Home რუბრიკები პოლიტიკა «ნაციონალებს» კბილაშვილი სანატრელი გაუხდებათ?

«ნაციონალებს» კბილაშვილი სანატრელი გაუხდებათ?

629

არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი დატოვა, მის შემცვლელად ოთარ ფარცხალაძე დასახელდა. მოჰყვება თუ არა ამ საკადრო გადაწყვეტილებას პროკურატურის გააქტიურება სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამან? რა არ მოსწონდა საზოგადოებას კბილაშვილის მუშაობაში და რას ელოდება ახალი მთავარი პროკურორისგან? ვის სურს ფარცხალაძეში «ქართველი ვიშინსკი» დაინახოს? პასუხებს ამ კითხვებზე საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი, რამდენიმე დღეა, დიდი ინტერესით ეძებს.

 

ძველი ცოცხი ცუდად გვის

ვიდრე პერსონალიებზე გადავალთ, ალბათ, ორიოდე შტრიხით ის სიტუაცია უნდა აღვწეროთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ შეიქმნება. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ «ქართული ოცნების» მხარდამჭერთა ნდობა ივანიშვილის მიმართ მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება იმ პოლიტიკოსებზე, რომელთაც ის ხელისუფლებაში ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ივანიშვილის რჩეულები არიან, საზოგადოება მათ ხშირ შემთხვევაში უნდობლობით ეკიდება და არ იცის, რას უნდა ელოდოს მათგან; განსაკუთრებით ეს მათ ეხება, ვინც პოლიტიკურ ავანსცენაზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის (და მისი გუნდის) წინაშე პოლიტიკური კაპიტალის სწრაფი დაგროვების ამოცანა დგას. მისი წარმატებული გადაწყვეტის გარეშე ახალ მთავრობას დიდი სირთულეები შეექმნება (პრაქტიკულად გარდაუვალ) მომავალ დაპირისპირებაში პარლამენტში გამაგრებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რაზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ყველასთვის ცხადია, რომ მყისიერად არც ეკონომიკური სასწაული მოხდება და არც გარღვევა უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებით (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ან, მაგალითად, ნატოში გაწევრიანება). ერთადერთი თემა, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობას შემჭიდროებულ ვადებში ფართო მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა დასჯაა დანაშაულისთვის, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, შესაძლოა, ჩაიდინეს (იმისთვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დავარღვიოთ, ალბათ, აჯობებს ფორმულირებაში ეს «შესაძლოა» ჩავრთოთ), რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი მოუთმენლად მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავრობა საქმით დაამტკიცებს, რომ კოჰაბიტაციის ძალზე არაპოპულარული პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა და ის ყველა დამნაშავის დასჯას აპირებს, დიდი ალბათობით, მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას და მხარდაჭერას მოიპოვებს.

საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ დასავლეთი ახალ ხელისუფლებას სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივ დევნას უკრძალავს. მაგრამ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებში მსგავსი პოზიცია არ ფიქსირდება; ერთადერთი, რასაც ისინი მოითხოვენ, დამაჯერებელი მტკიცებულებები და პროცესების გამჭვირვალობაა. რა თქმა უნდა, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, რომ საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილიყო, რადგან არ სურთ, კაცთმოძულე რეჟიმის სპონსორებად წარმოჩინდნენ, მაგრამ მყარი მტკიცებულებების წინააღმდეგ ისინი ვერ წავლენ, რადგან ეს უფრო დიდ საიმიჯო, ხოლო პერსპექტივაში, შესაძლოა, გეოპოლიტიკურ დანაკარგებს დაუკავშირდება. მოკლედ, არანაირი აკრძალვა და «წითელი ხაზი» არ არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ლობისტები საპირისპირო შინაარსის მითებს ავრცელებენ), საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ სიმტკიცის და თანმიმდევრულობის გამოვლენა, პროკურატურის რეალური ამუშავება სჭირდება, რომელსაც ამ პროცესში ცენტრალური როლი ენიჭება.

