Home რუბრიკები საზოგადოება «ნატოში საერთოდ არ ფიქრობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე»

«ნატოში საერთოდ არ ფიქრობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე»

884

უკვე თვეზე მეტია, რაც გაზეთში «საქართველო და მსოფლიო» დაიწყო დისკუსია თემაზე _ გვინდა თუ არა ნატოაღსანიშნავია, რომ უკვე გარკვეულწილად დასკვნის გამოტანაც შესაძლებელია, საქართველოს მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია, ისინი იმდენი არიან, რომ საქართველოს მთავრობის დაფიქრებად ღირსადამიანები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს, მართლაც არგუმენტირებულად ასაბუთებენ, თუ რატომ არ უღირს საქართველოს ნატოში შესვლა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ იქნებ ხელს გვაძლევს კიდეც ნატოში შესვლა, თუ მთავრობა დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის და გაგვარკვევს იმ დოკუმენტების ტექსტების შინაარსში, რომლებზეც დღედღეზე ხელის მოწერას აპირებენო. მაგალითად, რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება და . .

 

მამა ელიზბარი (დიაკონიძე), «წმინდა გიორგის სადროშოს» დამფუძნებელი:

_ არასოდეს მომინდება, საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ეს არის თემა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წამოიწყო. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს სექსუალურად გაუკუღმართებული ხალხის აღზევებას და ეს არამარტო ჩვენზე ვრცელდება, ყველგან ასე ხდება. მაგალითად, პარიზის მერმა გეიაღლუმში მიიღო მონაწილეობა. გიგი უგულავას ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემი ქალაქის მერმა ასეთ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. მე არ მეგულება ქართველი მართლმადიდებელი, რომლისთვისაც ნატო ასეთ რამესთან არ ასოცირდებოდეს.

ნატო ჩვენგან ითხოვს მათი ორგანიზაციის წევრ ნებისმიერ ქვეყანასთან ჩვენს თანამშრომლობას, მათ შორის _ თურქეთთანაც, რასაც ვერასოდეს მოვიწონებ, რადგან თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახის წევრები მონებად მუშაობენ.

და, რაც ყველაზე მთავარია, ჯერ არ მახსოვს, ნატო ვინმეს დახმარებოდეს, ისე, რომ იმ ქვეყანაში უზნეობა და გახრწნილება არ გაევრცელებინოს.

_ მამაო ელიზბარ, ხელახლა რომ ჩატარდეს პლებისციტი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, მოსახლეობის რა რაოდენობა დაუჭერს მხარს?

_ საუბედუროდ, დაცვედნებულია ქართული აზროვნება და შეიძლება, იგივე შედეგი მივიღოთ, რაც ახალი პრეზიდენტის არჩევისას, თუმცა ამას არჩევას ვერ დავარქმევ. ადამიანები საკუთარ აზრს ვერ გამოთქვამენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეშინიათ კაცისა და არა ღვთისა.

ვალერი კვარაცხელია, პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერი:

_ არავითარ შემთხვევაში ნატო არ გვინდა. ეს ის გზაა, რომლითაც ჩვენ ჩვენს სამშობლოს, რომელიც ჯერ სამ ნაწილად არის დაშლილი, ცოტა ხანში რამდენიმე ნაწილად კიდევ დავშლით. 20 წელი გავიდა ნატოს მოლოდინში, სამწუხაროდ, ამას პოზიტიური არაფერი მოუტანია. მოგვიტანა მხოლოდ დაშლილი ქვეყანა, გაპარტახებული ეკონომიკა, გამათხოვრებული ერი, რომელიც ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ არის წასული. აი, ეს არის ნატოსკენ სწრაფვა.

ნატოსთან უფრო დაახლოებას ერთი და ძალიან დიდი მინუსი აქვს საქართველოსთვის, ყველა იმ უარყოფითთან ერთად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს არის თურქეთიზაცია. ყველაზე ახლოს ჩვენს მეზობლად ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთია, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისი პირადი გავლენის მოპოვებას, როგორც თავად იტყვიან-ხოლმე, დაკარგული აჭარის მიერთებას შეეცდება.

_ ახლა თქვენი ოპონენტი ამას რომ ისმენდეს, გეტყოდათ, რომ ნატო სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ და ავიცილოთ სხვა ქვეყნების ყოველგვარი ჰეგემონიაო.

_ თუ ამას ვინმე მეტყვის, ეს იქნება შიშველი განცხადება. ვერავინ დაამტკიცებს და დადებს იმ გეგმას, თუ როგორ აპირებს ნატო ჩვენს დაცვას და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო პრობლემის მოგვარებას. ადამიანები კი, რომლებიც ნატოს წინააღმდეგნი ვართ, ყოველთვის არგუმენტირებულად ვსაუბრობთ.

