Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენი ქართველი ოცნებობს ევრაზიის კავშირზე?

რამდენი ქართველი ოცნებობს ევრაზიის კავშირზე?

921

შარშან რუსეთსაქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მართალია, რადიკალური გაუმჯობესება არ მომხდარა, მაგრამ მწვავე კონფრონტაციის საფრთხემ აშკარად იკლო, რიტორიკა შერბილდა, დაიწყო რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პროცესი და საუბარი ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.

 

წელიწადი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა _ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ხოლო პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპასუხო განცხადებაში ვლადიმერ პუტინის მზაობა, საქართველოსთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, დადებითად შეაფასა. როგორ განვითარდება ორი ქვეყნის ურთიერთობა 2014-ში და რა საფრთხეები ემუქრება ნორმალიზაციის პროცესს?

რას ფიქრობს ხალხი?

«ენ-დი-აის» ბოლო გამოკითხვის (3 915 რესპონდენტი) შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებას ამ დროისთვის შექმნილი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს. კითხვას «მოგწონთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან?» დადებითი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 22%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი _ 72 %-მა (5%-მა პასუხი არ იცის, 1% კი პასუხზე თავს იკავებს). მოლაპარაკებები ქართული აგრარული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ მისაღებია გამოკითხულთა 90%-ისთვის, მიუღებელი კი _ მხოლოდ 5%-ისთვის (ამდენივე პასუხისგან თავს იკავებს). სოხუმის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მხარს რესპონდენტების 70% უჭერს, 19% _ ეწინააღმდეგება, 11% კი თავს იკავებს. საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში მისაღებია გამოკითხულთა 66%-ისთვის, მიუღებელი _ 17 %-ისთვის, დანარჩენი თავს იკავებს. ეს მონაცემები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან ურთიერთობაში მეტ დადებით დინამიკას ითხოვს და მხარს უჭერს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც პერსპექტივაში ხელს ორი ქვეყნის დაახლოებას შეუწყობს.

ალბათ, აქვე ორიოდე სიტყვა იმ ორგანიზაციის რეპუტაციაზე უნდა ითქვას, რომელმაც ეს მონაცემები გამოაქვეყნა. ამერიკულ «ენდიაის» სახელი საქართველოში მას შემდეგ გაუტყდა, რაც 2012 წლის საპარლამენტო  არჩევნების წინ მან პოლიტიკური პარტიების არაადეკვატური რეიტინგების გამოქვეყნება დაიწყო, რომელთა მიხედვით «ნაციონალური მოძრაობის» გამარჯვება გარდაუვალი ჩანდა, მაშინ, როდესაც სხვა უცხოელი და ქართველი სოციოლოგების მონაცემები (თუ სათვალავში რამდენიმე მარგინალურ ორგანიზაციას არ ჩავაგდებთ) საპირისპიროზე მიუთითებდა. აქედან გამომდინარე, «ენ-დი-აის» კვლევებს საქართველოში ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკოსებისა და პარტიების რეიტინგს არ ეხება, ის რეალობასთან და სხვა ორგანიზაციების გამოკითხვების შედეგებთან, ასე თუ ისე, მიახლოებულ შედეგებს აქვეყნებს (ამის გადამოწმება არც ისე რთულია). ცხადია, სერიოზული მკვლევარები მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოხდა, «ენდიაის» პოლიტიკურ რეიტინგებს აღარ მიეკარებიან, მაგრამ სხვა თემებთან დაკავშირებით ამ მონაცემების გაცნობა, ალბათ, მაინც საინტერესოა.

