Home რუბრიკები საზოგადოება ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი უნდა მივცეთ!

ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი უნდა მივცეთ!

586

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა უაღრესად საჭირო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა. «ქართულმა ოცნებამ» პრეზიდენტად აირჩია კაცი მხარდამჭერების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობით, რომელიც მან ერთ წელიწადში დაკარგა _ ამომრჩეველთა 54 პროცენტი არ მივიდა არჩევნებზე. ეს ის ხალხია, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან ასარჩევი არავინ ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის უდიდეს ნაწილს ცვლილებები უნდა.

 

რას ვაკეთებთ?

თუ ვთანხმდებით, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ყველა ნიშანი სახეზეა, მაშინ საქართველოს ამ სისტემურ კრიზისში ეროვნული პარტიულ-პოლიტიკური აღმშენებლობა აუცილებლად სჭირდება! ამისათვის კი, როგორც ხელისუფლებისგან, ისე საზოგადოებისგან უნდა მოვითხოვოთ ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი რეფორმების გატარება, რომლებიც საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას.

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი არა ბატონი მარგველაშვილის გამარჯვება იყო, არამედ ის, რომ «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური რეაბილიტაცია მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ «ნაციონალები» საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ ძალად გაფორმდნენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პარლამენტის ლეგიტიმაცია მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ვინაიდან ეს პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას. თანაც საქართველო საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფო გახდა, ამას კი სჭირდება მრავალპარტიული მოაზროვნე პარლამენტი და არა ისეთი, როგორიც დღეს არის. დღის წესრიგში აუცილებლად გაჩნდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მრავალ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ არც საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება «ხსნა». თუ სახელმწიფო მართვაში აქტიურად არ ჩაებმებიან ინტელექტუალები, პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად არ გადაინაწილებენ ფუნქციებს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც, საეჭვოა, რომ ქვეყნისთვის მყარი შედეგი მალე დადგეს.

დღევანდელ დღეს, როცა გლობალურ მასშტაბებს იძენს პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში, ცხადია, ყველა, ვინც ფეხს შეაბიჯებს პოლიტიკაში, უნდა დაემორჩილოს მსოფლიო თანამედროვე პოლიტიკის სტანდარტებს, რასაც ჰქვია პოლიტიკური წესრიგი. ამ წესრიგის თავში კი ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან. ამდენად, ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული, როგორც არაფერი, ისე ყველაფერი, მითუმეტეს _ თუ ის ლიდერია.

ჩვენ არაერთი გულანთებული პოლიტიკოსი ვნახეთ, რომელთაც გულწრფელად სურდათ ეროვნული საქმეების კეთება, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულებს ამ მხრივ ბევრი ვერაფერი მოუხერხებიათ. ასეთ დროს კი, როცა არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ გააკეთო ის, რაც შენს ერს სჭირდება, პოლიტიკას კი არ უნდა გავემიჯნოთ, მიზნისკენ მიმავალი გზები უნდა შევცვალოთ. თუნდაც ამიტომ უნდა გავზარდოთ ამომრჩევლის პასუხისმგებლობა.

აუცილებელია, მოვითხოვოთ წინასაარჩევნოდ შეპირებული კანონის «საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე პარლამენტიდან გაწვევის შესახებ» მიღება. ვინაიდან ხელისუფლებაში მოსულ ყოველ ახალ ძალას თავსმოხვეული ისტორიული ფონი ხვდება. ქვეყნისთვის ტრაგიკული გადაწყვეტილებების მიზეზების დაუსრულებელი ძიება კი ცალკეული პიროვნებების შეცდომებთან გვაკავშირებს. და ეს ხდება დაუსრულებლად, რადგან თამაშის წესები უცვლელი რჩება. ამიტომ მოჯადოებულ წრეში დაუსრულებლად რომ არ ვიტრიალოთ, თუ მართლა გვინდა, სახელმწიფო ავაშენოთ, ისიც არა გარეშე ძალთა კარნახით, მაშინ ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა გადავინაწილოთ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ!

სავსებით ვიზიარებ არაერთგზის გამოთქმულ აზრს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა უნდა გამკაცრდეს: რომ ცესკო და საარჩევნო კომისიები ობიექტური კონკურსის საფუძველზე დაკომპლექტდეს, ისიც არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით! უნდა დაზუსტდეს ამომრჩეველთა სიები ისე, რომ საზოგადოებასთან ერთად არჩევნებში მონაწილე პარტიები მას ნდობას უცხადებდნენ.

 საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელია, გაუქმდეს როგორც მაჟორიტარული, ასევე რანგირებული პარტიული სიები, როცა ამომრჩეველი სიის პირველ ნომერს ირჩევს და მას მთელი «არმია» მიჰყვება საზოგადოებისთვის «კარგად ნაცნობი» თუ «უცნობი» სახეებით.

პარტიულპოლიტიკური რეფორმის გასატარებლად აუცილებელია, გადავიდეთ პროპორციული არჩევნების გერმანულ სისტემაზე, რომელშიც პარტიული სია რანგირებული კი არ არის, არამედ თავად ამომრჩეველი ირჩევს ამ სიიდან სასურველ კანდიდატებს. მანდატები პარტიებს შორის მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება, მაგრამ სიებიდან გადის ის ხალხი, რომელიც არა პარტიამ ამოირჩია და სიის თავში დააყენა, არამედ ამომრჩეველმა!

ასევე გასაზიარებელია აზრი, რომ საქართველო უნდა დაიყოს მრავალმანდატიან (მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად 10-დან _ 20 მანდატამდე) 10-12 საარჩევნო ოლქად. დაახლოებით ისე, როგორც 1992 წლის არჩევნებისას. პარლამენტართა რაოდენობა უნდა შემცირდეს 100 კაცამდე. ის რაოდენობა, რაც დღეს არის, დიდი ფუფუნებაა ჩვენისთანა ღატაკი ქვეყნისთვის. ბარიერი ან 3 პროცენტამდე უნდა შემცირდეს, ან სულ უნდა გაუქმდეს. ეს იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე მცირე პარტიებსაც მიეცეთ შანსი საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის.

აუცილებლად უნდა შეიცვალოს პარტიების სახელმწიფო დაფინანსების მავნე სისტემაც! პარტიული განვითარება საგრანტო კონკურსებით უნდა დაფინანსდეს! გრანტის გამღებნი კი, ცხადია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. გრანტებით დაფინანსების პირობებში აუცილებელია, წახალისდეს პარტიების დეცენტრალიზებული, ქსელური მოწყობა და შიდა პარტიული დემოკრატია. უნდა წახალისდეს პარტიული პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კვლევები, მათი საგამომცემლო საქმიანობა, ტექნოლოგიური განვითარება და ა. შ. და, რაც მთავარია, პარლამენტარებს უნდა ჩამოერთვას ყველა პრივილეგია: მანქანებით მომსახურება, მთელი ცხოვრება განსაკუთრებული პენსიები, იმუნიტეტი…

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ დიდი ფულის საშოვნელად. ამიტომ არის, რომ ასეთებს თბილი სავარძლებიდან წასვლა ყოველთვის უჭირთ ხოლმე. პარტიული ცხოვრებისთვის, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად უნდა იღვაწონ მხოლოდ მათ, ვისაც ამის მოწოდება აქვთ, ვინც იმუშავებს პრივილეგიების გარეშე. ისინი კი, ვინც აქამდე პოლიტიკაში მიდიოდა საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად, კეთილს ინებებს და წასვლის სურვილს დაკარგავს. ამისთვის სხვა პროფესიის არჩევა მოუწევს.

პარლამენტარების პრივილეგიებთან დაკავშირებით ურიგო არ იქნებოდა, თუ გავეცნობით სხვათა გამოცდილებას, კერძოდ, შვედების, რომელთაც, მაგალითად, კანონიც კი აქვთ, რომელშიც წერია, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს! მანქანებით მომსახურებასა და იმუნიტეტზე ხომ საუბარიც არ არის! არ გვაწყენდა ამ შვედური «სოციალიზმიდან» ჩვენც რაღაც გვესწავლა!

ბატონებო, გადახედეთ სახელფასო პოლიტიკას! არ შეიძლება მაჟორიტარი დეპუტატის ხელფასი შვიდჯერ ან რვაჯერ აღემატებოდეს მასწავლებლის ხელფასს და ორმოცდაოთხჯერ _ პენსიონერის პენსიას. არა მგონია, საკანონმდებლო ორგანოს ნებისმიერი წევრის საქმიანობა 8-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე პედაგოგის მოღვაწეობა, რომელსაც შეუძლია ქვეყანას 300 არაგველიც აღუზარდოს და 300 გარეწარიც.