20 წლის განვალობაში, ვერც დასავლეთისგან და ვერც ამერიკისგან ვერაფერი მივიღეთ. თუ ვინმეს უფრო მეტი სიღრმეები აინტერესებს, ვეტყვი, საქართველო ამ გზაზე რუსეთის აგრესიის ობიექტი გახდა და განსაკუთრებით მწვავედ 2008 წელს დადგა საკითხი, რომ ნატო და ევროკავშირი დაგვხმარებოდა, მაგრამ დახმარება რაში გამოიხატა, ყველამ კარგად დავინახეთ. ამ ქვეყნებს არ აქვთ იმის პოტენციალი, რომ რუსეთს აშკარა წინააღმდეგობა გაუწიონ. პრაქტიკულად საქართველო დაიშალა, რუსეთმა საბრძოლო ოპერაციებიც განახორციელა, აფხაზეთი და ცხინვალიც ძალით აღიარებინეს, დასავლეთი კი სადღაც მიიმალა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჩვენ ვცნობთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო, რაც პრაქტიკულად არაფერს ცვლის.

აი, მაგალითად, რა მოხდა უკრაინაში: მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ქვეყანა დადგა არჩევანის წინაშე _ ან ურთიერთობა გაეგრძელებინა იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ისტორიულად არის დაკავშირებული, რაც გამოიწვეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ხალხის კეთილდღეობას გააუმჯობესებს, ან არის მეორე გზაც, რომელიც ევროკავშირთან აბსურდული ასოცირებისკენ მიდის, რაც რეალურად არაფრის მომტანი არ არის. თუკი ევროპასთან ასოცირებულ უკრაინას რუსეთი ისევე მოექცეოდა, როგორც ის ევროპას ექცევა, ათეულობით მილიარდს დაკარგავდა, მთელი უკრაინის სამრეწველო პოტენციალი საფრთხის წინაშე დგებოდა. უკრაინის მთავრობამ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ უკრაინის მოსახლეობის ერთი ნაწილი, გარკვეულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ერთად, თვალდახუჭული, მონუსხულივით მიექანება დასავლური სივრცისკენ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც კი იცის, რისი მომცემია. ასეთ დროს უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგიერთები პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ქვეყნისას, ზუსტად ისევე, როგორც საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები. უკრაინელების არჩევანი სწორი იყო, მაგრამ ახლა მთავარია, დასავლეთის ზეწოლას გაუძლონ. თუ იანუკოვიჩი ამას ვერ გაუძლებს და გადაწყვეტილებას შეცვლის, მაშინ ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დადგება ქვეყანა.

_ ვდგავართ თუ არა საშიშროების წინაშე, რომ ტერიტორიების გარეშე მოხდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია?

_ სამწუხაროდ, ამის რაღაც სიგნალები იყო, ვგულისხმობ, ნორლანდის განცხადებას: «როგორც რუსეთი ექცეოდა საქართველოს, ისევე ექცეოდით თქვენ აფხაზებსა და ოსებს». ეს ნიშნავს, რომ ის საქმეში ჩაუხედავია, მაგრამ ძალიან ცუდად მენიშნა, დასავლეთი და ნატო მიდიან იქითკენ, რომ აიძულონ ჩვენი ხელისუფლება, ჩაიდინონ სამარცხვინო და საშინელი საქციელი, აღიარონ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო დანარჩენი საქართველო გაამზადონ ნატოში შესასვლელად.

ასეთი რეალობის წინაშე ნამდვილად ვდგავართ.

იმედს ვიტოვებ, რომ ყოფილი პრემიერი პატრიოტი კაცია და ამას არ დაუშვებს. საქართველოს ისტორიაში არ დატოვებს თავის სახელს, როგორც ყველაზე სამარცხვინო მმართველი. და თუ მაინც წუთით დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ეს სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, ეს საქმე მაინც არ გამოვა, რადგან ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაშია.

ვფიქრობ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ეტაპის დაწყების წინაპირობა გაჩნდა. ეს არის არა კონფრონტაციის გზით სიარული, არამედ ინტერესთა გათვალისწინებით. ამისთვის არსებობს ბაზა პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც და, თუ გნებავთ, სამხედროც. ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა. რუსეთის ინტერესების გათვალისწინება მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთი დაიწყებს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას.

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახალი პლებისციტი იმასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა ნატო?

_ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თანაც არ მგონია, ნატოში ინტეგრაციას ქვეყანაში ბევრი მომხრე ჰყავდეს. მაშინ, როდესაც ეს გამოკითხვა ჩატარდა, ყველაფერი გაყალბებული იყო, მათ შორის _ ამ გამოკითხვის შედეგებიც. თუ ოდესმე ვინმე გადაწყვეტს ასეთი პლებისციტის ჩატარებას, მაშინ აუცილებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამაც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა.

