Home რუბრიკები პოლიტიკა ლეფორის ტესტი, ანუ აღმოსავლეთის ფრონტზე ცვლილებებია

ლეფორის ტესტი, ანუ აღმოსავლეთის ფრონტზე ცვლილებებია

556

უკრაინის კრიზისმა ქართული აუდიტორიისთვის უკანა პლანზე გადაწია მსოფლიოში განვითარებული ყველა სხვა მოვლენა. მასზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა, ალბათ, საინტერესო იქნება, დასაწყისში ყურადღება «დიდი საჭადრაკო დაფის» სხვა მონაკვეთზე გადავიტანოთ, სადაც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი თამაში გრძელდება.

 

ირანის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზე შეიძლება არანაკლები გავლენა მოახდინოს, ვიდრე უკრაინულმა არეულობამ. საერთოდ, დღეს სერიოზულ ტრანსფორმაციას მთელი კონტინენტი განიცდის და, შესაძლოა, საქართველოს გაუმართლა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟთან დაკავშირებული კრიზისი მშვიდობიანად გადალახა, მანამ, სანამ პროცესები მეზობელ ქვეყნებში კრიტიკულ ფაზაში შევიდოდა. ახლა გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, შევძლებთ თუ არა ამ ბონუსის გონივრულ გამოყენებას.

დიდი ნავთობი და გლობალური ამბიციები

განმუხტვის პროცესი დასავლეთისა და ირანის ურთიერთობებში ნელნელა წინ მიდის. ოპონენტების მწვავე კრიტიკისა და აშშის რეგიონული მოკავშირეების, ისრაელისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაციას, თავისი სამშვიდობო ინიციატივებით, საქმე ნელნელა სანქციების მოხსნისკენ მიჰყავს. ამ ფონზე კრემლმა ძალიან საინტერესო პარტიის გათამაშება დაიწყო.

დეკემბრის მიწურულს მსოფლიოს ერთერთმა უმსხვილესმა ბანკმა, ამერიკულმა «მორგან სტენლიმ» განაცხადა, რომ რუსულ «როსნეფტს» მიჰყიდა თავისი სანავთობო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსების ხელში გადადის კომპანია «ჰეიდმარ ჰოლდინგის» 49%, რომელიც დაახლოებით 100 ტანკერს აკონტროლებს, საცავების გლობალური ქსელი, ნავთობის შეძენისა და გაყიდვის კონტრაქტები და . . «მორგან სტენლიმ» დაიტოვა სანავთობო ბიზნესის (უხეშად, დეტალებში ჩარღმავების გარეშე რომ ვთქვათ) ამერიკული სეგმენტი და ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი გარიგებები (აქ საუბარია კონტრაქტების მთელ პაკეტზე, რომლის გაფორმება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს) აშშ-ის უცხოური ინვესტიციების სააგენტოს ნებართვას მოითხოვს. მაგრამ, ვინაიდან აქტივების დიდი ნაწილი აშშ-ს საზღვრებს გარეთ მდებარეობს, ეს სააგენტო გარიგების ნაწილობრივ ტორპედირებას თუ მოახერხებს. «ფაინეიშენლ თაიმსის» შეფასებით, «ეს შენაძენი «როსნეფტს» შესაძლებლობას მისცემს, გააფართოოს საკუთარი ბიზნესი და შევიდეს კონკურენციაში მსოფლიოს უმსხვილეს ტრეიდერებთან _ «გლენკორთან» და «ვიტოლთან», წამყვან გლობალურ ენერგოკომპანიებთან, კერძოდ, «ბიპი»-სთან, «როიალ დატჩ შელთან», «ტოტალთან» და «საუდი არამკოსთან». ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი გარიგებაა რუსეთისთვის, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა აკავშირებს ყოველივე ამას ირანთან?

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, «ირანული განმუხტვის» პროცესის პარალელურად, მოსკოვი და თეირანი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ახალ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებში რუსეთი დღეში ნახევარ მილიონ ბარელ ირანულ ნავთობს შეიძენდა (უფრო სწორად, მოხდება ბარტერი თვეში 1,5 მილიარდი დოლარის საქონელზე). იანვრის დასაწყისში ინფორმაციამ ამის შესახებ მედიაში «გაჟონა». 13 იანვარს თეთრმა სახლმა რუსეთირანის შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშის ნეგატიური პოზიცია რუს კოლეგასთან საუბარში დააფიქსირა. საინტერესოა, რა გახდა თეთრი სახლის ასეთი რეაქციის მიზეზი?

