Home რუბრიკები საზოგადოება დემურ გიორხელიძე: «ნაციონალების» დროს საბაჟო ბანდიტური ორგანიზაცია იყო

დემურ გიორხელიძე: «ნაციონალების» დროს საბაჟო ბანდიტური ორგანიზაცია იყო

568

რას გვიქადის უზარმაზარი საგარეო ვალის მომსახურება, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, რა მეთოდებით უნდა გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მნიშვნელოვან ნიშნულამდე და რამდენი პროცენტით გაიზრდება საქართველოში უმუშევართა რაოდენობა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე.

 

_ წელს ბიუჯეტს თითქმის 600 მილიონ ლარამდე შემოსავალი დააკლდა. ბიუჯეტის შემოსავლებში დაგეგმილი იყო ეკონომიკის 6%-იანი ზრდა, ხოლო მივიღეთ მაქსიმუმ 2,5%-იანი ზრდა. თქვენი აზრით, რა იყო არასწორი დაგეგმვის მიზეზი _ საკითხისადმი ხელისუფლების არაეფექტური მიდგომები თუ გამოუცდელობა?

_ ჩვენ შეფასებები უნდა გავაკეთოთ არა კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ უნდა გავიაზროთ, თუ როგორ რეალობასთან გვაქვს საქმე. წლის დასაწყისში ვწერდი, რომ მთავრობას უნდა ჰყოფნოდა გამბედაობა და წასულიყო ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნაზე იმიტომ, რომ ეკონომიკა გადასაწყობი იყო. გადაწყობა კი ყოველთვის გამოიწვევს ვარდნას. სუბიექტურ მხარეზე თუ ვისაუბრებთ, მთავრობა არ მოქმედებდა ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში და გააზრებული არ ჰქონდა სისტემური კრიზისი. ეს კი ძალიან მკაცრ ტრაექტორიას, თანმიმდევრულ და ზუსტ ქმედებებს მოითხოვდა. ინიციატივები, რომლებიც ცალკეული სამინისტროებიდან მოდიოდა, შენელებული იყო, რადგან მაინც ივანიშვილის ფაქტორი დომინირებდა მთავრობაში და მის გარეშე არავინ არაფერს აკეთებდა. მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის ერთიანი ხედვა არ ჰქონდა. მინისტრები მოქმედებდნენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ ცალკეული სამინისტროების დონეზე. ამით კი სინერგიის ანუ ურთიერთგავლენის ეფექტის მოხდენა, არ გახდა შესაძლებელი.

2013 წლის თებერვალში დავწერე, რომ ამავე წელს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკის ზრდა 2,5-3%-ზე მეტი. მაშინ მითხრეს, გაბრაზებული, ნაწყენი ხარ და ამიტომ ამბობ ამასო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ყველა წევრთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ ერთხელაც არ მკითხეს, რატომ ვფიქრობდი ასე. ინტერვიუებში, პირად საუბრებში ძალიან მკაცრ შეფასებებს ვაკეთებდი და მთავრობას ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ «წითელი ნათურები» უკვე ანთებული იყო. წინა მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა მოსმენის პრობლემა იყო და ეს გახდა შედეგი იმისა, რომ დროულად არ იქნა უსაფრთხოების მექანიზმები ჩართული. 

მთავრობის მეთაურები კმაყოფილნი არიან იმით, რასაც აკეთებენ. ყველანაირი პოზიცია, გამაგრებული უნდა იყოს შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პოზიციას სასწრაფო კორექტირება სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკა, რომელიც სულს ღაფავს. ეკონომიკა, რომლის მოცულობა არის ტრაგიკულად მცირე. საქართველოს შიდა პროდუქტი 13 მილიარდს არ აღემატება და მას, ჩვეულებრივი მეთოდებით, ნორმალურ სიდიდემდე ვერ მიიყვან. ქვეყანას, პრობლემების გადასაჭრელად, ზრდის ახალი ფაქტორები სჭირდება. ეს ფაქტორები კი გაჩნდება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა თანდათან ინოვაციურ რელსებზე გადავა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსები ბრუნვაში მოვიდეს და ეკონომიკის განვითარებაში ჩაერთოს. პარალელურად კი ჩავყაროთ საფუძვლები იმისა, რომ 8-10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ნელნელა ინოვაციურ რელსებზე გადავიდეს.

