Home რუბრიკები საზოგადოება სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვმა საქართველოში 80%-ს მიაღწია

სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვმა საქართველოში 80%-ს მიაღწია

560

არჩევნებამდე დარჩა 6 თვე, ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს დასავლეთის პარტნიორების გამოყვანა «ნაციონალების» ცრუ პიარით შექმნილი ილუზიისგან და ხალხის კატეგორიული მოთხოვნის: სამართლიანობის დამკვიდრება.

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთელ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც ტელევიზიით აჩვენეს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის _ FAO-ს ფორუმზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჯილდოება, სადაც თვით  FAO-ს გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა სააკაშვილის ღვაწლს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საქმეში. თვალებსა და ყურებს არ ვუჯერებდი ამ აბსურდული სპექტაკლის ცქერისას, რომელში მონაწილე სუბიექტები ტაშის გრიალით შეხვდნენ FAO-ს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ «გმირს».

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამა საქართველოში ჩავარდა. სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვმა კატასტროფულად იმატა და 2012 წლისთვის მოსახლეობის 80%- მიაღწია.

გაეროს «მსოფლიოს მოსახლეობის ორგანიზაციის» მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში 600 ათას ადამიანს დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 1,25 დოლარი, ანუ 2 ლარი. ასეთი კი მოსახლეობის (4,5 მლნ) 13%-ია, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის რეალური რაოდენობიდან გამომდინარე (3,8 მლნ) კი ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა 16%- შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასეთი კატეგორიის მოსახლეობის რიცხვი სომხეთში 4%-ია, აზერბაიჯანში – 2%, რუსეთში – 2%.

გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი შიმშილობს, თუ დღეში ის 1800 კკალ-ზე ნაკლებს იღებს. საქართველოში კი ამ კატეგორიის მოსახლეობა 35%-ია, 50% კი ისეთი კატეგორიაა, რომელიც გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2100 კკალზე ნაკლებს ითვისებს, თანაც საშუალო მომხმარებლის საკვები რაციონის 60%-ზე მეტი პურპროდუქტებზე მოდის, რაც მოსახლეობის ძალზე დაბალი სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელია (ნორმალურ ქვეყნებში პურის მოხმარება 12-15%-ია), ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილოვანი პროდუქტები კი მინიმალური რაოდენობით მოიხმარება, კერძოდ, ხორცი ნორმაზე 2,5-3-ჯერ ნაკლები, რძის პროდუქტები 2-ჯერ ნაკლები, ბოსტნეული და ხილი კი 2-ჯერ ნაკლები და ა.შ.

ამრიგად, ორგანიზმის ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის იმ მინიმალურ სიდიდესაც კი (2100კკალ) საშუალო მომხმარებელი ძირითადად იაფფასიანი პროდუქტითპურით აღწევს.

სხვათა შორის, კალორიების საშუალო მოხმარება, მაგალითად, ნიგერიაში _ 2700 კკალ-ს, ალჟირში _ 3000 კკალ-ს, ანგოლაში _ 2100 კკალ-ს, სომხეთში _ 2300 კკალ-ს, აზერბაიჯანში _ 2700 კკალ-ს შეადგენს. LOW INCOME FOOD DEFICIT ჩOUNTRIES-ის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველო დაემატა იმ 66 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც არის სურსათის მწვავე დეფიციტი, ხოლო შემოსავლები ძალზე მცირეა. ამ სიიდან გამოვიდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ტუვალუ, ვანუატუ და სხვა.

OXFAM-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად საქართველოში სიღარიბეში მყოფი ოჯახები უმეტესად პურის (97%), შაქრის (96%) და ზეთის (78%) შეძენას ახერხებენ (ძირითადად, ამათ ხარჯზე ხდება სასურსათო რაციონის შევსება). ეს ოჯახები ვერ ყიდულობენ ხორცს (88%), თევზს (87%), ხილს (81%) და სხვა. მოსახლეობის 71%-მა 2011 წლის განმავლობაში ვერ მიიღო საკმარისი საკვები, 82%-მა დაბალანსებული საკვები, ცილოვანი დეფიციტი კი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, რაზეც ნათლად მეტყველებს ბოლო წლების სტატისტიკა (განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ბავშვთა სიკვდილიანობა, რითაც ევროპაში პირველ ადგილზე ვართ).

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საინტერესოა, რომელ მონაცემებს დაეყრდნო FAO-ს გენერალური დირექტორი, როცა ჩათვალა, რომ საქართველოში სიღარიბე დაძლეულია?

