Home რუბრიკები საზოგადოება “ფსევდოლიბერალური ძალებისთვის, განსაკუთრებით– დასავლეთში, ქართული მენტალიტეტი მიუღებელია”

“ფსევდოლიბერალური ძალებისთვის, განსაკუთრებით– დასავლეთში, ქართული მენტალიტეტი მიუღებელია”

607

17 ნოემბერს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ოფიციალურად დასრულდა. ცხრაწლიანი ტერორი, შიში და რეპრესიები საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საზოგადოების სიხარული, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გაგრძელდება. «ნაცების» მიერ რესპუბლიკელების სახით დატოვებული პოლიტიკური შთამომავლობა წინამორბედის გზას არ ღალატობს. მეტიც, მენტალური რევოლუცია მძვინვარებს და შეტევა ეროვნულ ფასეულობებზე ადრინდელივით გრძელდება. რას მოუტანს ეს მიდგომა ერის თვითმყოფადობას, ამთავითვე ნათელია, თუმცა ხალხი ჯერჯერობით ახალ რეალობას სრულად ვერ აღიქვამს.

 

მოსახლეობაში სიმშვიდეა, ფსევდოლიბერალურ ძალებს გზა ხსნილი აქვთ; პარლამენტში კი უკვე ინიცირებულია რამდენიმე სახიფათო კანონპროექტი და, თუკი რესპუბლიკური პარტია მოინდომებს, ეჭვგარეშეა, რომ დაამტკიცებენ კიდეცსაით მიჰყავს ხელისუფლების პოლიტიკას ეროვნული იდეოლოგია და რა საფრთხეებს უქმნის იგი ქართულ იდენტობას, ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე.

_ ბატონო ავთანდილ, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ერთერთ სატელევიზიო ეთერში შეკითხვაზე _ ხართ თუ არა მორწმუნე? _ ასე უპასუხა: «მე და ქრისტე სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთო». ამით მან, ფაქტობრივად, ხაზი გაუსვა თავის დამოკიდებულებას რელიგიისა და სულიერებისადმი. როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლების პირობებში რეალურად რაიმე შეიცვალა ეროვნული ფასეულობების დაცვის კუთხით?

_ პირველ რიგში, ბერძენიშვილს მინდა, ვუპასუხო და უფლის სიტყვა გავახსენო: ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. გასაგებია, ვინ და რა ძალები დგას მათ უკან, მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: რწმენას, ღვთის სიყვარულს წინ არაფერი უდგას და ნებისმიერი მცდელობა, მის წინააღმდეგ გალაშქრების, იმთავითვე განწირულია დამარცხებისთვის. რაც შეეხება შეტევას ეკლესიაზე, ნამდვილად ყველა ვხედავთ, რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, თუმცა ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია. თავის დროზე, როცა ივანიშვილმა რესპუბლიკელები დაიყენა გვერდით, ვამბობდით, რომ დასავლეთი აძლევდა მას ამ მითითებას. სამწუხაროდ, ჩვენი შეფასება გამართლდა…

_ დავაკონკრეტოთ, რა მითითებას აძლევდა ივანიშვილს დასავლეთი?

_ მოგეხსენებათ, იმ ფსევდოლიბერალური ძალებისთვის, რომლებიც დღესდღეობით გაბატონებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და განსაკუთრებით დასავლეთში, ქართული მენტალიტეტი მიუღებელია. ამიტომ აქ უნდა მომხდარიყო ერთგვარი პოლიტიკური ჩანაცვლება იმავე იდეოლოგიის ახალი ძალით, რომელიც დაასრულებდა წინამორბედის დაწყებულ საქმეს. ამას რესპუბლიკელებზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა, ივანიშვილი კი, უბრალოდ, გამოიყენეს ამ ყველაფრის შესაფუთად, რადგან სამპროცენტიანი პარტია დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა არჩევნებში გამარჯვებას.

_ ვთქვათ პირდაპირ: რა მიზანი აქვთ ამ . . ლიბერალურ ძალებს საქართველოში?

_ მათი საბოლოო ამოცანა იყო და არის მართლმადიდებლობის დისკრედიტება. დასავლეთი აღშფოთებულია იმით, რომ ეკლესიას აქვს დიდი ავტორიტეტი, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მის შესამცირებლად. ხშირად გაიგონებთ ხოლმე ფრაზებს: ეს არაჰუმანურია, არადემოკრატიულია და ა. შ. ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიისთვის კი არა, ეს დემონოკრატიისთვისაა მიუღებელი.

_ 17 ნოემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, გაკეთდა განცხადება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება რეფორმების ახალი ტალღა. როგორ გესმით თქვენ ეს ყველაფერი? რა რეფორმებს უნდა ველოდოთ?

_ რეფორმები კი არ დაიწყება, ის უკვე მიმდინარეობს. აგერ ახლა სექსუალური განათლების შემოღებაზე დაიწყეს საუბარი სკოლებში. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 9 წლის მანძილზე ვერ მოასწრო, ამათ უნდა დაასრულონ. ამის ნიშნები უკვე არის.

