Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკა კურტანიძე: ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს ამერიკაში ლექციებს კითხულობს!

ლუკა კურტანიძე: ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს ამერიკაში ლექციებს კითხულობს!

524

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე  ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება.

 

_ ბატონო ლუკა, ხელისუფლების მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ისე გაჭიანურდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე იმედი დაკარგა, რომ ეს პროცესი ოდესმე დასრულდება. საფრანგეთში დაპატიმრებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმაც კი ცინიკურად ჰკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს _ საქართველოში სამართალი აღდგაო? თქვენ, როგორც სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული, როგორ ფიქრობთ, რამდენადაა დღეს საქართველოში მართლმსაჯულება პროცესების ადეკვატური?

_ პირველ რიგში, მადლობას მოგახენებთ იმ ურთიერთობისა და თანადგომისთვის, რომელიც ძნელბედობის ჟამს ჩემ მიმართ გამოიჩინეთ!  რაც შეეხება შეკითხვას, კარგად მესმის, რომ საზოგადოება 9 წლის განმავლობაში იყო დაზაფრული, დაშინებული, დაშანტაჟებული, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, სად ვიყავით, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს. ვფიქრობ, სამართლიანობა დიდწილად აღდგა, რადგან საქართველოს მოქალაქეს უკვე აღარ ეშინია ხვალინდელი დღის, არ ეშინია ძალადობისა და იმის, რომ მისი ოჯახის წევრს საპატიმროში გააუპატიურებენ. დიახ, სამართლიანობა აღდგა იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლების მაღალჩინოსნები გვამებს აღარ უკვეთენ, გაუსამართლებლად არავინ ხვდება ციხეში და ქონებას არავის ართმევენ…  კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ არა ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ, მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ჩვენ აქ არ უნდა გავჩერდეთ. ჯერ ძალიან ბევრი გვაკლია სრულყოფილ, ჭეშმარიტად სამართლებრივ სახელმწიფომდე, ამიტომ, რა თქმა უნდა, საქმე უამრავია, პრობლემებიც არსებობს და ამ ყველაფერს ისევ ქართველი ერის გარდა, სხვა ძალა, სხვა სახელმწიფო ვერ მოაგვარებს…

_ გასაგებია, რომ პროკურატურას ძალიან ბევრი საქმე აქვს ერთდროულად გამოსაძიებელი, მაგრამ თითქმის წელიწადნახევარი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან და პროცესი ოდნავ მაინც წინ ხომ უნდა წასულიყო?

_ ზუსტად ეს იყო და დღესაც ეს არის რეჟიმის მიერ გაწამებული ადამიანების მოლოდინი, რომელიც ჩემთვის სრულიად გასაგებია. მაგრამ დასაწყისშიც ვთქვი, რომ მთავარია, საზოგადოება გათავისუფლდა წნეხისგან. გამოსაძიებელ საქმეებს რაც შეეხება, ჩემთვის, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ; ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანიზაციას აქვს საშუალება, დაუბრკოლებლად ადევნოს თვალყური, რომელ საქმეზე რა ხდება, რა ცვლილებებია და ა. შ.

_ ამის მიუხედავად, «ნაცმოძრაობა» პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

_ და გიკვირთ? იმ ადამიანისგან, რომელსაც შუბლის ძარღვი გაუწყდება და  ნამუსს დაკარგავს, რას ელოდებით, სინანულს?! ან რომელ პოლიტიკურ დევნაზე გველაპარაკებიან, მერაბიშვილი და ახალაია რომ სხედან ციხეში? ვინმე იტყვის, რომ მათი უფლებები ირღვევა?

_ ამასაც ხშირად ამბობენ

_ დღეს საქართველოში დამნაშავის უფლებებიც კი დაცულია, სასამართლო კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ციხეში არავის სვამს. ამიტომაა, რომ ისეთი კრიმინალებისთვის, როგორიც ადეიშვილია, სამართალს ჯერ კიდევ არ მიუკაკუნებია. იმ ვაჟბატონს კიდევ, კეზერაშვილს, დასაწყისში რომ ახსენეთ, მინდა, ვკითხო _ იმ ხელფასით, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა, როგორ დააგროვა ამხელა ქონება?! თუ ასეთი მართალია, შორიდან რომ იჭიმება, რატომ  არ ჩამოდის საქართველოში და არ სცემს პასუხს მართლმსაჯულებას?!

_ დიდი ინტერესია 26 მაისის საქმის მიმართ. წინა კვირას სასამართლოში მოწმის სტატუსით იმყოფებოდით. რა ეტაპზეა დღეს გამოძიება?