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ასევე FAO-ს გენ. დირექტორის ქათინაურზე, რითაც მან სიგელის გადაცემისას ჩვენი პრეზიდენტი შეაქო: «მან მისი მოღვაწეობის პერიოდში დიდ წარმატებებს მიაღწია მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საქმეში»(?!).

უნდა შევახსენოთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომ, თვით FAO- მონაცემებით, 2004-09 წლებში (წყარო FAO სტატისტიცალ ყეარბოოკ 2010) საქართველო 1 სულ მოსახლეზე სასურსათო პროდუქციის წარმოების ინდექსით განხილულ 194 ქვეყანას შორის ყველაზე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ამასთან, იმავე FAO- მონაცემებით, სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრად მიჩნეულ კოეფიციენტზე (0.5) დაბალია, ყოველწლიურად მცირდება და სასურსათო უსაფრთხოების დონის მიხედვით საქართველომ განვითარებადი ქვეყნების მე-5-დან მე-6 ჯგუფში გადაინაცვლა და მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა.

ყველა ეს «წარმატება» მიღწეულ იქნა იმით, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფლის მეურნეობის რეაბილიტაცია-განვითარებაზე, სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე გამოყოფილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის 1-2% (2010 წელს კი მიზერული თანხა _ 30,6 მლნ. ლარი), ანუ უკიდურესად არაადეკვატური თანხა, რასაც ადასტურებენ უცხოელი ექსპერტებიც. ასეთივე მიზერული იყო შემოსული ინვესტიციებიდან სოფლის მეურნეობაში ჩადებული თანხები (საშუალოდ 0,5-1%).

ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა მოსახლეობის სოციალური პირობები: 2-2,5-ჯერ გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუქციაზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, მოიმატა გადასახადებმა ელენერგიაზე, გაზზე, დასუფთავებაზე, წყალზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და სხვ. შემცირდა ან გაუქმდა შეღავათები მოსახლეობის ზოგიერთ კონტიგენტზე, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა და ა. შ. (უფრო უარესის გაკეთებას მტერიც კი ვერ მოახერხებდა).

ეს ღონისძიებები ჩაეთვალა მიხეილ სააკაშვილს სიღარიბის დაძლევის პროგრამისა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის წარმატებულ რეფორმად? ყოველივე ზემოაღნიშნული მდგომარეობის გამო და მის შედეგად, დღეისათვის, დღის წესრიგში დგას მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა.

რომელ წარმატებებსა და მიღწევებზე ლაპარაკობდა FAO-ს გენ. დირექტორი? როდის იყო მართალი ეს ორგანიზაცია: როცა საქართველოში სიღარიბის მატებასა და სასურსათო უსაფრთხოების დაცვის კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებდა თუ ახლა, როცა ამ პრობლემის გადაწყვეტაში «მიღწეული წარმატებებისთვის” მიხეილ სააკაშვილს აჯილდოვებდა? ეს ხომ მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა!

უდავოა, რომ FAO-ს ყოვლადგაუმართლებელ ქმედებაზე წაყრუება დანაშაულის ტოლფასია, რადგან უცხოეთის ორგანიზაციებისა და ოფიციალური პირების მიერ ასეთი არაადეკვატური გამოხდომების მიმართ ზედმეტი ჯენტლმენობის გამოჩენამ ბევრი ზიანი მოგვაყენა. გაკვირვებას იწვევს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის დუმილი. აღნიშნულის შესახებ წლეულს, აგვისტოში გამოვაქვეყნე სტატია გაზეთ «რეზონანსში», მივიტანე მასალა ერთ-ერთი საპარლამენტო პარტიის ოფისში, მაგრამ არავითარი შედეგი არ გამოიღო: არც FAO-ს და არც გაეროს, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს ორგანიზაციაა, არავინ შეეხმიანა. ასეთი რევერანსი კი ცრუ სპექტაკლის დამდგმელისა და ყალბისმქმნელების მიმართ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. ამით ხომ ჩველი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ზარალდება. ვფიქრობ მ/წ გაზაფხულზე FAO-ს მიერ სააკაშვილის დაჯილდოებამ და მასზე გაცემულმა სიგელმაც (სხვა ყალბ «რეიტინგებთან» ერთად) მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ შეფასებებზე, რაც მოვისმინეთ დასავლეთის სხვადასხვა ოფიციალური პირებისგან.

