Home რუბრიკები საზოგადოება ვისი დანახვა არ სურს და ვის ნახვას ისურვებდა პარლამენტში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე

ვისი დანახვა არ სურს და ვის ნახვას ისურვებდა პარლამენტში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე

560

პრემიერმინისტრის პოსტიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ სულ უფრო  ხშირად დგება ეჭვქვეშ მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი, რადგანაც ამომრჩევლები «ქართული ოცნების» სახელით პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ სუბიექტებს, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, არათუ ხმას, წამლად ერთ ჭიქა წყალს არ მისცემდნენ, და იმავე რესპუბლიკელების საარჩევნო შედეგებს თუ დავაკვირდებით, ნათელია: რომ არა ლოკომოტივი, სახელად ბიძინა ივანიშვილი, ეს პარტია საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავდა.

 

«საქართველო და მსოფლიომ» გადაწყვიტა, შეემოწმებინა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის ლეგიტიმურობის ხარისხი და მკითხველისთვის შეეთავაზებინა რუბრიკა «შემოსაღებულნი», რომლის რესპონდენტებიც ერთადერთ შეკითხვას _ ვისი დანახვა არ გინდათ და ვის ნახვას ისურვებდით პარლამენტში? _ უპასუხებენ. ამჯერად რუბრიკის სტუმარია უფლებადამცველი და პარტია «თავისუფალი საქართველოს» წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კოალიცია «ქართულმა ოცნებამ» საზოგადოების იმედები არ გაამართლა. სწორედ ამიტომ ამ კოალიციაში შემავალი პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში. მინდა გამოვკვეთო რესპუბლიკური პარტია და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი და «ქართული ოცნება», რესპუბლიკელები მხარდამჭერთა სამ პროცენტსაც ვერ მოაგროვებდნენ. შევეხები ასევე კონსერვატორულ პარტიასაც. ამ პარტიას ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული საზოგადოების მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც საზოგადოებას წარმოედგინა. აქვე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მწვანეთა პარტიის მიმართაც. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პარტიის ლიდერს, ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს, მაგრამ ჩემი მისდამი პატივისცემა ნამდვილად არ გახდება საბაბი იმისა, რომ ვიყო ნაკლებად ობიექტური და დაუფარავად არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მე ნამდვილად არ მესმის, როგორ შეიძლება იყოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტია, რომელიც მხოლოდ ერთი წევრისგან შედგება და მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ის ერთი წევრიც ამ პარტიის ლიდერია! ნამდვილად ვერ დადის ჩემს გონებამდე ამგვარი გარემოება, ეს კი ნამდვილად არის უკმაყოფილების საბაბი.

პარლამენტში წარმოდგენილნი არიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც დამოუკიდებლად არასდროს გამოსულან არჩევნებზე და ახლა კოალიციაში არიან წარმოდგენილნი, ამ გზით კი _ პარლამენტში. მე არ მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ ამ დასახელებული პარტიებით, მაშინ, როდესაც პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პარტიებიც ლეგიტიმურობის სერიოზულ ეჭვს იწვევენ. ესენი კი იმიტომ გამოვკვეთე, რომ ნდობის ხარისხი საზოგადოებას მათ მიმართ გაცილებით მაღალი ჰქონდა. სამწუხაროა, რომ მათ ეს ნდობა ვერ გამოიყენეს. ვიდრე სხვადასხვა პარტია «ქართული ოცნების» კოალიციაში გაერთიანდებოდა, კარგად მახსოვს მათი აქტიურობა. ხალხს მაშინ მათი იმედი ჰქონდა და ყოველ მათ დაძახებაზე ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. მაშინ ყველანი ვხედავდით მათ აქტიურობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი კოალიციის შემადგენლობაში შევიდნენ, მათი მხრიდან პირადად მე არანაირი აქტიურობის მომსწრე არ ვყოფილვარ.

პარლამენტში სიამოვნებით ვიხილავდი პარტია «თავისუფალ საქართველოს». ასევე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო პარტია «დემოკრატიული მოძრაობის» მიმართაც.

ჩემი სიმპათიები აღნიშნული პარტიების მიმართ გამოიწვია იმან, რომ ვფიქრობ, ისინი რადიკალურად განსხვავებულნი იქნებიან დღეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სუბიექტებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ მოექცევიან იმ კონიუნქტურის ტყვეობაში, რომელშიც საზოგადოების თვალში გარკვეული რეიტინგის მქონე პარტიები აღმოჩნდნენ. მაგალითად, ავიღოთ «ეროვნული ფორუმი» და კონსერვატორული პარტია. მათდამი საზოგადოების ნდობა გამოწვეული იყო მათ მიერ ნაციონალურ-ეროვნული ინტერესების გატარებითა და დაცვით. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ეს პარტიები კოალიცია «ქართულ ოცნებაშიც» გააგრძელებდნენ ამ ხაზს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ისინი, როგორც სხვა მრავალი პარტია, იმ პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, რომელშიც მთავარ როლს და ძირითად პირველ ხმას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს. პარტიათა ამგვარი იდეოლოგია კი მოწონებას საზოგადოების უმრავლესობის თვალში სამართლიანად არ იმსახურებს.

შესაბამისად, ისმის კითხვა, როგორი პოლიტიკურ ძალთა ერთობა უნდა ქართულ საზოგადოებას, რომ პოლიტიკური პროცესები ყველა კუთხითა და ყველა ასპექტით სწორად იმართებოდეს, რომელიც არ იქნება რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიური დიქტატის ქვეშ?! პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს მყარად ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსი და ეროვნულნაციონალური იდეოლოგიის მატარებელნი უნდა იყვნენ. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება და, რაც ყველაზე სამარცხვინოა, ფულის მოხვეჭა მთავარი არ უნდა იყოს. რომელი პარტიებიცა და პოლიტიკური სუბიექტებიც ამ ქმედებებისკენ იქნებიან მიდრეკილნი, აუცილებლად უნდა იყვნენ გაყვანილნი ქართული პოლიტიკური სივრციდან.

დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე, სამწუხაროდ, ღირსეულ პარტიათა სიმცირეს განიცდის და მათი უმრავლესობის მრწამსი სხვა პარტიათა იდეოლოგიის ქვეშ არის მოქცეული. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ დასახელებული «თავისუფალი საქართველო», «დემოკრატიული მოძრაობა» და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უჩინო სხვადასხვა ეროვნული ძალა სწორედ ამ ნიშნით განსხვავდებიან პარლამენტში დღეს წარმოდგენილი პარტიებისგან. შესაბამისად, ვთვლი, რომ ისინი ეროვნულობისა და ნაციონალურობის მატარებელნი არიან, რაც დღესდღეობით საქართველოს ნამდვილად აკლია და ძალიან სჭირდება. პოლიტიკური სივრცის საფუძვლიანი გადახედვა კი ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობითაა ნაკარნახევი.

ჩაიწერა შორენა ღვაჩლიანმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here