Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატიის სახელით ნაწამები საქართველო

დემოკრატიის სახელით ნაწამები საქართველო

708

ოც წელზე მეტია, რაც ქართველებმა ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ, განვითარებადი ქვეყანა გვიწოდეს და შესაბამისად, გვესმის ლოზუნგები: «ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას», «საქართველო ნელა, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნების სიას წარმატებით უერთდება». წლები გადის და ხალხმა დემოკრატიის აზრი და არსი ვერაფრით გაიგო, მთავრობები სადღაც ჩადიან, ხელს რაღაცებზე აწერენ, იქიდან დაბრუნებულნი გვმოძღვრავენ, თავად ფულს შოულობენ, ხალხი კი მშიერია და უკეთესი მომავლით ამუნათებენ, რომელიც ქართველისთვის არა და არ დადგა.

 

დემოკრატია გადაგდებული მთავრობაა? გაყალბებული არჩევნები? თავისუფალი აზრისთვის დაპატიმრებული ადამიანები? ქუჩაში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული პოლიტიკოსები? გეიაღლუმები? თუ სადარბაზოში მოფსმა? ამ საკითხებზე მოსახლეობაში გამუდმებული დავები მიმდიმარეობს. ხშირად გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: _ «ვინც გინდა მოვიდეს, ოღონდ დემოკრატია აღარ ახსენოს» ან «დემოკრატიის ხსენებაზე ტანში მზარავს» და .. რამ გამოიწვია ასეთი უარყოფითი განწყობა ამ, ყველასთვის «სანატრელი» სიტყვის მიმართ, რატომ არავის სჯერა, რომ ოდესმე საქართველოც დემოკრატიული ქვეყანა იქნება? ან თუ დადგება ჩვენს ცხოვრებაში დღე, როდესაც დემოკრატიის სახელით უცხოტომელები არ მიგვითითებენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ? რა ხდებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე დემოკრატიის სახელით?  «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა მოძრაობა «ეროვნულების» ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

_ რა ხდებოდა და ხდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სახელით?

_ ოცი წლის განმავლობაში მცნება «დემოკრატია», ჩვენდა სამწუხაროდ, დიქტატორული და ავტოკრატული მმართველობის სათამაშო იარაღი გახდა. დემოკრატია დააკნინეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ავი და, ხშირ შემთხვევაში, მოღალატეობრივი ზრახვებისთვის გამოიყენეს იგი, შეფუთეს და თავი გაიმართლეს.

პირველი იმედგაცრუება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან დაიწყო. კრიმინალურმა ელემენტებმა დემოკრატიის სახელით კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. მაშინ დემოკრატიას ყველაზე დიდი და საშინელი დარტყმა მიაყენეს.

 ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და სხვა ოდიოზური ფიგურები წარმოჩინდნენ, როგორც დემოკრატიის დამცველები და დემოკრატიის სახელით, სამხედრო გადატრიალებაც მოახდინეს. ამ ფაქტმა სახელმწიფოში საფუძველი დაუდო დემოკრატიის მცნების დევალვაციას და ამ მცნების არასწორად გამოყენებას. სწორედ იქიდან დაიწყო ის საშინელება, რასაც სამხედრო საბჭო წლების მანძილზე ჩადიოდა და ისიც, რაც მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.

მეორე ეტაპი იყო შევარდნაძის მმართველობა. შევარდნაძემ და კრიმინალებმა, ფაქტობრივად, დემოკრატიის ნიღაბქვეშ განახორციელეს მიტინგების დარბევა, დახვრეტა, ოჯახების აწიოკება, აფხაზეთის დაკარგვა.

როდესაც საქართველოში ჯეიმს ბეიკერი იყო ჩამოსული, მოსახლეობა ხედავდა, თუ როგორ ეხვეოდა ის შევარდნაძეს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს, ხოლო იქვე, რამდენიმე მეტრში კრიმინალები მომიტინგეებს ხვრეტდნენ, მაგრამ ბეიკერი მაინც ამბობდა, რომ საქართველოში დემოკრატია მყარდება. ყოველივე ამის შემხედვარე ქართველს ხალხს დემოკრატიის მიმართ ერთგვარი ნიჰილიზმის განცდა გაუჩნდა.

ეს ძალიან მცირე მაგალითებია, რამაც დაღი დაასვა დემოკრატიას საქართველოში. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ დემოკრატიულად ცნობილი დასავლეთის ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ ათასი ჯურის ნაძირლების ხელისუფლებას და ამბობდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ფეხს იკიდებდა.