იმედი მაქვს ხელისუფლების შესაბამისი სამსახური დაინტერესდება ამ საკითხით, FAO-ს გენ. დირექტორს ჩააყენებს საქმის კურსში და მოითხოვს მისგან სათანადო განმარტებას, რაც აუცილებელია როგორც FAO-ს ავტორიტეტისთვის, ასევე ჩვენი ხალხის ჯანსაღი დამოკიდებულებისა და ნდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილებში დახელოვნებული სააკაშვილი ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებამდე კიდევ ბევრ სპექტაკლს მოგვიწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი შეცდომაში შეყვანით (თუ მოსყიდვით) კიდევ სხვა სიგელებს «დაიმსახურებს». ყოველივე ამას კარგად გამოიყენებს მისი და «ნაცმოძრაობის» რეიტინგის რეანიმაციისთვის, რათა როგორმე ხელისუფლების დაბრუნების იმედი ჩაუსახოს როგორც მის მომხრეებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანიზაციებში, სამართალდამცავ და სხვადასხვა უწყებებში და ასევე ჯერ კიდევ მერყევი, დამკვირვებლის როლში მყოფ ადამიანებს, რომელთა რიცხვი სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალზე დიდია (30-35%), და ნუ დაგვავიწყდება რომ ისინი ამომრჩევლები არიან. 

გასარკვევია, ვინ და რატომ მიიწვია FAO- ფორუმზე, ან როგორ მოხვდა იქ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, რომელმაც FAO- მიერვე წარმოდგენილი კვლევების შედეგების გათვალისწინებით გაანადგურა, მიწასთან გაასწორა ქვეყნის სოფლის მეურნეობა და სასურსათო გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს? გასარკვევია აგრეთვე როგორ მოახერხა სააკაშვილმა ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სხვადასხვა დროს მიიღო შემდეგი მაღალი რეიტინგები:

_ «საქართველო გახდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში»(?!). ეს მაშინ როცა 2004-2012 წლებში 2000 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული ქვეყანაში, სადაც შს სამინისტროს ქვედანაყოფ სოდში სპეციალური ჯგუფი ყოფილა შექმნილი პოლიტიკურად აქტიური, ნაციონალებისგან განსხვავებულიAაზრის მატარებელი და ასევე თავისი ქონების ნებაყოფლობით დათმობის წინააღმდეგი ადამიანების გასატაცებლად, მათი ნაწილის დასახოცად. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დროს ინდივიდუალურად, ე.წ.»გონივრული ეჭვის ნიადაგზე» გაუსამართლებლად ქუჩებში დაიხვრიტა 120-ზე მეტი ახალგაზრდა.

_ «საქართველო მე-9 ადგილზეა ბიზნესის დაწყებისა და წარმოების სიმარტივით» (თურმე მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადმოვინაცვლეთ). ბიზნესის დაწყების პროცედურა, საბუთების გაფორმება და უფლების მიღება მართლაც იოლია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როგორი იყო დაწყებული ბიზნესის შემდგომი ბედი? სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბიზნესის დიდი უმრავლესობა დატერორებული და დაყაჩაღებული იყო ხელისუფლების მიერ. ასობით ბიზნესმენს ან მთლიანად წაართვეს ქონება, ან მუქარის ქვეშ აჩუქებინეს სახელმწიფოსათვის, ან გაიტაცეს-გააქრეს, ან ციხეში ჩაყარეს. «სააკაშვილის ეპოქაში» ბიზნესის 95%-ს სახელისუფლებო კლანი აკონტროლებდა. (კომპეტენტური ორგანოების ვარაუდით წართმეული ქონების შეფასება 6 მილიარდ ლარს აღწევს).

_ «საქართველო რეგიონში გამოირჩეოდა ეკონომიკის აღმავლობით». სინამდვილეში, ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მე-11 ადგილზე იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და იგი უსწრებდა მხოლოდ შუა აზიის ყოფილ რესპუბლიკებს. (ყოველივე ეს მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლება სისტემატიურად იღებდა დიდი რაოდენობით საგარეო სესხებს, რაც არ მოხმარებია სოფლის მეურნეობას, მრეწველობას და სხვა დარგების რეაბილიტაცია-განვითარებას, ნაწილი მოხმარდა ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებას, (თანაც უხარისხოდ, ფულის დაზოგვის და პირადი სარგებელის გამორჩენის მიზნით), სააკაშვილის ახირებული გემოვნებით შერჩეულ უსახურ, ვითომ თანამედროვე შენობა-ნაგებობებს, საბოლოოდ კი შევარდნაძის პერიოდის შემდეგ დარჩენილ ვალს 2 მილიარდ აშშ დოლარს დაემატა 10,5 მილიარდი. აი ასეთი მემკვიდრეობა დატოვა «ნაცების» ხელისუფლებამ.