_ რა შეიძლება დაუპირისპიროს საქართველომ ამ გლობალიზაციის პროცესს?

_ სახელმწიფოს დონეზე დაპირისპირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მათი ინტერესების გამტარებელია. გარდა ამისა, დიდი ხანია, საქართველო  მიერთებულია მთელ რიგ ისეთ კონვენციებს, რომლებიც პირდაპირ გვავალდებულებს მათი სტანდარტების დანერგვას ქვეყანაში.

მაგალითად, 2010-12 წლებში შემუშავდა სექსუალური განათლების ევროპული სტანდარტები, რომლებშიც ჩამოყალიბებულია, 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებს რა უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშაონ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საპროგრამო დოკუმენტი ახალი ხელისუფლებისთვის და ისინი ზედმიწევნით შეასრულებენ ყველა მითითებას. ძალიან არ მინდა, ჩემი მოლოდინი გამართლდეს, მაგრამ ვფიქრობ, მალე ჩვენ გავხდებით ფსევდოლიბერალურ ძალთა მხრიდან ახალი შეტევის მომსწრენი და ამისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.

_ რას იტყვით «იდენტობის» ინიციატივაზე უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნასთან დაკავშირებით?

_ ეს ხომ საერთოდ ცინიზმია?! ორგანიზაციამ, რომელიც ლგბტ პირების უფლებებს იცავს, როგორ შეიძლება, ბავშვი გაზარდოს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოვლენაა ევროპაში იუვენალური იუსტიციის მოძლიერება. ჩვენ, ფაქტობრივად, დღეს ვხედავთ, რომ დასავლეთში სწორედ ეს იუვენალური ფაშიზმი იკიდებს ფეხს და ხდება ტრადიციული ოჯახების შეზღუდვა, შევიწროება.

_ კერძოდ რაში გამოიხატება ეს?

_ მათ არ უნდა ჰყავდეთ შვილები, ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს ტრადიციულ ოჯახში და არ უნდა ვითარდებოდეს იმ ფასეულობებით, რომლებიც ბუნებრივად გააჩნია ადამიანს. კონკრეტული ფაქტებიც შემიძლია მოგიყვანოთ. მაგალითად, გერმანიაში, ოფიციალური მონაცემით, 2011 წელს 38 500 ბავშვი წაართვეს მშობლებს და მიაშვილეს ერთსქესიან ოჯახებს.

_ წართმევის მიზეზი რა შეიძლება გახდეს?

_ ამასწინათ ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ დაიჭირეს გერმანიაში მეოთხე კლასელი მოსწავლის მამა იმის გამო, რომ ბავშვმა გააცდინა სექსუალური განათლების ორი გაკვეთილი. ასევე ჩვენთვის ცნობილია ფაქტი, როგორ წაართვეს ჰოლანდიაში ლიტვიდან გადასახლებულ ეროვნებით რუს ქალბატონს ორი შვილი _ ტყუპები. მიზეზი კი იყო ადგილობრივი ენის არცოდნა, რაც თავისთავად აბსურდია. მერე ორივე ბავშვი გადაიყვანეს რომელიღაც აღმზრდელობით დაწესებულებაში და ახლა მათ ურთიერთშორის უკრძალავენ რუსულად საუბარს. ეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ფაშიზმის ელემენტები, ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში იკიდებს ფეხს.

_ მათ შორის _ საქართველოშიც?

_ ჩვენდა საუბედუროდ, ნიშნები აქაცაა. მე შემიძლია გითხრათ, რა რეკომენდაცია არის ევროპის მხრიდან საქართველოსადმი. მაგალითად, 2012 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში წერია: «იმის გათვალისწინებით, რომ მშობლის უფლებასთან და მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. სახელმწიფომ არასრულწლოვან ლგბტ პირებს უნდა შესთავაზოს ეფექტური დაცვა ოჯახური ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, რომელიც აიძულებს მათ, გაიარონ სამედიცინო მკურნალობა ორიენტაციის შესაცვლელად». ხვდებით აქ რაზეა საუბარი?! აი, ასეთი რეკომენდაციებია ევროპიდან და ჩვენ ვიცით, რომ რესპუბლიკური ხელისუფლების მოყვანის წინაპირობა იყო ზუსტად ამის განხორციელება. რას უნდა ველოდოთ მომავალში, საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს. ჩანაფიქრი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

_ დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ივანიშვილს დასავლეთისგან ჰქონდა ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოყვანის პირობა წაყენებული. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ანალოგიური წინაპირობის შედეგი ხომ არ იყო?

_ ამაში ლოგიკა ნამდვილად არის. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფლობს დიდ ფინანსურ ბერკეტებს, არაა იზოლირებული; ანუ ის არის მსოფლიო პიროვნება და შესაბამისად მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის კონტექსტში თამაშობს.

_ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი  იმთავითვე გამოჭერილი ჰყავდათ?

_ ეს სიტყვა რამდენად მიესადაგება მის მდგომარეობას, არ ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად იგი მძევალია თავისი მილიარდების. აქედან გამომდინარე, მას ყოველთვის მოუწევს რაღაც პირობების შესრულება და ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში.

