Home რუბრიკები საზოგადოება რატომ მართავს ქვეყანას ნორლანდი და როგორ იყენებდა ივანიშვილი ამერიკის ელჩს თავისი მიზნებისთვის

რატომ მართავს ქვეყანას ნორლანდი და როგორ იყენებდა ივანიშვილი ამერიკის ელჩს თავისი მიზნებისთვის

616

ინაუგურაციას მაინც, ალბათ, მოჰყვება ახალი საკადრო პოლიტიკა, «იგი წავა და სხვა მოვა»… მოკლედ, ღარიბაშვილი, ალბათ, მართლაც შეეცდება, იყოს უფრო მკაცრი და სამართლიანი, ვიდრე მისი წინამორბედი. სასამართლო, პროკურატურა და შსს თუ აქამდე შეხმატკბილებულად ამბობდნენ უარს «ნაცების» გასამართლებაზე, ახლა, შესაძლოა, სხვა დრო მოვიდეს, მაგრამ «ნაცებისთვის» პასუხის მომთხოვნი მთავრობა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ გვეყოლება. საქართველოს მართავს ამერიკის ელჩი, ახალი პრემიერი ძალიან ჩქარობს კადრების საკითხში, _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

 

_ მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან სერიოზული ცვლილებებია, რას ნიშნავს ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნახელისუფლებას კბილაშვილზე უკეთესი პროკურორი სჭირდება თუ, უბრალოდ, ახალი სახე იყო საჭირო იმისთვის, რომ გაემართლებინათ, რატომ არ იჭერენ იმ «ნაციონალებს», რომელთაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი?

_ არა, აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე… ჯერ ერთი, ფარცხალაძე კბილაშვილზე უკეთესი პროკურორი ნამდვილად ვერ იქნება. სხვა თუ არაფერი, კბილაშვილი განათლებული ადამიანი და პროფესიონალია, უბრალოდ, პროკურატურაში ძველი კადრები დახვდნენ, ახალმა ხელისუფლებამ კი არ მისცა შესაძლებლობა, რომ რაიმე რადიკალური ცვლილებები განეხორციელებინა. დიახ, ბევრ რამეში იყო შეზღუდული, რასაც არ ამბობს, თუმცა მის გამოსვლებში ეს იგრძნობა.

რაც შეეხება ახალ პროკურორს, ჯერ ერთი, «ნაცმოძრაობის» აქტიური სახეა, ისევე, როგორც ახალი შს მინისტრი, კეზერაშვილის დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა. გარდა ამისა, ფარცხალაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის დროსაც მოხდა სკანდალური ფაქტი _ ამერიკელი კონგრესმენები რომ იყვნენ ჩამოსულები, სწორედ  მან განახორციელა ოპერაცია მერიის თანამშრომლების დაკავების მიზნით, რომელიც შემდგომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. აქედანაც აშკარად ჩანს, რომ ამ ადამიანს ბევრი რამ ეშლება პროცესუალური თვალსაზრისით, უფრო სწორად ეს ქმედებები მან მიზანმიმართულად განახორციელა. ეს ის მეთოდებია, რომლებიც აპრობირებული იყო «ნაცმოძრაობის» დროს. რა გასაკვირია?! ეს ადამიანი იმ დროს მუშაობდა და ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი იმ პერიოდის მეთოდები. ჭელაში მომხდარი ინციდენტიც მისი დამსახურებაა, მხოლოდ მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება. ჰოდა, ასეთი სამსახურებრივი შეცდომები რომ აქვს დაშვებული კაცს და ამავე დროს არასდროს უმუშავია პროკურატურაში, მისი მთავარ პროკურორად დანიშვნა, ბუნებრივია, მიზანშეუწონელია. ის არაკომპეტენტური კადრია და ამ თანამდებობაზე დაინიშნა მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ახალი ხელისუფლების მითითებები შეასრულოს. ესეც ისე დაგვისვეს სკამზე, როგორც მარგველაშვილი.

სხვათა შორის, ხერხეულიძემ  ჭიკაიძეზე განაცხადა, _ ისევ ჩვენი მომხრე გვეგონაო; გაუკვირდა, «ქართული ოცნების» მთავრობის წევრად, რომ დასახელდა ეს კაცი. აქ ასევე ნათესაურ-ნაცნობურ დამოკიდებულებას აქვს ადგილი, ეს ხომ ყოველთვის ასე იყო საქართველოში. დიახ, არ აქვთ პრიორიტეტი მინიჭებული პროფესიონალებს და ეს საგანგაშოა. არავის აქვს უფლება, მით უმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ივანიშვილის ფონზე მოვიდა (დამოუკიდებლად ღარიბაშვილი ვერასდროს გახდებოდა პრემიერი), საზოგადოების წინააღმდეგ წავიდეს და წარადგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩევა პროფესიონალიზმით ან იმ ღირსებებით, რომლებიც მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს.

