Home რუბრიკები პოლიტიკა ნაცმიტოზი

ნაცმიტოზი

815

გამრავლება არის ცოცხალი ორგანიზმების უნარი, წარმოქმნან თავისივე მსგავსი ორგანიზმი. თითოეული ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულია, მაგრამ გამრავლების მეშვეობით სახეობის არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.

 

გამრავლება უზრუნველყოფს სახეობის ძირითადი ნიშანთვისებების თაობიდან თაობაში გადაცემას, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, გამრავლება არის ბიოლოგიური თვალსაზრისით სასიცოცხლო პროცესი, როდესაც ერთი არსება წარმოქმნის თავისსავე მსგავსს. არსებობს უსქესო და სქესობრივი გამრავლება. უსქესო გამრავლება ეწოდება გამრავლებას, რომელშიც მონაწილეობს ერთი დედისეული ორგანიზმი. ახალი უჯრედები მხოლოდ ერთი მშობლიური უჯრედის მიტოზური დაყოფით მიიღება. მიღებულ თაობაში ყველა ინდივიდი გენეტიკურად მშობლის იდენტურია.

რაღა დაგიმალოთ და, თუ აქამდე ბიოლოგიას პატივს ვცემდი როგორც მეცნიერების ერთ-ერთ რიგით მიმართულებას, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ეს დამოკიდებულება უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ავიდა, რადგან აღმოვაჩინე, რომ ბიოლოგია და კონკრეტულად მისი ეს ნაწილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებსაც ხსნის და სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებასაც იძლევა.

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ მინდა განვიხილო რეგენერაციის (რეგენერაცია არის სხეულის დაკარგული ან დასახიჩრებული ნაწილის აღდგენა) იმგვარი ფორმა, რომელმაც როგორც მიტოზური გამრავლების შედეგად მიღებულმა წარმონაქმნმა «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» არამხოლოდ გადარჩენის საშუალება მისცა, არამედ ნელნელა გააძლიერა და სულ მალე შეიძლება უფრო გაძლიერებული მივიღოთ.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ ვიტყვი, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში მივიღეთ საპარლამენტო «უმრავლესობის» საკმაოდ უცნაური ფორმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი სახის წარმონაქმნი მსოფლიოს არც ერთ პარლამენტში არ არის და არც ყოფილა (ქართველები აქაც პირველები ვართ), რადგანაც შეიქმნა ისეთი სახის «უმრავლესობა», რომელშიც შემავალი ორგანიზაციები, ერთის მხრივ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ (ანუ ერთი ოპოზიციაა, ხოლო მეორე _ პოზიცია) და სხვადასხვა პოლიტიკურ დებატებში ძალიან მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს. დიახ, ძალიან მწვავე დაპირისპირება აქვთ, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს დაპირისპირება მხოლოდ სატელევიზიო თოკშოუებში ან საინფორმაციო საშუალებებში გაკეთებულ მცირე განცხადებებში ვლინდება და ერთმანეთის მიმართ «პწკენა-ღრენას» უფრო ჰგავს, ვიდრე აზრთა ჭიდილს, საქმიან კამათს და ქვეყნის მშენებლობისა და ხალხის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას. სიტყვა «უმრავლესობა» ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ასეთი გაერთიანება ოფიციალურად არ არსებობს და მას რაღაც ჩრდილოვანი ორგანიზაციის ფორმა აქვს.

მოკლედ რომ ვთქვა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ ფარული საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც გაერთიანდნენ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად. იქ კიდევ არიან ე. წ. დამოუკიდებელი მაჟორიტარები, რომლებიც ისე უყვარს ხალხს და ისეთ პატივს სცემს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს თუ გამოცდილებას, რომ სულ რიკინ–რიკინით მიანიჭეს კანონმდებლის ეს მაღალი სტატუსი (მაგალითად, ნაძალადეველების რჩეული თამარ კორძაია). არიან . . Пპმსკნუვშმე ნმს, რომლებიც ოდესღაც «ეროვნულობდნენ» და დღესაც ჩოხაახალუხით დადიან, მაგრამ «სულ სხვა რამისთვის უძგერთ გული» (მაგალითად, რუსთავის მაჟორიტარი ზვიად ძიძიგური).