როდესაც მთავრობა ასეთი მასშტაბური სტრატეგიის ფარგლებში არ მოქმედებს და მათი გადაწყვეტილებები ყოველდღიურობის ფარგლებს არ სცილდება, მაშინ მთავარი სტრატეგიები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იფარება. არ მჯერა არანაირი სამთავრობო გადაწყვეტილების, რომელიც გრძელვადიანი ან საშუალოვადიანი სტრატეგიის ფარგლებში არ ჯდება.  გააზრებულობა იმისა, რომ ხარ სისტემური კრიზისის პირობებში, სრულიად განსხვავებულ აზროვნებას, სხვანაირ მართვას და გადაწყვეტილებების უფრო ღრმად მიღებას მოითხოვს. საქართველო რომ იყოს დალაგებული და ორბიტაზე გასული ქვეყანა, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეცდომების დაშვებაც ეპატიებოდათ. რეალობა კი სხვაგვარია, ქვეყანა არ ვითარდება და კრიზისიდან გამოსვლა აუცილებელია. ეს კი მხოლოდ ხისტი, კარგად მოფიქრებული და გაანალიზებული ნაბიჯებით შეიძლება. სხვა შემთხევაში ჩვენ 2014 წელიც ისეთივე გვექნება, როგორიც 2013 წელი.

_ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი წლისთვის უმუშევრობა კიდევ უფრო მოიმატებს და დსთ სივრცეში, სომხეთის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება. თქვენ ეთანხმებით ამ პროგნოზს?

_ ასიათასობით ადამიანს უნდა მუშაობა და ვერ იწყებს. მათთვის ფინანსები ხელმიუწვდომელია. აუცილებელია სამართლებრივი ცვლილებები, ერთიანი თამაშის წესების ჩამოყალიბება, ანტიმონოპოლიური კანონი, საბაჟოზე სამართლებრივი დამოკიდებულება და ა. შ. «ნაციონალების» დროს, საბაჟო ბანდიტური ორგანიზაცია იყო ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლების წრეში არ შედიოდა. დიახ, დღეს არავინ ძარცვავს ბიზნესმენს, არავინ უკავებს საბაჟოზე ტვირთს, მაგრამ ის წესები, რომლებიც ძველი ხელისუფლების დროიდან შემორჩა, შესაცვლელია. კერძო სექტორი კვლავ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის თავისუფლების მომენტი, არავინ ძარცვავს და არავინ ართმევს ქონებას, მაგრამ ეს სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში ნადგურდებოდა, ახლა ხელისუფლებისგან ხელშემწყობ პირობებს მოითხოვს. მათი უნარი და ნიჭი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს. ვიდრე საგადასახადო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებისკენ არ იქნება მიმართული, მანამ ძნელი იქნება ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი. მთავარია იმის გააზრება, რომ ჩვენ გვინდა არა უბრალოდ კერძო სექტორი, არამედ კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო დონეზე მოქმედი. ამას კი ძალიან გონიერი სახელისუფლო გადაწყვეტილებები და თავისუფლებები სჭირდება კანონის ფარგლებში.

_ პირველ რიგში, რა პრობლემები უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკის მაქსიმალურად მოკლე დროში განვითარებისთვის?

