Home რუბრიკები საზოგადოება «ჩემ გვერდით გოგო იდგა, კოჭში გადაუმტვრიეს «დუბინკით» ფეხი, ძვალი ხორცში ჰქონდა გამოყოფილი...

«ჩემ გვერდით გოგო იდგა, კოჭში გადაუმტვრიეს «დუბინკით» ფეხი, ძვალი ხორცში ჰქონდა გამოყოფილი და «სპეცნაზელმა» კიდევ რამდენიმეჯერ დაარტყა თავში ხელკეტი»

571

26 მაისის აქციის მონაწილეები _ ჯემალ კაშია და შოთა  ოჩიგავა  «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველს  2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას  სპეცრაზმელთა მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ესაუბრებიან.

 

ჯემალ კაშია: _ სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა დარბევა რომ დაიწყეს,  წინა რიგებში ვიდექი ლუკა კურტანიძესთან ერთად. ბევრნი ვიყავით იქ _ ჩემი მეგობარი შოთა ოჩიგავა, რამდენიმე  ყოფილი მოჭიდავე… სპეცრაზმელები, ძირითადად, ამ წინა რიგს დაერივნენ _ გვცემდნენ, თან გვაგინებდნენ_ რატომ ხართ აქციაზე მოსული, რა გინდათ აქ, წაეთრიეთ სახლში, თქვენი დედა, თქვენი მკვდარი და  ცოცხალიო… გაქცევა დავაპირეთ, მაგრამ სად გაიქცეოდი?! გარშემო  მანქანები ეყენა, ალბათ, იმისთვის, რომ არავინ გასხლტომოდათ ხელიდან.  ხაზს ვუსვამ _ აქციის მონაწილეთა დაშლა კი არა, დასჯა ჰქონდათ დავალებული.

შეგვყარეს «მერსედესის» მარკის მიკროავტობუსში და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. შავი მუნდირები  ეცვათ, ნიღბები ეკეთათ. ჩვენ ექვსნი ვიყავით. მანქანაში დაგვაბეს, მთელი გზა გვირტყამდნენ და გვაგინებდნენ. მიგვიყვანეს ბარათაშვილის ხიდთან, მტკვართან ჩაგვიყვანეს. და ახლა მდინარეში უნდა გადაგყაროთო. ვუთხარი, რას გვერჩით, რატომ უნდა გადაგვყაროთ-მეთქი? შენ კიდევ ხმას იღებო და უარესად დაგვიწყეს ცემა. საქმის ცოდნით, დასასახიჩრებლად გვირტყამდნენ. ნეკნი მქონდა გატეხილი, თავიც. მუშტით, «დუბინკით», წიხლებით გვცემდნენ. რამდენიმე ისეთი ჭრილობაც მქონდა, რომლის მიყენებაც მხოლოდ ბასრი საგნით შეიძლება. მქონდა ასევე დამწვარი ადგილები, დენით იყო თუ ცეცხლით, არ ვიცი.

ამის შემდეგ  ისევ ჩაგვყარეს მანქანაში და წაგვიყვანეს მუხათგვერდის სასაფლაოზე. დაგვყარეს იქ ეს ნაცემ-ნაბეგვი ხალხი და ისევ გვცემეს. ახლაც არ მჯერა, რომ ყველა ცოცხალი ვართ… დასისხლიანებულები, თავგატეხილები და ძალაგამოლეულები პერიოდულად გონებას ვკარგავდით. ფეხზე ვერ ვდგებოდით ისეთი დაბეგვილდალეწილები ვიყავით _ დასისხლიანებულები, ტანსაცმელშემოხეულები.

გამთენიისას, როგორც იქნა, გამოგვიშვეს იქიდან, უფრო სწორად, წავიდნენ და დაგვტოვეს. ვიდრე წავიდოდნენ, თავზე დაგვღრიალებდნენ, გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ,_ აქციაზე აღარ დაგინახოთ, თქვე რუსეთის აგენტებოო. ჩემმა ერთმა მეგობარმა უთხრა: სიკვდილი თუ გინდათ ჩვენი, მოგვკალით ბარემ, რაღას გვაწვალებთო! თქვენი სიკვდილი თუ გვინდა, გვეტყვიან და მოგკლავთ, თუ არადა, წაეთრევით აქედანო.

დილის 10 საათი იქნებოდა, მუხათგერდის სასაფლაოდან რომ წავიდნენ, ჩვენც მალევე  წამოვედით. გზამდე  რომ მივაღწიეთ, 12 საათი იქნებოდა. ტრასაზე მანქანა არ გვიჩერებდა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით. ბოლოს, როგორც იქნა, გაგვიჩერა კამაზმა და წამოგვიყვანა. «სახალხო კრების» ოფისში  რომ მივედით, ვერავინ ვნახეთ, დასავლეთში უნდა წავსულიყავით, ქუთაისში, ჩვენი აქ დარჩენა არ იქნებოდა.

