Home რუბრიკები პოლიტიკა «მესიანიზმი» დავძლიეთ, ახლა _ საით?

«მესიანიზმი» დავძლიეთ, ახლა _ საით?

1173

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გავრცელებული შეფასების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის წასვლა მესიანიზმის უგულებელყოფის, მესიანიზმის დამთავრების ეპოქის დასაწყისია. თითქოს რაღაც დაავადება მოვიხადეთ. ასეთია შავთეთრი შეხედულება: იყო, აღარ არის გასაგები, როგორც ყველა პროპაგანდისტული ილეთი. მაგრამ არც ასე მარტივად ყოფილა საქმე და, მოდით, საგაზეთო ვარიანტის დონეზე მაინც გავეცნოთ ამ პრობლემის არსსა და რაობას _ კომპილაციურ დონეზე.

 

ნაციონალიზმი და მესიანიზმი

მოაზროვნეთა შეხედულებით, ნაციონალიზმი _ ეროვნულობა და მესიანიზმი გარკვეულ პირობებში არამარტო არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ ურთიერთშემხებლობაშია და ურთიერთს ერწყმის, მაგრამ არა ყოველთვის.

გავრცელებული მოსაზრებით, ნაციონალიზმი დადებითი მნიშვნელობით დამკვიდრებისას, განსაკუთრებული სულიერი აღმავლობის მომენტებში მესიანიზმად ყალიბდება.

ისტორიკოსები ამის არაერთ მაგალითს ასახელებენ ევროპასა თუ რუსეთში: სლავიანოფილების ნაციონალიზმი შეუმჩნევლად გადაიზარდებოდა მესიანიზმში, XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიის სულიერი ნაციონალური აღმავლობა გერმანულ მესიანიზმად გარდაიქმნა.

მაგრამ პრინციპულად

ნაციონალიზმი და მესიანიზმი ურთიერთგამომრიცხავი, დაპირისპირებული ბუნების მქონე მოვლენებია, რომლებიც წარმოშობითა და მიზანსწრაფვებით შეუთავსებადია.

ნაციონალისტები ბიურგერების ტიპის პრაქტიკოსები არიან, რომლებსაც ამ ცხოვრებაში კარგად და თბილად მოწყობის სურვილი და უნარი გააჩნიათ. საკუთარი ცხოვრების, ცხადია. ბიოლოგიურ კეთილდღეობასაც უწოდებენ ასეთ კომფორტულ თვითდამკვიდრებას, რადგან ბიოლოგიურად საბუთდება იგი.

მესიანიზმის წარმოდგენა და გააზრება მხოლოდ რელიგიურ ნიადაგზეა შესაძლებელი, მაშასადამე, მისი დასაბუთება ბიოლოგიურად შეუძლებელია, რადგან იგი მისტიკურ ნიადაგზეა აღმოცენებული, რწმენის საძირკველზე დგას, რელიგიური ფენომენია.

ნაციონალიზმი მრავალსახიერია _ მრავალი ნაციონალიზმი შეიძლება არსებობდეს. მას უნივერსალიზმის, ერთადერთობის, განსაკუთრებულობის პრეტენზია არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ისტორიული მაგალითებით ასაბუთებენ, პრაქტიკულად ეიოლება სხვა ეროვნებათა უგულებელყოფა და მოსპობაც კი.

ნაციონალიზმი თავისი არსით, იდეით პარტიკულარულია _ განცალკევებისკენ, დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებისკენაა მიდრეკილი, ყოველთვის კერძოა.

მესიანიზმი თანაარსებობას ვერ იტანს, იგი ერთადერთია, სამყაროსეულია. მაგრამ ნაციონალიზმისგან განსხვავებით არასოდეს უარყოფს, ბიოლოგიურად არ სპობს და არ ანადგურებს სხვა ეროვნებებს, იგი მათ გადაარჩენს, უმორჩილებს თავის სამყაროსეულ, მსოფლიო იდეას.

საიდან მოდის მესიანიზმი?

მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ მესიანიზმის ფესვები ებრაელი ხალხის მესიანურ ცნობიერებაშია, საკუთარი თავის ღვთის რჩეულ ხალხად აღქმაშია, იმ ხალხად, რომლის წიაღში უნდა იშვას მესია, მხსნელი, რომელიც ისრაელისთვის ბედნიერების დამამკვიდრებელი იქნება.

ეს ცნობილია.

