Home რუბრიკები პოლიტიკა გეგმაზომიერი ისლამიზაცია და ევროპის ტოლერანტული აღსასრული

გეგმაზომიერი ისლამიზაცია და ევროპის ტოლერანტული აღსასრული

663

ევროპული ცივილიზაცია კვდება, კვდება იმ ფორმით, რა ფორმითაც არასდროს შექმნია მის არსებობას საფრთხე, კვდება მენტალურად, შეუქცევადი დემოგრაფიული ზამთრისა და საზოგადოების დიდ ფენებში გამეფებული ნიჰილიზმის წყალობით.

 

ევროპული ცივილიზაცია იქმნებოდა ქრისტიანული კულტურის კვალდაკვალ, ერთიანი თანაარსებობით. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ წარსულში ქრისტიანული ეკლესიების წინამღვრები ძალაუფლების შენარჩუნება-განმტკიცების მიზნით ხშირად გამოდიოდნენ პროგრესული იდეების წინააღმდეგ, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ დღევანდელი ევროპული ცივილიზაცია მის ნებისმიერ სფეროში ზუსტად იმიტომ ჩამოყალიბდა ამ სახით, რომ ქრისტიანულ კულტურასთან ერთად წარმოადგენდა ერთ მთლიან განუყოფელ ნაწილს.

თუმცა დღევანდელი ევროპული საზოგადოების ყველა სოციალურ თუ კულტურულ ფენაში ძალზედ გამოიკვეთა სეკულარული იდეისადმი სწრაფვა. ნათელი მაგალითი ამ არაფრისმომცემი და ცივილიზაციის განადგურებისკენ მიმართული ქმედებებისა არის საერთო ევროპული კონსტიტუციის შექმნის დროს დაწყებული სერიოზული დაპირისპირება რელიგიის და კონკრეტულად ქრისტიანობის შესახებ ჩანაწერის არსებობის თაობაზე.

გავლენიანი ლიბერალური და გლობალიზაციის მახინჯი ფორმის მხარდამჭერი ჯგუფები ძალას არ იშურებდნენ, მსგავსი ჩანაწერი საერთოდ გამქრალიყო ახალი საერთო ევროპული კონსტიტუციის პროექტიდან, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებს _ რომის პაპსა და სხვა საერო თუ სასულიერო მაღალი თანამდებობის პირებს ისტორიულ გადმონაშთად და შემწყნარებლობის უარმყოფებად მოიხსენიებდნენ. საზოგადოების ფართო ფენები კი ყველა ქვეყანაში იმ მხარეს დგანან, რომელსაც გააჩნია საკმარისი რესურსი თავს მოახვიოს საკუთარი აზრი და მართოს ის.

ზოგადად კონსტიტუციის დონის სამართლებრივი აქტის შექმნა მის მოქმედ ტერიტორიაზე სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების ერთიან ფასეულობათა სფეროში მოქცევასა და მისი განუხრელ დაცვას ემსახურება, საერთო კეთილდღეობისა და სტაბილურად განვითარების მიზნებისთვის. არ მგონია, კონსტიტუციის მთავარი მიზანი არ ჰქონდეთ კარგად შეგნებული იმ ჯგუფებს, რომლებსაც ასე ძალიან უნდოდათ ქრისტიანობის როლის დაკნინება ევროპის შემდგომი პერიოდის პროცესებში; ისიც საეჭვოა, მათ არ ესმოდეთ ქრისტიანობის როლი დღევანდელი ევროპული კულტურის ჩამოყალიბების საქმეში, პირიქით მათ ეს ყველაფერი კარგად ესმით, ესმით ქართველი განმანათლებლის _ ილია ჭავჭავაძის სიტყვების აზრიც _ «აწყმოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს», მაგრამ ზუსტად საკუთარი მერკანტილური, პირადი ინტერესების გამო სჭირდებათ ახლებული მომავალი.