საქართველოსთვის, ისე, როგორც მრავალი ქვეყნისთვის, უმთავრესი პრობლემა კადრებია. ხშირად გვესმის, ქვეყანაში საკადრო რესურსი არ არისო. მხოლოდ ქარიზმაზე ორიენტირებული ლიდერი საკადრო პოლიტიკას ვერ  წარმართავს, რადგან ერთგულების ნიშნით კადრების შერჩევა დამანგრეველია და არაფრისმომცემი ქვეყნისთვის. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებად თუ გამოდგება, ისიც დროებით. კადრების შერჩევა ყველა სფეროში უნდა მოხდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში.

ჩინოვნიკებისთვის მარტო ხელფასების გაზრდა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. რამდენიც გინდა, გადაუხადე ხელფასი, თუ ადამიანს მოწოდება არ აქვს, ის მხოლოდ «დროებით ერთგულებისთვის» თუ გამოდგება, წესიერად საქვეყნო საქმეზე მაინც არ იმუშავებს.

კიდევ ერთი: ღირსეულ პარლამენტარს არ უნდა რცხვენოდეს ხმის მიცემისას თავისი პოზიციის ღიად და საჯაროდ გამოცხადება. აგერ, ტრადიციულ ევროპულ პარლამენტებში (პირველ რიგში, პარლამენტარიზმის სამშობლოში _ დიდ ბრიტანეთში, თუნდაც ნიდერლანდებში და სხვაგანაც) კენჭისყრა მხოლოდ სახელობითი ტარდება! მაგალითად: დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი დღესაც მატყლის ტომარაზე ზის და ხმის მიცემისას სათითაოდ იძახებს დეპუტატებს. ხმის მიცემისას დეპუტატი ფეხზე უნდა წამოდგეს და ხმამაღლა თქვას: «ვეთანხმები» ან «არ ვეთანხმები» (თავის შეკავება გამორიცხულია!). ის ყოველ თავის გადაწყვეტილებაზე საკუთარი თავით აგებს ხალხის წინაშე პასუხს და როგორ იკადრებს, ან ვინმე როგორ დაუშვებს, დეპუტატმა თავისი გადაწყვეტილება ხალხს დაუმალოს?!

ესეც უნდა ვისწავლოთ და პარლამენტში ფარული კენჭისყრა უნდა ავკრძალოთ! ყველა კენჭისყრა, მათ შორის თუნდაც პერსონალურ საკითხებზე, მხოლოდ სახელობითი უნდა იყოს! არავითარი ტაბლო და პულტები! დეპუტატმა ხმა უნდა მისცეს არა პულტით, არამედ უშუალოდ, ხმამაღალი განცხადებით: უნდა წამოდგეს, თუ პარლამენტარის ღირსება აქვს, და სახალხოდ თქვას, რას ეთანხმება და რას _ არა!

ასე რომ, თუ მართლა გვინდა, სახელმწიფო ავაშენოთ, პირველ რიგში, . . პრივილეგირებულთა კასტაზე უნდა ვთქვათ უარი. ქვეყანაში ყველას თანაბრად უნდა მოეთხოვებოდეს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა და არა ისე, როგორც დღეს არის, როცა სახელმწიფოზე შეზრდილია ერთობ ძვირად შესანახი, არაეფექტური ბიუროკრატია. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, რომ «პრივილეგირებულთა კასტა» იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი, ვისაც ასეთი მოთხოვნები ექნებათ, ქვეყნის მართვის სადავეებთან არ მიუშვან. რეალურად ეს ასეც არის. ამისთვის კი საჭიროა, საზოგადოების აქტიური მოთხოვნით, საინფორმაციო საშუალებებმა გახსნან დახურული სივრცე, სადაც დრო და ადგილი ერთი და იმავე სახეებისთვის არის დათმობილი, მიუხედავად იმისა, დარჩათ თუ არა მათ რაიმე სათქმელი.

ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი  უნდა მივცეთ!

რას ვირჩევთ?

