Home რუბრიკები პოლიტიკა «სათესლედ არ დავტოვებთ აფხაზებს!»

«სათესლედ არ დავტოვებთ აფხაზებს!»

798

ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის წერილს, რომელმაც სერიოზული აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ წრეებში, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება სერიოზულად არის შესასწავლი და გასათვალისწინებელი.

 

«ვიცი, ამ პოსტის გამო ბევრი ჩამქოლავს, მაგრამ მაინც უნდა დავწერო. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩავიხედოთ სარკეში? ახლა ვნახე გადაცემა სოხუმელებზე, რომლებიც ძირითადად შერიგებაზე და იმაზე საუბრობდნენ, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში, ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს სწორედ სოხუმელი ქართველები არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვისი ნათესავებიც იმ ომში იბრძოდნენ. წარმოიდგინეთ, მაშინ მათ რა გააკეთეს, როდესაც იქ ქართული ჯარი შევიდა, _ იმის მაგივრად, რომ შუაში ჩამდგარიყვენენ (ამას ფიგურალურად ვამბობ) და ეთქვათ: რას აკეთებთ, ძმებო, ქართვლებო, ესენი ჩვენი მეზობლები, მეგობრები, კლასელები არიან (როგორც დღეს ამბობენ) და მათ ნუ ესვრით, თავადაც იარაღი აიღეს და თავიანთი მეზობლების, მეგობრების და კლასელების ხოცვა დაიწყეს», _ წერდა მეტრეველი.

ჩემთვის მოულოდნელად ამას უცნაური გამოხმაურება მოჰყვა: «აბსურდს ამბობ, მერაბ, მაგრამ არ იცი და იმიტომ. იმ დღეს, როცა ქართული . . ჯარი თუ რაღაც გაუგებრობა მოადგა საზღვრებს, ვიყავი დრანდაში, სამსახურში. დრანდის მოედანზე შევიკრიბეთ გულრიფშის რაიონის ეროვნული ძალები, გავრცელდა ზვიად გამსახურდიას წერილი (ხელნაწერი), გროზნოდან იმ დილით ჩამოიტანეს. მახსოვს იქ ასეთი ფრაზა იყო: «დაუდექით აფხაზ ძმებს გვერდით და ეს ბანდიტები არ შემოუშვათ». დავიწყეთ სწორედ ასეთი მოწოდებები, მაგრამ აფხაზები, ძირითადად, სოხუმში იყვნენ და მოვიდა ინფორმაცია, რომ ისინი იხიზნებიან გუდაუთაში. ასე აღმოვჩნდით ქართველები ქართველების წინააღმდეგ. ამ დროს მოგვივარდა სოხუმის მხედრიონი და სულ მოღალატეები გვიძახეს _ აფხაზების მხარეს ხართ, ქართველების წინააღმდეგ, თან დედას გვაგინებდნენ. აი, ასეთ გაორებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შემოჯლიგინდნენ ტანკებით სროლასროლით, მაგრამ ვის ესროდნენ? მერე მიადგნენ ტელევიზიას, იქ ერთი აფხაზი აღარ იყო და «გამარჯვებულები» – ტელევიზია ავიღეთო…», _ წერდა მარიამ ჩაჩუა-ძიძიგური, უშუალო თვითმხილველი ამ ხოცვა-ჟლეტის, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

«საქართველო და მსოფლიოს» მარიამ ჩაჩუაძიძიგური ამ საკითხზე დეტალურად ესაუბრა.

მამაჩემი მწერალი იყო და მე მახსოვს, ჩვენს სახლში ხშირად იმართებოდა წვეულებები, რომლებშიც ქართველებთან ერთად აფხაზი და რუსი მწერლებიც მონაწილეობდნენ. სრულიად მოულოდნელად ეს ხალხი, რომელსაც მე მეგობრად თვლიდი, მოხვდა «აიდგილარაში». იმის თქმა, რომ ქართველები კარგები ვიყავით და აფხაზები ცუდები ან პირიქით, ნამდვილად დიდი სისულელეა, ცუდებიც და კარგებიც აქეთაც იყვნენ და იქითაც. დევნილები დღესაც მოიხსენიებიან, როგორც განკიცხულთა კასტა.