დღეს არჩილ კბილაშვილს ტალახს ესვრის ყველა, ვისაც კი არ ეზარება, თუმცა მისი «პერსონალური საკითხის განხილვა», ალბათ, «ნახევრადცარიელი თუ ნახევრადსავსე ჭიქის» პრობლემამდე მიგვიყვანს. კბილაშვილს დიდ მინუსად შეიძლება ჩაუთვალონ ის, რომ საკადრო პოლიტიკა არასწორად წარმართა, არ გაწმინდა პროკურატურა «ნაციონალების» ერთგული კადრებისგან (ფულის, კომპრომატის თუ სხვა მიზეზების გამო ინარჩუნებდნენ ამ ერთგულებას _ ცალკე საუბრის თემაა) და შედეგად მიიღო საბოტაჟი, უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვა და შეფერხებები უმნიშვნელოვანესი საქმეების გამოძიებაში. სისუსტედ კბილაშვილს, აგრეთვე, შეიძლება ჩაუთვალონ გადაჭარბებული ჰუმანურობა, გაუბედაობა, ის (არცთუ უმნიშვნელო ნიუანსია), რომ როგორც ადვოკატი, ქვეცნობიერად ბრალდებულის მხარეს დგებოდა და ეს მტკიცებულებების შეგროვება-დამუშავების პროცესზე, მათი შეფასების კრიტერიუმებზე ბრალდებისთვის საზიანო ზეგავლენას ახდენდა. მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ მთელ რიგ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებამ წინ წაიწია და, რაც მთავარია, კბილაშვილის ხელმძღვანელობის თვეებში დაიწყო პროკურატურის, როგორც რეპრესიული მანქანის, დემონტაჟი, მისი გათავისუფლება იმ ფუნქციისგან, რომელსაც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ასრულებდა. ამას კი, ტაქტიკური პრობლემების მიუხედავად (პროკურატურა უბრალოდ არ «დებდა» იმ შედეგს, რომელსაც მისგან საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვდა), გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდთან დაკავშირებით, ცალსახად დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გამოტანა, ალბათ, არ გამოგვივა. ამ ურთულეს გარდამავალ პერიოდში, ცალსახა ნეგატივის გარდა, ალბათ, პოზიტიური მომენტებიც უნდა დავინახოთ. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მართვის სტილი და შესაძლებლობები იმ გამოწვევების შეუსაბამოა, რომელთაც პროკურატურას პოსტკოჰაბიტაციური რეალობა უყენებს.

პროკურორებად არ იბადებიან

არჩილ კბილაშვილისგან განსხავებით, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდეც საკმაოდ ცნობადი პიროვნება იყო, ოთარ ფარცხალაძის შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გვარმა ბოლო თვეებში მედიაში ორჯერ გაიჟღერა: დიდი ოდენობის თანხის მითვისება-გაფლანგვისთვის თბილისის მერიის თანამშრომელთა დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებით (იმ დღეს თბილისს ნატოს გენმდივანი და წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა) და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გამო, რომელსაც კინაღამ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში ფარცხალაძე ნაკლებად ფიქრობდა თავისი გადაწყვეტილებების პოლიტიკურ შედეგებზე და, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა. თუ არჩილ კბილაშვილი მაინც ორჭოფობდა (და ეს ზოგიერთი ინტერვიუს ქვეტექსტში აშკარად იგრძნობოდა) და ფიქრობდა იმაზე, რა გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს მის ნაბიჯებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ოთარ ფარცხალაძე მსგავსმა აზრებმა შეიძლება საერთოდ არ შეაწუხოს. კაცმა რომ თქვას, ამ (გეო)პოლიტიკურ მატერიებზე ფიქრი მთავარი პროკურორის საქმე არც არის.

