Home რუბრიკები საზოგადოება საკმაოდ ემოციური პრემიერი ბავშვობის მეგობრის თვალით

საკმაოდ ემოციური პრემიერი ბავშვობის მეგობრის თვალით

561

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 წლის ასაკში სერიოზულ წარმატებას მიაღწია _ საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა. ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, მინისტრთა კაბინეტიდან ქვეყნის მართვის სადავეები სწორედ ყველაზე ახალგაზრდა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ანდო. თუ რა თვისებების გამო გამოარჩია ივანიშვილმა ღარიბაშვილი, საზოგადოებისთვის  საინტერესოა. დღეს უკვე ყველას აინტერესებს, როგორი ბავშვი იყო ახალი პრემიერი, რა იყო მისთვის პრიორიტეტული, რა ინტერესები და მიზნები ჰქონდა… «საქართველო და მსოფლიოს» საქართველოს პრემიერმინისტრის ბავშვობის მეგობარი ნათია ზურაშვილი ესაუბრა.

 

_ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი მთელ რაიონში გამორჩეული იყო და, ალბათ, არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც მას ცუდად დაახასიათებს. ძალიან ჭკვიანი, მობილიზებული, სამართლიანი ადამიანი გახლდათ. ჩვენს კლასში ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ირაკლი მაინც ყველასგან გამოირჩეოდა. თავიდანვე სწავლაზე ორიენტირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ემოციური ადამიანია, არასდროს არავისთან უჩხუბია. ყოველთვის ყველა საგანს სწავლობდა. ყველას გვქონია შემთხვევა, ან გაკვეთილი არ გვცოდნოდა, ან დავალება არ მოგვიმზადებია, მაგრამ მსგავსი რამ ირაკლისთან დაკავშირებით არ მახსოვს. ყოველთვის მომზადებული იყო. შეიძლება ახლა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ საყვედურიც არასდროს მიუღია მასწავლებლისგან. მართლა სხვანაირი ადამიანი იყო. ყოველთვის გაწონასწორებული და მოწესრიგებული გახლდათ.

ამას გარდა, ძალიან მიზანდასახული იყო, რასაც ჩაიფიქრებდა და იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა. მაშინვე ცხადი იყო, რომ მისი მომავალი ყველასგან განსხვავებული იქნებოდა.

_ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით ხშირად ისმის პრეტენზია, რომ საკმაოდ ახალგაზრდაა პრემიერის თანამდებობისთვის. როგორ ფიქრობთ, როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ რთულ მოვალეობას?

_ ასაკის მიუხედავად, ირაკლის პრემიერობამდეც საკმაოდ კარგი ბიოგრაფია ჰქონდა. საფრანგეთიდან ჩამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა «ქართუ ბანკში», სადაც საკმაოდ სერიოზულ საქმეს უძღვებოდა. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, რის გამოც, მგონია, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს. მეტიც, მას აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომელიც იმედის საფუძველს მაძლევს, რომ ხალხისთვის ყველაზე საყვარელი პრემიერი იქნება.

_ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტიდან არჩევანი რატომ შეაჩერა მაინცდამაინც ირაკლი ღარიბაშვილზე და არა სხვებზე, რომელთაც გაცილებით მეტი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდათ?

_ ირაკლი უზომოდ ერთგული ადამიანია და ვფიქრობ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა მასზე სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი. ალბათ, ირაკლის ყველაზე მეტად ერთგულება დაუფასა ივანიშვილმა. ძალიან მიზანმიმართულია, რასაც საკუთარ თავზე აიღებს, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. მე ვიცი ისტორია, როდესაც ირაკლი «ქართუ ბანკში» მუშაობდა, საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმის მოსაგვარებლად ივანიშვილმა საფრანგეთში გააგზავნა და ირაკლიმ ყველაფერს თავი წარმატებით გაართვა. ივანიშვილი ხშირად აქებდა მას და, სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის,  მისი მეგობრებისთვის, მოულოდნელი არ ყოფილა. ისიც ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ტყუილუბრალოდ და დაუმსახურებლად არ გამოარჩევდა და ენდობოდა ირაკლის.

_ როგორ მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთში სასწავლებლად წასვლა?

_ ირაკლიმ კონკურსში გაიმარჯვა და ისე წავიდა საფრანგეთში, რამდენადაც ვიცი, ოჯახს მისი სწავლა არ დაუფინანსებია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლის დედამ, ქალბატონმა მარინამ, დიდი წვლილი შეიტანა ირაკლის წარმატებაში და დედა მის ცხოვრებაში გამორჩეული ფიგურაა.

_ ირაკლი ღარიბაშვილმა სწავლის დასრულების შემდეგ ბანკში დაიწყო მუშაობა. ოდესმე თუ ოცნებობდა პოლიტიკურ კარიერაზე?

_ კი, პოლიტიკურ კარიერაზე ნამდვილად ფიქრობდა. ყველაზე მეტად სკოლის საგნებს შორის ისტორია უყვარდა და მახსოვს, მასწავლებელს ყოველთვის აოცებდა ხოლმე, ისეთ კითხვებს უსვამდა და ისეთი ფაქტები აინტერესებდა, რომელთა შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში არ ეწერა. სხვანაირად აზროვნებდა, რასაც პედაგოგები ყოველთვის აღნიშნავდნენ.

სხვათა შორის, კარგად მღეროდა და უკრავდა, ფანდურის დაკვრას ერთად ვსწავლობდით. სპორტზეც დადიოდა. ჰქონდა გატაცებები, მაგრამ მაინც ნათელი იყო, რომ სერიოზულად მხოლოდ პოლიტიკა აინტერესებდა. შეიძლება ითქვას,  სერიოზული წარმატებისთვის ბავშვობიდანვე ემზადებოდა.

_ როგორი მეგობარია საქართველოს პრემიერი, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თუ იცლის მეგობრებისთვის?

_ მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს და ისე ხშირად ვეღარ ვახერხებთ შეხვედრას, როგორც სკოლის პერიოდში, დღესასწაულებზე დღემდე ვიკრიბებით. 

როდესაც ცოტა ხნის წინ, ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ჩვენი მეგობარი მოულოდნელად გარდაიცვალა, ირაკლი მის ოჯახს გვერდით დაუდგა. ამ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და საქმის გამოძიების მიმდინარეობას პირადად აკონტროლებდა.

_ პრემიერსა და მის მეუღლეს სკოლის პერიოდიდან უყვარდათ ერთმანეთი. თქვენც, ალბათ, იყავით მომსწრე, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი

_ ნუნუკასაც ძალიან ახლოს ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი, ბატონი თამაზი, ყოველთვის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, ყოველთვის თავმდაბალი ადამიანი იყო. ნუნუკასა და ირაკლის სკოლის პერიოდიდან უყვარდათ ერთმანეთი.  მათი სიყვარულის ისტორია მერე  დედაქალაქშიც გაგრძელდა…

_ ადამიანებს თანამდებობა ხშირად ცვლის. როგორ ფიქრობთ, შეცვალა თუ არა პრემიერმინისტრი თანამდებობამ?

_ მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და არასდროს არაფერი აკლდა, მასზე გაჭირვებული ბავშვებისთვის ზემოდან ქედმაღლურად არასდროს დაუხედავს, პირიქით, როგორც შეეძლო, ყველას გვერდით ედგა. არც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს და არც შემდეგ ნამდვილად არ შეცვლილა და არა მგონია, ოდესმე შეიცვალოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here