და რა არის ეს ახლებული მომავალი? ფასეულობათა დეგრადაცია, საერთო მიზნების ჩაკვლა საზოგადოების ფართო ფენებში, გათითოკაცება. დიახ, ეს არის მთავარი მიზანი. ყველა ის ფასეულობა, რომელიც გამოარჩევს ევროპულ კულტურას სხვა ცივილიზაციებისგან, ზუსტად რომ ქრისტიანობის მთავარი ფასეულობებია. შემწყნარებლობა, აზროვნების თავისუფლება _ ყველაფერი ეს ქრისტეს ქადაგებიდან მოდის და არა ევროპული ისტორიული ფესვებიდან, თუ ძველი ბერძენი ფილოსოფოსების გარკვეულ ნაწილს არ ჩავთვლით. ამ ფასეულობების გარეშე, რომელთა მთავარი ღერძი ქრისტიანობაა, ევროპა იქცევა ერთ ჭრელ მასად, მიზნებისა და პრინციპების გარეშე, რომლის მართვა გაცილებით გამარტივდება, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა.

თუ რას დაემსგავსება მომავალი უღვთო ევროპა, კარგი მაგალითი გვაქვს   მისი პირმშოს _ ამერიკის შეერთებული შტატების სახით. დიახ, ის წარმოიშვა ევროპული კულტურის ნაწილისგან, იმდროინდელი ევროპული საზოგადოების ბალასტისგან, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმ ღირებულებების საფუძვლებზე, რომელსაც ევროპული კულტურა ჰქვია. მათი განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ ის იყო, რომ ამერიკაში საერთო ეროვნულ დონეზე არასდროს გადაუწონია ქრისტიანული კულტურის მომხრე პოლიტიკურ ჯგუფებს სეკულარული იდეების მატარებელი ჯგუფების იდეები. ამერიკის დამაარსებელმა მამებმა თავიდანვე კარგად განსაზღვრეს, თუ როგორ ემართათ ქვეყანა ასწლეულების მანძილზე, შექმნეს ენდემური კულტურა, საზოგადოება ფასეულობების გარეშე, შეუქმნეს ილუზია თავისუფლების უმაღლესი ხარისხით, მხოლოდ იმ დონეზე, რომელიც მმართველ ფენას არ დააზარალებდა, ხოლო საზოგადოება ამავე დროს იქნებოდა დაქსაქსული, ანარქიული და საკუთარი ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრისთვის არასაკმარისი მორალური თუ სამართლებრივი გზებით. ეს კი იდეალური პირობაა ფართო მასების მართვისა და ფინანსური რესურსების რამდენიმე ადამიანის თუ ჯგუფის ხელში ჩაგდებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ევროპული ცივილიზაციის მონათესავე სისტემა ქრისტიანული კულტურის ნაკლები ნიშან-თვისებით. შესაბამისად, მისი შემდგომი პროგრესი ზოგადსაკაცობრიო დონეზე შეიძლება იყოს რეგრესი და იმ დადებითი პროცესების საბოლოოდ დასამარების ტოლფასი, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას ჰქონდა ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ჩვენი კონტინენტისთვის, ხოლო ევროპის კულტურის დამსგავსება მონათესავე ამერიკული კულტურისთვის პროგრესული იდეების ერთი საბადოს გაქრობის ტოლფასი თუ არა, ერთი ცივილიზაციის მხრიდან მეორის გადაყლაპვის ტიპიური ნიმუში იქნება.

თითქოსდა, რატომ უნდა იყოს საშიში რელიგიის ჩამოშორება სახელმწიფო პოლიტიკიდან, მეტიც, ქრისტიანული ეკლესიისა და რელიგიური რწმენის ზომაზე მეტად ჩართვამ სახელმწიფო ცხოვრებაში ხომ შეიძლება თეოკრატიამდე მიგვიყვანოს, რომელიც არანაკლები სიმახინჯეა ვიდრე კანონმორჩილი, მაგრამ ამორალური საზოგადოება და სახელმწიფო სისტემა? მოკლე პერიოდში შეიძლება იმსჯელო იმ დადებით ფაქტორებზე, რომლებსაც რელიგიის როლის არ გაზრდას, ან სულაც უფრო დაკნინებას შეუძლია მოიტანოს ევროპული პროგრესისთვის, მაგრამ მსგავსი პრობლემები არ შეიძლება განიხილო მხოლოდ მომავალი 5-10 წლის პროგნოზით. როდესაც მსოფლიო მასშტაბით არსებობს ისლამიზაციის საფრთხე, ზუსტად რომ საჭიროა, საკუთარი კულტურის გადასარჩენად განამტკიცო ქრისტიანობის როლი დღევანდელობაში.