დღეს, როცა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმა _ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა ტოტალური  დაცვის  ეპოქაში, ფაქტობრივად, ფიქციად იქცა, როდესაც დაუფარავად ლაპარაკობენ მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადასინჯვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მსხვერპლად არ შეეწიროს ამა ქვეყნის ძლიერთა ახირებას? გამოსავალი ერთია: მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად ან ძალა უნდა გავხადოთ სამართლიანი, ან სამართალი _ ძლიერი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მსოფლიო თანამეგობრობასთან კიდევ უფრო გავაღრმავებთ, მაგრამ არა უმცროსი ძმის პოზიციებიდან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველებს, დასავლეთის მიმართ მადლიერებასთან ერთად მოკრძალებული საყვედურიც გვეთქმის, თუნდაც წლების განმავლობაში ჩვენი დემოკრატიის შეფასებაში იმ ორმაგი სტანდარტების გამო, რომლის გამართლება თვით ყველაზე თავგადაკლულ «მედასავლეთელსაც» რომ უძნელდება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება: ერთმა ქიზიყელმა გლეხმა თავის სათაყვანებელ «პატარა კახს» _ ერეკლეს რომ შეჰბედა: «მეფეო, შენ რომ ორს იტყვი, ერთი ჩემიც უნდა გაიგონოო!»

დემოკრატიული სამყაროს გვერდით ყოფნა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდენტური იყოს ევროკავშირის, ამერიკის ან სხვა სახელმწიფოთა მოსაზრებებთან. თუ გვსურს, საქართველო «თავისუფალ სამყაროში» ღირსეულ წევრად ვიხილოთ, მაშინ როგორც პიროვნული, ისე ეროვნული თავისუფლების ხარისხზეც უნდა ვიფიქროთ. სხვა შემთხვევაში ეს საშინელი მოჩვენებითი, ნახევრის ნახევრული სიკვდილი, დიდი ხანია, ჩვენი ხვედრი რომ გამხდარა, ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად დარჩება.

როდესაც თბილისში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივანი ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის შვილებს ლგბტ პრობლემაზე, როგორც მთავარ თემაზე, გვესაუბრება, ასეთ დროს ძნელია, იამაყო შენი ქვეყნით.

ხშირად ის, რის უფლებასაც აძლევენ თავს თავისი გამონათქვამებით უცხოელი პოლიტიკოსები, ამას თუნდაც განვითარებად, მაგრამ XXI საუკუნეში სუვერენულ ქვეყანას, ვერ უნდა უბედავდნენ. თვით ქვეყნის დაქუცმაცებულობის დროსაც კი მასში შემავალ სუბიექტებს, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროებს უფრო მეტი სუვერენიტეტი ჰქონდათ, ვიდრე ეს დღეს საქართველოს გააჩნია.

რაც შეეხება ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების შეცვლის მოთხოვნას, ეს, როგორც უკვე ითქვა, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია ენასთან, ტრადიციასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან. რამდენი რეზოლუცია ან რეკომენდაციაც უნდა მიიღონ ევროსტრუქტურებმა, მორწმუნეს ვერ დაავალდებულებ, «პატივი სცეს» იმას, რასაც მისი მრწამსით ცოდვა ეწოდება. თუ ცოდვას პატივსაცემ მოვლენად ჩავთვლით, იგი ცოდვა აღარ იქნება. როცა ცოდვაზე ვლაპარაკობთ, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ თავად უცოდველნი ვართ, მაგრამ სახელის დარქმევა ცოდვისთვის (და არა ცოდვილთან ანგარიშსწორება!) ჩვენი რწმენის საფუძველია.

ათი მცნება ყველა ქრისტიანისთვის ერთნაირად ჟღერს, მაგრამ რელიგიური პრაქტიკა სხვადასხვა გვაქვს. ცოდვის ცნების გამორიცხვა თვალსაჩინოა თანამედროვე მსოფლიოში. იგი სულ უფრო მისაღები ხდება. მეტიც _ ცოდვასა და .. ნორმას შორის საზღვარი იშლება.

აი, რის მიბაძვისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობრები!