_ მინდა, დავპირდე საზოგადოებას: რაც უნდა მოხდეს, რამდენიც უნდა იძახონ «ნაციონალებმა», რომ თურმე პოლიტიკურად იდევნებიან და სამართალი არის შერჩევითი, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვერც ერთი დამნაშავე, რომელიც კი მონაწილეობდა არა მარტო 26 მაისის, არამედ ყველა მსგავსი უკანონო ქმედების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!

_ სასამართლოში თქვენი გამოსვლისას მერაბიშვილმა დარბაზი დატოვა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოგისმინათ?

_ ადამიანურად მესმის მისი… ძალიან რთულია, ამდენი დანაშაულის შემდეგ წარდგე სასამართლოს წინაშე, თვალებში უყურო და მოუსმინო შენგან გამწარებულ ხალხს. მერაბიშვილს, უბრალოდ, თავისი ქმედებების გამამართლებელი  არანაირი არგუმენტი არ აქვს, გარდა მსახიობობისა და არტისტობისა. ხან იტირებს, ხან რაღაც სენტიმენტურ განცხადებას გაავრცელებს სოციალურ ქსელებში და . . რეალურად კი პასუხს ვერ სცემს ვერც ერთ შეკითხვას. ის ახლა   ჩიხშია მომწყვდეული და ხვდება, იქიდან გამოსვლა შეუძლებელია.

_ ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, «ნაცმოძრაობის» მთელი სამართლებრივი პასუხისმგებლობის სიმძიმე ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მხრებზე გადადის. მხოლოდ ეს ორი ფიგურა აქციეს განტევების ვაცად და ეს საკმარისი იქნება? კი თქვით, რომ არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ფაქტია, მთლიანად პარტიის გასამართლება ვერ ხერხდება.

_ ამას წინათ ვთქვი, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე, რომელმაც რეჟიმი შექმნა და რომლის ჭკუაზეც დადიოდა ყველა, მერაბიშვილი იქნებოდა, ადეიშვილი თუ სხვები, დღეს თავისუფალია და აშშში ლექციებს კითხულობს. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაუშვას და, როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვინც იყო იმ 9-წლიანი უსამართლობის, განუკითხაობის შემოქმედი, მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა მოითხოვოს.

_ წინა კვირას ამ საკითხზე თქვენი განცხადებაც გავრცელდა.

_ ამას მხოლოდ მე კი არ უნდა ვითხოვდე, ლუკა კურტანიძე, არამედ მთელი ერი, საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევნებში ხაზი გადაუსვა სააკაშვილს _ ეს იყო ხალხის ნება და ახლა საჭიროა, მოხდეს ამ ნების მკაფიოდ, პრინციპულად გამოხატვა.

_ რა მოთხოვნით?

_ იმ მოთხოვნით, რომ ერთი და ორი ადამიანი კი არა, მთლიანად რეჟიმი გასამართლდეს! და თუ ის დამნაშავე რეჟიმია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. აი, ეს იქნება საზოგადოების ერთიანობა და ამაში უნდა იყოს მოსახლეობა კონსოლიდირებული. სხვანაირად ვერასოდეს დაესმება წერტილი «ნაცმოძრაობის» მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მომავალ საფრთხეს.

_ რეჟიმის გასამართლებაზე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელიც საუბრობდა თავის დროზეარის კი ეს შესაძლებელი სამართლებრივად?

_ რა თქმა უნდა, სამართლებრივადაც შესაძლებელი იქნება, თუ, კიდევ ვიმეორებ, მოითხოვს სრულიად ქართველი ერი. რეჟიმის მთავარი ჰეგემონი იყო «ნაციონალური მოძრაობა», როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ ბუნებრივია, მას უნდა დაეკისროს მთელი პასუხისმგებლობა 9 წლის განმავლობაში მომხდარ დანაშაულებზე.

_ არ ფიქრობთ, რომ, თუ ეს მოხდება, დემოკრატიული დასავლეთის თვალში ქვეყნის იმიჯი სერიოზულად დაზარალდება?

_ ჩვენ დასავლეთსაც, აღმოსავლეთსაც და ჩრდილოეთსაც უნდა ვუთხრათ, რომ ეს ის საზოგადოებაა, რომელიც ითხოვს სამართლიანობას და არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. აქ ახლა მთავარია მტკიცებულებები, ყველაზე დიდი მტკიცებულება კი არის საზოგადოების ერთად დგომა.

_ რა ფორმით შეიძლება ხალხმა მოითხოვოს რეჟიმის გასამართლება _ ქუჩის აქციებით, რეფერენდუმით, გამოკითხვით თუ, უბრალოდ, ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს საზოგადოებრივი აზრი?

_ ფორმა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ამის მცოდნე ხალხი ბევრია საქართველოში და მათ უკეთ იციან. უბრალოდ, ხალხმა უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ ასეთი ნება არსებობს, რომ ეს საზოგადოების მოთხოვნაა. ამისთვის შეიძლება მოწოდებაც გაკეთდეს, მიტინგიც გაიმართოს და ა. შ.