2008 წლის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩვენ ძალიან ბევრი პრაქტიკული, თვალნათელი მაგალითები დავინახეთ, რა, როგორ უნდა განვითარდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი გამოკითხის აუცილებლობა დღეს ნამდვილად არ დგას. 20-წლიანმა გამოცდილებამ ამ გზის უპერსპექტივობა ნათლად დაგვანახა. საქართველოში ნატოს მომხრეები უმცირესობაში არიან.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

_ მთავარი საკითხი ნატოსთან დაკავშირებით ისაა, თუ რას მიიღებს საქართველო მასში გაწევრიანებით. წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი ნატოში ინტეგრაცია, სანამ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ და დაკარგული რეგიონები ჩვენი არ იქნება. წარმოუდგენელია იმიტომ, რომ დაკარგულ ტერიტორიებზე უარს ვერასოდეს ვიტყვით. ხელისუფლებას, რომელიც ამას გაბედავს, ხალხი გააძევებს. ასეთი პრობლემებით კი ნატოში საქართველოს არავინ მიიღებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ნატო ჩვენი გულისთვის რუსეთს არ დაუპირისპირდება.

_ ამბობენ, რომ შესაძლებელია ასოცირების ხელშეკრულების პროცესი დაჩქარდესო. ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, ემუქრება საქართველოს თურქეთის ჰეგემონია?

_ არ ვიცი, რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში, წარმოდგენა არ მაქვს და არამარტო მე, დარწუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილიც დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენ უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რა ხელშეკრულებაზეა საუბარი, რომ შემდეგ ცუდი ფაქტის წინაშე არ დავდგეთ. ვფიქრობ, სანამ რამეზე ხელს მოაწერენ, მანამდე შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. ის, რომ საზოგადოება საქმის კურსში არ არის და ხელი რაღაცას ეწერება, თავისთავად ამაზრზენი ფაქტია. ქართველი ხალხის ზურგს უკან არ უნდა ხდებოდეს არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა, ვერავინ უნდა ბედავდეს ასეთ დროს ხალხის აზრის იგნორირებას.

_ რამდენად ხორციელდება ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე შევიდეთ ნატოში? ამას წინათ ნორლანდმა ცუდი განცხადება გააკეთა _ თქვენ ისევე ექცეოდით აფხაზებსა და ოსებს, როგორც რუსები გექცეოდნენო.

_ ამ ტერიტორიების გარეშე ნატოში ინტეგრაციის არანაირი, არც იურიდიული და არც მორალური, უფლება არ აქვს ხელისუფლებას. ასეთ რამეს მხოლოდ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლება გააკეთებს. ნორლანდის განცხადებას რაც შეეხება, ჯობია, ამერიკის ელჩი გაერკვეს, ვის ეკუთვნოდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

_ 20 წელზე მეტია, ნატოსკენ ვისწრაფვით. რა მოუტანა საქართველოს ამ წლებმა?

_ არამარტო ნატოსკენ სწრაფვა, მთლიანად ეს 20-წლიანი პოლიტიკა, რომელიც დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან ხორციელდება, არასოდეს ყოფილა სახელმწიფოზე ორიენტირებული. ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა თავის პირადი ცხოვრების ან კლანის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. სწორედ ეს არის ჩვენი გაუსაძლისი ყოფის მიზეზი. ამ მდგომარეობაში ვართ დღესაც, ქართველებს ნატო უნდა გამოგვეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ და პანაცეად არ უნდა გვექცია. ნატოც კლანურ ინტერესებზე გათვლილი იყო.

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახალი გამოკითხვა _ გვინდა თუ არა ნატო, და მოსახლეობის რა რაოდენობა დაუჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას?

_ არ მგონია, რომ მოსახლეობის ისევ იმ რაოდენობამ დაუჭიროს მხარი ნატოში გაწევრიანებას, რამდენმაც 2008 წელს, თუ იქნება ნამდვილად ობიექტური პლებისციტი. ხალხის იმედგაცრუება იმან გამოიწვია, რომ ამ წლების განმავლობაში ნატოზე ფიქრი, სწრაფვა და ოცნება მითად იქცა. ნატოსკენ სწრაფვა მაგონებს კომუნიზმისკენ სწრაფვის პერიოდს, რომელიც ჰორიზონტზე ჩანდა და, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო გვშორდებოდა… რა მოაქვს ნატოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის? ეს საკითხი ჩემთვის გაუგებარია და მაშინ, როდესაც გაუთვითცნობიერებელი ხარ იმაში, თუ რას ნიშნავს ნატო შენი ქვეყნისთვის და უმთავრესი მოთხოვნის შესრულებისთვის, არანორმალურია იქითკენ სწრაფვა. განსაკუთრებით  როდესაც ეს ნატო სულაც არ ფიქრობს შენი ტერიტორიების დაბრუნების არანაირ გეგმაზე.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here