ჩვენ, ყველანი, ცოდვილები ვართ. განსხვავება მხოლოდ ისაა, ვაღიარებთ თუ არა ჩვენი ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ და ბინძურ გამოვლინებებს «ნორმად» თუ ცოდვად ჩავთვლით? ეს ყველაფერი კი ძალზე სახიფათო ხდება, რადგან დღეს დემოკრატიის დამყარებისა და ხალხის დაცვის საბაბი ისე გაშარჟდა და გამარგინალდა, როგორც ერთ დროს დიადი საბჭოთა კავშირის მიერ დედამიწაზე სოციალისტურ-კომუნისტური სამოთხის დამყარების უტოპიური იდეები. ამაზე კი ჩვენს მდგომარეობაში მყოფი თითოეული ჩვენგანი, რომელმაც დემოკრატიის სახელით ამდენი მსხვერპლი გავიღეთ, მხოლოდ გულდაწყვეტით თუ ილაპარაკებს.

ახლა ისიც ვიკითხოთ, როგორია ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. მასთან დამოკიდებულებაში საქართველოს უკვე აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. მიიღოს დასავლური ფასეულობები, რათა ევროპისგან მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ჩვენი საერთო იდენტურობის შეგნებაში არსებითია არა სურვილები, არამედ ის, რომ ქართულსა და დასავლურ ცივილიზაციას მართლაც ბევრი რამ აქვს საერთო. ორივე ანტიკური კულტურისა და ბიბლიის ფესვებზეა აღმოცენებული. საქართველო, არამარტო ქრისტიანული რწმენით, თავისი კულტურით, ევროპის თანამეგობრობის მსგავსად, ისტორიული ფაქტებით ემყარება ევროპული კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის საერთო საფუძვლებს. ამდენად, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროსტრუქტურებისკენ, ეს არის მცდელობა, საქართველო დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოში. ამიტომ საუბარი ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტელიტაში იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, თუ როგორ «გადმოვნერგოთ» ევროპული ფასეულობები ჩვენს ნიადაგზე, არამედ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ეს ფასეულობები, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ კულტურაში როგორ ვეძიოთ.

მაგრამ ერთია, რას ვფიქრობთ ან რა გვსურს დასავლეთისგან და მეორეა, რამდენად თანხვედრია ჩვენი ამჟამინდელი შეხედულებები თანადროულ დასავლურ ფასეულობებთან. ამ მხრივ კი შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით  გარკვეულწილად დროში ვართ აცდენილნი. როდესაც ევროპის ქვეყნები საკუთარი ნებით თუ სხვისი კარნახით, მათი ტრადიციებისთვის უცხო კანონებს იღებენ, ამით ევროპელები თავად შორდებიან ევროპულ ფასეულობებს.

რადგან ფასეულობებს ვეხებით, მისი დეფინიციაც გავიხსენოთ: კულტუროლოგიის დარგს, რომელიც კულტურის სფეროში ფასეულობას სწავლობს, აქსიოლოგია ეწოდება. აქსიოლოგიაში ფასეულობანი აპრიორულია იმიტომ, რომ ფასეულობისთვის პრიორიტეტის მინიჭების კრიტერიუმი მყარია. ეს კრიტერიუმებია: ფასეულობათა დროში შემოწმებული მარადიულობა. მათი გაუფასურების მიზნით დეკოდირებამ არ შეიძლება ნორმალური ფსიქიკისა და მენტალობის მქონე ადამიანში გამოიწვიოს კმაყოფილების გრძნობა. ამიტომ არის, რომ ყველა დროსა და ყველა ერში ეროვნულ კულტურას განსაკუთრებული მისია აკისრია. იგი აქცევს ხალხს ერად, ერს კი მხოლოდ დამოუკიდებელსა და თავისუფალს შეუძლია გამოავლინოს მთელი თავისი სულიერი მშვენიერება, რაც არამარტო მისთვის, მთელი კაცობრიობისთვის არის საჭირო და აუცილებელიც! კულტურის ტრადიციული, ისტორიული ხასიათის ხელოვნური შეცვლის ცდა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მთელ ხალხს, მთელ ქვეყანას ეპიგონობისკენ უბიძგებს. ეპიგონური კულტურა კი ეროვნული ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ შეასრულებს განგებისგან დაკისრებულ მოვალეობას _ ხალხი გარდაქმნას ერად!

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას, ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ _ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში. ამიტომ არის, რომ დღევანდელ დღეს, საკმაოდ რთულ და ბოლომდე გაურკვეველ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც სამართალი არ არის ძლიერი, ხოლო ძალა _ სამართლიანი, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერებისთვის ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა და «მკვდარი მიმბაძველობა» ხელოვნურად შექმნილი «მითიური სამყაროს» მიმართ გაცილებით სახიფათოა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობის საფრთხეს რეალურად აჩენს.