მარტივად რომ ვთქვათ, კრემლმა გადაწყვიტა კონტროლის დამყარება იმ «დამატებით ნავთობზე», რომელიც ირანმა შეიძლება სანქციების მოხსნის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არა მხოლოდ რუსული ენერგოკომპანიების პოზიციებზე ზრუნვაა. თუ ირანული ნავთობის ექსპორტის ძირითადი ნაწილი დასავლური კომპანიების ხელში აღმოჩნდება, აშშ და მისი მოკავშირეები დროთა განმავლობაში თეირანზე ზემოქმედების ძალიან სერიოზულ ბერკეტს მოიპოვებენ და, საბოლოოდ, (ამ და სხვა ბერკეტების გამოყენებით) შეიძლება ისლამური რესპუბლიკის «გორბაჩოვიზაციასაც» მიაღწიონ. შეერთებული შტატებში, პრინციპში, არც არავინ მალავს, რომ ახალი სამშვიდობო სტრატეგიის საბოლოო მიზანი სწორედ ირანის მშვიდობიანი ტრანსფორმაციაა დასავლეთისთვის მისაღებ კონდიციამდე. და ამ დროს მოდის პუტინი, «როსნეფტის» ახალშეძენილი ტანკერების მთელი ფლოტით, რომელიც (ბედის ირონია) ამერიკული ბანკისგან იყიდა და აპირებს ამ სტრატეგიას ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ «მორგან სტენლი», 99%-იანი ალბათობით, არ წავიდოდა გარიგებაზე რუსებთან, თუ ამერიკული ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილისგან «მწვანე» არ ექნებოდა (ეს გარემოება რებუსს მნიშვნელოვნად ართულებს). საინტერესოა, რომ ამ მრავალსვლიან კომბინაციას მოწინააღმდეგეები, როგორც ჩანს, მოსკოვშიც ჰყავს, რადგან ინფორმაციამ რუსეთ-ირანის სენსაციური გარიგების შესახებ, დიდი ალბათობით, მოსკოვიდან გაჟონა. ამგვარად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ორი ზესახელმწიფოს დაჯახებაზე «ცივი ომის» სტილში, არამედ ძალთა გაცილებით რთულ კონფიგურაციაზე, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფი მოსკოვსა და ვაშინგტონში, ტრანსნაციონალურ კომპანიებში, რეგიონულ სახელმწიფოებში (და ჩინეთში, რომელსაც ეს ნავთობი ყველაზე მეტად სჭირდება) მოულოდნელად შეიძლება ბარიკადების ერთ მხარეს აღმოჩნდნენ.

თუ ჩვენ შევაჯამებთ ყველა იმ გრძელვადიან პროგნოზს, რომელთაც ექსპერტები ირანის მომავალთან დაკავშირებით აკეთებენ, შეიძლება პარადოქსულ დასკვნამდე მივიდეთ _ როგორც მისი ჩამოყალიბება რუსეთის ერთმნიშვნელოვან მოკავშირედ, ისე დაახლოება დასავლეთთან, კრემლს, ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პოზიციების განმტკიცებისკენ უბიძგებს. მნიშვნელობა არ აქვს, საუბარი «დამცავი კედლის» თუ «დამაკავშირებელი ხიდის» აგებას შეეხება და ეს საქართველოს მომავალზე უდავოდ აისახება. როგორი იქნება ირანის მომავალი და რომელ ზესახელმწიფოს დაუახლოვდება ის სანქციების მოხსნის შემდეგ? თანაბარი დისტანცირება «დიდი ბლოკებისგან» ბოლო დროს საკმაოდ რთული გახდა და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი უკრაინაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რით დასრულდება ამჟამინდელი მწვავე კრიზისი, ძალიან დიდი ალბათობით, დაკარგავს (რეალური და არა ფორმალური) სუვერენიტეტის ნაწილს და უცხო ქვეყნებზე გაცილებით დამოკიდებული გახდება.