_ ისეთ პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. სხვა ყველა მაჩვენებელი მეორეხარისხოვანი და რეგულირებადია. მთავრობისთვის ყველაზე მთავარი უნდა იყოს, შეძლოს ადამიანების დასაქმება. თვითონ ხელისუფლება ვერ შექმნის სამთავრობო სტრუქტურებს, სადაც ეს ხალხი დასაქმდება. ხელისუფლება ვერ აიძულებს დიდ ბიზნესს, გაზარდოს სამუშაო ადგილები და ხალხი მიაღებინოს. ადამიანებმა თავად უნდა დაასაქმონ ერთმანეთი. შემოსავლების დონე იქნება ისეთი, რომელსაც თითოეული ადამიანი თავის დამქირავებელთან შეათანხმებს. რად გვინდა საუბარი სავალუტო რეზერვების გაზრდაზე?! სავალუტო რეზერვები თუ გეზრდება, ეკონომიკა გენგრევა. კორელაცია შენი სავალუტო რეზერვების ზრდასა და ეკონომიკის ზრდას შორის არ არსებობს. გამოდის, რომ ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში გაქვს, მათ შორის ადამიანური რესურსიც, ვერ აგიმოძრავებია. ვამბობთ, რომ არის ნულოვანი ინფლაცია, და მაქვს დეფლაციაც კი, ანუ ფასების კლება. თუ ამ ყველაფერს პროფესიულ დონეზე შევხედავთ, ეს არაა მთავარი მაჩვენებელი. მთავარი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილებია.

როგორ უნდა დავაბათ ინფლაცია, რომ სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ინფლაცია არ გამოიწვიოს? _ ეს პროფესიული საქმეა და ამის გაკეთება საკმაოდ იოლად შეიძლება კომპეტენტური ადამიანებისთვის. ჩვენს სიტუაციაში გაგებული არ არის ყველაზე მთავარი _ ეს ქვეყანა შეიძლება განვითარდეს საკუთარი მოქალაქეების შრომის ხარჯზე. ვერავითარი უცხო ინვესტიცია, დახმარება თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ვერ გაათავისუფლებს საქართველოს ხელისუფლებას გონიერი საშინაო და საგარეო პოლიტიკისგან. ყვარყვარესეული აქცენტირება იმაზე, რომ რაღაცას ხელს მოვაწერთ და ამით იბერია გაბრწყინდება, არის დილეტანტური ბჟუტური და მეტი არაფერი. მთავარია, შეგეძლოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შენი ხალხის ნიჭისა და უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ ხალხის ნიჭისა და უნარის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამას არა ევროკავშირი, არამედ გონიერი ხელისუფლება გააკეთებს. არაფერი აკეთო, ნაცრის  ქექვისას კმაყოფილი იყო, კონტრაგენტიც ნაპოვნი გყავდეს და შესანიშნავ დუეტში ყვარყვარიზმს ავითარებდე, არის გზა განუვითარებლობისკენ.

_ რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი, ფარავს თუ არა მას დღევანდელი ხელისუფლება და რის ფასად უჯდება მისი გადახდა ქვეყნის ბიუჯეტს?

_ საგარეო ვალის საკითხი ჯერჯერობით ტრაგიკული არაა, მაგრამ დამაფიქრებელია. ეკონომიკა რომ ვითარდებოდეს, საგარეო ვალზე ყურადღებას არ გავამახვილებდით. დღევანდელ ხელისუფლებას შევთავაზებდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ვალების თანხა ბიუჯეტის ხარჯებს გამოეყოფოდა. სხვა ხარჯები და შემოსავლები კი ისე დაიგეგმებოდა, რომ ბიუჯეტის პროფიციტი გვქონოდა, ანუ შემოსავლები უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე მიმდინარე ხარჯები. მაშინ ეს თანხები, რომლებიც ნამეტით შემოვიდოდა ბიუჯეტში, კრიზისში მყოფ ქვეყანასა და ხელისუფლებას მისცემდა შესაძლებლობას, მანევრები გაეკეთებინა. ეს თანხები კი, საბოლოო ჯამში, უკან დაბრუნდებოდა და ამით სტიმულს მისცემდა ეკონომიკას. მოკლედ, საბიუჯეტო პოლიტიკაც შესაცვლელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შეიცვალა. სწორედ ამიტომ, ნაკლებმოსალოდნელია, რომ გაისად წლევანდელზე უკეთესი შედეგი მივიღოთ.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here