არიან სხვებიც, მაგრამ მათზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ.

ისმის ძალიან მარტივი შეკითხვა: რატომ გაერთიანდა ეს ორი პოლიტიკური წარმონაქმნი და რა არის მათი «ჩახუტების» მთავარი მიზეზი? (პრინციპში არსებული რეიტინგებიდან საზოგადოების დამოკიდებულებიდან და მხარდამჭერთა რაოდენობიდან გამომდინარე, «წარმონაქმნი» უფრო რესპუბლიკური პარტიაა).

თქვენ წარმოიდგინეთ და პასუხიც საკმაოდ მარტივია.

მსოფლმხედველობა! დიახ, მათ სწორედ რომ მსოფლმხედველობა, ანუ ქართველობასთან, მართლმადიდებლობასთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე ზუსტად ერთნაირი შეხედულებები და პრინციპები აერთიანებთ. ბუნებრივია, რომ მათ შორისაც არის რამდენიმე მცირე განსხვავება, რომელთაგან უმთავრესი ფინანსებთან დამოკიდებულებაა.

თუ «ნაციონალური მოძრაობა», უხეშად რომ ვთქვა, ფულს საკუთარი მოსახლეობის ყვლეფით შოულობდა, რესპუბლიკელები ამას ე. წ. დონორი ორგანიზაციებისა და მათ მიერ გაცემული გრანტების მეშვეობით აკეთებდა. ვიღაც იტყვის, რომ უცხოელებისგან გადმოგდებულ ფულზე არც «ნაცები» ამბობდნენ უარსო. კი, ბატონო, დავეთანხმები. ნამდვილად არ ამბობდნენ, მაგრამ იმ გრანტების უმრავლესობა, რომლებსაც «ნაცები» თქვლეფდნენ, ასე თუ ისე საქართველოს სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის იყო გამიზნული, ხოლო რესპუბლიკელების მიერ მიღებული თანხები, კონკრეტულ იდეოლოგიურ მიზნებს ემსახურებოდა (ამ მიზნებზე ყურადღებას აღარ შევაჩერებ, რადგანაც ყველამ კარგად იცით).

აქედან გამომდინარე, არის განსხვავება იმ ხალხს შორისაც, რომლებიც ამ ორი ორგანიზაციის მიზნების შემსრულებლები იყვნენ და არიან. თუ «ნაცები» თავიანთი რეჟიმის გასამყარებლად ძალისმიერ მეთოდებს იყენებდნენ და ქვეყნის საკადრო პოლიტიკას მთლიანად აკონტროლებდნენ, რესპუბლიკელები გრანტების მოსაზიდად .. არასამთავრობო ორგანიზაციებს «ქმნიდნენ» და ბუნებრივია, ბოლომდე აკონტროლებდნენ .. პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შემოსულ თანხებს.

თუ «ნაცები» მოსახლეობაზე ზეწოლას ძალოვანების, გამგებლებისა და სხვადასხვა ჩინოვნიკის მეშვეობით ახორციელებდნენ, რესპუბლიკელები ამისთვის «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას» და სხვა «გამჭვირვალე» თუ «მემონიტორინგე» ორგანიზაციებს იყენებენ. ადამიანის უფლებების დამცველის ნიღბის ქვეშ შემალული ეს ლიბერასტები გაცილებით უფრო მეტ ზიანს აყენებენ საზოგადოებას, ვიდრე რეზინის ხელჯოხებით შეიარაღებული «მასკიანები»; უფრო მეტ ზიანს, რადგან ძალას შეიძლება ძალით დაუპირისპირდე, მაგრამ იდეოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლა, რომელიც ყოველ წუთს ცალმხრივად ხმიანდება ტელეეკრანებიდან, ძალიან ძნელია.

აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ძალა ამ წლების განმავლობაში თანაბარი წარმატებით არბევდა ქართველ ხალხს. მაშინ, როდესაც მიშას ძალოვანები იტაცებდნენ, სცემდნენ, ქონებას ართმევდნენ, რესპუბლიკური პარტია და მისი დამქაშები ტელეეკრანებიდან ღრმად ინტელექტუალური სახეებით დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ მართლმადიდებლობის, ქართველობის, ნორმალური ოჯახური ცხოვრების მსურველ ადამიანებს.

მაგალითისთვის გავიხსენებ ლევან ბერძენიშვილს, რომელიც «გადაბრინჯული» იჯდა ეკა ხოფერიას ეთერში, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ში და დასცინოდა შაოსან ქალბატონს, რომელიც კინოთეატრ რუსთაველში ნაჩვენებ ფილმს «და ვინჩის დღიურები» აპროტესტებდა (თქვენ წარმოიდგინეთ და ლევან ბერძენიშვილი, სწორედ ნაციდეოლოგიური მანქანების წყალობით შეიქმნა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ინტელექტუალური ფიგურა. სასაცილოა, არა? არადა, 2004 წელს ჩატარებული გამოკითხვებიდან, ახალგაზრდობის უმრავლესობამ ყველაზე ინტელექტუალურ ქართველად სწორედ ის დაასახელა).

დავუბრუნდეთ ისევ ბიოლოგიას და კონკრეტულად უსქესო გამრავლების ფორმას _ მიტოზს.

«მიტოზი უზრუნველყოფს დედისეული უჯრედის ორ შვილეულ უჯრედად გაყოფას. შვილეული უჯრედი დედისეული უჯრედის იდენტურ გენეტიკურ მასალას შეიცავს. მიტოზი უზრუნველყოფს შვილეულ უჯრედებში მემკვიდრეული ინფორმაციის სრულად გადაცემას».

საინტერესოა ის «დედისეული უჯრედი», რომლისგანაც წარმოიშვა «ნაციონალური მოძრაობა» და რესპუბლიკური პარტია და რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში თავიანთი მიტოზის საშუალებით მრავალი «უჯრედი» წარმოშვეს.

პასუხი აქაც მარტივია.

ეს «დედისეული უჯრედი» ის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და პოლიტიკაა, რომელთაც აქტიურად აწარმოებს ე. წ. დასავლეთი. ეს «დედისეული უჯრედი» ის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და პოლიტიკაა, რომელსაც ევროპარლამენტარები _ ლისეკი, ანა გომესი და სხვები გვახვევენ თავს. ეს «დედისეული უჯრედი» ის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და პოლიტიკაა, რომლის წყალობითაც კოჰაბიტაცია, პარაფირება და სხვა მრავალი უაზრო ტერმინი მივიღეთ.ეს «დედისეული უჯრედი» ის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და პოლიტიკაა, რომლის წყალობითაც მკვლელებს «ვაშლის გათლის» ბრალდებით აკავებენ, ბიუჯეტის ქურდს, რომელმაც 120 მილიონი მოიპარა, 50 000 ლარის გირაოთი უშვებენ. სამართლიანობის აღდგენას ყველანაირი მეთოდებით ამუხრუჭებენ და მოძალადეებს დასჯის ნაცვლად აწინაურებენ. ეს «დედისეული უჯრედი» ის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და პოლიტიკაა, რომელიც… ეს «დედისეული უჯრედი» ის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და პოლიტიკაა, რომელიც…

ეს ყველაფერი მართლაც საინტერესო დაკვირვების საგანი იქნებოდა მაშინ, ეს რომ საქართველოში არ ხდებოდეს. საუბედუროდ, ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უფრო დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, ვიდრე აქამდე ვიყავით.

