Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული გაკვეთილები და ქართული ვირეშმაკობა…

უკრაინული გაკვეთილები და ქართული ვირეშმაკობა…

781

პარადოქსი _ არაჩვეულელებრივი, უცნაური, მოულოდნელი აზრი, მსჯელობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისგან, ეწინააღმდეგება საღ აზრს _ აი, ამ ბერძნული სიტყვის განმარტება და მართლაც ძნელია, უფრო უკეთესად შეაფასო ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. მართლაც, თავი დავანებოთ ევრაზიულ კავშირს _ უკრაინა და რუსეთი კულტურულად, რწმენით, ერთი ეკლესიით ხომ პრაქტიკულად ერთი ხალხია? კიევის რუსეთიდან დაიწყო ზოგადად რუსეთის ისტორია და უკვე რუსეთის იმპერიაში თავად კიევსაც «Мать городов россииских» ერქვა. თუნდაც ამიტომ არის რუსეთის სურვილი ლეგიტიმური, რომ უკრაინასთან განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდეს!

 

იქედან გამომდინარე, რაც უკრაინაში ხდება, ადვილად შეიძლება იმ სცენარის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ საქართველოში, ანუ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, როდესაც რუსეთი კიდევ ერთხელ და, ალბათ, საბოლოოდ მოიცლის ჩვენთვის, რასაც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კვლავ ქართულ ვირეშმაკობას დავუპირისპირებთ, მაგრამ ამაზე ქვემოთ. მანამდე კი გავიხსენოთ, რა და როგორ ვითარდებოდა ახალ კიევურ «მაიდანამდე»…

 უკრაინამ საბოლოო და მკაფიო უარი განაცხადა ნატოში გაწევრიანებაზე და მხოლოდ ევროინტეგრაცია დაისახა მიზნად. ამ ორი თუ სამი თვის წინ კი ვლადიმერ პუტინის ვიზიტისას ერევანსა და ბაქოში ჩვენმა მოძმე სომხეთმა წინმსწრები თანხმობა განაცხადა . . საბაჟო კავშირის, ანუ იმავე ევრაზიული კავშირის წევრობაზე. იმავე თემის ზონდაჟი მოხდა ბაქოშიც, როგორც ამ წერილის მომზადებისას შევიტყვე, ილხამ ალიევმაც ოფიციალურად განაცხადა უარი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე!

აღარაფერს ვიტყვი ყაზახეთზე და ზოგადად შუა აზიის რესპუბლიკებზე, რომლებიც აპრიორი და, რაც მთავარია, უპრობლემოდ მოიაზრებიან ევრაზიული კავშირის წევრებად. ამას დავუმატოთ ისიც, რომ აზიის ქვეყნებიც, ვიეტნამიდან დაწყებული და ჩინეთით დამთავრებული, სულ უფრო მეტად ამჟღავნებენ ცხოველ ინტერესს ამ მართლაც ათასწლეულის პროექტის მიმართ და დასკვნა ცალსახაა _ ევრაზიული კავშირი აღარ არის მხოლოდ პუტინის ახირება, არამედ მან რეალური კონტურები შეიძინა.

და ყველაზე მთავარი _ რუსეთმა, სირიაში საკუთარი პრინციპული პოლიტიკური ნების წარმატებული დემონსტრაციის შემდეგ, როდესაც მან და მხოლოდ მან შეძლო აშშის უკვე დაქოქილი სამხედრო მანქანის შეჩერება, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დასავლეთთან დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე, საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის აქტიური ქმედებების დაწყება და უკრაინა სწორედ ამ მოსაზრების სისწორის პირველი დასტურია!

ზემოთ ბაქო და ერევანი ვახსენე და რა გამოდის? სამხრეთ კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელიც რუსეთის დალაგებულ პოლიტიკურ პასიანსს აურევს და ამას რუსეთი შეეგუება?

რა თქმა უნდა, არა და ამ მოცემულობის გათვალისწინება, პირველ რიგში, ჩვენს «მეოცნებე» ხელისუფლებას მართებს, რომელიც მის წინამორბედებზე არანაკლებ ვირეშმაკობს!

ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს რუსეთთან ურთიერთობების თვისობრივად ახალი ტიპის დარეგულირებაზე და მეორე დღეს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს ქართულ ჯარს  მთავარსარდალი მარგველაშვილი და იგივე ძველი პრონატოური რიტორიკა, თუმცა ახალი შტრიხებით _ ჩვენაო ისეთი ჯარი უნდა შევქმნათო, რომ ნებისმიერ აგრესორს დაეკარგოს სურვილი საქართველოსთან ომისაო _ შინაარსობრივად ეს ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა. თუმცა რაღა ახალი, «ნაცებისგანაც» მოგვისმენია, რომ ჩვენ თურმე ისეთი ჯარი გვყავს, რუსებს კრემლამდე თუ ვერა, ტულამდე მაინც გავრეკავთო!..