არც ისაა საკამათო, რომ ძველებრაული მესიანიზმი განსაკუთრებულია, მიჯაჭვულია ერთ ეროვნებას და უარყოფს ყველა სხვას. იმ პერიოდის ებრაულ მესიანიზმში ჯერ კიდევ არ არის საყოველთაო საკაცობრიო იდეა. ებრაული მესიანიზმი შეუძლებელია ქრისტიანულ სამყაროში, რადგან ქრისტიანობა არ განასხვავებს ადამიანებს ეთნიკური კუთვნილებით. ქრისტემესიის მოვლინებით მთავრდება ებრაული მესიანიზმი. ქრისტიანულ სამყაროში დაუშვებელი ხდება რელიგიურეროვნული სიძულვილი.

ქრისტიანობა სულაც არ უარყოფს რასებსა და ეროვნებებს. ქრისტიანობა კაცობრიობის და მთელი მსოფლიოს გადარჩენის რელიგიაა. ქრისტე ყველას და ყველაფერს მოევლინა _ ქრისტიანობაში გამორიცხულია ნაციონალური, ეროვნული მესიანიზმი, რომელიც საკაცობრიო იდეას უარყოფს, ანუ ძველი აღთქმის მესიანიზმი, მაგრამ შესაძლებელია ახალი აღთქმის მესიანიზმი, რომელიც ეფუძნება მესიის მოვლინებას მთელი კაცობრიობისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

მკითხველებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ქრისტიანული მესიანიზმის ამოსავალი წერტილია _ მესიის მოვლინება მომავლისკენაა მიმართული, რადგან თავისი არსით წინასწარმეტყველურია.

თეოლოგების აზრით, ქრისტიანმა ერმა საკუთარი თავი ღვთისმატარებლად შეიძლება აღიქვას, მესია-ერად, შეიძლება ირწმუნოს თავისი განსაკუთრებული რელიგიური დანიშნულება მსოფლიო ისტორიის ბედის გადაწყვეტაში, მაგრამ ამით იოტისოდენადაც არ უარყოს სხვა ქრისტიანული ერები.

ამიტომ სიხარული მესიანიზმის დაძლევის გამო ხელოვნურად შემოტანილი ცრუდემოკრატიზმის ნიშანია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური მედროვეობისთვისაა დამახასიათებელი.

ის, რაც დავძლიეთ მხოლოდ მესიანიზმის კარიკატურად შეიძლება ჩაითვალოს, უკეთეს შემთხვევაში, მესიანისტური განწყობილების, კერპის შექმნის, სხვისი მოიმედეობის, ხელისშემყურეობის დაძლევად. ეს «სხვა» ყველაფერი შეიძლება იყოს _ პიროვნებიდან დაწყებული, ქვეყნით თუ საერთაშორისო ორგანიზაციით დამთავრებული, ისეთით როგორიც, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსია, რომელზეც მზად ვართ, ვილოცოთ.

ამის გამო მაინცდამაინც თვითგვემას ნუ მივეცემით, რადგან მსგავსი განწყობილება და მცნებათა აღრევა მარტო ჩვენი საზოგადოებისა და მხოლოდ ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი ნიშანი არ არის.

ნაციონალიზმი თუ ეროვნული იდეა?

ნაციონალიზმი, როგორც ცნობილია, შედარებით ახალი მოვლენაა, რომელიც მხოლოდ XIX საუკუნეში განვითარდა და შუა საუკუნეებსა და ძველრომაულ უნივერსალიზმს ჩაენაცვლა. ეს მიმდინარეობა უარყოფს სხვა ეროვნებათა არამხოლოდ სულიერებას, არამედ მათ ფიზიკურ არსებობასაც, ეგოისტურ თვითდამკვიდრებად და ორგანულ კარჩაკეტილობად ყალიბდება. ეს კი თავისთავად აცლის მას უნივერსალობას და, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, შემოქმედებითი სულისკვეთებისგან ფიტავს. იგი თანდათან ტოტალიტარიზმის უკიდურეს ფორმად ყალიბდება, სადაც განვითარებას ცვლის ადმინისტრირება და ძალადობა.