კიდევ რამდენიმე პუნქტი «ენ-დი-აის» გამოკითხვიდან, რომელსაც, ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ: გამოკითხულთა 36%-ის შეფასებით, «რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია»; 35%-ის აზრით, «რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს»; 23% მიიჩნევს, რომ «რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს», 6%-ს კი შეკითხვაზე პასუხი არ აქვს (ინტერპრესნიუსი). ამ მონაცემების უკან აშკარად იკითხება ალერგიული რეაქცია სააკაშვილის დროინდელ ანტირუსულ პროპაგანდაზე, რომელმაც ბოლოსკენ აშკარად შიზოფრენიული ხასიათი მიიღო. ამასთანავე, რესპონდენტების უმრავლესობა დადებითად აფასებს საქართველოს ახალი მთავრობის (პრინციპში, საკმაოდ გაწონასწორებულ) რეაქციას კონფლიქტის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართის გაბმასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 48% მთავრობის პოზიციას მისაღებად მიიჩნევს, 28% _ მიუღებლად, 23 %-ს პასუხი არ აქვს. დადებით პასუხში ერთმანეთს, სავარაუდოდ, ერწყმის ზოგადი მხარდაჭერა ახალი ხელისუფლების მიმართ და ნეგატიური დამოკიდებულება შესაძლო ესკალაციისადმი.

და ბოლოს, «ენ-დი-აის» კითხვაზე «საქართველო უნდა გაწევრიანდეს თუ არა ევრაზიის კავშირში, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციის მიერ?», რესპონდენტთა 4%-მა უპასუხა, რომ აღნიშნულს «სრულად ეთანხმება», 7%-მა კი განაცხადა, რომ უბრალოდ «ეთანხმება». ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც «ენ-დი-აის» კვლევებში ეს თემა დაფიქსირდა. 11%, ერთი შეხედვით, ცოტაა, თუმცა აგვისტოს ომისა და ათწლიანი, სახელისუფლო პროპაგანდის კვალობაზე ეს ციფრები შეიძლება საკმაოდ საინტერესოდ მოგვეჩვენოს და მათზე საუბარს, ალბათ, გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ. მითუმეტეს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ერთგვარ «პლაცდარმს», რომელზე დაყრდნობით კრემლი შეეცდება, «რბილი ძალის» გამოყენებით გააფართოოს გავლენა საქართველოში და პერსპექტივაში ის ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში ჩართოს.

საბჭოთა კავშირიდან ევრაზიის კავშირამდე

წარმოდგენები ევრაზიის კავშირის შესახებ საქართველოში მნიშვნელოვანწილად მითოლოგიზებულია. მოსახლეობის დიდი ნაწილი განიხილავს მას, როგორც საბჭოთა კავშირის მოდერნიზებულ ვარიანტს, ხოლო დამოკიდებულება ამ უკანასკნელის მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანია. გასულ კვირას «გელაპმა» გამოაქვეყნა ფრიად საგულისხმო კვლევის შედეგები, რომლებიც 11 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჩაატარა. კითხვა შემდეგი იყო: «საბჭოთა კავშირის დაშლამ მეტი ზარალი მოგიტანათ თუ სარგებელი?». «მხოლოდ აზერბაიჯანელები, ყაზახები და თურქმენები ხედავენ მეტ სარგებელს, ვიდრე ზარალს, _ წერენ თავიანთ კომენტარებში «გელაპის» მკვლევარები, _ ქართველების  აზრი გაიყო». გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ სსრკ-ის დაშლით მეტი სარგებელი ვნახეთ, 33% თვლის, რომ საქართველო ამით დაზარალდა, 9% არც ერთ ამ მოსაზრებას არ იზიარებს, 21% პასუხზე თავს იკავებს ან არ იცის, რა უპასუხოს. ამ 33%-ის უკან, სავარაუდოდ, დგას არა მხოლოდ ნოსტალგია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება «37-მანეთიანს» ეძახდა, არამედ გადაღლილობა ომებისგან და უკიდურესი გაჭირვებისგან სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში. არადა, ბევრს შეიძლება გაუჭირდეს იმის დაჯერება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების უპრეცედენტო პროპაგანდისტული ძალისხმევის შემდეგ საქართველოში გამოკითხულთა 33% საბჭოთა კავშირის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას აფიქსირებს.

ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნოსტალგია სსრკ-ის მიმართ («გელაპის» მონაცემები არ შეიძლება ჩაითვალოს უშუალო ინდიკატორად, თუმცა მის არსებობას, ალბათ, ვერავინ უარყოფს) და «ენ-დი-აის» რესპონდენტების 11%-ის არჩევანი ევრაზიის კავშირის სასარგებლოდ ფიქსირდება იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური მოსკოვი არაფერს ამბობს საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე და სეპარატისტულ რესპუბლიკებში მისი ჯარები დგანან. ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე მხოლოდ ორი ბუნდოვანი მინიშნება გააკეთა (სადისკუსიო კლუბ «ვალდაიში» და ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე). ამაზე შორს ის, სავარაუდოდ, არც წავა იმ მომენტამდე, ვიდრე არ დაინახავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას დათანხმდეს. მაგრამ, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ მომავალში კრემლი საჯაროდ დააფიქსირებს, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია ევრაზიის კავშირის ქოლგის ქვეშ, დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ საქართველოში, სავარაუდოდ, რადიკალურად შეიცვლება. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ «აი-პი-ელ»-ისა და გაზეთ «ბანკები და ფინანსების» სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოკითხვა: როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს, რას გააკეთებენ ისინი, თუ დადგებიან დილემის წინაშე _ «ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა» და 93,4%-მა განაცხადა, რომ უყოყმანოდ მთლიანობის აღდგენას მიემხრობა.

რუსეთმა, საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის სანაცვლოდ, საქართველოს მთლიანობის ეტაპობრივი აღდგენის «საგზაო რუკა» რომც შემოგვთავაზოს, ჩვენი ქვეყნის მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, ევრაზიული ინტეგრაციის მიმართულებით თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას. მას გააჩნია ვალდებულებები ამერიკელი პარტნიორების მიმართ, ამასთანავე, პარლამენტში თავმოყრილი პროდასავლური ჯგუფები ამის გამო ნამდვილ ომს გამოუცხადებენ, რომელსაც შეიძლება გადატრიალება ან უკრაინული ,ევრომაიდანის მსგავსი პროცესები მოჰყვეს.

მაგრამ ვითარება იცვლება, ყოფილი მმართველი პარტიის დასუსტება გრძელდება, ხოლო მისი რესურსების გარეშე რესპუბლიკელები, ალასანიას ჯგუფი და მათი ალიანსის პოტენციური მხარდამჭერები საზოგადოებაში, სავარაუდოდ, განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწევენ. ქართული პოლიტიკური სივრცის ტრანსფორმაციის პარალელურად, მოსკოვი, დიდი ალბათობით, შეეცდება გააფართოვოს «11%-იანი პლაცდარმი» (პირობითად ასე ვუწოდოთ) და საქართველოს მოსახლეობისთვის ევრაზიული ინტეგრაციის იდეა უფრო მიმზიდველი გახადოს, რათა მან გააძლიეროს ზეწოლა მთავრობაზე «ქვემოდან» და მას ამავე მიმართულებით უბიძგოს. მოსკოვი, სავარაუდოდ, ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ მოახდინოს ქართველების ანტიდასავლური განწყობების კონვერტირება პრორუსულ განწყობებში, გააუმჯობესოს რუსეთის იმიჯი საქართველოში, რაშიც მნიშვნელოვან როლს ახალი ჰუმანიტარული კონტაქტები და ეკონომიკური პროექტები შეასრულებს.   

გეოპოლიტიკური ოლიმპიადის მედლები

შარშან რუსეთმა საგარეო არენაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, უპირველეს ყოვლისა, სირიასა და უკრაინაში. ის, ვინც ყურადღებით აკვირდებოდა კიევში განვითარებულ პროცესებს, ალბათ, მიაქცია ყურადღება იმას, რომ, ატეხილი ხმაურის მიუხედავად, აშშმა იანუკოვიჩის წინააღმდეგ შესაძლებლობების მთელი სპექტრი არ აამოქმედა, რითაც პუტინს ტაქტიკური წარმატების მოპოვება გაუადვილა (ბრძოლა უკრაინისთვის ამით არ დასრულებულა, თუმცა კრემლმა პოზიციები მკვეთრად გაიუმჯობესა).