 ჰოდა, ნეტავ, ვინ უნდა იყოს ის «ნებისმიერი», ისევ რუსეთი ხომ არა? ალბათ, რადგან თურქეთი, რომელიც ფერებ-ფერებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გვიპყრობს, როგორც «ნაცები» მიიჩნევდნენ «ისტორიულ მეგობრად», ასევე არც «ქოცებში»  განიხლება საფრთხედ და რუსეთის წინააღმდეგ ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი ჯარით «რა ჩიტიც დავიჭირეთ», 2008-ში გამოჩნდა!

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ უკრაინას. რა ხდება რეალურად კიევში? რა და «ტარანი ხომ თვლით არის» და კიევის «რადაშიც» დაითვალეს, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინელებს გაუადვილებდათ ევროპის ქვეყნებში «სუდნოების გამტანებად» ან რესტორნებში მიმტანებად მუშაობის დაწყებას, სანაცვლოდ, ახლოვადიან პერსპექტივაში, მყისიერად დაატყდებოდათ თავს რუსეთის ეკონომიკური სანქციების მრავალმილიარდიანი ზარალი!

ხოლო ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, ერთის მხრივ, დასავლეთიდან ფინანსირებულორგანიზებული ახალი ნარინჯისფერი, ოღონდ ამჯერად კონტრრევოლუციის მცდელობაა; მეორე მხრივ, ის, რომ პოლიციამ უკვე გამოიყენა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი, იმას ნიშნავს, რომ კიევის ხელისუფლება აღარ აპირებს ახალი მაიდანის, ანუ კიდევ ერთი ნარინჯისფერი ჭირის დაშვებას! თანაც ცხადზე უცხადესია, რომ 50-მილიონიან უკრაინაში დასავლური გრანტებით მოსყიდული და კარგად დაფინანსებულეკიპირებული 50 ათასი მომიტინგე პოლიტიკურ ამინდზე გავლენას ვერ მოახდენს

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი ტელევიზიები მხოლოდ პროდასავლურ პროტესტზე საუბრობენ. არადა, «რადას» გადაწყვეტილების მომხრეებიც, როგორც მინიმუმ, არანაკლებნი არიან. რას ემსახურება ჩვენი «თავისუფალი» ტელევიზიების ასეთი ტენდენციურობა, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროტესტს და ჩვენი ტელევიზიების «თავისუფლებას» ერთი დამფინანსებელი _ საერთაშორისო ნეოლიბერალური სინდიკატი ჰყავს!

აქედან გამომდინარე, წამოყვეს თავი «ნაცების» მიერ მართულმა ე. წ. არასამთავრობოებმა «თავისუფალი ზონის» მეთაურობით და თბილისში ევროპის მოედანზე უკრაინელი ძმების სოლიდარობის აქცია გამართეს, რაც ისეთი ოსტატობით გადმოსცეს, რომ პანორამა არ გვაჩვენეს, რადგან იმ მომიტინგეთა სამარცხვინო სიმცირე არ დაგვეფიქსირებინა, რომლებმაც დაგმეს პოლიციის ძალადობა მომიტინგეებზე!

მოდი და ნუ გაგეცინება _ ნეტავ, სად, სოროსის რომელ სოროში ისხდნენ «თავისუფალი ზონის» ვირთხები, როდესაც 9 წელიწადი გვარბევდნენ, გვაწამებდნენ, გვხოცავდნენ და გვაუპატიურებდნენ?..

პარალელურად კეთდება ახალი ხელისუფლების წევრთა კომენტარები, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები თბილისთან «გარტყმაში არ არის» _ რუსეთს იგივე ბერკეტები (რაც უკრაინის შემთხვევაში აქვს) საქართველოს მიმართ არ გააჩნია და ყველაზე მთავარიო, ბრძანა ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოს მოსახლეობის 80% მომხრეა ნატო-ევროკავშირში გაწევრიანებისო, უფრო მეტიც, ამხელა პროცენტები თვით  ნატო-ევროპის უკვე წევრ ქვეყნებშიც არ არისო!

 ამაზე დიდი ვირეშმაკობა, თვალებში ნაცრის შეყრა გაგონილა? ვირეშმაკა ხარ, მაშ, რა ჯანდაბა გქვია, როდესაც იცი, რომ ეს მაღალი პროცენტი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად «დაიდო»? არჩევნების, რომელიც, საყოველთაო აზრით, გაყალბებული იყო და შესაბამისად, ნატოს თემაზე დადებული 80%- გაყალბებულია და ათასჯერ მეტი ვირეშმაკა ხარ, როდესაც, როგორც უკვე «ნაცების» სამართალმემკვიდრე მაინც თავხედურად აპელირებ მითიურ პროცენტებზე!

