Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთი მძლავრობს

თურქეთი მძლავრობს

1797

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ მეზობელი თურქეთი ენერგიულად ცდილობს, გააძლიეროს თავისი გავლენა საქართველოზე, განსაკუთრებით _ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამას ამჩნევენ უცხოელი ექსპერტებიც. «თურქები აქტიურად ცდილობენ, ქართველების ეროვნულ შეგნებაზე იმოქმედონ და შექმნან თურქეთის პოზიტიური იმიჯი საწინააღმდეგოდ აგრესორი რუსეთისა», _ მიიჩნევს ექსპერტი ავატკოვი (იხ. «საქართველო და მსოფლიო» #39, «თურქეთი _ საქართველოს ახალი მფარველი?»).

 

მაგრამ საქართველოში თავისი გავლენის გაძლიერება თურქეთისთვის მისი მთავარი მისწრაფების _ რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბების მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს მისწრაფება სულ უფრო აშკარა ხდება და გარკვეული შედეგებიც სახეზეა.

ამას ადასტურებს გამოწვლილვითი ანალიზი თურქეთის პრიორიტეტების და იმ ძირითადი მიმართულებების, რომლებითაც იგი ცდილობს, შეაღწიოს ევრაზიული სივრცის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში.

დაკვირვებული თვალი უთუოდ შეამჩნევს, რომ ანკარის პრიორიტეტების სისტემა, ბრიუსელთან ურთიერთობის გარდა, ითვალისწინებს: ბალკანეთს, კავკასიას და ახლო და შუა აღმოსავლეთს. «თურქეთი ქმნის ბალანსსა და სტაბილურობას ბალკანეთში, შავი ზღვის რეგიონში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, ახლო და ცენტრალურ აზიაში», _ აცხადებს გავლენიანი თურქი დიპლომატი, საერთაშორისო თანამშრომლობის ანკარის სააგენტოს პრეზიდენტი უმუტ არიკი.

ექსპერტები უპირველეს მიმართულებად ბალკანეთს ასახელებენ, სადაც უკანასკნელ ორ ათეულ წელიწადში ანკარამ განიმტკიცა პოზიციები. ეს კი დასავლეთის სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რასაც, რა თქმა უნდა, აქვს საფუძველი, რადგან აშშ-ისა და ევროსაბჭოს გავლენა, სავსებით შესაძლებელია, გადაფაროს ან შეავსოს თურქეთმა, რომელსაც რეგიონში მოქმედების დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს. იმოწმებენ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან კორდელ ჰალს, რომელმაც ჯერ კიდევ 1948 წელს განაცხადა: «ჩვენ დავასკვენით, რომ თურქეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბალკანეთში მასტაბილიზებელ გავლენას ახდენს».

ამასთან ერთად, რეგიონში ანკარის აქტიურობა მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივ მუსლიმებში საუდის არაბეთისა და ირანის შეღწევას, რაც მთელი რიგი მიზეზებისა გამო აშშ-ს უფრო მეტად ხელს არ აძლევს. დაბოლოს, ხაზს უსვამენ ექსპერტები, ვაშინგტონისა და ბრიუსელის ტოლერანტული დამოკიდებულება ბალკანეთის მიმართულებით თურქეთის მზარდი აქტიურობისადმი თავისებური «კომპენსაციური» ხასიათის მატარებელია, ანკარისთვის გაცემული ერთგვარი ბონუსია ევროკავშირში შესასვლელად, რაც, როგორც ცნობილია, დაბლოკილია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

თურქეთის პოლიტიკა ბალკანეთის მიმართ ძალას იკრებს დასავლეთის მიერ მისთვის ფართოდ გაღებულ «შესაძლებლობათა ფანჯრის» წყალობით და ეფუძნება მტკიცე ისტორიულ-იდეოლოგიურ ბაზას, რომელიც, დამკვირებელთა მტკიცებით, ადგილობრივ დედაქალაქებში «საჩვენებელი თანაგრძნობით» სარგებლობს.

ასეთი გაგება და თანაგრძნობა დამახასიათებელია ბულგარეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ რიგი ბულგარელი ისტორიკოსებისა XIX საუკუნეში მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს, როგორც ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოდერნიზაციის შემადგენელ ნაწილს. ანალოგიური ტენდენციები დასტურდება სერბეთსა და ჩერნოგორიაში, რომ არაფერი არ ვთქვათ ალბანეთზე, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაზე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ალბანეთის ერთ-ერთი თანამედროვე წამყვანი ისტორიკოსი ბეჩირ მეტა თვლის, რომ მისი ქვეყნის მთავარი ისტორიული ოპონენტი ოსმალეთის იმპერია კი არ იყო, არამედ საბერძნეთი «მისი შოვინისტური პოლიტიკით». ამასთან, საბერძნეთის მისწრაფებათა რეალიზაციაში განსაკუთრებულ როლს «საბერძნეთ-ამერიკის ლობის» ანიჭებს…

ანკარის ლოგიკას უფრო დამარწმუნებლად წარმოაჩენს თურქი პოლიტოლოგი მეჰმეთ ალი კილიჩბაი თავის სტატიაში «სინამდვილეში ჩვენ ევროპელები ვართ»: «თურქეთი, _ წერს იგი, _ უფრო მეტად ბალკანეთის პროდუქტია, ვიდრე შუა აზიისადღეს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა წინაპრებიც შუა აზიიდან მოვიდნენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა წინაპრებიც ბალკანეთიდან არიან. ვინ უფრო მეტია? _ უეჭველია, რომ ეს უკანასკნელნი. ეს არის მყარი და ეჭვგარეშე საფუძველი თურქთა «ევროპელობისა». ბალკანეთმა ღრმა კვალი დატოვა თურქეთის ეთნიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ყოფაში».