_ «სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამარცხა კორუფცია». სინამდვილეში საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში იყო, სადაც ჰყვავის ელიტარული კორუფცია (აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებთან ერთად). რატომღაც ამ ოფიციალურ განცხადებას, რაც გაკეთდა მიმდინარე წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, გამოხმაურება არ მოჰყოლია არც ხელისუფლების და არც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან(?!).

_ «სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რადიკალური რეფორმების გატარებით საქართველოში დაამკვიდრა დემოკრატია». სინამდვილეში სამართალდამცავ, სასამართლო და სხვა სისტემაში გატარებული «რეფორმების” შედეგად საქართველოში დამყარდა ავტორიტარული, ფაშისტური რეჟიმი: მთელი საქართველო გადაიქცა საპატიმროდ და მასში მცხოვრები ადამიანები უვადო პატიმრობის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით, დაინერგა მოსახლეობის მასობრივი თვალთვალი და ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა, მათი რიცხვი 24 ათასს აჭარბებს, შანტაჟი, უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნა, ციხეებში ჩაყრა (ზოგ შემთხვევაში გასამართლების გარეშეც). ციხეები გაივსო პატიმრებით, რომელთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა, რეჟიმის დანარჩენი გასამართლებული მსხვერპლი, 300 ათასი ადამიანი პირობითი სასჯელით გარეთ გაუშვეს. პატიმრების რაოდენობით I ადგილზე ვიყავით ევროპაში და IV ადგილზე მსოფლიოში. (სხვათაშორის, იაპონიაში 4 ათასი პატიმარია). ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადააჭარბა ციხეებში პატიმართა ყოფამ, სადაც დაკანონდა პატიმართა წამების არნახული, უსასიზღრესი მეთოდები, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების «ნოუ-ჰაუ»: ცოცხებითა და ხელჯოხებით მამაკაცების გაუპატიურება (მათი ღირსების შელახვის მიზნით), რასაც პატიმრის სიცოცხლეც შეეწირა.

ციხეებში არსებული არაადამიანური წამებისა და გაუსაძლისი პირობების შედეგად ციხეებში დაიღუპა 700-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის დიდი უმეტესობა ახალგაზრდები.

ხელისუფლების გაუთვლელი ქმედებების შედეგად დაიკარგა ტერიტორიები, დაიმშა ხალხი, განადგურდა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა (თითოეულის აღწერა შორს წაგვიყვანს), ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კი სააკაშვილს მოიხსენიებენ როგორც წარმატებულსა და საქართველოში დემოკრატიის დამამკვიდრებელ პრეზიდენტად. როგორ მოახერხა სააკაშვილმა შავის თეთრად წარმოჩენა, მთელი მსოფლიოსათვის თვალში ნაცრის შეყრა? რასაკვირველია ლობისტების მეშვეობით ბიზმესმენებისგან წართმეული ფულითა და იმ «დანაზოგი» ვალებით რასაც ის იღებდა ვითომდა ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად. ერთ-ერთი მაგალითია სწორედ FAO-ს ახლად დანიშნული (2012 წ.) გენ. დირექტორის ჟოზე გრაციანუ და სილვას გაბითურებაც. აი, ასეთი გზით მიღებულ «სიგელებსა» და «რეიტინგებს» დააფრიალებს ის და მისი ჯგუფი (კანდელაკი, თაქთაქიშვილი და სხვანი) საერთაშორისო ასპარეზზე და აღწევს ასეთ შეფასებებს, რაც დიდად უშლის ხელს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ სამართლიანობის დამკვიდრებასა და საერთოდ ქვეყნის განვითარებას. (ევროკომისიის პრეზიდენტის ბ-ნ ბაროზოს, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიდერების, NAთO-ს გენ. მდივნის, ბ-ნ რასმუსენის, ამერიკელი კონგრესმენებისა და ბოლოს, ახლახან ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეფასებები). ყოველივე ეს ჰქმნის არასწორ აზრს საერთაშორისო ასპარეზზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი და მისი ჯგუფი იყო პროგრესული, საქართველოში ამკვიდრებდა დემოკრატიას, ვადის გასვლის გამო დროებით შეიცვალა და ის იმსახურებს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