ნამდვილად არ ვაშინებ არავის, მაგრამ შევეგუეთ კოალიცია «ქართულ ოცნებაში» რესპუბლიკელების მთავარ პოლიტიკურ ძალად ყოფნას. მართალია, ვცდილობდით, რომ ჩვენი ხათრიანობა რესპუბლიკელების დასავლელი ლობისტებით გაგვემართლებინა, მაგრამ იმას არ ვამბობდით, რომ რესპებს და ნაცებს ერთი და იგივე ლობი ჰყავთ. არც იმას დავმალავ, რომ სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» ასეთი გვერდიც შეიქმნა «ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას», მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა. შევეგუეთ კოჰაბიტაციას. შევეგუეთ საზოგადოებისთვის დამამცირებელ საკადრო პოლიტიკას. შევეგუეთ სამართლიანობის აღდგენის გაურკვეველი დროით გადადებას. შევეგუეთ ხათრით და შედეგად ისეთი «საპარლამენტო უმრავლესობა» მივიღეთ, როგორიც გვაქვს (ცხადია, მიხვდით, რომ ოფიციალურ უმრავლესობაზე არ ვამბობ). ისმის მოსაზრებები, რომ მალე ფრაქცია «ნაციონალური მოძრაობა» და რესპუბლიკელები გაერთიანდებიან და ახალ უმრავლესობას ჩამოაყალბებენ. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება, რადგან არც ერთს და არც მეორეს ამ «ძმობის» «გაპრავება» და საჯაროზე გამოტანა არ სჭირდებათ. რესპუბლიკელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არანაირი პრეტენზია არ აქვთ (სამიოდე კინკილა წარმომადგენელი ჰყავდათ და ერთი მოუხსნეს). მათ თავიანთი ნიშა ძალიან კარგად აქვთ დაჭერილი და «მიცემულ დავალებებს» ფრიადზე ასრულებენ.

«ნაცებს» «ფორმა» არ დაუკარგავთ. საკუთარი ძალებითა და «ოცნებაში» გადასროლილი «მეხუთე კოლონის» მეშვეობით ადგილობრივ არჩევნებზე თავიანთ სიტყვას იტყვიან. ხოლო იმ ნამდვილ «მეოცნებეებს», რომლებიც მათ ზრახვებს ამხელენ, რესპუბლიკელების მეშვეობით გაანეიტრალებენ. ბოლოს მინდა წარმოგიდგინოთ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ისნტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის რამდენიმე შედეგი, რომლის პრეზენტაციაც 20 დეკემბერს «შერატონ მეტეხი პალასში» გაიმართა.

ამ კვლევის თანახმად, ყველაზე მოწონებული პოლიტიკური ფიგურების ხუთეული ასე გამოიყურება: დავით უსუფაშვილი 65%, კახა კალაძე 60%, ეკა ბესელია 53%, თინა ხიდაშელი 52% და დავით ბაქრაძე 48%.

როგორც ხედავთ, მიტოზის შედეგად გაჩენილ უჯრედს ყველაზე მოწონებად პოლიტიკოსებში სამი წარმომადგენელი ჰყავს.

ვერაფერს იტყვი. ამიტომ დაგემშვიდობებით და ბედნიერ შობაახალ წელს გისურვებთ.

გია გაბრიჭიძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო გია, რატომ არ გინდათ დაუშვათ ის რომ უსუფაშვილი იძულებელი იყო მსგავსი ლავირებისთვის ნაცებთან არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ რომ არ იყო დარწმუნებული ივანიშვილი საით გადახრებოდა არჩევნების შემდეგ რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ და თუ რუსეთისკენ, ოცნების წინააღმდეგ მათ გაუჭირდებოდათ ევროპული კურსის დაჭერა და ამ მხრივ ნაცებთან ლავირება მხოლოდ იძულებით სვლასთან იყო დაკავშირებული..განა ორგანიზმში არსებული ორგანული ბაქტერია აუცილებლობას არ წარმოადგენას შემავალ ინფექციებთან ბრძოლაში? ვშიშრობ ნამეტანი გადააჭარბეთ ფილოსოფოსობით…

  2. ბატონო გია სწორად ახსენით ყველაფერი, უფრო მე
    ტიც ვფიქრობ ბიძინამ ყველაფერი იცოდა თავიდანვე ,მანაც გაწირა საქართველო, იმიტომ მოგვახვია თავზე ეს რესპები ,ნაცები და ათასი ვაი ქართველობა ,რომლებსაც ქართული არაფერი უნდათ, ისინი ერთობლივად ანადგურებენ ქვეყანას თავიანთი უხამსი იდეოლოგიით…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here