Home რუბრიკები პოლიტიკა «ГРАЖДАНИН НАЧАЛЬНИК»

«ГРАЖДАНИН НАЧАЛЬНИК»

611

ბიძინა ივანიშვილი ავანსცენაზე დაბრუნდა. 24 ნოემბერს «ქართული ოცნების» ყრილობაზე ის დაგვპირდა, რომ 2-3 თვეში სამოქალაქო სექტორში გააქტიურდებოდა, დანაპირები შეასრულა და საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქეს» ხელმძღვანელი. რა ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ ორგანიზაციის ამოქმედებამ?

 

ადრე, როდესაც კასანდრასავით დაუცხრომელი ქართველი ექსპერტები ცდილობდნენ, ეწინასწარმეტყველათ, თუ რას გააკეთებს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში, ვარაუდობდნენ, რომ ის არსებული ან ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრთან ითანამშრომლებდა და მათი მთავარი დონორი გახდებოდა. თითქმის არავინ საუბრობდა იმაზე, რომ ივანიშვილი ახალ, დიდ ორგანიზაციას შექმნიდა, რომელიც, წესდებაში ჩამოთვლილი მიზნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქტიურობას ყველა წარმოსადგენ სფეროში აპირებს.

გამოცდილება ცხადყოფს, რომ სამოქალაქო სექტორში გაცილებით ეფექტურად მოქმედებენ შედარებით ვიწრო პრობლემატიკაზე სპეციალიზებული მცირე და საშუალო ორგანიზაციები და მათი ქსელები, ვიდრე ბრონტოზავრის მსგავსი დიდი და მოუქნელი სტრუქტურები. თუმცა არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომლებიც (ამ კონკრეტულ სიტუაციაში) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ამართლებს.

უპირველესად, ალბათ, კონტროლის გამარტივება უნდა ვახსენოთ. თუ ივანიშვილი მხოლოდ დონორის როლით შემოიფარგლებოდა და აფილირებულ არასამთავრობოებს ამ პოზიციიდან გააკონტროლებდა, მისი ფონდის სიახლოვეს, 99%-იანი ალბათობით, შეიქმნებოდა მთელი კორუფციული ინდუსტრია, რომლის ერთადერთი დანიშნულება ივანიშვილის გრანტების ათვისებაგანაწილება გახდებოდა. იმ მძიმე გამოცდილებამ, რომელიც ივანიშვილმა ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის პროცესში შეიძინა (დღეს ამაზე პრაქტიკულად არ საუბრობენ, თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა), სავარაუდოდ, უბიძგა დასკვნისკენ, რომ მისი ფულის ხარჯვის კონტროლის მექანიზმი რაც შეიძლება მარტივი და ეფექტური უნდა იყოს; იგივე ეხება კონტროლს დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე.

