Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის ასი საათი

მიხეილ სააკაშვილის ასი საათი

773

როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილის ბოლო კვირამ ავლაბრის რეზიდენციაში რეაქტიული ფსიქოზის ნიშნის ქვეშ ჩაიარა. რჩება კიდევ დაახლოებით 100 საათი, რომელთა განმავლობაში პაციენტს (უკაცრავად, ფიგურანტს) ქვეყნისთვის რეალური პრობლემების შექმნა შეეძლება. არა უშავს, როგორმე გავუძლებთ _ სააკაშვილის 100 საათი ნაპოლეონის 100 დღე არ არის და მის შესაჩერებლად მთელი ევროპის მობილიზება არ დაგვჭირდება; ამინაზინი და მისი ჯანი, საქმეში ჩახედული სპეციალისტები რომ იტყვიან.

 

შაბათს საღამოს ადგა და ავლაბრის რეზიდენციიდან სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, მსგავსი რამ კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ მანიაკ მმართველს აზრადაც არ მოსვლია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა აღმართა სააკაშვილმა მის ნაცვლად _ «ნაციონალური მოძრაობის» პარტიული ე. წ. გულებიანი დროშა, სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგის ბაირაღი თუ იმ ძვირადღირებული მასაჟისტი გოგონას, დოქტორ დოტის, ბიუსტჰალტერი. ფაქტია, რომ მან ცინიკურად გადააბიჯა «საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ» ორგანული კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის «» ქვეპუნქტში დაფიქსირებულ ნორმას: «საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართებასაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე».

ცხადია, იმ სიტუაციაში, როდესაც სააკაშვილს შეიძლება ბრალი უმძიმეს ეპიზოდებთან დაკავშირებით წაუყენონ, ამ შედარებით მცირე ინციდენტს ყურადღება არავინ მიაქცია; კომენტატორების უმრავლესობა კი შემოიფარგლა ლაკონური კომენტარით «გიჟი თავისუფალია». თანაც იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად მოედავებოდნენ, სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ყველაფერს თავისი ადმინისტრაციის უფროსს, ანდრო ბარნოვს, დააბრალებდა. კაცმა რომ თქვას, ბარნოვმა იმ დღეს თავის შეფს ცინიზმში «გადაუჯოკრა», როდესაც საზოგადოების დამშვიდების მცდელობისას დაიწყო საუბარი იმაზე, რომ «ნაცმოძრაობის» დროშა მხოლოდ 1 დღით, კლიპის გადაღებისთვის აღმართეს, რის შემდეგაც რეზიდენციის თავზე ისევ სახელმწიფო დროშა აფრიალდებოდა.

იმისთვის, რომ ამ განცხადების სამართლებრივი ქვეტექსტი უკეთ გავიგოთ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ დავიჭირეთ ანდრო ბარნოვი და უმოწყალოდ ვცემთ. ანდრო ყვირის, იქვე მცხოვრებ მოსახლეობას აღვიძებს, რომლის ნაწილი ენთუზიაზმით  გვიერთდება, ნაწილი კი პოლიციაში რეკავს და წესრიგის აღდგენას მოითხოვს. მოდის პატრული, ხედავს, რომ ცალსახად ვარღვევთ კანონს და ჩვენ შეჩერებას ცდილობს. ჩვენ კი ვპასუხობთ, რომ ვცემთ ანდროს იმიტომ, რომ ის (მაგალითად) თაღლითია და კიდევ ორი საათი უნდა ვცემოთ (სიტყვაზე; თორემ, იდეაში, შეგვეძლო ორის ნაცვლად ექვსიც გვეთქვა), რის შემდეგაც გავჩერდებით. ამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ ანდრო ბარნოვის ცემას, პატრული ცდილობს, ხელიდან გამოგვგლიჯოს, ჩვენ კი წინააღმდეგობას ვუწევთ. ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ ამით ჩვენ დანაშაულს გავაორმაგებთ და, შესაბამისად, მოგვიანებით დაგვიმძიმდება ბრალიც. მიუხედავად იმისა, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, მხარს უამრავი ადამიანი დაგვიჭერს, მაინც დასასჯელები ვიქნებით; ვერაფერს ვიზამთ, კანონი კანონია და ის არ განიხილავს ანდრო ბარნოვის ცემას, როგორც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევას, რომელიც სანქციების შერბილებას ითვალისწინებს. ასეა დროშის შემთხვევაშიც, ბარნოვმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ სააკაშვილის ჯგუფი განაგრძობს დანაშაულის ჩადენას მანამსანამ ამას საჭიროდ ჩათვლის (კონკრეტულ შემთხვევაში, ვიდრე კლიპის გადაღებას დაასრულებს).

