Home რუბრიკები საზოგადოება აშშ არასანდო ქვეყანაა, ნატო _ მას დაქვემდებარებული სამხედრო ორგანიზაცია, რომლის ტყუილ...

აშშ არასანდო ქვეყანაა, ნატო _ მას დაქვემდებარებული სამხედრო ორგანიზაცია, რომლის ტყუილ დაპირებებს ბოლო არ უჩანს

594

აშშ რომ არასანდო მოკავშირე ქვეყანა იყო, ამაში ჩვენ, დიდი სამამულო ომის მონაწილეები, უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დროს დავრწმუნდით. თეირანში დიდი სამეულის მოლაპარაკების თანახმად, მოკავშირე ქვეყნების, კერძოდ: ამერიკისა და ინგლისის გაერთიანებული ძალების მთავარსარდლობას, ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი ევროპაში 1943 წელს. ჩვენ, საბჭოთა არმიის მებრძოლები, დიდი მოთმინებითა და იმედით ყოველდღე ველოდით მოკავშირეების მიერ მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ ამაოდ. საბჭოთა მთავრობის არაერთგზის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ისინი მეორე ფრონტის გახსნას არ ჩქარობდნენ. სხვადასხვა ყალბი, უფრო სწორად, თაღლითური ვერსიებით, წელავდნენ დროს, რათა არ ჩაბმულიყვნენ ომში.

 

ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში საბჭოთა არმია დაუძლურდებოდა და დამარცხდებოდა, რაც მათ სტრატეგიულ გეგმაში შედიოდა. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ძლევამოსილმა წითელმა არმიამ გაათავისუფლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, შეიჭრა გერმანიის ტერიტორიაზე, წარმატებებს წარმატებებზე აღწევდა და, როცა აშკარა გახდა საბჭოთა ჯარების გამარჯვება ფაშისტურ გერმანიაზე, მოკავშირეებმა მხოლოდ ამის შემდეგ იკადრეს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმა და გადმოსხეს ჯარები ნორმანდიაში. ამერიკამ თავისი სახე კიდევ უფრო გააშიშვლა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთსაქართველოს ომში. არა მგონია, ამერიკის იმედის გარეშე პარანოიდ სააკაშვილს გაებედა რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყება. ეს ხომ ავანტიურა იყო, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს.

2010 წელს დიდი სამამულო ომის დამთავრების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოდან ხუთი ვეტერანი მიწვეული ვიყავით ქ. მოსკოვში, გამარჯვების დღესასწაულზე დასასწრებად. 9 მაისს წითელ მოედანზე დავესწარით შეიარაღებული ძალების აღლუმს, რომელიც რუსეთისთვის ჩვეული ორგანიზებით დიდებულად ჩატარდა. აღლუმზე გამოტანილი იყო ყველა ტიპის იარაღი, რომელიც კი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია, მათ შორის, როგორც დიქტორმა გადმოსცა, აღლუმზე გამოტანილი იყო ახალი საბრძოლო იარაღი, რომლის მსგავსი დღეისთვის მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ. ამ გრანდიოზული სამხედრო ტექნიკის შემხედვარე, ჩვენი დელეგაციის წევრებმა ერთმანეთს გადავულაპარაკეთ: «ამ არმადის მქონე ქვეყნის წინააღმდეგ როგორ შეიძლებოდა ომის წამოწყება, რომელიც ტირანმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა და მისმა თანაბანდელებმა ჩაიდინეს?!». გაგვახსენდა უგონო გივი თარგამაძის ტრაბახი: «რას დაგვაკლებს რუსეთი თავისი ჟანგიანი ტანკებითა და შეიარაღებითო».

სწორედ რუსეთის ამ სამხედრო სიძლიერის შედეგი იყო, რომ 2008 წელს საქართველოს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ამერიკაც, არ დაუდგა გვერდით. რიგი ქვეყნების და მათ შორის აშშისა და ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სიტყვიერი აღიარება როდი შველის საქმეს. არც ნატოზე დანდობა შეიძლება, მითუმეტეს, რომ, ნატოს წესდების მიხედვით, საქართველო ვერასდროს გახდება ნატოს წევრი. ეს ძალიან კარგად იცის აშშმაც და ნატოს ხელმძღვანელობამაც და, მიუხედავად ამისა, მაინც იტყუებიან, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებაო. ვერ გამიგია, თუ რატომ იტყუებს თავს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, როცა გაიძახის, რომ ნატოში აუცილებლად მიგვიღებენო. აშშ-სა და ნატოს თაღლითობას ზღვარი არა აქვს და დროა, ჭკუას მოვუხმოთ რეალური, გონივრული პოლიტიკის გატარებისკენ.

შოთა ბუაძე,

დიდი სამამულო ომის მონაწილე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here