_ «ნაცებს» სწორედ ამას არ საყვედურობდნენ?!

_ დიახ, ანალოგიური სიტუაციაა… არც 28 წლის ადამიანს, ჭიკაიძეს, აქვს ის გამოცდილება, რომ შსს-ს მმართველობის სადავეები ჩაუგდო ხელში. ვიმეორებ, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ერთგულების ნიშნით დაინიშნენ და არა პროფესიონალიზმის გამო. და ის, რომ ჭიკაიძის მამა წარსულში  პოლიციის თანამშრომელი იყო, ან თავად ჭიკაიძე რომ მუშაობდა შსს-ში გამომძიებლად (ნაცსისტემის გამომძიებელი, დაკავებები უშუალოდ ასეთი ადამიანების მხრიდან ხორციელდებოდა), არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კაცი მინისტრად დაინიშნოს. ესენი სააკაშვილის სისტემის ჭანჭიკები იყვნენ, რომლებიც დაკვეთებს ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, ასეთ ადამიანებს კი არ უშვებენ სამსახურებიდან, არამედ აწინაურებენ.

ასევე, მნიშვნელოვანია აქ ერთი გარემოება – როცა ერთი სისტემიდან გადადიხარ მეორე სისტემაში, აბსოლუტურად ყველას თავისი კადრები მიჰყავს. აი, ამ შემთხვევაშიც თვალნათლივ დავრწმუნდებით, რომ ფარცხალაძე მთელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილს წაიყვანს მთავარ პროკურატურაში. და, იცით, რატომ გააკეთებს ამას? ფარცხალაძეს რომ მისცემენ დავალებას, თავის ერთგულ ხალხს დაავალებს მის შესრულებას, ჰოდადაიწყება მეორე უკანონობის განხორციელება _ რეპრესიული მექანიზმი ამოქმედდება. და მერე საერთოდ ქვეყანაში რომელი სამართლიანობის აღდგენაზე იქნება საუბარი?!

_ თუმცა დღეს საზოგადოებაში რეპრესიების დაწყება აღიქმება, როგორც სამართლიანობის აღდგენა

_ არა, ეს არ არის სამართლიანობის დამკვიდრება. დანაშაული აქვს ჩადენილი ადამიანს, მაგრამ ხელისუფლების ნება არ არის, რომ წაუყენოს რეალური მტკიცებულებები. ეს იგივეა, რაც მოხდა ახალაიასთან დაკავშირებით – უყენებენ ისეთ ბრალდებებს, რომლებიც სასაცილოდ იქცა, ფაქტობრივად, პოლიტპატიმრად აქციეს ეს ადამიანი. და ყველა ინსტანცია ამ გამამართლებელ განაჩენებს დატოვებს ძალაში. ასევე, დიდი ალბათობაა, რომ მერაბიშვილის საქმეზეც დადგება გამამართლებელი განაჩენი. ეს ყველაფერი სამართლიანობასთან კავშირში ნამდვილად არ არის. პრემიერს ფარცხალაძე პროკურატურაში რეპრესიული მექანიზმის განსახორციელებლად სჭირდება. მაგრამ «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ არ იქნება რეპრესიები, რადგან ესენი კოაბიტაციაში არიან. «ოცნება» «ნაცების» გარეშე პარლამენტში არაფერს წარმოადგენს, რიგგარეშე არჩევნები არც ერთს უნდა, რადგან ვერც ერთი მოხვდება იქ. ამიტომ მათ ერთი ინტერესი აქვთ – როგორმე თავი გადაირჩინონ. ნახეთ, ვინ მიიწვიეს ინაუგურაციაზე? _ მხოლოდ «ნაცები».

ახლა ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ცვლილებისთვის საჭიროა სამი მეოთხედი ხმებისა, ანუ, თუ არ იქნება «ნაცმოძრაობის» თანხმობა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვერც ერთი ვერ განხორციელდება, ამიტომაც ესენი არიან გარიგებულნი და ეს პროცესი არ დასრულდება. საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ბუნებრივია, გარეგნულია დაპირისპირება სასამართლოსთან დაკავშირებითაც.

_ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პრესაში რამდენიმეჯერ გაკრთა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ევაჭრებოდა ახალ ხელისუფლებას, არ დამიჭიროთ და სამსახურიდან არ მოხსნათ არც ერთი ჩემი ერთგული კაციო. დასავლეთის დირექტივების გარდა, ესეც ხომ არ ადასტურებს იმ აზრს, რომ კოაბიტაცია სინამდვილეში გარიგება იყო?

