Home რუბრიკები პოლიტიკა სარაცინები ევროპაში

სარაცინები ევროპაში

1582

სარაცინებმა დაიპყრეს ევროპა! _ ასე იტყოდნენ ჯვაროსნული ომების დროს. დღეს ამას ცივილიზებულ ფორმულაში მოაქცევენ: მიმდინარეობს ევროპის არაბიზაცია. უსისხლო ომი!

 

მაგრამ შედეგი იგივეა _ დაპყრობა. მართალია, თავისებური, რადგან ეკონომიკას ეხება, მაგრამ პრინციპულად იგივე, რადგან საბოლოო ჯამში მაინც დაპყრობა, ხელში ჩაგდება წამყვანი ქვეყნების უმსხვილესი კომპანიების, მთელი დარგებისაც კი. და რას წარმოადგენს ქვეყანა, რომლის ეკონომიკა სხვის ხელშია, რად ღირს მისი ტრადიციული სახელი დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოსი, ამას განმარტება არ სჭირდება.

ცარიელი სიტყვებია.

ჩვენთვის ნაცნობი სიტუაცია, ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმწვავესი პრობლემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართული მიწების, თუნდაც თბილისის შემოგარენის სარაცინთა საკუთრებაში აღმოჩენა საკმარისია თვალსაჩინოებისთვის.

კახეთში იგივე არ ხდება?

დასავლეთ საქართველოში?

გაყიდული საქართველო დაგვიტოვა მემკვიდრეობად კაცმა, რომელიც ჩვენი წინდაუხედაობით, სულსწრაფობით, პირდაპირ ვთქვათ, სიბრიყვით პრეზიდენტად დავისვით.

ახლა რა ვქნათ? დავიმშვიდოთ თავი, რომ ევროპაშიც იგივე პრობლემა მძვინვარებს? არაბთა ახალი შემოსევის ხანა დადგა?

თუმცა სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, რადგან ამ დამპყრობლური პროცესის საფუძველია ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომლის ძალით ყველაფრის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.

გაიყიდა ევროპა და ბებერი კონტინენტის მასმედიამ ამ ჯოჯოხეთს ფაქტების მუგუზალი შეუკეთა.

არაბების ახალი იმპერია

ესპანურმა გაზეთმა La Vanguardia გამაოგნებელი კონკრეტიკა წარუდგინა მკითხველებს, ფაქტები, რომლებიც ნებისმიერ განვრცობილ მსჯელობაზე ძლიერი და დამაჯერებელია.

სტატია, რომლის ავტორია ფერნანდო გარსია, სვრელის გავლებას რეალობის ბელტების ამოტრიალებით იწყებს (და ასევე აგრძელებს).

«ყატარის საკუთრებაა ევროკავშირის უმაღლესი ცათამბრჯენი _ Shardის კოშკი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი Harrods. ორივე ლონდონშია. სპარსეთის ყურის მინიატურული ქვეყანა ფრანგული საინფორმაციო გიგანტის _ Lagardere და ლეგენდარული საიუველირო მარკის _ Tiffanyის (აშშ) უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერია. ყატარი ფლობს გერმანული ფირმების «ფოლცვაგენპორშისა» და «სიმენსის» სააქციო კაპიტალის მნიშვნელოვან წილს.

არაბეთის გაერთიანებული ემირატებისაა ესპანური კომპანია Cepasa-ს 100 პროცენტი. ამ ქვეყანამ პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა «ჯენერალ ელეკტრიკთან», «აირბუსთან» და «ბოინგთან» ავია-კოსმოსური საკუთარი დარგის განსავითარებლად. კუვეიტმა ეს-ესაა შეიძინა Bank of America-ს შტაბ-ბინა და დაიწყო სახსრების ჩადება ქალაქმშენებლობის უდიდეს პროექტ Hudson Yards-ში, რომელიც ნიუ იორკის მანჰეტენის რაიონში ხორციელდება».

ამას გარდა, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომელთა ქვეყნები ნახშირწყალბადითაა მდიდარი, პრაქტიკულად თავიანთ კონტროლს უქვემდებარებს მსოფლიო ფეხბურთს.

ჩვენი მკითხველი მიაქცევს ყურადღებას, რომ ამ ჩამონათვალში აშშ-ის უმსხვილესი ფირმებიც მოხვდა. ეს კი ნიშნავს, რომ არაბი შეიხების დოლარსაცეცები ოკეანის გაღმაც გაწვდა და ახალი ეკონომიკური იმპერია მსოფლიო მასშტაბის წარმონაქმნად ყალიბდება.