ამასთანავე, მცირე არასამთავრობოებს გაუჭირდებოდათ საკუთარი საინფორმაციო და საიმიჯო პოლიტიკის იმგვარი წარმართვა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდათ, სწრაფად ჩაეჩოჩებინათ უკანა პლანზე სექტორის გამოკვეთილი ლიდერები. ამ ამოცანის გადაწყვეტას ცალკე ძალისხმევა, ფული და, რაც მთავარია, დრო დასჭირდებოდა. «მოქალაქესთვის» კი, რომელიც გამოიყურება, როგორც ატომური ყინულმჭრელი პინგვინების ფონზე, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, მისი ოფისიდან გამოსულ ნებისმიერ სიტყვას გარანტირებულად აიტაცებენ საინფორმაციო საშუალებები და ის გარდაუვალად იქცევა საზოგადოების განხილვის მთავარ თემად.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, უცხო ქვეყნების კონტროლქვეშ იმყოფება, ნაწილი კი სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გააზრება: ბიძინა ივანიშვილი არ უპირისპირდება არც ერთ უცხო სახელმწიფოს, მათ შორის აშშ, და აღიარებს, რომ მათ საქართველოში გარკვეული ინტერესები და გავლენა აქვთ. მაგრამ მისთვის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანია, რომ (პირობითად ასე ვუწოდოთ) «სააქციო საზოგადოება საქართველოს» საკონტროლო პაკეტს თვითონ ფლობდეს, ხოლო უცხოელი პარტნიორები 5, 10 თუ 20-პროცენტიანი პაკეტებით დაკმაყოფილდნენ და საკუთარი თამაში მისი გვერდის ავლით არ აწარმოონ. ამ შედეგის მიღწევა პატარა, ღარიბი ქვეყნის ლიდერისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ივანიშვილმა უკვე მიაღწია იმას, რომ პოლიტიკურ სპექტრში საკონტროლო პაკეტს დაეუფლა და ნაწილობრივ შეზღუდა (მყისიერად მსგავსი რამ არ ხდება) უცხო სახელმწიფოების პირდაპირ კონტროლს დაქვემდებარებული ქართველი პოლიტიკოსები. შესაძლოა, ახლა დაახლოებით იგივე მოხდება არასამთავრობო სექტორში (ცხადია, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით). კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ დღეს ბიძინა ივანიშვილისა და უცხოელი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთთან დაპირისპირებული არაა, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ მსგავსი რამ მომავალში არ მოხდება.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ივანიშვილის ძველი მონოლოგები არასამთავრობო სექტორის როლთან დაკავშირებით (ხელისუფლების მკაცრი კონტროლი და ა. შ.) და ამ კონტექსტში გავაანალიზოთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ქცევა, მათი ურთიერთობა მთავრობასთან ივანიშვილის გადადგომის შემდეგ. მთელ რიგ შემთხვევებში ეს იყო ისტერიული  დიქტატის მცდელობა, ზოგჯერ კი უცხოელების პოზიციის პირდაპირი ტრანსლირება. გამორიცხული არაა, რომ პაუზა გადადგომიდან «მოქალაქეს» დაფუძნებამდე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ტესტირების ელემენტსაც შეიცავდა.

დღეს ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვნად შეზღუდულია. უცხოური დაფინასების ზოგად შემცირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავი რომ დავანებოთ, მოსახლეობის საკმაოდ მოცულობითი ნაწილი მათ დანაშაულად სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობას უთვლის და აკრიტიკებს (ან უბრალოდ ლანძღავს) იმის გამო, რომ ისინი ხმაურიანად იცავენ (მაგალითად) ვანო მერაბიშვილის უფლებებს, მაშინ, როდესაც თავის დროზე მისი რეპრესიული მანქანის მსხვერპლთ გაცილებით მორიდებულად გულშემატკივრობდნენ. მთელ რიგ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ეს შეფასება უსამართლოა, მაგრამ ის ძალიან ფართოდაა გავრცელებული და საზოგადოების განწყობაზე შესაბამის გავლენას ახდენს. ამ დროს არენაზე შემოდის ბიძინა ივანიშვილის «მოქალაქე»; ის საზოგადოების ხსენებული ნაწილის მიერ არ აღიქმება როგორც «უცხო სახელმწიფოების გავლენის აგენტი», «გრანტიჭამია» და «სააკაშვილის მონა» და მას, დიდი ალბათობით, გარკვეული დროის შემდეგ მოჰყვებიან შედარებით მცირე სატელიტი ორგანიზაცები, რომელნიც შეეცდებიან, ძირფესვიანად გადაფორმატებულ სივრცეში თავიანთი ნიშა დაიკავონ. ასე რომ, იმ ორგანიზაციებს, რომელნიც დღეს სექტორის ლიდერებად აღიქმებიან, ძალიან დიდი ძალისხმევის გამოვლენა მოუწევთ, რათა საზოგადოებაზე (ისედაც შემცირებული) გავლენა არ დაკარგონ და არ დაეშვან ფსკერზე, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ სასწრაფო წესით დაფუძნებული მარგინალური მიშისტური «ენჯეოები» ბინადრობენ.