გეოპოლიტიკური თვითმკვლელობის ინსტრუქცია

ვინც უნდა იჯდეს უკრაინის პრეზიდენტის სავარძელში, რუსულ ან დასავლურ კრედიტებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ბიუჯეტში არსებული მზარდი «ხვრელები» ამოავსოს და ვალები გაისტუმროს, ამიერიდან  ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ფასი ექნება. ეკონომიკური პრობლემების მასშტაბისა და ბოლოდროინდელი დესტაბილიზაციის გამო, უკრაინის მმართველებს მომავალში დასავლეთის ან რუსეთის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ. ოფიციალური კიევი იძულებული გახდება, გადადგას უკანმოუხედავი ნაბიჯები დასავლეთით ან აღმოსავლეთით, რომელთაგანაც ოცი წლის განმავლობაში თავს იკავებდა.

ამ «გეოპოლიტიკური თავშეკავებულობის» ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნებისმიერმა მკვეთრმა მოძრაობამ შეიძლება უკრაინის ერთიანობა იმსხვერპლოს, რადგან აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთთან დაახლოება სურს, დასავლეთ უკრაინაში კი სიტუაცია საპირისპიროა. ბალანსი ამ ორ მისწრაფებას შორის, «ორ სკამზე ჯდომა» შეიძლებოდა ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო, რომ არა უკრაინის ყველა ხელისუფალის (კრავჩუკი იქნებოდა, კუჩმა, იუშჩენკო თუ იანუკოვიჩი) უუნარობა, შეექმნათ ეფექტური, მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელიც უცხოურ დახმარებაზე კრიტიკულად დამოკიდებული არ იქნებოდა. კორუმპირებული და წინადაუხედავი უკრაინული ელიტა, უბრალოდ, იჯდა და «ჭამდა» საბჭოთა უკრაინის მემკვიდრეობას, რომელიც, მისი სიდიდის მიუხედავად, ულევი ნამდვილად არ იყო. ეკონომიკური თვალსაზრისით, უკრაინას ჰქონდა გაცილებით კარგი სასტარტო პირობები, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ პოსტსოციალისტურ სახელმწიფოს, მაგრამ მის ელიტას მთელი ამ წლების განმავლობაში, ფლანგვისა და ძარცვის გარდა, პრინციპში, არც არაფერი უკეთებია. ცხადია, მის წიაღში ვერ დაიბადებოდა სიცოცხლისუნარიანი იდეები, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას უფრო მეტად დაახლოებდა და, შესაბამისად, ქვეყნის ერთიანობას განამტკიცებდა.

ახლა კი არჩევანი ძალზე შეზღუდულია: ან უნდა მოხდეს ეროვნული რესურსების სრული მობილიზაცია ეკონომიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად (რისთვისაც არც ელიტა, არც საზოგადოება მზად, სავარაუდოდ, არ არის), ან კიდევ დახმარებისთვის უცხო სახელმწიფოებს უნდა მიმართონ, რომელნიც პოლიტიკური და ეკონომიკური კრახის პირას მყოფ უკრაინას გაცილებით მეტს მოსთხოვენ, ვიდრე ადრე. საბოლოო ჯამში, პოსტსაბჭოთა უკრაინის მთელი ისტორია ეკონომიკური თვითგანადგურების ისტორიაა და, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ახლო მომავალში ქუჩის დაპირისპირებასა თუ არჩევნებში, უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, უკვე წააგო, თანაც დიდი ანგარიშით.

ქართული საზოგადოების ნაწილმა ამ მომენტის დრამატულობა შეიძლება ვერ აღიქვას, რადგან საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურ მიღწევად უცხო ზესახელმწიფოს (ბლოკის) პრივილეგირებულ სატელიტობას აღიქვამს. თუმცა ნაწილს, ალბათ, ესმის, რამდენად მძიმეა ნამდვილ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსის დაკარგვა (ხელშესახებ პერსპექტივაში), რომელიც უკრაინას ნამდვილად ჰქონდა

არ არსებობს რეალური დამოუკიდებლობა მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის გარეშე, ხოლო მისი შექმნა შეუძლებელია, მაშინ, როდესაც ელიტის ბირთვს «პრიხვატიზაციის» დროს გამომუშავებული მტაცებლური ინსტინქტებით შეპყრობილი, გაუმაძღარი ხროვა შეადგენს. ალბათ, სწორედ ასეთი ელიტა წარმოადგენს საქართველოს (უკრაინის და ა. შ.) დამოუკიდებლობის #1 მტერს, რომელმაც ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) ზარალი მოუტანა.