 არადა, რეალურად, შევარდნაძის კრიმინალური ხელისუფლების მხარდაჭერა დასავლეთის იმ ლიდერების მხრიდან, _ ესენი გახლდათ გენშერი, ბეიკერი, _ იყო დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ისინი ხშირ შემთხვევაში სცოდავდნენ და დემოკრატიის დევალვაციაც მათი დიდი დამსახურებაა. იმ წლებში დავინახეთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ყველა ქმედება, იყო ეს კორუფცია, ადამიანთა წამება და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სისაძაგლე, ერთგვარად ვიზირებული იყო დასავლეთის «დემოკრატიული» წრეების მიერ, რამაც უდიდესი დაღი დაასვა დემოკრატიის ცნებას საქართველოში.

მესამე ეტაპი არის ეტაპი, როდესაც დემოკრატია საბოლოოდ «გაშავდა» _ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. მართლაც სამარცხვინო და ამაზრზენი იყო და დღესაც იგივე განცდა მაქვს, დასავლეთის ზოგიერთი დემოკრატი პოლიტიკოსის მიერ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისადმი უპირობო მხარდაჭერა რომ მახსენდება. ქართველებს კარგად გვახსოვს ჯორჯ ბუშ (უმცროსის) ფრთიანი ფრაზა, რომელიც პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ იყო მიმართული. მან სააკაშვილს «დემოკრატიის შუქურა» უწოდა. ისტორიამ კი დაგვანახა, რომ, ფაქტობრივად, სააკაშვილი დიქტატორი და პირსისხლიანი მმართველი იყო. ბუშის სიტყვები კი დღეს სასაცილოდ ჟღერს.

ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ დასავლელი პოლიტიკოსები დემოკრატიის ნიღაბქვეშ ამართლებდნენ 7 ნოემბრის დარბევას, 26 მაისის სისხლიან მოვლენებს და ნებისმიერ აღვირახსნილ ქმედებას. ისინი გამუდმებით თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ ყველა ტელევიზია ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში იყო, ადამიანებს აპატიმრებდნენ და აწამებდნენ საკუთარი აზრის გამოთქმისთვის.

ჩვენ დავინახეთ, რომ ცნობილ ციხის კადრებს დასავლეთის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ისინი სააკაშვილის ავტოკრატიულ მმართველობას ბოლომდე იცავენ, საქართველოს ახალ ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ, თუ სააკაშვილსა და მის დანაშაულებრივ ბანდას დააპატიმრებენ, მაშინ ეს ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის გზაზეო. ეს კი, საფუძველშივე მცდარი მოსაზრებაა, რადგან სამართლიანობის აღდგენა არის დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და არა ის, რომ დანაშაულს ხელი დააფარო.

შევეცადე, მმართველობის სამი ეპოქა მოკლედ დამეხასიათებინა, მაგრამ, ალბათ, მოვახერხე, რომ დამენახვებინა, ამ წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა დემოკრატიის დევალვაცია და ადამიანებისთვის დემოკრატიის შეზიზღება. კომპლექსში აღებული ყველაფერი ერთად არის რეალური მიზეზი, რომ დემოკრატია ფართო მასებში, არც თუ პოპულარულია.

_ ბატონო სანდრო, თუ შეძლებთ, გაიხსენოთ საქართველოში დაფინასებული და ძალდატანებით განხორციელებული დასავლეთიდან შემოსული პროექტები?

_ გრანტებით ნაკვები არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის ყველა პროექტი იყო დემოკრატიის ნიღაბქვეშ მიმდინარე კრიმინალური და არაადეკვატური ქმედება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტს მოვიყვან. გახსოვთ, ალბათ, «კმარას» პროექტი. სოროსის ფონდის დახმარებით ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, რომ «კმარა» შექმნილიყო, «ჰიტლერიუგენდის» ანალოგიური ორგანიზაცია და იქიდან წამოსულმა, კარგად დამოძღვრილმა ადამიანებმა შესაბამისი დიქტატურაც დაამყარეს. ახალაიებმა, კეზერაშვილმა, რამიშვილმა, ბოკერიამ და რა ვიცი, კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება, ამ პირსისხლიანმა ჯალათებმა დემოკრატიის სახელით, საკმაოდ დიდი თანხა მიიღეს, მიიღეს მხარდაჭერა და შემდგომში დემოკრატიის დროშის ქვეშ ადამიანებს აწამებდნენ.