დიახ, ჩვენ კვლავაც მოსალოდნელი ცვლილებებით აღსავსე მომავლის წინაშე ვდგავართ. ამიტომაც არის, რომ უკვე არავის უკვირს, როცა წმინდა აკადემიური კულტუროლოგიური თემები პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება ხოლმე. როგორც არაერთგზის აღნიშნულა თვით მეცნიერთა შორისაც, დღეს კულტურა, მისი «დაუფლების» პრეტენზიით თუ «შენარჩუნების» წადილით, ომია და ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას თავს ვერავინ აარიდებს.

წავიდა ის დრო, როდესაც წლების განმავლობაში საქართველოში «ჯვაროსნული ლაშქრობა» მენტალური რევოლუციის დამკვიდრებისთვის თავგამოდებით რომ ხდებოდა. ხოლო იმის განსაზღვრისთვის, თუ რა მოგვცა შედეგად, შედარებისთვის, ვფიქრობ, ასეთი მაგალითიც გამოდგება:

მოგეხსენებათ, ნორმები ისეთი მყარი არ არის, როგორც ღირებულებები, მაგრამ მათი ზემოქმედების ძალა საზოგადოებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამაში კი ადვილად დავრწმუნდებით, მითუმეტეს, თუ მის შეცვლას მოვინდომებთ. სოციოლოგმა არნოლდ გარფინკელმა ამის ჩვენება ერთი ექსპერიმენტის ჩატარებით გადაწყვიტა. მან სტუდენტებს სთხოვა, მშობლებისთვის ფამილარული მიმართვის მაგივრად ოფიციალურად მიემართათ. მისტერ, მის და ა. შ. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიმართვა სიყვარულისა და პატივისცემის ხარისხს სრულებითაც არ აკნინებს, მშობლებისთვის ის სრულიად უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც აღშფოთებაც კი გამოიწვია.

ჩვენ კი, ჩვენ შემთხვევაში, ნორმაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ღირებულებებზე. მის განმარტებას კი, ტენდენციურობაში რომ არ ჩამომერთვას, ქრეგ კალჰუნს, დონალდ ლაითს, სუზენ კელერს მივანდობ. აი, რას წერენ ისინი: «ღირებულებები ის მტკიცე და ურყევი კრიტერიუმებია, რომლებიც კარგისა და ცუდის, სასურველისა და არასასურველის, კეთილისა და ბოროტის გარჩევაში გვეხმარება. ღირებულებები ის მუდმივი, ხშირად გაუცნობიერებელი და გამოუხატავი სტანდარტებია, საიდანაც გარკვეული ქმედებები, მიზნები, მოვლენები აღმოცენდებიან ხოლმე. ისინი ჩნდებიან გარკვეულ სიტუაციაში და რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე. ღირებულებები ადამიანების მუდმივი თანამგზავრი ხდება».

ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერებისთვის «მენტალური რევოლუციით» თავსმოხვეულ ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა და «მკვდარი მიმბაძველობა» ხელოვნურად შექმნილი «მითიური სამყაროს» მიმართ საგანგაშო გახდა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობა საფრთხის წინაშე რეალურად დააყენა.

საზოგადოება, რომელიც თავისავე წარსულს ზურგს აქცევს, კულტურულ და ისტორიულ ამნეზიაში ვარდება და იდენტიფიკაციის უნარს კარგავს, რამეთუ როგორც კოლექტივის, ასევე ცალკეული ინდივიდის იდენტობა მეხსიერებასთან არის დაკავშირებული. დიახ, ჩვენ კვლავაც დამოკიდებულნი ვრჩებით ისტორიაზე. მხოლოდ წარსულში დაბრუნებით არის შესაძლებელი უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი. ხოლო ის კულტურები და საზოგადოებები, რომლებიც საკუთარ წარსულს ზურგს აქცევენ, კავშირს წყვეტენ ღირებულებებთან. ფასეულობები ხომ  წარსულის საჩუქარია.