ვაშინგტონი იძულებულია, კონცენტრირება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოახდინოს, გაცილებით მეტი ყურადღება ჩინეთს დაუთმოს და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს სულ უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს. 2014 წელს კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, ახალ გარღვევას მიაღწიოს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც გასულ წელს სომხეთი საბაჟო კავშირში შესვლაზე დაითანხმა. საქართველოში რუსების სავარაუდო გააქტიურებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამას (უკრაინისგან განსხვავებით) მნიშვნელოვან საფრთხედ არ განიხილავს. მაგრამ მიზეზი ამ შემთხვევაში, ალბათ, მეორეხარისხოვანია, მთავარია ის, რომ არაერთი სერიოზული ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ მალე კრემლი საქართველოსა და აზერბაიჯანში გაცილებით აქტიურად ამოქმედდება.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაიზრდება ანტიდასავლური განწყობები საქართველოში. ევროპელი პოლიტიკოსების მიერ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების ადვოკატირებამ, ამ მხრივ, შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორის როლი შეასრულოს და შემჭიდროებულ ვადებში ძალზე პოპულარული გახადოს ლოზუნგი «არ გვინდა ასეთი დასავლეთი». აგრეთვე, ანტიდასავლური განწყობების ზრდას, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ევროპის პოზიცია საქართველოში ლგბტ-ს უფლებების დაცვასთან და ზოგიერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით. კრემლი, თავის მხრივ, შეეცდება, რომ ყოველივე ეს საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენოს. ამასთანავე, მიაღწიოს იმას, რომ ქართველმა კონსერვატორებმა და ტრადიციონალისტებმა (აქ იგულისხმებიან შესაბამისი შეხედულებების მქონე ადამიანები და არა ამავე სახელწოდების მქონე პარტიები), რომელნიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ხელისუფლებაში (უპირველესად კი, პარლამენტში) მათი რაოდენობის არაპროპორციული წარმომადგენლობა ჰყავთ, იპოვონ საკუთარი ადგილი ანტიგლობალისტური ძალების იმ მობილიზაციაში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში გამოაცხადა და რუსეთში მოკავშირე დაინახონ. ვაშინგტონზე ორიენტირებული ძალების წინააღმდეგ, «ნაციონალების» დასუსტების გარდა, აგრეთვე, მუშაობს ის ფაქტორი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, დასავლეთის უპირატესობებზე საუბრისას, ისინი კვლავინდებურად სააკაშვილის დროინდელ პრიმიტიულ პროპაგანისტულ შტამპებს იყენებენ, არ ამბობენ არაფერს ახალს და მხოლოდ იმას იმეორებენ, რომ «ამ გზას ალტერნატივა არ აქვს». საზოგადოებას კი მსგავსი შელოცვები დიდი ხანია აღარ აკმაყოფილებს და ის უფრო სერიოზულ დისკუსიას, კონკრეტულ პლიუსებსა და მინუსებზე საუბარს მოითხოვს (თუნდაც იმავე ევროასოცირებასთან დაკავშირებით).

2014 წელი რუსეთსაქართველოს ურთიერთობებში, სავარაუდოდ, ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს დაუკავშირდება. ერთის მხრივ, ცხადი გახდება, რომ ნორმალიზაციაზე ორიენტირებული შემხვედრი ნაბიჯების ლიმიტი ამოიწურა და საჭიროა რაღაც ახალი, რაც ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრასთან მიგვაახლოებს. საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ პროცესი ჩიხში შევიდა (ეს უკვე დღეს იგრძნობა). მეორე მხრივ კი, რუსეთი საკმაოდ ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების პოზიცია ევრაზიული ინტეგრაციის სასარგებლოდ შეცვალოს, რაც მას, თუნდაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, საკმაოდ მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნია. ახალ იმპულსებს ჩრდილოეთიდან, დიდი ალბათობით, სოჭის ოლიმპიადის დასრულებისთანავე ვიგრძნობთ.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. მე თუ მკითხავს ვინმე ვიტყვი ორ უარეს შორის მაინც რუსეთთან მირჩევნია კარგი ურთიერთობების დაჭერა, მაინც ერთმორწმუნე ხალხი ვართ ,……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here