რას ეფუძნება ასეთი შეუჩერებელი ანექსია? ახალი არაფერია _ ნავთობდოლარების სიუხვე ასაზრდოებს მას, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა _ უკვე მესამე 1973-74 და 1978-81 წლების ნახტომების შემდეგ. ამ უხვმა ნაკადმა ჯერ გამოაცოცხლა, შემდეგ წვენი გამოწოვა დასავლეთის ეკონომიკას, რომლის დაფინანსების წყაროები ან დაკნინდა, ან სულაც დაშრა.

აქ ერთი მომენტია საინტერესო: ევროპის (და არამარტო ევროპის) სიმდიდრეთა ხელში ჩამგდები არაბები არ ცდილობენ, ისარგებლონ კონიუნქტურით, არ დებენ სპეკულაციურ გარიგებებს. მით უფრო, არ ყიდულობენ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შეიძინონ. პირიქით, ახალი ინვესტორები შორს იყურებიან და თავიანთ საქმიანობას პერსპექტივას უსადაგებენ _ პერსპექტიული გეგმებით საზღვრავენ მომავალს. ახლადჩამოყალიბებული საფინანსოსაწარმოო სტრუქტურების საქმიანობა ისეა გათვლილი, რომ უზრუნველყოფილ იქნას უფრო მყარი შემოსავალი, ვიდრე ნახშირწყალბადის საბადოებს შეუძლია უზრუნველყოს, რადგან «მათი დღეები» დათვლილია _ მარაგი ამოწურვადია.

არ შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორი ქვეყნების ამ მიმართებით საქმიანობაში კონკურენცია არ არსებობს. არის, მაგრამ თავისებური _ «საკმარისია, აბუდაბიმ დაიწყოს რომელიმე ახალი პროექტი, ყატარი იქვე აცხადებს, რომ ანალოგიური პროექტის განხორციელება მას უკვე დაწყებული აქვს».

ყველა თავისი კურსით მიდის. რიგი სპეციალისტებისა კატეგორიულად უარყოფს, რომ არსებობს რაღაც «არაბული შეთქმულება» დასავლეთის სამყაროს დასაპყრობად (პროფესორი ჰაიზამ ამირა ფერნანდესი, ეკონომისტი მოჰამედ აბდელი და სხვები).

არც კონკურენცია, არც შეთქმულება: არაბეთის ქვეყნები, ანალიტიკოსების აზრით, განახორციელებენ შეთანხმებულ პოლიტიკას, რომელიც განამტკიცებს მათ პოზიციებს მსოფლიოში. «მთავარ ამოცანად, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად, _ წერს La Vanguardia, _ დასახულია მომავალი თაობების უზრუნველყოფა იმ დროისთვის, როცა ნავთობისა და გაზის წყაროები დაიწყებს დაშრეტას; მყარი განვითარების საფუძვლების შექმნა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის  ჩამოყალიბება განვითარებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით; შვილებისა და შვილიშვილებისთვის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა; ინფლაციის ნახტომების დაუშვებლობა და საკუთარი თავის დაცვა ე. წ. «ჰოლანდიური დაავადებისგან» (ვალუტის უზომო დაგროვების უარყოფითი ზეგავლენა).

რა გზით? რაც შეიძლება ნაკლები რისკით, თანამედროვე დასავლური საწარმოების მართვის უნარის შეთავსებით განვითარებადი სახელმწიფოების დინამიზმთან, რეგიონისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის შემოსავლების უზრუნველყოფით.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ საკუთარი სპეციალისტებისა და მმართველების მომზადების მიმართულებით, თავიანთ ქვეყნებში ხსნიან პრესტიჟული საერთაშორისო სასწავლო ცენტრების ფილიალებს.

დაბოლოს, კოლოსალური კაპიტალდაბანდებანი, რეკლამასა და პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩადებული, რასაც «რბილი დიპლომატიის», სპორტის სპონსორობითა და ტელემაუწყებლობით წარმართავენ. 

ერთი მრავლისმეტყველი ციფრიც: მსოფლიოში დღეისთვის მოქმედი წამყვანი სუვერენული 20 ფონდიდან, რომლებიც აქტიურად განახორციელებენ სახელმწიფო რეზერვების მხარდაჭერას, 9 არაბეთის ქვეყნებს ეკუთვნის. შარშან ამ ფონდების საერთო ბრუნვა 4,5 ტრილიონი დოლარი იყო, აქედან 1,7 ტრილიონი სპარსეთის ყურის ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოებისა იყო.

აი, ასეთი მასშტაბებია!