პირადად მე, ისევე, როგორც არაერთ მოქალაქეს, ხუთჯვრიანი დროშა არ მომწონს, მას იმ პარტიის დროშად აღვიქვამ, რომელმაც საქართველოში უამრავი უბედურება დაატრიალა და იმედი მაქვს, ის ოდესმე შეიცვლება. მაგრამ ვიდრე მისი სტატუსი დაცულია კანონით, იძულებული ვარ, მას შესაბამისი პატივისცემით მოვეპყრო _ არ დავწვა, არ გადავხაზო და ანდრო ბარნოვს თუ მიხეილ სააკაშვილს თავზე არ გადავახიო. ალბათ, მოვა დრო, როდესაც ამ საკითხს დავუბრუნდებით და სერიოზულად ვისაუბრებთ დატვირთვაზე, რომელიც ხუთჯვრიანმა დროშამ ბოლო წლებში შეიძინა, თანაც «ლამაზია-უშნოა» ტიპის სულელური არგუმენტების გარეშე, თორემ ეგრე, 30-იანი წლების გერმანიაშიც მრავლად იყვნენ ტიპები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სვასტიკიანი დროშა ვაიმარის რესპუბლიკის ტრიკოლორზე (იგივე თანამედროვე გერმანიის დროშა) უფრო ეფექტური და ლამაზია.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ მიქარა და კანონი ცალსახად დაარღვია, როგორც ჩანს, შეშინდა და «ფეისბუქში» თავის მართლება დაიწყო, რომლის დროს ასეთი ფორმულირება გამოიყენა: «არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან, როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს». ამ, ერთი შეხედვით უაზრო პასაჟს ერთ ძალიან საინტერესო პრობლემამდე მივყავართ, რომელსაც თანამედროვე საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ იმით, რომ კანონის გადასახედიდან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რით ამაყობს მიხეილ სააკაშვილი, რა ამოძრავებს მას სავარაუდო მენტალური აშლილობის გარდა, რა ღირებულებებს გამოხატავს, მისი აზრით, ესა თუ ის დროშა და არა მგონია, ეს ვინმეს დიდად აინტერესებდეს. ეს, ალბათ, ჩვეულებრივი მანიპულაციაა, აპელირება ემოციების მიმართ, მაღალფარდოვანი (და ერთობ გაცვეთილი) სიტყვების გამოყენებით, რომლის მიზანი, სავარაუდოდ, საკითხის იმ სივრცეში გადატანაა, სადაც ერთმანეთს ესაზღვრება და გარკვეულწილად ერთმანეთში ირევა ცნებები «დანაშაული», «შეცდომა» და «ცოდვა» და, შესაბამისად, «ამნისტირება», «პატიება» და «მიტევება».

ზოგმა (ყველამ ნამდილად არა) შეიძლება აპატიოს სააკაშვილს და მის გარემოცვას პოლიტიკური შეცდომები და მიუტევოს მას, მიუხედავად იმისა, რომ ის არაფერს ნანობს, მაგრამ ამას დანაშაულისა და სასჯელის ჭრილში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; თუ კანონი დაირღვა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ სხვაობას ყველა როდი აფიქსირებს. არც გადაჭარბებული ჰუმანიზმი, არც რელიგიური შეხედულებები კანონის დაცვის ვალდებულებისგან არ გვათავისუფლებს და, თუ მიხეილ სააკაშვილმა (ან ნებისმიერმა სხვამ) მოიპარა თუნდაც ერთი თეთრი ან თუნდაც ერთი ადამიანის ცემის (არათუ წამების და მოკვლის) ბრძანება გასცა, ის კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. ნებისმიერი სხვა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის პრინციპის ამა თუ იმ ფორმით უარყოფას ეფუძნება და არსებითად ანტისახელმწიფოებრივია. ხოლო იმას, რას გრძნობდა ფიგურანტი, რა ესიზმრებოდა და ელანდებოდა, მნიშვნელობა მხოლოდ იმის დადგენის თვალსაზრისით აქვს, იმყოფებოდა თუ არა ის კონკრეტულ მომენტში აფექტის მდგომარეობაში, შერაცხადი იყო თუ არა და ა. შ. აქედან გამომდინარე, შესაბამისი შედეგებით («ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი საგიჟეთში!», როგორც იტყოდნენ ტოტალიტარული სადამსჯელო ფსიქიატრიის მამები, რომელთაც, ცხადია, არ მივბაძავთ).