 «კმარა» და მისნაირი ორგანიზაციების დაფინანსება გამუდმებით ხდებოდა და ხდება დემოკრატიის ნიღაბქვეშ ამოფარებული დასავლეთში მოღვაწე ფონდების მიერ. ის მონსტრი, რომელსაც სააკაშვილი ერქვა, სწორედ მათი დაფინანსებით მივიღეთ.

«დემოკრატიული» ფონდების დახმარებით ყალბდებოდა ყველა არჩევნები. ვითომ დემოკრატიის დასანერგი ფონდები ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან აფინანსებდნენ არჩევნების გაყალბებას. როგორი სასაცილო და აფსურდი იყო, ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ კიტოვანმა საპარლამენტო არჩვენებში ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს და ეს, იმ პერიოდში, დასავლეთის მხრიდან აღქმული იყო, როგორც დემოკრატიის გამარჯვება. ამის შემდეგ, იყო პერიოდი, როდესაც შევარდნაძემ ყველა არჩევნები გააყალბა. გავიხსენებ ჯუმბერ პატიაშვილისა და შევადნაძის საპრეზიდენტო კამპანიას. პატიაშვილმა მას არჩევნები მოუგო, თანაც ძალიან დიდი პროცენტით და შევარდნაძემ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, ხოლო მთელმა «დემოკრატიულმა» სამყარომ აღიარა, რომ ის კანონიერი პრეზიდენტი იყო.

ასე იყო სააკაშვილის ყველა არჩევნების დროსაც. ლევან გაჩეჩილაძემ მოიგო არჩევნები, მაგრამ ძალადობრივი გზით სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად გამოცხადდა. მაშინაც მთელმა «დემოკრატიულმა» სამყარომ არჩევნები სამართლიანად აღიარა. ასეთი მაგალითების დასახელება ძალიან შორს წაგვიყვანს და თქვენი გაზეთის ფურცლები ამას არც ეყოფა. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი დამღუპველი ფაქტები გავიხსენე.

_ მართალია, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ახლა მინდა, გაიხსენოთ, როდიდან და ვისი დაკვეთით დაიწყო ის, რომ საქართველო განვითარებად ქვეყნად გამოეცხადებინათ?

_ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ანუ დეკლარირებულად გამოცხადდა ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ამ ვითომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა ჩვენი დამოუკიდებლობა ერთი წელიწადი არ სცნეს. შემდეგ, როდესაც აღიარება მოხდა, ეს უკვე შევარდნაძის პერიოდში, საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს, რითაც შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ძალიან დიდი და უარყოფითი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

სხვადასხვა ევროპული ფონდი საქართველოში ახორციელებდა ისეთ პოლიტიკას, რომელმაც თითქმის ყველა სფეროზე დამღუპველად იმოქმედა, განსაკუთრებით კი განათლებაზე. შევარდნაძის შემდეგ ეს პროცესი მისმა «მოწაფეებმა» გააგრძელეს. შევარდნაძემ ბუშის ადმინისტრაციის ინტერესები გაატარა.

ამერიკის ისტორიაში ორი ყველაზე ცუდი მმართველი _ მამა-შვილი ბუშები იყვნენ, რომლებმაც დაღი დაამჩნიეს მსოფლიო პოლიტიკას. ყველა კატაკლიზმი, რომლებიც საქართველოში მოხდა, იყო ბუშების მმართველობის დროს, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალება უფროსი ბუშის დროს, ხოლო «ვარდების რევოლუცია» და 2008 წლის აგვისტოს ომი უმცროსი ბუშის პერიოდში.

დემოკრატიის ყველაზე დიდი მტრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მცნებას არასწორად იყენებენ და ამით მოსახლეობაში აგრესიას იწვევენ. დემოკრატია არ უნდა ყალიბდებოდეს ჯორჯ სოროსის ნება-სურვილის მიხედვით, ეს უნდა ხდებოდეს იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორი ინტერესებიც კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ. საქართველოს შეიძლება სხვა ინტერესი ჰქონდეს, ამიტომ ერთიან, გლობალურ ყალიბში ყველა ქვეყნის ჩამოსხმა მკვდრადშობილი იდეაა და არასდროს არ გამოვა. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ყველა ერს თავისი განვითარების გზა აქვს და ამ გზას პატივი უნდა სცენ, ჩვენ ჩვენთვის განსხვავებულ იდეოლოგიას წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და დღესაც ცდილობენ მოგვახვიონ. ქართველისთვის მთავარი მცნებაა ის, რაც ყველაზე დიდმა დემოკრატმა ილიამ დაგვისახა «მამული, ენა, სარწმუნოება».

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here