მაგრამ დავუშვათ დაუშვებელი და ვითომ მართლაც 80% უჭერდა მხარს _ შე ვირეშმაკა, იმ გამოკითხვის თუ რეფერენდუმის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდა, ქართველებმა კარგად ვნახეთ ნატოს «კაიკაცობა» და ისიც, რომ თანამედროვე დასავლეთი, ე. წ. ევროპული ღირებულებები დღეს სხვა არაფერია, თუ არა ერთი დიდი სოდომ-გომორი, რომელიც წალეკვით ემუქრება ყოველივე კულტურულს და მართლაც ღირებულს მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განწყობები დღეს სხვაგვარი იყოს საქართველოში?

მაშინ ჩავატაროთ ახალი პლებისციტი, რატომ არ აკეთებს ამას «ქართული ოცნება»? იმიტომ, რომ ქართულ ოცნებებს დიდი დოზით გაერია სხვა, არაქართული (ეთნიკურობას არ ვგულისხმობ) ოცნებები და გეგმები. ბოლოსდაბოლოს ჩვენ 1 ოქტომბერს ბიძინასთან ერთად «ნაცების» ალტერნატივას მივეცით ხმა და რა მივიღეთ? ერთი-ორი ახალი სახე და სინამდვილეში ძველი რესპუბლიკელები, «თავისუფლების ინსტიტუტი», მისი გამოზრდილი ყოფილი კმარელ-მხედრიონელ-მოქკავშირელები მართავენ ქვეყანას!..

აქედან გამომდინარე, არავითარი კოჰაბიტაცია არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, რადგან, ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის განსხვავების  ანეკდოტის არ იყოს, «ნაცებსა» და «ქოცებს» შორისაც ფუნას ურმის ბორბალი რომ გადაუვლის, მხოლოდ ეს განსხვავებაა, ანუ დღეს «ქოცები» ოდნავ მეტნი არიან, ხვალ «ნაცები» იქნებიან ოდნავ მეტნი და ქართველი ხალხი, ეს მერამდენედ, _ კვლავ გაბითურებული

რუსეთმა სირიაში აჩვენა, რომ 25-წლიანი ამერიკული ჰეგემონია დასრულდა, ანუ დღეს მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის და ვის აძლევს ეს ხელს და ვინმეს მოსწონს თუ არა, ამის მიუხედავად, რუსეთი ნელ-ნელა იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს. აქედან გამომდინარე, მის ევრაზიულ პროექტს «გაქათმებული»  დასავლეთი ხელს ვერ შეუშლის.

რაც შეეხება უკრაინას, თუ ვირეშმაკობას მოვეშვებით, კიევი მართლაც გაკვეთილი შეიძლება აღმოჩნდეს. ანუ, ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ უკრაინის მოვლენები ჩვენამდეც მოაღწევს და, თუ 40-მილიონიანი უკრაინა მოარჯულეს, როგორმე ქართულ საკითხსაც მოუვლიან და რა ჯობია ჩვენთვის: როგორც თავის დროზე დსთში დაჩოქილები შეგვათრიეს  ჩვენთვის სასარგებლო ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ასევე იძულებით რომ მოგვიწიოს ევრაზიულ კავშირში შესვლა თუ ახლავე მივხვდეთ მოსახდენს და პირველ ეტაპზე ლტოლვილების დაბრუნების რეალური პერსპექტივის წინაპირობით გავხდეთ ამ კავშირის წევრი?

თუ არადა, მაშინ ვიძახოთ ძველებურად «ნატო, ნატო!», ისეთი ჯარი შევქმნათ, რომ რუსეთს აბაბანებდეს და იმავე რუსეთს «ვაჟკაცურად» შევაკვდეთ…

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. აფერუმდავით მხეიძე. შემშურდა, რომ ეს სტატია ჩემი დაწერილი არ არის. არადა, ვაპირებდი ამ სულისკვეთების სტატიის დაწერას. რაც შეეხება ტელევიზიებს, მაგიჟებენ, ერთ განსხვავებულ აზრს არ აჭაჭანებენ.

  2. მართალი ბრძანდებით,ბატ.დავით!ერთი ასო [არასამთავრობო],არ აღმოჩნდა,რომელიც გააპროტესტებდა ,რომ ქართული მედია ,შეკვეთით,ანუ ცალმხრივად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს/!ნეტავ რატომ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here