ისლამი მოიწევს ევროპისკენ, გეგმაზომიერად შეფარული, მაგრამ აგრესიული პოლიტიკით, წლების წინ ღიმილის მომგვრელი ტერმინი «ევრაბია» დღეს უკვე ბევრს აფიქრებს. ევროპის მასშტაბით იქმნება ისლამური დიდი დასახლებები, მყარი საფუძვლით იმისთვის, რომ ვივარაუდოთ ეს ტერიტორიები მრავალი ათწლეული იქნება ისლამური კულტურის ბურჯი ევროპაში. შემწყნარებლობის მქადაგებელ ქრისტიანულ მოძღვრებაზე აგებული ევროპული კულტურის დღევანდელი შერყვნილი გადმონაშთი და მისი განუყოფელი ნაწილი ევროპული საზოგადოება წინააღმდეგობას ვერ გაუწევს დაჩაგრულის მანტიით შემოსილ ისლამურ ფუნდამენტალიზმს. ისლამურმა სახელმწიფოებმა გააცნობიერეს რა ევროპული ქვეყნების უპირატესობა პროგრესის კუთხით, ამ სახელმწიფოთა მმართველმა სასულიერო თუ საერო ჯგუფებმა თვითგადარჩენის ინსტიქტით ბოლო ასწლეულებში საკუთარი რელიგია მომართეს იმდაგვარად, რომ ქრისტიანობა წარმოაჩინეს მათ მთავარ მტრად და ჩვენს ეპოქაში წინააღმდეგობა ქრისტიანული კულტურის მიმართ გამჯდარია თითქმის ყველა მორწმუნე მუსლიმს შორის.

საერთო სურათი ევროპისთვის საშინელია, ერთის მხრივ, მათი კულტურის მამოძრავებელი ძალა, ქრისტიანული რელიგია, უარყოფილია, დაკარგულია საერთო ფასეულობებისთვის ბრძოლის უნარი, შემწყნარებლობა გაიგივებულია მორჩილებად ყველა განსხვავებული აზრის მიმართ, ამორალურობაზე თვალის დახუჭვა _ პროგრესისთვის ხელის შეწყობად. თავის მხრივ, მუსლიმური საზოგადოება მომართულია, ერთიანი იდეით იყვნენ უმრავლესობაში, დაამარცხონ მათი მტრები ქრისტიანების სახით და განამტკიცონ ისლამურ რელიგიაზე დაფუძნებული საზოგადოება მსოფლიო მასშტაბით.

დემოგრაფიული თვალსაზრისითაც არანაკლებ შემაშფოთებელი მდგომარეობაა ევროპაში. ევროპული ქვეყნების მოსახლეობა იზრდება მხოლოდ ემიგრანტი მუსლიმი მოსახლეობის ხარჯზე, შობადობის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი და აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ შობადობის საერთო რიცხვში ითვლება ყველა როგორც ძირძველი ევროპელი, ასევე მუსლიმი ემიგრანტი ოჯახის შვილები.

2030 წელს ევროპაში დემოგრაფიული ვითარება, სავარაუდოდ, გაცილებით გაფუჭდება, ასაკობრივი სტრუქტურა კატასტროფულად გაუარესდება, ევროპელი ერი საბოლოოდ დაბერდება, მათ ნაცვლად კი გაიზრდება ემიგრანტებისა და მათი შთამომავლების რიცხვი. ამ საკითხზე კი ევროპის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფები საეჭვოდ დუმან.