ახლა გავიხსენოთ ის კონკრეტული მომენტი: როცა ჯარი შემოვიდა, ქართველებსა და აფხაზებს შორის უკვე იყო დაძაბულობა, მაგრამ ჩვენ ხშირად ვმართავდით შეხვედრებს. მახსენდება აფხაზი და ქართველი დედების შეხვედრები.

სამსახურში გვყავდა აფხაზი რევიზორი სოხუმის «აფსოიუზიდან». ეს ფაქიზი თემაა, ჩვენ როგორ დავშორდით ერთმანეთს. ჯარი რომ შემოვიდა, იგი ჩვენმა თანამშრომელმა სასწრაფოდ წაიყვანა მანქანით სოხუმში. ბიჭი ძალიან ნერვიულობდა, რა ვქნა ახლა მე _ ჯარში ჩავეწერო და თქვენ გესროლოთო? _ მეკითხებოდა. დირექტორმა უთხრა, ჯარი უკვე მოდის და შენ უნდა სოხუმში გადაგიყვანოთო. უარობდა, თქვენ შეგექმნებათ პრობლემებიო, ბოლოს მაინც დათანხმდა. ამათი წასვლიდან ცოტა ხანში ჯარიც შემოვიდა, წინ პოლიცია მოდიოდა, უკან _ გვარდია, მხედრიონი და ყარყარაშვილის შენაერთები მოსდევდნენ.

როცა დაიძრნენ გულრიფშის ცენტრისკენ, იქ სროლა ატყდა, ჩვენ შეკრებილნი ვიყავით, გვითხრეს, აფხაზებს დაველაპარაკოთო, მაგრამ დალაპარაკება შედეგს მოგვცემდა თუ უკუშედეგს, არ ვიცოდით. სროლა რომ ატყდა, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიშალეთ. მეორედ სროლა წითელ ხიდთან მომხდარა, დღესაც არ ვიცი, მართლა აფხაზურმა დაჯგუფებამ წამოიწყო იგი თუ ამათ უნდოდათ იმისი თქმა, აფხაზები წინააღმდეგობას გვიწევდნენო. ყოველ შემთხვევაში, სოხუმში მაშინ აფხაზები უკვე აღარ იყვნენ. გარდა ამისა, საღამოს რომ ბაქი-ბუქობდნენ, ტელევიზია ავიღეთო, იმ ტელევიზიაში ერთი აფხაზიც აღარ იყო დარჩენილი. ჩემი მამამთილი უყურებდა ტელევიზორს, როცა ყარყარაშვილმა თქვა ის ცნობილი ფრაზა: «სათესლედ არ დავტოვებთ აფხაზებსო!», მაშინ ჩემმა მამამთილმა თავზე იტაცა ხელი: «ნეტავ, თუ ესმით, საით მივდივართო?!».

ჯარი არ უნდა შემოგეშვათო… მეცინება, ვინ გვეკითხებოდა ჩვენ ჯარის შემოშვებას?

_ რა იყო ყარყარაშვილის განცხადება: ადექვატური რეაქცია აფხაზების საქციელზე თუ პროვოკაცია?

_ ყარყარაშვილის განცხადება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. ძალიან ცუდად იქცეოდნენ მხედრიონელები და სხვა ჯარისკაცებიც. ამ ფონზე შეუძლებელი იყო რაიმე აგრესიული განცხადება არ გაეკეთებინა ჯარის წარმომადგენელს. აფხაზების მხრიდანაც დაიწყო ალოგიკური და აგრესიული მოქმედებები.