ქუთაისში ჩასვლისთანავე მივედი მეგობართან. «სახალხო კრების» წარმომადგენლები მეძებდნენ, არ იცოდნენ, მკვდარი ვიყავი თუ ცოცხალი, არადა, საშიში იყო ჩემთან სახლში მისვლა _ პოლიციის კონტროლზე იყო აყვანილი. დასდევდნენ აქციის მონაწილეებს, სახლებში აკითხავდნენ «ნაცმოძრაობის» წევრებიჩასვამდნენ მანქანაში, მიჰყავდათ და   3- 4 საათის განმავლობაში აჩერებდნენ პოლიციაში _ ფსიქოლოგიურად ამუშავებდნენ.

მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, არანაირი მუქარა არ ყოფილა. იმედია, დამთავრდა მათი ბოგინი. ველოდებით სამართლიანობის აღდგენას,  ისე, 10-მდე კაცი ვიცი, ვინც ისე აწამეს, რომ დღემდე ფსიქიკურად შეშლილია და ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ. არც არის იმისი იმედი, რომ ოდესმე გამოჯანმრთელდებიან. ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი. სინდისი არ აწუხებდათ იმ ჯალათებს. საინტერესოა, რა ჯიშის ხალხი იყვნენ, ქართველები არ იყვნენ აშკარად, ეს ხალხი ჩამოყვანილი ჰყავდათ სააკაშვილსა და მერაბიშვილს სხვადასხვა ქვეყნიდან, ფული ჰქონდათ გადახდილი, ალბათ. ვიმეორებ, ქართველები არ იყვნენ, მკვდარსაც კი  სცემდნენ.

_ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე რას იტყვით?

_ მე არც ევროპას ვუყურებ, არც ამერიკას, მე მხოლოდ სამართლიანობა მაინტერესებს. ვანომ პასუხი უნდა აგოს ნაცემნაბეგვი და დასახიჩრებული  ხალხის წინაშეშს მინისტრი იყო და უნდა ეთქვა თავისი ხელქვეითებისთვის, რომ აქციის მონაწილეთათვის დერეფანი მაინც დაეტოვებინათ, მაგრამ ამათ  ხალხის დახოცვა სურდათ. მირბოდა ხალხი, მაგრამ სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია და სასტიკად გაუსწორდავანო მერაბიშვილი კი გამოდის და არა მხოლოდ თავს იმართლებს, აქეთ გვემუქრება.

რაც მე დამმართეს, ამას არავის ვაპატიებ!  ვნატრობ, გავიგო, ვინ იყვნენ ეს ჯალათები. ჩემი მეგობარი ზაზა ზესტაფონიდაა, ფსიქიკურად შეიშალა, რა უქნეს, დღემდე არ ვიცი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ასეთი რამ მოხდებოდა. ჩემ გვერდით გოგო იდგა, კოჭში გადაუმტვრიეს «დუბინკით” ფეხი, ძვალი უჩანდა და «სპეცნაზელმა» კიდევ რამდენიმეჯერ დაარტყა თავში ხელკეტი. ამ გოგოს რა ბედი ეწია, არ ვიცი… ჩემი მეგობარი სულიკო ასათიანი მოკლეს. დიახ, ცემით მოკლეს კაცი და სახურავზე შეაგდეს.  ჩვენ რომ წაგვიყვანეს სულიკო უკვე მიწაზე ეგდო, მკვდარი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.  ნაცემი კაცი არ ინძრეოდა, უგონოდ იყო.

შოთა ოჩიგავა: _ქალაქის პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს კინოთეატრ «რუსთაველიდან”, მეც ისევე მაწამეს, როგორც ყველა, ვგულისხმობ ცემა-ტყეპას. გვცემდნენ ფეხით, ხელით, ხელკეტით, ყველა ნივთით, რაც ხელში მოხვდებოდათ. ვისაც იცნობდნენგაჰყავდათ ცალკე, სამმართველოს ერთერთ ოთახში და გონების დაკარგვამდე  სცემდნენ. მე დაახლოებით 5-6 საათი გამაჩერეს სამმართველოში, სისხლისგან ვიცლებოდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამიტომ ე.წ. გასაუბრება-დაკითხვაზე ურიგოდ შემიშვეს. მკითხეს, რატომ იყავი აქციაზე, რა გამოძრავებდაო  და ა.შ. სამწუხაროდ, არ ვთქვი, რომ «სახალხო კრების» ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე ვიყავი, ეს რომ მეთქვა, ალბათ, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. პროკურორი წყვეტდა იქ ყველაფერს, ანუ პატიმრობას შეგვიფარდებდნენ თუ საჯარიმო სანქციას.

იმ ოთახში, სადაც ჩემი დაკითხვა მიმდინარეობდა, 4 კაცი იატაკზე ეგდო, სისხლის გუბეში ცურავდა, გული ლამის გამიჩერდა ამის შემყურეს. მერე სასამართლოში წამიყვანეს. სხვათა შორის, ქალაქის სამმართველოში შეყვანამდე წვიმაში გაგვრეცხეს სისხლისგან, მოკლედ, იქ შესვლამდე ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. პოლიციის სამმართველოს ეზო დასისხლიანებული ადამიანებით იყო სავსე და ეს მხეცები, «სპეცნაზელები» ზედ აბიჯებდნენ მათ. ფაშისტებივით იქცეოდნენ. სასამართლოში გადაყვანამდე ცალკე ჯოჯოხეთი გამოვიარე, მოსაცდელ ოთახებში გვცემდნენ. შემდეგ მოსამართლემ 400-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა და გამომიშვეს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here