ავლაბრის რეზიდენციის თავზე «ნაცმოძრაობის» დროშის აღმართვა, ამ პარტიის წარმომადგენლის _ გიორგი კანდელაკის აზრით, «შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღვიქვათ». მან, აგრეთვე, თქვა, რომ «ჩვენი დაპირისპირება და შუღლი მტერს აძლევს ხელს. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესით» (ინტერპრესნიუსი). ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ რეზიდენციის თავზე «ნაციონალების» დროშის აღმართვა საკუთარი ხალხისთვის ომის გამოცხადებას უფრო ჰგავდა, თუმცა ინციდენტის სუბიექტური აღქმა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. «ნაციონალების» ბოლოდროინდელ რიტორიკაში ნამდვილად იგრძნობა შერიგების, წარსულის დავიწყების, ხელის ჩამორთმევის მოტივები და, გამორიცხული არაა, რომ ყოველივე ამას ასახავენ კლიპში, რომლის გამო მათ რეზიდენციიდან სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს.

ისე, საინტერეო კია, რას უნდა გადავაბიჯოთ სინამდვილეში _ გვამებს და სისხლის გუბეებს, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმი გვიტოვებს, ნაწამებ და გაუპატიურებულ ადამიანებს, გადამწვარ სოფლებს კონფლიქტის რეგიონებში, საკუთრებას, რომელიც ხელისუფლებამ მოქალაქეებს ჩამოართვა თუ რას? ან ხელი ვის უნდა ჩამოვართვათ? გაწიეთ თქვენი ბინძური, სისხლში გასვრილი ხელები! ხოლო ის ცრუ სენტიმენტები, რომელთა მიმართ აპელირებთ, შეგიძლიათ მოიხმაროთ ისე, როგორც ბოლო ათი წლის განმავლობაში (არადანიშნულებისამებრ) ცოცხებსა და ხელკეტებს ხმარობდით.

ცხადია, ეს სუბიექტური პოზიციაა; ზოგმა, მაგალითად, ბატონმა დავით უსუფაშვილმა, შეიძლება ჩათვალოს, რომ ძველი რეჟიმის თავკაცებს ხელიც უნდა ჩამოართვას და მათთან ერთად «მომავლის ინტერესით იხელმძღვანელოს». მაგრამ ამ პოზიციებს, რომლებიც ზნეობრივი პრინციპების და (ფსევდო) პრაგმატულობის ზღვარზე ყალიბდება, ისევე, როგორც «ნაცმოძრაობის» წარმომადგენელთა ნიანგის ცრემლებს, კანონის  უზენაესობის კონტექსტში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს _ ყველა საქმე გამოძიებული უნდა იქნას, ხოლო დამნაშავე, მისი გამოვლენის შემთხვევაში, კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაისაჯოს. ალბათ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს პოზიცია არც სასტიკია და არც რადიკალური, ის ერთადერთი შესაძლებელია სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ჰუმანიზმის გამოვლენა და სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა სავსებით ბუნებრივად გამოიყურება განაჩენის გამოტანის შემდეგ, მაგრამ მისი გამოყენება კანონიერების აღდგენის წინააღმდეგ მიმართულ ინსტრუმენტად, ალბათ, მაინც ამორალური და მიუღებელია. ამ ცრემლებმა, ემოციურმა მონოლოგებმა თუ კლიპებმა არ უნდა დაგვავიწყოს ის, რომ პატიება, მიტევება და ამნისტირება ერთმანეთისგან განსხვავებული რამ არის და კანონმა, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იკანონოს (ამას საზოგადოების მცირე ნაწილის გარდა, პრინციპში, არც არავინ ივიწყებს, თუმცა მნიშვნელოვანია, პრობლემის არსი ამ ადამიანებმაც გაიაზრონ).

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციამდე დარჩენილ ას საათში მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, გააკეთებს ყველაფერს, რომ ოდნავ მაინც გაანეიტრალოს ის ნეგატიური ემოციები, რომლებიც მის პერსონასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვდა, და თავი ქვეყნის დამცველ (ჰალსტუხიან) რაინდად თუ არა, არასაშიშ ექსცენტრიულ პიროვნებად, ასე ვთქვათ, «თავისუფალ გიჟად» წარმოაჩინოს. ძნელი სათქმელია, რამდენი ადამიანი მოახერხებს (თუნდაც ნაწილობრივ) იმ ზიზღისა და სიძულვილის დაძლევას, რომელთაც სააკაშვილის მიმართ, მისი მმართველობის უმძიმესი შედეგებიდან გამომდინარე, გრძნობს, მაგრამ არც ეს განწყობები, არც ნაბიჯები, რომელთაც ამ დღეებში გადადგამს (თუნდაც გაშიშვლდეს და ავლაბრის რეზიდენციასთან თავისი პარტიული დროშით ირბინოს), არ უნდა აისახოს ჩვენს დამოკიდებულებაზე კანონის უზენაესობის პრინციპისადმი, რომელთანაც ყოველივე აღწერილს საერთო არაფერი აქვს. ემოციები ერთია, კანონი კი _ სულ სხვა რამ, ხოლო გიჟი თავისუფალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის არაადეკვატურობას შესაბამისი ექსპერტიზა ადასტურებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here