_ საკუთარი საკონსტიტუციო ვადის ბოლო დღეები სააკაშვილმა მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის მიენიჭებინა მოქალაქეობა. ძირითადად, საუბარია თურქეთის მოქალაქეებზე, რომელთა შემოდინებამ უკვე სტიქიური ხასიათი მიიღო. როგორ ფიქრობთ, რეალურად რამდენად საფრთხის შემცველია ეს ჩვენთვის?

_ მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ეს არის მუსლიმანური რელიგიური ექსპანსია საქართველოში. ამას ხელს უწყობენ იგივე რესპუბლიკელები და ის ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან. გავიხსენოთ თუნდაც ჭელაში მინარეთის ამბებთან დაკავშირებული ისტორია. ჩვენ ვიყავით იქ ჩასული, შევხვდით მოსახლეობას და მათგან გავიგეთ, რომ თურმე დავით ბერძენიშვილმა დარეკა ადიგენის საკრებულოში ამ მინარეთის რესტავრაციის თაობაზე. არც მეტი, არც ნაკლები, ესაა თურქეთის პოლიტიკის განხორციელება და აქედან გამომდინარე, უკვე პერსპექტივაც სახეზეა…

_ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მიანიჭა მოქალაქეობა.

_ ჩვენ ყველა ჩვენი თანამემამულე და მონათესავე ხალხი გვიყვარს, მაგრამ ვერც ერთი ის წარმომადგენელი, რომელიც აქ ემსახურება თურქული პოლიტიკის განხორციელებას, ცნობიერი და სულიერი თვალსაზრისით, ვერ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ.

_ დასასრულ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც გკითხავთ: მარგველაშვილის გამარჯვებამ უკვე გარკვეულწილად გამორიცხა ამის შესაძლებლობა, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მაინცაა მოლოდინი. ხალხს მოქმედი პარლამენტი არ მიაჩნია ლეგიტიმურად. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში რამდენად რეალურია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება?

_ რესპუბლიკელები ყველანაირად ეცდებიან, ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ რეალურად დღეს მას და «ნაცმოძრაობას» არანაირი შანსი არ ექნება გამარჯვების. მეორეც, თვითონ «ოცნებაში» უკვე ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ რიგგარეშე არჩევნებში ისინი კოალიციის ფარგლებში ვეღარ გამოვლენ. ეს კიდევ უფრო ამცირებს მათ შანსებს. ასე რომ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა არ შესრულდეს ხალხის მოთხოვნა და არ დაიშალოს მოქმედი პარლამენტი.

_ თვითონ მარგველაშვილის ფიგურა რამდენად შეესაბამება საქართველოსა და ქართველ ხალხს, როგორ ფიქრობთ?

_ მარგველაშვილის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, _ ისიც იმავე ფრთას წარმოადგენს, იმავე «თავისუფლების ინსტიტუტთანაა» დაკავშირებული და მათი წარმომადგენელია. ჩვენ არავის წარსულში არ ვიქექებით, მაგრამ ლიბერალიზმი, როგორც ასეთი, მისთვის არსებობს. ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი ადრინდელი გამონათქვამები, მისი კავშირები «ნაცმოძრაობის» მაღალჩინოსნებთან და ა. შ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყველას გვიხარია, სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის დასასრული. ეს არის მართლაც დიდი შვება და ამოსუნთქვა ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, საბოლოოდ ხალხი მაინც არ დაუშვებს ამ მიღწევის ჩაფარცხვას და ერთსულოვნებით, ერთმანეთის გვერდით დგომით შეძლებს ყველა განსაცდელის გადალახვას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. გავიხსენოთ ჟან-კლოდ-მინიონისა და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი ბრიფინგი სტრასბურგში, სადაც ”ჩვენი მხრიდან” საზეიმოდ გაცხადდა: ”ჩვენ დაჩქარებული წესით შევასრულებთ ყველა ევროვალდებულებას”!!! ანუ… მეჩეთები, თურქები(თურქი-მესხები), რეგიონალური ენების ქარტია, სექსუმცირესობების გაფუფუნება… ეს ყველაფერი სააკაშვილს 2011 წლამდე უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ავტორიტეტის სრული დაკარგვის გამო, ვეღარ შეძლო. უზარმაზარი საპროტესტო მუხტი, დაგროვილი ამ პერიოდში, არ აძლევდა ამის საშუალებას. აი, სწორედ აქ გამოჩნდა დიდმეფულე, რომელიც სწორედაც მაგ დიდმეფულეობის გამო სასტიკადაა დამოკიდებული მის ”იდუმალ” პატრონებზე და შეუდგა ”საქმეს”… შესანიშნავად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები, და მუხტი, რომელიც სუვერენიტეტის დე-ფაქტო მოპოვებისაკენ იყო მიმართული, გაფანტა და გაანულა თითქმის(ის ხომ ”გაკოტრებულებს” არ ყიდულობს!)… შედეგები სახეზეა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here