ფილიპ ლეფორი, როგორც სემაფორი

ბრძოლა უკრაინისთვის და «სანქციების შემდგომი» ირანისთვის, რთული პროცესები თურქეთში მალე შეცვლიან გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ჩვენ გარშემო და საქართველო ახალი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდება. სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყება გარდაუვალი ჩანს და ამ კონტექსტში (დღეს მხოლოდ ერთ ლოკალურ საკითხს შევეხებით), ალბათ, ძალიან საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს ევროკავშირის სპეციალური წამომადგენელის და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის, ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება (თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან _ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე) _ «სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი, დიდი ხანია, განსაზღვრულია რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ».

თუ რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში ისევე დრამატულად წარიმართება, როგორც უკრაინაში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რაღაც მომენტში დღის წესრიგში შეიძლება დადგეს სეპარატისტულ რესპუბლიკებში რუსეთის გავლენის შემცირების ამოცანა. დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს, მაგრამ დასავლელმა დიპლომატებმა შეიძლება გამოიყენონ უკვე აპრობირებული ხერხი და შეეცადონ, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივით მოხიბლონ. ხოლო იმისთვის, რომ მათთან ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლონ, სეპარატისტებისთვის რაღაც სტატუსის მინიჭება დასჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, დროებითი დაერქმევა მას თუ გარდამავალი, განხილული ვარიანტის ფარგლებში ეს სტატუსი არსებულზე უფრო მაღალი იქნება.

ევროპული დიპლომატიის მაღალ ეშელონებში შემთხვევითი რეპლიკები არ არსებობს და, სავარაუდოდ, არც ლეფორის ფრაზაა შემთხვევითი, მიუხედავად იმისა, რა კომენტარები მოჰყვა მას, მთავარია, რომ განცხადების უარყოფა არ მომხდარა. სეპარატისტული რესპუბლიკების მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ევროპის აკადემიურ წრეებსა და პოლიტიკურ კულუარებში სულ უფრო ხშირად ძალზე არაორდინალური მოსაზრებები გამოითქმის და ამის შესახებ მშვენივრად იციან ჩვენმა ექსპერტებმა და დიპლომატებმა. ახლა ევროპაში «სუვერენიტეტების აღლუმის» დროა, მალე ჩატარდება რეფერენდუმი შოტლანდიის  დამოუკიდებლობაზე; უმოქმედოდ არც კატალონელები სხედან. თუ ეჭვქვეშ დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მთლიანობა დადგება, ნაკლებად სავარაუდოა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს მთლიანობა დოგმად გაიხადონ, მითუმეტეს თუ სეპარატისტული რესპუბლიკებისთვის სტატუსის შეცვლა რაღაც მომენტში მომგებიან ტაქტიკურ გადაწყვეტილებად მოეჩვენებათ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, რუსეთის მიერ დაკავებულ ამ პლაცდარმებზე საკუთარი თამაში წამოიწყონ. ამიტომ სასურველია, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს შესაძლო ცვლილებების მოდელირება და შეიმუშავოს ალტერნატიული სტრატეგიები, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხის ნეიტრალიზებაში დაეხმარება. ფილიპ ლეფორის რეპლიკამ (გამორიცხული არაა, რომ ეს ქართული მხარის რეაქციის თავისებური ტესტირება იყო; ლეფორი ამით განსაკუთრებულს არაფერს კარგავს, რადგან 31 იანვარს მანდატი უმთავრდება) შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ოფიციალური თბილისი გაათმაგებული ყურადღებით უნდა დააკვირდეს დასავლელი პარტნიორების მოქმედებას, რათა ზუსტად დაადგინოს, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ჩვენი პოზიციები სეპარატისტული რესპუბლიკების არსებულ თუ ჰიპოთეტურ სტატუსთან დაკავშირებით.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here