Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ვოლსკი: მარგველაშვილის სოჭში არჩასვლასთან ამერიკის ელჩს არაფერი აკავშირებს

გიორგი ვოლსკი: მარგველაშვილის სოჭში არჩასვლასთან ამერიკის ელჩს არაფერი აკავშირებს

556

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საშინაო და საგარეოპოლიტიკურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» საპარლამენტო ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე და «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი ესაუბრა.

 

_ ბატონო გიორგი, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ევროპისა და ამერიკის გავლენაზე ბევრს საუბრობენ და ხშირ შემთხვევაში ეს ჩარევა ღიად ხდება. მაგალითად, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს სოჭში ჩასვლის ნებართვა არ მისცა. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

_ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არც მე და, ვფიქრობ, არც სხვებს დამატებითი შეკითხვები არ გაგვაჩნია, რადგან მან სავსებით გასაგები განცხადება გააკეთა. როდესაც რადიკალურად დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან, ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, ამაში გასაკვირი არაფერია და მომავალში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი პუტინსაც შეხვდეს, თუ ეს ქვეყნისთვის საჭირო იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

რაც შეეხება აშშ-ის ზეგავლენას, როცა ამერიკის ელჩს ეკითხებიან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ის, უბრალოდ, თავის აზრს აფიქსირებს. ასე რომ, მარგველაშვილის სოჭში არჩასვლასთან  ამერიკის ელჩს არაფერი აკავშირებს.

_ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად უკვე სამოქალაქო სექტორის რანგში შეხვდა ჟურნალისტებს, თუმცა ის საკმაოდ კრიტიკული იყო ჟურნალისტებისა და საპატრიარქოს მიმართ. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ასეთი ტონით ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, ეკლესიასთან, პატრიარქთან საუბარი?

_ ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის ბევრი შეფასება უტრირებულია ზოგიერთი მედიასაშუალების, თუნდაც ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ისა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ ახასიათებს გულწრფელობა და, როდესაც ადამიანი გულწრფელად საუბრობს, შეიძლება  მოვთხოვოთ გარკვეული სტანდარტების დაცვა? ქართული საზოგადოება უნდა შეეჩვიოს, რომ გულწრფელობა უფრო სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე საუბრის დროს რაღაც ფორმების შერჩევა. თუ ვინმე რაღაცამ გააღიზიანა, ვურჩევ, უფრო ღრმად ჩაიხედოს არა მარტო გადმოცემის ფორმაში, არამედ საუბრის შინაარსში. პოლიტიკური სპეკულაციებისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა, ექსპერტებიც და მედიასაშუალებებიც.

_ ბატონო გიორგი, ერთია გულწრფელობა, მაგრამ მისი ეს განცხადებები ხომ არ აუნთებს «მწვანე შუქს» და კიდევ უფრო ხომ არ გაათამამებს იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც არ არიან ეკლესიის მიმართ კეთილგანწყობილნი?

_ არა მგონია. ბიძინა ივანიშვილი არ მოითხოვს საზოგადოებისგან მისი აზრის ბრმად გაზიარებას. ეკლესიას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის გადარჩენის საქმეში. ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე უამრავი გაჭირვება გამოიარა და ქვეყანას ერთიანობის განცდა შეუნარჩუნა. ეს ივანიშვილსაც და ყველას, ვინც გონივრულად აფასებს მოვლენებს, თუნდაც ათეისტი იყოს, კარგად ახსოვს. მე ვიცი ივანიშვილის დამოკიდებულება ეკლესიისადმი. იგი მოწიწებით ეპყრობა ეკლესიას, მაგრამ შეიძლება რაღაც საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდეს. თავად ქართული ეკლესიაც იმიტომ არის საზოგადოებაში ესოდენ პოპულარული, რომ ცეცხლით და მახვილით არ ამკვიდრებს თავის სწავლებას და შეიძლება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდეს თუნდაც თამამი შეხედულებები, რომლებიც ეკლესიის დოგმებისგან განსხვავდება. საზოგადოებაში ჩაბუდებული წინააღმდეგობრივი აზრი, რომელსაც გარეთ არ გამოიტან, გაცილებით საშიში და ზიანის მომტანია, ვიდრე ღიად ნათქვამი, თუნდაც ესა თუ ის კრიტიკული განცხადება. «მწვანე შუქის» ანთებას რაც შეეხება, არავითარ შემთხვევაში ივანიშვილის ეს აზრი საზოგადოებისთვის არ უნდა გახდეს რაღაც მოწოდება. აბსოლუტურად ცივილიზებულად ითქვა, რომ ადამიანს, შესაძლოა, განსხვავებული აზრი გააჩნდეს. მე კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ეს ის ადამიანია, რომლისთვისაც სავსებით მისაღებია საწინააღმდეგო აზრი.

_ თუმცა მას არ უყვარს, როდესაც აკრიტიკებენ

_ კრიტიკა არავის უყვარს, მაგრამ მე არ მახსოვს, განსხვავებული, საპირისპირო აზრის გამო, ბიძინა ივანიშვილი ოდესმე ვინმეს დაპირისპირებოდა. პირიქით, განსხვავებულ აზრს ყოველთვის ახალისებდა. ბიძინა ივანიშვილი თუ განსხვავებულ მოსაზრებას ეუბნება რომელიმე ორგანიზაციას ან პიროვნებას, ეს მასთან დაპირისპირებას არ ნიშნავს. როგორი გამოხატვის ფორმა აქვს, მოდი ამაზე ნუ მოვედავებით, რადგან მას ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია და თუნდაც ეკლესიის გაძლიერების საქმეშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

_ სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე კვლავ საუბრობენ. ხომ არ გამართლდება ზოგიერთი პოლიტიკოსის შიში ქვეყანაში ოლიგარქატის შექმნის თაობაზე?

_ იცით, მე შეიძლება ვინმესგან განსხვავებული აზრი მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ, თუნდაც ივანიშვილის პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში ოლიგარქატის შექმნის საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა მხოლოდ სიკეთის თესვას და აღმშენებლობას უკავშირდება. ამას გარდა, ქართული საზოგადოება საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ, თუ რაიმე პროცესების არასწორ ან მახინჯ განვითარებას შეამჩნევს, დაუპირისპირდეს მას და გაერთიანდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ნაც-ოცნების თავმჯდომარე ვოლსკი გვირჩევს, ივანიშვილის კრიტიკას,ნათქვამს, ბრმად ნუ აყვებითო და გამოდის რაც შეგვპირდა ივანიშვილი, ყველაფერი უტოპიაა? ან ბრმად ავყოლივართ ბიდძინას?

  2. გამოდის ნაც-ოცნების თავმჯდომარეს ვოლსკის დგემდე უმალავენ საწყალს რომ საქართველო ამერიკისა და ევროპის კოლონიაა? თურმე გულუპყრვილობით სავსე პოლიტიკოსები გვყოლია ნაც-ოცნებაში ან თავს იშტერებენ ან ჩვენ გვაშტერებენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here