როგორც ჩანს, ევროკავშირში გაერთიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების ისტებლიშმენტში ერთგვარ მოდად დამკვიდრდა მაინცდამაინც ევროპელებად საკუთარი ხალხის წარმოჩენა. მათ შორის არის საქართველოს წარმომადგენლობაც, რომლის დაჟინებული პოლიტიკა კონცენტრირებულია ცხონებულ ზურაბ ჟვანიას წამოძახილში: «მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!». ამით კი, უწინარეს ყოვლისა, საკუთრივ ჩვენს თვითმყოფადობას აცლიან საფუძველს, ჩვენს ეროვნულობას, იმ წმინდა ტრიადას ემუქრებიან გაქრობით, რომელიც ქართველთა არსებობის ალფა და ომეგაა _ ენა, მამული, სარწმუნოება.

ზემოთ დასახელებული ავტორი იმდენად კატეგორიულია თავის დასკვნებში, რომ სრულიად უარყოფს თურქეთის აზიასთან კავშირს. იგი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თურქეთის აქტიური ჩარევა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის 1992-1994 წლების ეთნოსამოქალაქო ომში და შემდგომ კოსოვოს კონფლიქტში გახდა მიზეზი იმისა, რომ «გაეგდოთ თურქეთი ევროპიდან, გაეგზავნათ იგი აღმოსავლეთში, რომელსაც არასოდეს ეკუთვნოდა და რომლისთვისაც იგი ყოველთვის იყო და რჩება მარგინალური. ეს არის საბედისწერო ომი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ ეწევიან ფაშისტები. ისინი კოსოვოს გამო რევანშს ესწრაფვიან. ჩვენ ბალკანელები ვართ, ჩვენ ევროპელები ვართ. საკუთარ წარმომავლობაზე უარის თქმას არავისთვის სიკეთე არ მოუტანია».

ესენი კი თვლიან, რომ ევროპელები არიან, მაგრამ ევროკავშირი სხვა აზრზე დგას. ამით აიხსნება ის სუსხი, რომელსაც დროდადრო ევროპული გაერთიანება თურქეთისადმი ამჟღავნებს. ეს არ აბრკოლებს თურქ პოლიტიკოსებს, რომლებიც ითვალისწინებენ ბალკანეთის ქვეყნების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ბრიუსელისადმი და საერთო კრიზისულ სიტუაციას ევროკავშირის სივრცეში. ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნულ სიტუაციაში ბალკანეთის მმართველი ელიტებისა და თურქეთის მოლოდინი ბევრ რამეში ობიექტურად ერთმანეთის თანმხვედრია. მაგალითად, კინგსტონში (ონტარიო) კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯის ექსპერტმა ფრედერიკ ლაბარმა თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირისადმი დამოკიდებულების პოლიტიკის არსი ასეთი ფორმულით ჩამოაყალიბა: «ყველაფერი, რისი მიღებაც მათ სურთ ევროკავშირის სტრუქტურებისგან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ნორმებისგან, არის სუვერენულ სახელმწიფოებად დარჩენის პრივილეგია.»

ბალკანეთში ანკარისთვის სასარგებლო ამ გეოპოლიტიკურ საფუძველს შესანიშნავად ერწყმის თურქეთის მხარის ძალისხმევა ამ რეგიონში თავისი ეკონომიკური პოზიციის განსამტკიცებლად. თურქეთის ინვესტიციების გეოგრაფია აქ ზუსტად ემთხვევა სტრატეგიულ დერეფანს, რომელიც გადის უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებზე და მოიცავს, კერძოდ, ბულგარეთის როდოპის მხარეს, სამხრეთ სერბეთს, კოსოვოს, მაკედონიას, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას და აბლანეთს. თურქეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი თურქული ინვესტიციები მიმართულია ბოსნიისა და ჰერცოგოვინისკენ. ალბანეთში თურქეთს მესამე ადგილი უკავია იტალიისა და საბერძნეთის შემდეგ. ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში მოღვაწე ინვესტორებს შორის თურქეთი მეოთხე ადგილზეა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების _ ავსტრიის, სლოვენიისა და გერმანიის შემდეგ. თურქეთი ბალკანეთში უფრო მასშტაბურად რომ გაიდგამს ფესვებს, სადავო არ უნდა იყოს. ამ დასკვნამდე მიდის დაზვერვისა და უშიშროების ამერიკული სააგენტო Stratfor. «თურქეთი ცალსახად დაინტერესებულია, ინვესტიციები ჩადოს ბალკანეთის სტრატეგიულ დარგებში, ისეთებში, როგორიც არის ტელეკომუნიკაციები და აეროდრომები. ეს არის ნაწილი მისი სამეურნეო სტრატეგიის, რომლის მიზანია დომინირება ბალკანეთის ნახევარკუნძულის ძირითად ეკონომიკურ სტრუქტურებში», _ ადასტურებს ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი ფადი ხაკურა.

აეროდრომების ხსენებაზე «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს უთუოდ გაახსენდებათ ბათუმისა და თბილისის («სახურავგადახდილი») აეროპორტები, რომლებშიც სწორედ თურქული ინვესტიციები იყო ჩადებული.

უკვე ითქვა, რომ ბალკანეთი ევრაზიის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი არ არის, რომელზეც ვრცელდება თურქეთის ახლანდელი ხელისუფლების «რბილი ძალის» პოლიტიკა.

საქართველოც იმ რეგიონებში შედის.

უცხოური პრესის პუბლიკაციების მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here