სამაგიეროდ «არ დუმს» ამერიკის შეერთებული შტატები. მის მფარველობაში არსებულ მკვლევართა ჯგუფები და ინსტიტუტები პერმანენტულად «იკვლევენ» ევროპის დემოგრაფიულ მდგომარეობას და დებენ საეჭვოდ დასაიმედებელ პროგნოზებს იმის თაობაზე, რომ ევროპის მოსახლეობის რელიგიურ და ეთნიკურ ცვლილებებს მომავალი 20-30 წლის მანძილზე არ უნდა ველოდოთ და, რასაც ამ დასკვნებს უდებენ საფუძვლად, ღიმილის მომგვრელია, თურმე ემიგრანტი ისლამური მოსახლეობის შობადობის პროცენტი ნელ-ნელა დაიკლებს, რადგან გაიზრდება განათლების ხარისხი მუსლიმ მოსახლეებს შორის. აქ ისინი უშვებენ შეგნებულ შეცდომას, არ ითვალისწინებენ რა რამდენიმე ფაქტორს. ისლამიზაცია ევროპაში ხდება არა ქაოტურად, არამედ გეგმაზომიერად დიდი დასახლებების შექმნით. ამასთან, კავშირი ემიგრანტებს შორის გაცილებით მტკიცეა, ევროპული ქვეყნების ნაწილი სასათბურე პირობებს ქმნის ისლამური რელიგიის აღზევებისთვის. მაგალითად ისიც კმარა, რომ ესპანეთი, კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ქვეყნის მთავრობა, კრძალავს რელიგიის სწავლებას სკოლებში, ქმნის მუსლიმი მოსახლეობისთვის სპეციალურ სკოლებს, სადაც შეისწავლება ყურანი, მუსლიმ ბავშვებს აძლევს ნებას ნიშანი + არ დასვან და მის ნაცვლად სხვა ნიშანი შემოიღონ, რათა მიმატების აღმნიშვნელი ჯვრის ფორმის ნიშანმა დისკომფორტი არ გამოიწვიოს მათ შორის. თუ ესპანეთი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი ქვეყანა ამ პოლიტიკას მიჰყვება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ხდება ჩრდილოეთის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, სადაც ქრისტინობის ხარისხი შედარებით მალე ჩაცდა დასაშვებ ნიშნულს, ვიდრე სამხრეთ ევროპის ქვეყნებში.

განათლების ხარისხის ზრდა რომ არ იწვევს შობადობის კლებას არაევროპელ ემიგრანტ მოსახლეობას შორის, საფრანგეთის მაგალითზეც შეიძლება განვიხილოთ; ქვეყანას, სადაც შედარებით დიდი ისტორია აქვს მუსლიმი მოსახლეობის თანაცხოვრებისა და ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებშია, მიიღოს განათლება, მუსლიმი მოსახლეობის შობადობის ზრდა მაინც არ მცირდება მათ მეორე და შემდგომ თაობებშიც.

საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ დაფინანსებული და წახალისებული იმ ორგანიზაციების კვლევების შემაშფოთებლად არასწორი შედეგების დადების მოტივი და მიზანი. რა თქმა უნდა, ეჭვს ვერ შევიტანთ მათი პროფესიული კვალიფიკაციის ხარისხში, თუმცა პროგნოზები რომ არასწორია ამას ყველა ამჩნევს და სავარაუდოა, რომ ეს დაკვეთილია შტატების ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესჯგუფების მიერ.

გაატარო საკუთარი  გეოპოლიტიკური ჩანაფიქრი, გაცილებით იოლდება ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც არ არის მაღალი ხარისხი საზოგადოების გაერთიანებისა გარკვეულ პრობლემებზე. ქრისტიანობის დაჩოქებით კვდება ევროპული თვითშეგნება და მორალი, მთავარი ფაქტორი ევროპული კულტურის ერთიანობის, ხოლო მუსლიმი მოსახლეობის ზრდის პირობებში ევროპაში მალე შეიქმნება დაპირისპირებული ორი ბანაკი. ადვილი გამოსაცნობია, თუ ვის მხარეს დაიჭერს შეერთებული შტატების ხელისუფლება, თუმცა ასევე მათ ინტერესებშია ევროპული სახელმწიფოების ან მათი კავშირის გამუდმებით საფრთხის პირობებში ყოლა, რათა ეკონომიკურ თუ სამხედრო საკითხებზე შეშინებული მოკავშირის დაყოლიება გაცილებით ადვილია, ვიდრე პრინციპულ და ძლიერ სახელმწიფოთა კავშირის.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here