საქართველოს სინამდვილეში ნაციონალიზმი ე.წ. ელიტარული პოლიტიკანების რელიგიად იქცა, თავაწყვეტილ ეგოისტურ მეთოდად, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დასამკვიდრებლად და საკუთარი კეთილდღეობის დასამყარებლად იყო გამოყენებული თითქმის ათი წლის განმავლობაში. სათავისოდ და, რა თქმა უნდა, თანამგზავრებისთვის, რომლებიც ყველა მიმდინარეობას ყოველთვის თან სდევს საზოგადოების ყველა ფენის მედროვეთა სახით და მდუმარე ხალხის ფონზე.

ნაციონალიზმის მესიანიზმთან აღრევა, ნაციონალიზმის მესიანიზმად გასაღება გონების სიბნელითაა გამოწვეული და, როგორც სწორად შენიშნავენ, ბოროტების მთესველია. ასეთი იყო «ნაციონალური მოძრაობა» საქართველოში და მას ეროვნულობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, პირიქით ეროვნულობის, ეროვნული სულის, ტრადიციების, რწმენის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ხან სინგაპურის მიბაძვით დამკვიდრებული ბედნიერებით ცდილობდნენ ხალხის მოხიბვლას, ხან კიდევ, რა ვიცი, რა მოდური უბედურებით.

ტოტალური მიმბაძველობის პრინციპით მართავდნენ სახელმწიფოს. ეს კი, «ცხოვრების უცხო წესის, საზოგადოების მართვის უცხო ფორმების, ერის განვითარების უცხო პრინციპების ძალდატანებითი დანერგვაა, _ შენიშნავს ცნობილი პოლიტოლოგი და მეცნიერი ალექსანდრე ჭაჭია, რაც მისი აზრით _ მიმართულია ქართველი ერის თვითმყოფადობის, ქართული ეროვნული სპეციფიკის, ტრადიციული სულიერზნეობრივი ფასეულობების თანმიმდევრული მოსპობისკენ და ქართველთა უეროვნებო, უსახო ბრბოდ გადაქცევისკენ» (ალექსანდრე ჭაჭია, «საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი…» გვ. 159-160).

დავძლიეთ, მადლობა ღმერთს! და გადავარჩინეთ ეროვნული თვითშეგნება, მენტალობა, იდენტურობა. ეროვნული ყოფა ბუნებრივი არსია, რომლისთვისაც ბრძოლაა საჭირო, რომლის გახსნა და განვითარებაა აუცილებელი.

მესიანური ცნობიერება ასეთ ერში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ, როგორც თეოლოგები მიიჩნევენ, ასეთი შედეგი დადგება მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი უდიდეს ტანჯვას გადაიტანს.

ჩვენ გადავიტანეთ ასეთი ავბედობის ჟამი და, თუ დღეს რაიმესგან გათავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი, არა მესიანიზმის დაძლევაზე, არამედ «ნაციონალური მოძრაობის» შავი ჭირის მოხდაზე.

ერის მესიანისტური მისწრაფება კი მიიღწევა სულიერი აღმაფრენით, სხვათა მჯობნობის სრული გამორიცხვით, უმეტესის კეთებით და უმეტესზე უარის თქმით, რომელსაც «წინ უნდა უსწრებდეს დადებითი ეროვნული საქმიანობა, სულიერი და მატერიალური განწმენდა», ჩვენი ეროვნული ყოფის განმტკიცება და განვითარება.

«…ქართულ ინტერესებს, უწინარეს ყოვლისა, ქართველი კაცი უნდა ემსახურებოდეს და საქართველოზე, უწინარეს ყოვლისა, ქართველი უნდა ზრუნავდეს, _ ჯერ კიდევ 2002 წელს წერდა ალექსანდრე ჭაჭია, _ საკუთარ ქვეყანაში ქართველმა კაცმა უნდა იგრძნოს თავი კარგად და ჩვენი მოძმე ხალხებიც მხოლოდ ამის შემდეგ იცხოვრებენ აქ კარგად.

ქართველებს მინდა ვუთხრა: ძმებო, დებო, იქნებ ჯერ ჩვენ თვითონ მივხედოთ საქართველოს და მერე ვიქონიოთ სხვისი იმედი? სწორედ ასეთი პრინციპით უნდა ვაშენოთ ქართული, ეროვნული სახელმწიფო» («ახალი თაობა», 04.11.2002).

ანალიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ მესიანიზმი არ შეიძლება იყოს განვითარების პროგრამა. პროგრამა ეროვნული, შემოქმედებითი შრომის ნაყოფია.

საქართველო ასეთი, ეროვნული  იდეით გამსჭვალული, პროგრამის მოლოდინშია.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here