_ ბუნებრივია, ეს აშკარად ჩანს. უცხოეთის ქვეყნებმა სააკაშვილს უთხრეს შემდეგი – ამ ეტაპზე ასეა საჭირო, თქვენ ხელშეუხებლები იქნებით, ხალხის თვალში ნაცრის შეყრის მიზნით მოხდება გარკვეული პირების დროებითი დაკავება, რამდენიმე თვე ისხდებიან ციხეში, შემდეგ სასამართლო, როგორც დემოკრატიის განსახიერება, გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს და გამოუშვებენ ამ ხალხსო. სხვათა შორის, ივანიშვილი და ძმანი მისნი აპელირებენ კიდეც იმაზე, რომ აგერ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და ჩვენ ვერ ჩავერევითო. არ არის ძველი დრო და «ნაცებივით» ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ სასამართლოზეო, ანუ ამ გარიგებაში სასამართლოს მექანიზმიც კარგად არის გამოყენებული. და გავიხსენოთ, როგორ ეახლა ივანიშვილი კუბლაშვილს, როგორც რეფორმატორს. მოკლედ, პირდაპირ გეტყვით: ივანიშვილი ყოველთვის ამ გუნდს ეხმარებოდა… გაიხსენეთ, 26 მაისზე, 7 ნოემბერზე და ა. შ. არც ერთი საპროტესტო განცხადება არ დაუფიქსირებია. დიახ, 2011 წლამდე არანაირი პროტესტი არ განუცხადებია. აი, როგორც ახლა სურს, კულისებიდან მართოს ხელისუფლება (ღარიბაშვილი ხომ არ იქნება რეალური მმართველი, ყველაფერი იქნება შეთანხმებული ივანიშვილთან), ანალოგიურად იყო სააკაშვილის დროსაც, აფინანსებდა და მაშინაც კულისებიდან მოქმედებდა. უბრალოდ, როცა დაინახა, რომ არაპროგნოზირებად მიშას ვეღარ მართვადა, მაშინ მოვიდა პოლიტიკაში. დიახ, კულისებიდან მართავდა «ნაცმოძრაობას» და ახლა აპირებს, «ქართული ოცნება» მართოს მაფიოზურად კულისებიდან.

_ ხელისუფლება ამბობდა, რომ დასავლეთიდან იყო პირდაპირი მითითება, არ დაეჭირათ «ნაციონალი» მაღალჩინოსნები, შეიძლება თუ არა და რამდენად კანონიერია, დასავლეთი ასე რომ ერევა საქართველოს შინაურ საქმეებში?

_ თუ თავმოყვარე ერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, არავის აქვს უფლება, დაგაძალოს რამე, თუნდაც კოაბიტაცია. ივანიშვილი უხეშად რევს ამერიკას ჩვენს შინაურ საქმეებში. ფაქტობრივად, აშშ-ის ელჩი მართავს დღეს ქვეყანას. რაღაც რომ ხდება, ამერიკის ელჩი რასაც იტყვის, ეს არის უზენაესი კანონი და მერე უმღერიან სხვა პარტიები და ადამიანები ოსანას. არც ერთ საელჩოს არ აქვს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ძვრებთან დაკავშირებით ან ცვლილებებთან დაკავშირებით მძაფრი კომენტარები აკეთოს. დიახ, ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ნორლანდს არჩევნების წინ. კი მაგრამ, ვინ არის ეს ამერიკის ელჩი ასეთი უკრიტიკო ფასეულობა?! შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც პირდაპირ ეუბნება ივანიშვილს, _ «ნაცები» უნდა იყვნენ ხელშეუხებლებიო.

_ შეიძლება თუ არა, ჩაიწეროს კანონში, რომ ყოფილი «ნაცები» ხელშეუხებლები არიან?

_ დიახ, ძალიან უნდოდათ, რომ პოლიტიკური ამნისტია გამოეცხადებინათ, მაგრამ ეს, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ ივანიშვილის ხელში. ვფიქრობ, არც ღარიბაშვილის დროს გამოუვათ. ღარიბაშვილი არაეფექტური პრემიერი იქნება, არ მინდა, სკეპტიკოსი ვიყო, მაგრამ ეს მისი ქმედებებიდან ჩანს. ჯერ პრემიერი არ არის და პირდაპირ წარდგინებას აკეთებს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის. რა გარანტია აქვს, რომ პარლამენტი დაამტკიცებს? ნომინალური  ორგანოა? გარანტიაა, ივანიშვილმა თქვა, ეს ასე იქნებაო. რატომ გადაიდგა ასეთი ნაჩქარევი ნაბიჯი მისი მხრიდან? აქედან გამომდინარე, უკვე ჩანს, როგორი მმართველობის სტილი ექნება ღარიბაშვილს _ ისეთივე, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს.

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. მადლობა ქალბატონ ქეთის,ამ ინტერვიუსთვის!საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს,თორემ მალე ,გვიან იქნება?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here