«ნაციონალები» მათთვის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ვარიანტად მთავარ პროკურორად ლაშა ნაცვლიშვილის დანიშვნას განიხილავდნენ და ამ გადაწყვეტილების გაჟღერებისთანავე დიდი საინფორმაციო შეტევის დაწყებას აპირებდნენ (თავდასხმები ნაცვლიშვილზე, პრინციპში, არც არასოდეს შეუწყვეტიათ, უბრალოდ, მათი მასშტაბი მკვეთრად გაიზრდებოდა), რათა ახალი მთავარი პროკურორის დისკრედიტაციით, პროკურატურის (და შესაბამისად, მისი ბრალდებების) გაუფასურება მოეხდინათ. მაგრამ ხელისუფლებამ ავანსცენაზე არა ნაცვლიშვილი ან სხვა, «ქართულ ოცნებასთან» აშკარად ასოცირებული პიროვნება, არამედ ნაკლებად ცნობადი, ერთი შეხედვით ნეიტრალური ფიგურა გამოიყვანა და ამ მხრივ ქვეყნის ყოფილ მმართველებს საქმე გაურთულა.

ზოგიერთმა «ძირძველმა» და თანმიმდევრულმა ოპოზიციონერმა ახალ გენპროკურორს შეიძლება მინუსად ჩაუთვალოს ის, რომ ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სააკაშვილის მმართველობის წლებშიც მუშაობდა (ისევე, როგორც ახალი შს მინისტრი მერაბიშვილის პოლიციაში, თანაც ბოლო მომენტამდე), თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველაზე შედეგიანად ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ მათივე კადრები მოქმედებენ. არანაირი პარალელები, მაგრამ 1938-ში შინსახკომში ეჟოვის გუნდი არა ბერიას მიერ მოყვანილმა ახალმა კადრებმა დაგლიჯეს (ამ სიტყვის ლამის პირდაპირი მნიშვნელობით), არამედ ეჟოვის ყოფილმა ხელქვეითებმა, რომელნიც ახალი ხელმძღვანელობის წინაშე თავის წარმოჩენას გაათმაგებული ენერგიით ცდილობდნენ. მოგვიანებით, ლავრენტი პავლოვიჩმა მათი უმრავლესობა იგივე გზას გაუყენა, თუმცა ზოგიერთი «განსაკუთრებით ნიჭიერი» უწყებაში დატოვა.

ფარცხალაძის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ღარიბაშვილის პროტექციასთან ერთად, შესაძლოა, მისმა სამუშაო გამოცდილებამ შეასრულა. მას, პრინციპში, საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ «შავი ფულის» კვალზე გავიდეს, ბიძინა ივანიშვილი კი ყოფილი მმართველების (შესაძლოა, დანაშაულებრივი) საქმიანობის ამ ასპექტს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა. დაუდასტურებელი, თუმცა ფართოდ გავრცელებული ინფორმაციით, მან სპეციალური საგამოძიებო (ცხადია, არაფორმალური) ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ როგორ მუშაობდა «ნაციონალების» საიდუმლო ბუღალტერია, ჯერ კიდევ არჩევნებამდე შექმნა.

ბოლო თვეებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ფარცხალაძე საკმაოდ აქტიურად მუშაობდა (განსაკუთრებით, თბილისის მერიის მიმართულებით) და გამორიცხული არაა, რომ კბილაშვილის უწყების ინერტულობის ფონზე, ახალი ხელისუფლების თავკაცებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დღეებში მას (შესაძლოა, მიზანმიმართულად) ეფექტური «შემსრულებლის» იმიჯი უყალიბდება და ეს ქვეტექსტი მედიასა და სოციალურ ქსელებში ნამდვილად იგრძნობა.