სანამ ჯარი არ შემოვიდოდა, მანამდე, ასე თუ ისე, ნორმალური ვითარება იყო, დაძაბული, მაგრამ ძარცვასა და მკვლელობას ერიდებოდნენ. ჯარი რომ შემოვიდა, სიტუაცია უცებ შეიცვალა. იქ იყო კორპუსები, რომლებშიც ქართველებიც ცხოვრობდნენ და აფხაზებიც. აფხაზებმა დაკეტეს ბინები, ჩააბარეს ქართველ მეზობლებს და გუდაუთაში წავიდნენ. მიადგებოდა მხედრიონი ამ ბინებს გასაძარცვად; გამოვიდოდა ქართველი, რას სჩადით, რა გინდათ ამ ბინებთან, ეს ხომ აქეთ შემოგვიტრიალდება ბუმერანგივით დღეს თუ ხვალომიუშვერდნენ ან პირდაპირ მიაბჯენდნენ მას ავტომატს, შენ ხარ მოღალატე, რას ჰქვია, აფხაზებს იფარავო! რას გააწყობდა ეს ქართველი ათობით შეიარაღებული კაცის წინააღმდეგ?

მერაბ მეტრეველი კი იმას ამბობს, არ უნდა შემოგეშვათო… თუმცა გაგრის დაკარგვის შემდეგ გაირკვა, რომ მართლა შემოგვიბრუნდა უკან ჩვენივე ჩადენილი უსამართლობა და ძალადობა.

_ იმ ადამიანების გვარებს ხომ ვერ გაიხსენებთ, რომლებიც ასე იქცეოდნენ, გარდა ამისა, იქნებ გაიხსენოთ, რა როლს თამაშობდნენ ამ კონფლიქტში ბორის კაკუბავა, არკადი მარკოზია, დიმა ჯაიანი….

_ არ მინდა შეფასება, რადგან მედროვეებიც ძალიან ბევრი გვყავდა… მით უმეტეს, დიმა ჯაიანზე ვერაფერს ვიტყვი. ეს არის კაცი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მსახიობია. დაბოლოს, უნდა ითქვას ერთი რამ

_ აუცილებლად უნდა დაიწყოს სახალხო დიპლომატიის აღდგენა. ჩვენ მშვიდობიან გზას უნდა დავადგეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აფხაზ სტუდენტებს ეხმარება ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებაში.

ამდენი წელია, ვმუშაობ საჯარო უწყებაში და მრცხვენია, რომ ნებისმიერ პროექტში, რომელიც ახლა იწერება, 20 წელია, ერთი ფრაზა უცვლელია _ დევნილთა უმრავლესობა კვლავ გაუსაძლის პირობებში იმყოფება. მოკლედ, ყველაფერი ნულიდან გვაქვს დასაწყები. ჩემი პოზიციაა შერიგება, შერიგება და შერიგება.

_ როგორ გესახებათ დევნილების დაბრუნება, ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ თუ მხოლოდ დევნილები უნდა დავაბრუნოთ?

_ იცით, ვერ გეტყვით, რომ აფხაზეთი მომავალში იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ჩვეულებრივი ავტონომიის იმედიც არ მაქვს, სხვა ფორმა მიეცემა, მე მგონი.

ყველაფერი მიდის იქით, რომ აფხაზეთი გახდეს დამოუკიდებელი და ამას საქართველომ უნდა დაუჭიროს მხარი. ეს ჩემი აზრია

_ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ცოტა უცნაურად მომხვდა ყურშიდევნილების საქმე როგორ იქნება, თუ თქვენი სცენარის მიხედვით განვითარდა მოვლენები?

_ ერთმა ფრაზამ გაიჟღერა, რომ, დევნილების დაბრუნება როცა იქნება, აფხაზებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ ქართველების სახლები, არავინ გაასახლებს და დევნილებისთვის აშენდება ცალკე საცხოვრებლებიო, ანუ მთელი ცხოვრება ხან დევნილი უნდა ვიყო, ხანაც _ დაბრუნებული?! ესეც საუკეთესო შემთხვევაში…

და საზოგადოების უმრავლესობის განწყობა როგორია, იცით? ბავშვებიც კი, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ამბობენ, ოღონდ აფხაზეთში დავბრუნდეთ და, რა ფორმით, სულერთიაო.

და ახლა რომ ამბობენ, _ აქ კარგად არიან დევნილები და დაბრუნება არ უნდათო, აბსურდია. დიახ, ტყუილია, ასე შეიძლება მხოლოდ 10-20% ფიქრობდეს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here