ბუნებრივია, «მოქალაქეს» კართან, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ნებისმიერ სტრუქტურის შესასვლელთან, დადგება იმ ადამიანების რიგები, რომელნიც, აგერ უკვე მესამე წელია, მოწადინებულნი არიან, როგორმე «ბიძინას ფული» მიიღონ. ბევრმა შეიძლება აღიქვას ეს ორგანიზაცია, როგორც სათადარიგო (ან სულაც, ძირითადი) მმართველი პარტია ან კვაზისახელისუფლო სტრუქტურა, მოკლედ ის, რაც შესაძლებლობას მისცემთ, უდარდელი ცხოვრება მოიწყონ, თანაც ისე, რომ თავი დიდ «ნაჩალნიკებად» იგრძნონ. ამ ბალასტის მოშორება, სავარაუდოდ, ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის #1 ამოცანა გახდება. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ტონალობას და კომუნიკაციის სტილს აირჩევს «მოქალაქე» აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში; გადამეტებულმა დიდაქტიკურობამ და მუდმივმა ჩარევამ მიკრომენეჯმენტში შეიძლება ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოების აღქმაში სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობის დევალვირება გამოიწვიოს. «მოქალაქე» არ უნდა გავიდეს იმ ჩარჩოებიდან, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების როლი გულისხმობს, მისი ტრანსფორმირება «პარალელურ ხელისუფლებად» ან «პარალელურ მმართველ პარტიად» სახელმწიფოს ფრიად დააზარალებს.

რამდენი ლამაზი სადღეგრძელოც უნდა ვთქვათ იმის თაობაზე, რომ «მოქალაქე» ხელს შეუწყობს საზოგადოების მიერ საკუთარი როლის გააზრებას დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, ალბათ, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორგანიზაცია, სხვა ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის კონტროლის გაფართოების ინსტრუმენტია. აქ იგულისხმება არა მხოლოდ და არა იმდენად კონტროლი მთავრობაზე, რამდენადაც კონტროლი ქვეყნის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროზე და საზოგადოებრივი აზრის «დღის წესრიგზე». ამ სიტუაციაში წინა პლანზე კვლავ გამოდის ნდობის ფაქტორი _ საზოგადოება ივანიშვილს «სიტყვაზე უნდა ენდოს» და ირწმუნოს, რომ მისი «მოქალაქე» ნორმალური სისტემის და არა მორიგი ავტორიტარული რეჟიმის შექმნას მოემსახურება.

ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს მისი ავტორიტეტი, ბრწყინვალე გამარჯვება 2012 წლის არჩევნებში და სააკაშვილის კოშმარული რეჟიმის უსისხლო დემონტაჟი, მაგრამ მისი ხედვები ქართული სახელმწიფოს მომავლის მთელ რიგ ასპექტებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ძალზე ბუნდოვანია. ივანიშვილს არ დაუწერია წიგნი, რომელშიც მკაფიოდ აღწერდა თავის მიზნებს, მათი მიღწევის სავარაუდო გზებს და ხშირ შემთხვევაში კომენტატორებს დასკვნის გამოტანა მის ცალკეულ (ხანდახან ბუნდოვან და ურთიერთსაწინააღმდეგო) რეპლიკებზე დაყრდნობით უწევთ. ცხადია, ინტრიგასა და გაურკვევლობას თავისი ფასი და გემო აქვს, მაგრამ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით სასურველია მეტი სიცხადე, რადგან, სააკაშვილისგან განსხვავებით არა გასართობ კომპლექსს ან სადომაზოხიზმის თეატრს, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებას კონსენსუსი თუ არა, ივანიშვილის «გენერალურ გეგმაზე» გაცილებით მეტი ინფორმაცია სჭირდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილის დღის წესრიგში მთავარი საკითხი ახალი, სანიმუშო ქართული დემოკრატიის შექმნაა და მის გადაწყვეტას ორგანიზაცია «მოქალაქეს» ყველა რესურსს მოახმარს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა გააგრძელონ პატარა, ლოკალური ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირებული არასამთავრობო ჯგუფების შექმნა. «მოქალაქე» ყველა სფეროში ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამის გაკეთება რომ სცადოს, გადაიქცევა უზარმაზარ, რვაფეხას მსგავს მონსტრად, რომლის მოქმედება საკმაოდ ნელი და არაეფექტური გახდება. კარგი იქნება, თუ ის მხოლოდ რეფორმების ზოგადი ხელშეწყობით, კონცეპტუალური ხასიათის დოკუმენტების შემუშავებით და «ქვედა დონეზე» მოქმედი პატარა, ავტონომიური ჯგუფების მხარდაჭერით დაკავდება. უშუალო პასუხისმგებლობის სფეროს გაუაზრებელი გაფართოება, რომელიც შეიძლება არ იყოს დაგეგმილი, მაგრამ მუშაობის პროცესში «ბუნებრივად» დაიწყოს, «მოქალაქეს», ისევე, როგორც სრულიად საქართველოს, კარგს არაფერს მოუტანს.