დასავლეთის ასეთი შეხედულება და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების საქმეში მათი უხეში ჩარევები (ამ პროცესისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა) გულს უტეხს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომლებმაც მშვიდობიანად გაუშვეს უვარგისი, ქვეყნისთვის უპერსპექტივო ხელისუფლება, აირჩიეს მათთვის მისაღები მთავრობა და სამართლიანად მოითხოვენ მისგან კანონის უზენაესობის აღსრულებას, იმ პირთა დასჯას, რომლებმაც ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა, ხალხი დაამცირა, დაამშია, დააყაჩაღა, აწამა, მოიტაცა, დახოცა. ბუნებრივია, აუცილებელია, თანაც სასწრაფოდ, მსოფლიოსთვის სიმართლის მიტანა სხვადასხვა მეთოდებით: პრესა, ტელევიზია, რეალურ სიუჟეტებიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა თუ კლიპების შექმნა, სპეციალური ჯგუფების მივლინება სათანადო მასალებით ევროპაში, ამერიკაში და სხვა (ამ მიმართულებით აღსანიშნავია ტელეკომპანია «ობიექტივის» კოლექტივის მიერ ჩატარებული ღონისძიებები ამერიკის კონგრესში, სადაც მათ წარედგინათ «სააკაშვილის ეპოქის» ამსახველი ვიდეო მასალები. აქვე ხაზგასასმელია მათი დიდი ღვაწლი საპარლამენტო არჩევნებში ხალხის დიდი უმრავლესობის ნების გამარჯვების საქმეში, რაც გამოიხატება ციხის კადრების მოპოვებასა და საზღვარგარეთ გატანაში).

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე 6-თვე დარჩა. ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, მივაღწიოთ იმას, რო მსოფლიო საზოგადოება და კერძოდ დასავლეთის ზემოთ მოყანილი პირები გამოვიყვანოთ სააკაშვილისა და მისი ჯგუფის მიერ შექმნილი ილუზიებიდან (რაც მათი ავტორიტეტისთვისაც საჭიროა). გავაგებინოთ მათ სიმართლე და ქვეყანაში დავიწყოთ სამართლიანობის დამკვიდრება, (მართალმსაჯულების  ხარვეზების დამდგენი კომისია კი არ უნდა გავაუქმოთ, არამედ ინტენსიურად  უნდა ავამუშაოთ), სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ყველა დამნაშავე პირის მიმართ, მათ შორის თვით ყოფილ პრეზიდენტზეც, ვისზეც კომპეტენტური ორგანიზაციებისა და ხალხის აზრით ძალიან ბევრი სამხილებია.

ეს უნდა გაკეთდეს იმის მიუხედავად, ახლავე დაგვიჭერს თუ არა მხარს დასავლეთი და მათ შორის ევროკავშირიც (ასოციაციის პარაფირების მიუხედავად). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის იმედგაცრუების გამო მოსალოდნელია არამარტო ზემოაღნიშნული იმ 35 % მერყევი ამომრჩეველის, არამედ ასევე თვით ახალი ხელისუფლების აშკარა მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვაც მომავალ არჩევნებზე, რაც «ნაცმოძრაობის» რეაბილიტაციამდე და სახელისუფლო ბერკეტების მათ ხელში ჩაგდებამდე მიგვიყვანს.

ხალხის უპირველესი მოთხოვნის: საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრების აღსრულება განაპირობებს ხელისუფლების ირგვლივ მოსახლეობის ენთუზიაზმით გაერთიანებას ქვეყნის აღმშენებლობის მიზნით (იმ უპრეცედენტო რეფორმების წარმატებით გატარებისათვის რომელიც დაიწყო ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, ჯამრთელობის დაცვის, განათლების, სოციალურ და სხვა სფეროებში), რაც დიდ როლს შეასრულებს გონივრულ,  მოკლე პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების სათანადო დონის მიღწევაში. იმედი მაქვს, ახალი, თანაც ახალგაზრდებისგან შემდგარი ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნას, და მიიღებს სათანადო, ადეკვატურ გადაწყვეტილებას.

შოთა ჩხეიძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის აკადემიების წევრი, აკადემიკოსი,

საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ნატოში,

ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში

 

1 COMMENT

  1. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის უგულვეყოფა შესაძლოა შემობრუნდება ქვეყნისათვის უბედურებად..მსოფლიოში სურსათზე დეფიციტი იზრდება .მილიონობით ჰექტარი მიწა სხვადასხვა მიზეზით გამოდის ბრუნვიდან,განვითარებულ ქვეყნებში უკვე მიღწეულია მოსავლიანობის ზედა ზღვარი.ამ დროს ჩვენს სახელმწიფოს სურსათის მარაგი არ გააჩნია და მთლიანად დამოკიდებულია კერძო სტრუქტურების ყოველდღიურ შემოტანილ საკვებზე.საკუთარი წარმოების ხორბლის მიზერიც ვერ შეგვისყიდია, რათა ნაწილობრივ მაინც გადაიფაროს დეფიციტი მსოფლიო კრიტიკული პერიოდების დროს.იმედია ახალი მთავრობა ფიქრობს ამ გამოწვევებზეც. სერიოზული და დროული სტატიაა. ნეტავ თუ კითხულობს ვინმე ჩვენს გარდა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here