_ მოწოდებას და მიტინგს ორგანიზება სჭირდება.

_ ჩვენმა საზოგადოებამ, მისმა დიდმა ნაწილმა უნდა შეიგნოს, რომ ორგანიზატორი ყოველთვის არ გეყოლება. დავაკვირდეთ სხვა ცივილიზებულ ერებს, თვითორგანიზების რამხელა უნარი აქვთ. ეს ჩვენც შეგვიძლია, ჩვენშიც დევს ამის უნარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძგი გვჭირდება. მერწმუნეთ, თუ ამას შევძლებთ, ყველა პრობლემა მოგვარდება _ ყველა პარაზიტი, ბაცილა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკურ ასპარეზზე, ამოიშანთება და ქვეყანას მიეცემა განვითარების საშუალება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომელთაც ის 9-წლიანი კოშმარი შეეხო: გავერთიანდეთ არა ერთეული ადამიანების, არამედ რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით!

სამართლებრივი პროცესის გაჭიანურების ერთერთ მიზეზად ხშირად სახელდება საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა. სააკაშვილის მიმართ თუ არსებობს ეს მტკიცებულებები?

_ ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლია გამოძიებას, მაგრამ მე ამ შემთხვევაში, როგორც რეჟიმის მიერ დაზარალებული ერთი მოქალაქე, ჩემს პოზიციას გამოვხატავ: ეს ადამიანი საქართველოს მოსახლეობამ უნდა ჩამოიყვანოს და სამაგალითოდ გაასამართლოს! არავინ დაგვძრახავს ამის გამო, მსგავსი პრეცედენტი ევროპის ბევრ სახელმწიფოშიც არსებობს.

_ ადრინდელ  ინტერვიუებში არა ერთხელ გითქვამთ, ახალი ხელისუფლება შენდობის გზას უნდა დაადგეს, საზოგადოებაში შერიგება რომ  მოხდესო.

_ ახლაც ამ თვალსაზრისზე ვარ. სასამართლო პროცესზეც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არავის დასჯა არ მიხარია, პირიქით, მინდა, ყველას თვალებში სინანული დავინახო. აი, ამ სინანულს ვერ ვხედავ დღეს და ამიტომ ვამბობ, რომ დაუნდობელი ვიქნები, როგორც არასდროს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოებიდან ძირფესვიანად ამოვძირკვო დამნაშავეები და კრიმინალები!

_ ეს ნათქვამი მხოლოდ «ნაციონალურ მოძრაობას» ეხება?

_ დღეს, სამწუხაროდ, ორასზე მეტი პარტიაა საქართველოში და არიან სუბიექტები, რომლებმაც პროფესიად გაიხადეს პოლიტიკაში, ოპოზიციაში ყოფნა. ამ ხალხის მიმართაც ვიქნები დაუნდობელი, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ფარისევლები და ვითომ ერის, სამშობლოს სიყვარულს ქადაგებენ.

_ ანუ მთლიანად პოლიტიკური ველია გასაწმენდი?

_ ეს აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური ატმოსფეროს გასაჯანსაღებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩნდება შეკითხვაც _ ვის აქვს ამის გაკეთების უფლება? ასეთი  ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას და აქ ისევ და ისევ მივდივართ იმ საკითხამდე, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ _ ერი უნდა გაერთიანდეს! თუ ამ ერთიანობას, ერთსულოვნებას მივაღწევთ, მერწმუნეთ,  გადაუჭრელი პრობლემა არ გვექნება, თუ არა _ შეიძლება ნებისმიერი პრობლემა  გვექცეს სერიოზულ დაბრკოლებად, რომელიც შეაფერხებს და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას.

_ სამოქალაქო სექტორის სისუსტეზე ბიძინა ივანიშვილიც ამახვილებდა ყურადღებას. დღეს თუ  არის მზად ჩვენი საზოგადოება სოლიდარობისთვის?

_ ვიმეორებ, ნებისმიერი საზოგადოების წინაშე, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, ყოველთვის არსებობს ასეთი მოცემულობა _ ან ხარ ერთიანი და ძლიერი, ან _ დაქსაქსული და, შესაბამისად, უსუსური. ჩვენ ვიცით, მეორე ტიპის საზოგადოებებს რაც ემართებათ ხოლმე, ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, არჩევანი რთული არ არის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. "ყველაზე დიდი დამნაშავე, რომელმაც რეჟიმი შექმნა …დღეს თავისუფალია და აშშ-ში ლექციებს კითხულობს"… არაა სწორი! მიშა არც უდიდესია და არც უმცირესი, ის არარაობაა. "უდიდესი დამნაშავე" ის ძალებია, ვინც ასეთ არარაობებს ახვევს თავს ქვეყნებს, "ევროპული ცივილიზაციის" სახელით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here