თავის «ისტორიის ფილოსოფიაში» ჰეგელმა გამაოგნებელი ისტორიული კანონზომიერება აღმოაჩინა, მისი აზრით: «ცივილიზაციების ნგრევას და გადაშენებას მათივე ძირითადი პრინციპების ავადმყოფური ინტენსიფიკაცია იწვევს». ეს თვალსაზრისი შემდგომ სხვა მკვლევარებმაც გაიზიარეს.

 ცნობილია, რომ ყოველ ცივილიზაციას წინ უსწრებდა სხვა ცივილიზაციები. ცნობილმა ინგლისელმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბმა 21 შემთხვევა გამოიკვლია, როდესაც ასპარეზზე მოსული ახალი ცივილიზაცია გაცილებით ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე წინამორბედი და თავისი კულტურითა და განვითარების დონით კოჭებამდეც კი ვერ სწვდებოდნენ მათ, ვის ადგილსაც იკავებდნენ. ა. ტოინბმა დაასკვნა, რომ თითოეული ცივილიზაციის შიგნით თავს იჩენდნენ და თანდათან ძლიერდებოდნენ თვითგანადგურებისკენ მიმართული იდუმალი ძალები. და ეს საკმარისი იყო, რომ მისი დაცვა შეუძლებელი გამხდარიყო.

გავიხსენოთ გამოჩენილი ფილოლოგი, იურისტი, ნუმიზმატი, ეპიგრაფისტი, თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწე და, პირველ რიგში, უდიდესი ისტორიკოსი _ თეოდორ მომზენი, რომელსაც გამოკვლეული აქვს რომის ისტორიის თითქმის ყველა საკითხი. გენიალურ გერმანელ მეცნიერს მხატვრული ნაწარმოები რომ არასოდეს დაუწერია, ნობელის კომიტეტმა 1902 წელს პრემია მხატვრული ღირსებებისთვის მიანიჭა მის მონუმენტურ ნაშრომს «რომის ისტორიას». მომზენის ამ ფუნდამენტური გამოკვლევის დასკვნა დღეს, როგორც გაფრთხილება, ისე ჟღერს: «რომი გარყვნილებამ დააქცია!»

ამ მხრივ რომი არ იყო არც პირველი და უკანასკნელი, ყველა ცივილიზაცია, რომელმაც ზურგი შეაქცია საკუთარ წარსულს და გარყვნილების ჭაობში ჩაეფლო, უბრალოდ, გაქრა. როგორც ჩანს, საქმე ისტორიულ კანონზომიერებასთან  გვაქვს. ამიტომ _ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნებით თუ უნებლიეთ, თავადვე არ ვიქცეთ ჩვენივე ცივილიზაციის მესაფლავეებად, რათა ქართული კულტურის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ ქართველი ერის უმეტეს შვილთა უმთავრეს საზრუნავად იქცეს?

მაგრამ, სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემდეთ, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან, უწინარესად, მკაფიოდ და გარკვევით უნდა ითქვას სათქმელი: ვემიჯნებით იმ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო დღემდე, თუ ინერციით მას კვლავაც ვაგრძელებთ?

ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული დამნაშავეების დასჯა.

გიორგი მჭედლიშვილი,

ისტორიკოსკულტუროლოგი, პროფესორი,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

1 COMMENT

  1. 50 წელს გადაცილებულების დრო თუ დადგება? წმინდა სინდისით და ლოდინისგან განერვიულებულები ელოდებიან ახალ დროს. ნიჭიერებით და საქმის სიყვარულით რომ გამოადგებიან ერს და საკუთარ ხალხს.

  2. დიდი ხანია ასეთი შესანიშნავი წეილი არ წამიკითხავს.სრულ სიმართლეს ბრძანებს ავტორი. ვინ არის ამის გამგონე? აგერ უკვე 30 წელია, ჩვენ ვერ შევძელით მართვის სათავეებში ნიჭიერი და იდეალების მქონე ადამიანები მოგვეყვანა. გვყვანან კი ასეთები? პოლიტკურ ელიტას აღზრდა უნდა. ვინმეს უზრუნია ამაზე? რასაკვირველია, კიდევ გვყვანან ცალკეული ინდივიდები, მაგრამ პასუხისმგებელი სერიოზული ჯგუფები არსად მეგულება. ამ პარტიებმა, რომლებიც სინამდვილეში არც ერთად და არც ცალ-ცალკე არავის არ წარმოადგენენ, ჩაგვითიეს საკუთარ უსაგნო კინკლაობაში. სად არის გამოსავალი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here