27 იანვარს უზენაესმა სასამართლომ, როგორც იქნა, გააუქმა მიხეილ სააკაშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა. მოქალაქე ივანიშვილი სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქეს» და სამოქალაქო სექტორში აქტიური მოქმედება დაიწყო. ალბათ, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ და ყურადღებით დავაკვირდეთ მის თითოეულ ნაბიჯს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეცდომებზე მივუთითოთ ან დახმარება აღმოვუჩინოთ, რის გამორიცხვაც ნამდვილად არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო სექტორში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება დროულია! ერთი წუთითაც არ შეიძლება საქართველოს მიტოვება უპეტრონოდ! და ჩვენც უბრალო მოქალაქეები, მასთან ერთად ათასჯერ მეტს გავაკეთებთ საქართველოს საკეთილდღეოდ ვიდრე ხელისუფლება!

  2. ავტორი რჩევას აძლევს ივანიშვილს ვითომ ჭირდება ბიძინას მისი რჩევა? მაგ ჭკუაზეა ზუსტად.ახლა ახალი ამბავი ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ხალხისთვისო ახლა მოქალაქის იმედი გაგვიჩდა კარგია ;;იმედით ცხოვრობს ადამიანი;;

  3. სხვა მოქალაქეებმა რა დააშავეს, მათაც დაუბრუნონ მოქალაქეობა. ორმაგ მოქალაქეობას რატომ არ იღებს პარლამენტი და აწვალებს საზღვარგარეთ წასულ ხალხს.

  4. ვეტანხმები ბატონ რომაზონს.მჯერავს ბატონი ბიდზინასი,რომ უკვარს სამსჰობლო და უნდა ტავის სჰვილერს და სხვის სჰვილებსაც დაუტოვოს ასჰენებული ,მარტალი კვეკანა.მას სჰეედზლო ეცხოვრა ტავისი ოჯახიტ უზრუნველად რომელ კვეკანასჰიც მოისურვებდა.ერტი ადამიანი კველაფერს ვერ გააკეტებს.ცჰემი აზრია კველამ ტავისი საკმე სადაც არის გააკეტოს კარგად სამსჰობლოსტვის, ოჯახისტვის, სჰვილებისატვის.და ტუ ვინმე ამასჰი უსჰლის ხელს მარტებული ინფორმაცია მიაცოდოს ბატონ ბიდზინას და საზოგადოებას.მე დარცმუნებული ვარ რომ ეს ადამიანი დაეხმარება ასეტ ხალხს და მიუტიტებს სამარტლიანად,კანონის გატვალისცინებიტ ცუგლუტებს და კანონის დამრგვევლებს.სხვაგვარად არაფერი გამოვა.ესაა მარტივად ნატკვამი

  5. კაცი,უკვე საკმაოდ მოხუცებული ვარ,მაგრამ ამნაირი ფარსი,რაც დღეს ვნახე,არ მინახავს!

  6. ქვეყანა, რომელიც ბუნებრივ გეოეკონომიკურ სივრცესაა მოწყვეტილი ან ქაოსისთვისაა განწირული ან ავტორიტარიზმისათვის. ლოგიკურად ქართულმა ოცნებამ ჭანჭიკების მოჭერა უნდა დაიწყოს, მოქალაქე გარედან დახმარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here