მაისს მომიკლეს შვილი და 2008 წლის ივლისში ეძებდნენ რაღაცას, რომ ზურასთვის შეექმნათ კრიმინალის იმიჯი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მომიკლეს უდანაშაულო შვილი და დღემდე ცდილობენ, პასუხისმგებლობა აირიდონ. თუ ასე გაგრძელდება, ამდენი დაზარალებული, ამდენი გაუბედურებული ოჯახი ქუჩაში გამოვალთ და ხელისუფლებას ცუდად წაუვა საქმე! წარმოიდგინეთ, ვინც ჩვენ გაგვაუბედურა, მათი უმრავლესობა დღესაც მაღალ თანამდებობებზეა შსსსა და პროკურატურაში. ისინი ხელს უშლიან გამოძიებას, პლუს ამას, ვიმეორებ: არ არის პოლიტიკური ნება, თორემ ამ საქმეების გამოძიებას არაფერი უნდა.

_ გაქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება?

_ იმ გველებისა და მკვლელების რეჟიმის დროსაც არ დაგვიხევია უკან, ან როგორ უნდა დაგვეხია?! და ახლაც, ბუნებრივია, გავაგრძელებთ ბრძოლას! კიდევ ველოდებით ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან პასუხს, ანუ სამართლიანობის აღდგენას და, თუ უახლოეს ხანში იქნება შედეგი, ხომ კარგი, თუ არადა, კვლავაც განვაგრძობთ ბრძოლას და აუცილებლად გავალთ ბოლოში. ჩვენ სერიოზულ ძალას წარმოვადგენთ. 25 ათასი საჩივარია შესული მათგან, ვისაც ქონება წაართვეს, წარმოიდგინეთ, თითოეულმა ათი კაცი _ ოჯახის წევრები, ახლობლები რომ გამოიყვანოს გარეთ, რა მოხდება! ამ ძალას შეუძლია აიძულოს ხელისუფლება, აღადგინოს სამართლიანობა და, თუ არ აღადგენს, მაშინ საზოგადოება მზად არის ყველაფრისთვის. ქალაქის პოლიციის შეფი მკვლელობაში ეჭვმიტანილი გვყავს, გამოძიება მიმდინარეობს და ვითომც არაფერი! რა ხდება?! გაგვცენ პასუხი, დროებით მაინც გადააყენონ ეს კაცი!

ჭიკაიძე მეუბნება, _ 150 მეტრში იდგა, არაფერი დაუშავებიაო. საკითხავია, საქმეში დალაქიშვილის ჩვენება რატომ არ არის, მაგრამ არის მასთან ერთად ეკიპაჟში მსხდომი ბეროძისა და ცააძის ჩვენებები. ბეროძე წერს, კორტებთან მოვხვდი საცობში, ამ დროს ობიექტი აღმოჩნდა ჩვენი მანქანის უკან, მე გადმოვედი უიარაღოდ და მოვუწოდე, გაეჩერებინა მანქანა, გავიწიე, მაგრამ მაინც დამეჯახა მანქანა, რის შემდეგაც წამიყვანა სასწრაფომო. ხელახალ გამოძიებაში კი ერთერთი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ზურას თავიდან ამოიღეს ბეროძის იარაღიდან ნასროლი ტყვია. აი, ასეთი შეთითხნილი იყო საქმე. აბა, მკვლელები თავს ხომ არ გაიმტყუნებდნენ?! ამ დროს ბეროძესთან ერთად დალაქიშვილიც იჯდა იმ ეკიპაჟში და ცააძეც, რომელმაც პირველმა დაიწყო სროლა. დიახ, მათთან ერთად იჯდა გიორგი დალაქიშვილიც. ახლა ვეკითხები მინისტრ ჭიკაიძეს, თუ ბეროძის მიერ ნასროლი ტყვია ამოიღეს ზურას თავიდან, მაშინ დალაქიშვილი 150 მეტრში როგორ იდგა _ გადმოხტა მანქანიდან და გაიქცა?! იმას ხომ არ ვამბობ, რომ მივიდა დალაქიშვილი და საკონტროლო გასროლა განახორციელა, მაგრამ როგორ შეიძლება მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყოს? არ მომატყუებდაო, მითხრა მინისტრმა და რა გამოდის, მე ვატყუებ? ახალი პროკურორის მისვლის შემდეგ ქალაქის პროკურატურა მეტად გააქტიურდა, თუმცა, საბოლოოდ, რა მოხდება, არ ვიცი. კბილაშვილისგან განსხვავებით, ეს ახლები უკეთ იქცევიან და დაველოდოთ, როგორ წარიმართება პროცესი.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმეების მიმართ უგულისყურობამ შეიძლება დაზარალებულ ადამიანებს შურისძიებისკენ უბიძგოს და ისინი სამართლის აღდგენას თვითონ შეეცადონ? მაგალითად, სოსო რობაქიძემ პირდაპირ განაცხადა, დამნაშავეებს ჩემი ხელით დავსჯიო

_ იცით, ჯერ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა საქმე კანონიერად გამოიძიონ, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, რომელიმე ჩვენგანი თავს ვეღარ მოთოკავს და თვითონ შეეცდება სამართლიანობის აღდგენას, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. გულწრფელად გეტყვით: ახლა უფრო გამწარებული ვარ, ვიდრე «ნაცმოძრაობის» დროს! რატომ? მაშინ ვიცოდი, რომ ერთ მხარეს ჩემი შვილის მკვლელები და მისი მფარველები იყვნენ, მეორე მხარეს კი _ ჩვენ, დაზარალებულები, ახლა რა ხდება? ხელისუფლებაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნდა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ახლა კი ისინი ბუჩქებში არიან დამალულნი! სად _ შინაური რომ გიკეთებს ამას და სად _ მტერი?! გასკდა გული! აი, ასე გვექცევიან სწორედ!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here