ესპანური გაზეთი დაასკვნის, რომ ეს ქვეყნები მუდმივად ცდილობენ, შექმნან ისეთი ეკონომიკა, რომელიც ნავთობზე არ იქნება დამოკიდებული. «მათშეიმუშავეს შესანიშნავი, თითქმის სასწაულებრივი ფორმულა თავიანთი კაპიტალდაბანდებების საიმედოობის, სტაბილურობისა და მომგებიანობის უზრუნველსაყოფად. იგულისხმება კონსორციუმების შექმნა სამკუთხედის პრინციპით, რომლებსაც ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები აწვდიან ტექნოლოგიებსა და საწარმოებს, ხოლო დინამიკურად განვითარებადი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ გასაღებას».

ყატარმა იყიდა საფრანგეთი?

Slate.fr (საფრანგეთი) იუწყება, რომ «ეროვნულმა ფრონტმა» დაადანაშაულა მთავრობა, მან საფრანგეთი «ყატარის მეძავად» აქცია.

ფრანგული გაზეთები Le Printemps, Royal Monceau, «პარი სენ ჟერმენი» და სხვები შეეცადნენ, გაერკვიათ, რამდენად დიდია ყატარის ინტერესი საფრანგეთში.

მასმედიის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არაბული ინვესტიციები არც თუ ისე მნიშვნელოვანია, როგორადაც წარმოაჩენენ. მაგალითად ასახელებენ ცენტრ Kleber-ისა და სასტუმრო Royal Monceau -ის გასხვისებას, რაც დიდი ზარ-ზეიმით იყო აღნიშნული. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყატარის ემირს (რომელმაც იყიდა დასახელებული «ობიექტები») უყვარს თავისი შენაძენის გაზვიადება, ეს არ იყო მოვლენითი ფაქტი. ჟურნალისტი ნიკოლა ბო წერს, რომ «ყატარულ ინვესტიციებს ფრანგულ უძრავ ქონებაში ყოველთვის წარმოგვიდგენენ, როგორც დიდ ფინანსურ მოვლენას, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. ყატარის უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ იგი ნაღდ ფულს იხდის, რაც მას საშუალებას აძლევს, გარიგებები უმოკლეს დროში განახორციელოს. მაგალითად, ვანდომის მოედანზე მდებარე სახლის ყიდვა მოინდომა მილიარდერმა ფრანსუა პინომ, მაგრამ მას ზედ ცხვირწინ ააცალა ეს სახლი ემირმა, რომელიც პარიზში გავლით იყო ჩამოსული _ ნაღდი ფული გადაიხადა და იმიტომ».

ყატარის საინვესტიციო ფონდების დაბანდებები ფრანგულ კომპანიებში გონივრულია, არცთუ დიდია, მაგრამ ზუსტადაა გათვლილ-გამიზნული. ამ ქვეყნის ინტერესი უპირატესად სტრატეგიული დარგებისკენაა მიმართული, ისეთებისკენ, როგორიცაა მომპოვებელი სექტორი და თავდაცვის მრეწველობა. მაგრამ მისი მცდელობა ყოველთვის წარმატებული არ არის. ასე მოხდა გერმანიაშიც, როცა გერმანელებმა ემირატებს უარი განუცხადეს ევროპულ კონსორციუმში მონაწილეობაზე. არაფერი გამოუვიდათ აფრიკაში, როცა კომპანიების Areva-სა და Eramet-ის მომპოვებელ აქტივებში წილის მიღებას შეეცადნენ.

ყატარი უცხოეთის ქვეყნებში საქმიანობისას გაცილებით «ხმაურიანია» სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინვესტიციების წილი მცირეა.

მაგალითად, საფრანგეთში ყატარის საინვესტიციო ფონდის სახსრები 85-დან 200 მილიარდ დოლარამდე მერყეობს, რაც შეუდარებლად ნაკლებია სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების წილზე: აბუ-დაბი _ 600 მილიარდი დოლარი, საუდის არაბეთი _ 400 მილიარდზე მეტი, კუვეიტი _ თითქმის 300 მილიარდი დოლარი. მაგრამ ეს სახელმწიფოები ძალიან თავშეკავებულად იქცევიან. მაგალითად, სულ ახლახან არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა ლიონში შეიძინა სახლები, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის მილიარდი ევრო იყო, მაგრამ უხმაუროდ.

ყატარი აყვირდებოდა.

მაგრამ დადგა ისეთი დრო, როცა ყატარისა და საფრანგეთის უხინჯო თანამშრომლობა დამთავრდა. საერთაშორისო ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა, კერძოდ, სირიასა და მალიში შექმნილი სიტუაციის გამო.

შეიძლება ზუსტი არ იყოს, მაგრამ ყოფილი მეძავეობა, რომელსაც ქართულში უფრო მკვეთრი სიტყვა გადმოსცემს, მეძავად ყოფნაზე უარესია.

უცხოური პუბლიკაციების მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here