საერთოდ, იმისთვის, რომ «ნაციონალების» ლიდერებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გამადგურებელი აღიარებითი ჩვენებების მიცემა დაიწყონ, საჭიროა ორიოდე საათი და ვიწრო პროფილის რამდენიმე სპეციალისტი. სიმართლე რომ ვთქვათ, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი თანახმაა, თვალი დახუჭოს მსგავსი ჩვენებების ზეწოლით მიღებაზე, მაგრამ ეს ბინძური თამაში და კანონიერების გზიდან გადახვევა იქნება. საკითხი, ალბათ, ცოტა სხვაგვარად დგას: არის თუ არა კბილაშვილის პოლიტიკასა და აშკარა უკანონობას შორის, რომელსაც «ნაციონალები» მიმართავდნენ, სივრცე, რომელშიც ახალი მთავარი პროკურორი შეძლებს უფრო ეფექტურად იმოქმედოს, ისე, რომ საბედისწერო ზღვარი არ გადალახოს? შესაძლოა, გამოსავალი განსხვავებულ საკადრო პოლიტიკასა და უწყების მართვის უფრო მკაცრ სტილში მდგომარეობს.

ვნახოთ, ვისი აჯობებს

ახალ პროკურორს, ისევე, როგორც ღარიბაშვილის მთავრობას, მალე, დიდი ალბათობით, არამხოლოდ «ნაციონალები», არამედ რესპუბლიკელები და ალასანიას ჯგუფი დაეჯახებიან (ჩვენ ამჯერად განვიხილავთ იმ ვარიანტს, რომლის ფარგლებში ღარიბაშვილის მთავრობა ენერგიულად დაიწყებს სამართლიანობის რეალურ აღდგენას, ისე, როგორც ამას საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს). ერთ-ერთ ფორმალურ საბაბად შეიძლება იყოს გამოყენებული დასავლეთის თითქოს მზარდი შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნის გამო, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროინტეგრაციას, თუმცა რეალურად საქმე, სავარაუდოდ, საკმაოდ მარტივ გათვლასთან გვექნება: თუ ყოფილ მმართველებს თემიდასთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და ახალი ხელისუფლება, ამასთანავე, მათ საიდუმლო ფონდებს მისწვდება, «ნაციონალური მოძრაობა» კიდევ უფრო დასუსტდება და კრახის პირას დადგება. «ნაცმოძრაობის» განადგურებას კი, თუნდაც პარლამენტში ძალთა განლაგებიდან გამომდინარე, აუცილებლად მოჰყვება ალასანიარესპუბლიკელების გავლენის სფეროს მკვეთრი შეზღუდვა და ეს პერსპექტივა ფიგურანტებს, ბუნებრივია, არ ხიბლავს.

გამორიცხული არაა, ორმა ხსენებულმა ჯგუფმა, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელებმა (ალასანიას ჯგუფი ებღაუჭება მაღალ პოსტებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მისი მდგომარეობა ამ სიტუაციაში ორაზროვანია) ფარულ ალიანსში «ნაციონალებთან», მალევე სცადოს ღარიბაშვილის გუნდის დისკრედიტაცია (კონფრონტაციული სცენარის ფარგლებში კი _ თანამდებობებიდან მისი წარმომადგენლების გადაყენება) მანამ, სანამ ის «ფეხზე დადგება» და მოსახლეობის სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებს. თუ ჩვენ ყურადღებით გავაანალიზებთ, საიდან მოდის დღეს «დასავლეთი გაგვიბრაზდება» ტიპის აგიტაცია სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ მის უკან მხოლოდ «ნაციონალები» როდი დგანან. მაგრამ, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რესპუბლიკელები თავიანთ გათვლებში მეტ-ნაკლებად პრაგმატულები არიან (წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ქართულ პოლიტიკაში ვერ გაძლებდნენ). თუ ღარიბაშვილის გუნდი თავიდანვე აჩვენებს, რომ ის საკმარისად ძლიერი და გაბედულია, ისინი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებენ მასთან ფრონტალური დაპირისპირებისგან სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში, ალბათ, ძალზე პოპულარული იქნება, და შეეცდებიან, გავლენის შენარჩუნების ალტერნატიული სტრატეგიები მოძებნონ.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ძალიან კარგი სტატია.მხოლოდ ერთი უზუსტობა მინარეთი შემოსავლების სამსახურმა დაანგრია,კერძოდ საბაჟო დეპარტამენტმა და ეს საქმე ფარცხალაძეს არ უკავშირდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here