Home რუბრიკები პოლიტიკა საბჭოთა დაზვერვის აგენტი ოლდრიჩ ეიმსი შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ჩავარდა

საბჭოთა დაზვერვის აგენტი ოლდრიჩ ეიმსი შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ჩავარდა

1874

«ბოლოს ყოველივე დაფარული გაცხადდების»

ბიბლია

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდგომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სპეციალური სამსახურების მისწრაფებათა გამოვლენა. ამისთვის განსაკუთრებულად იზრუნეს 1985 წელს, როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა გადმოიბირეს აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი ოლდრიჩ ჰეიზენ ეიმსი, რომელმაც, როგორც სპეციალისტები თვლიან, უდიდესი დარტყმა მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს.

 

თავისთავად ეიმსის პიროვნება საქართველოს საზოგადოებრიობისთვის რაიმე განსაკუთრებულ ინტერესს არ უნდა იწვევდეს, თუ არ ჩავთვლით ერთ მნიშვნელოვან დეტალს, კერძოდ, იმას, რომ მისი სადაზვერვო საქმიანობა დაპატიმრებამდე (1994 წლის 21 თებერვალი), მჭიდროდ იყო დაკავშირებული შავი ზღვის აუზის და კავკასიის ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან. ოლდრიჩ ეიმსის ჩავარდნაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

 «ეიმსის საქმეზე» არსებული მწირი ინფორმაცია _ სულ რამდენიმე საგაზეთო და ინტერნეტპუბლიკაცია, აგრეთვე, სპეცსამსახურების შესახებ ლიტერატურა, არ იძლევა საქართველოსთან დაკავშირებით მისი სადაზვერვო საქმიანობისა და, რაც მთავარია, ჩავარდნის მიზეზების სრულყოფილად შესწავლის საშუალებას. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეიმსთან დაკავშირებულ მოვლენებთან შეხება ჰქონდათ, მაგრამ ისინი დღემდე დუმან. ამ პიროვნებებს შორის უპირველესია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც არა მარტო ოლდრიჩ ეიმსთან დაკავშირებით ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას, არამედ თავად არის მონაწილე საქართველოს უახლესი ისტორიის ჯერჯერობით გაუხმაურებელი უამრავი ფაქტისა თუ მოვლენის.

ვინ არის ოლდრიჩ ეიმსი?

2002 წელს მოსკოვში გამოცემულ ენციკლოპედიურ ლექსიკონში _ Разведка и контрразведка в лицах (გვ. 564-565) იგი მოხსენიებულია საბჭოთა დაზვერვის აგენტად. დაიბადა 1941 წელს ცსს თანამშრომლის ოჯახში. 1980 წელს მუშაობდა მეხიკოში, შემდეგ ცსს აპარატში _ ცსს კონტრდაზვერვაში. 1985 წლიდან იყო ცსს-ს კონტრდაზვერვის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობდა სსრკ-ის წინააღმდეგ, დათანხმდა საბჭოთა, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობას.

ცსს მონაცემებით, ცხრა წლის მუშაობის მანძილზე, მან აშშის სპეცსამსახურს მიაყენა არსებობის მანძილზე უდიდესი ზიანი. გასცა ინფორმაცია ასზე მეტ საიდუმლო ოპერაციაზე და ოცდაათზე მეტ ცსს და დასავლეთის სხვა სპეცსამსახურების თანამშრომელზე.

მის მიერ დასახელებულ ათ საიდუმლო აგენტს სსრ კავშირში მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა (მათ შორის, გენერალ დ. პოლიაკოვს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელიც მუშაობდა ცსს-თვის თითქმის ოცი წლის განმავლობაში).

ეიმსზე ნადირობა დაიწყო 1986 წელს, მას შემდეგ, რაც დახვრიტეს საბჭოთა დაზვერვის ორი ოფიცერი _ ვალერი მარტინოვი და სერგეი მოტორინი (ორივე მსახურობდა ვაშინგტონში დიპლომატიურ საფარქვეშ), რომლებიც გადაიბირა აშშ-ის სპეცსამსახურებმა 1983 და 1984 წლებში.

განსაკუთრებული ყურადღება ეიმსის მიმართ ამერიკის კონტრდაზვერვამ გამოავლინა 1992 წელს, როდესაც დაფიქსირდა მისი შეხვედრა კარაკასში საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთან. აშშ-ის კონტრდაზვერვამ იგი დააპატიმრა ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ამერიკა-საბჭოთა კავშირის კონტაქტების მოწესრიგების მიზნით სსრ კავშირში სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე _ 1994 წლის 21 თებერვალს. მიესაჯა სამუდამო პატიმრობა ამნისტიის უფლების გარეშე.

საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ოლდრიჩ ეიმსზე წიგნის _ Все о Внешней разведке (მოსკოვი, 2002 წ.) ავტორები ი. კოლპაკიდი და დ. პ. პროხოროვი. ისინი აღწერენ მისი ბიოგრაფიის დეტალებს:

«ეიმსი 1989 წელს დაბრუნდა ვაშინგტონში  და ხელახლა დაიკავა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილების უფროსის პოსტი და მიიღო დაშვება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პრაქტიკულად ყველა საიდუმლოზე».

აღნიშნულ თანამდებობაზე ოლდრიჩ ეიმსი იმყოფებოდა 1990 წლის ოქტომბრამდე. შემდეგ გადაჰყავთ ცსს კონტრდაზვერვის ცენტრში, სადაც ეწეოდა ანალიტიკურ საქმიანობას სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში შეღწევის პრობლემის ირგვლივ.

1991 წლის აგვისტოში მას დროებით აბრუნებენ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილებაში და ნიშნავენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საკითხზე მომუშავე ჯგუფის უფროსად. ჯგუფის ამოცანა იყო სსრ კავშირის სუკის საბოლოოდ განადგურება. ცსს-ში იმ პერიოდში თვლიდნენ, რომ სსრ კავშირში 1991 წლის ზაფხულში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით გახდა საკმაოდ ადვილად შესაღწევი. მაგრამ ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა და 1991 წლის სექტემბრის ბოლოს ზემოაღნიშნული ჯგუფი დაიშალა. 1991 წლის დეკემბრიდან ოლდრიჩ ეიმსი დაინიშნა ცსს-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში, სადაც პასუხს აგებდა შავი ზღვის და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებზე. მისი ამოცანა იყო აშშ-ის და დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის კოორდინირება, აგრეთვე, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება. აღნიშნულ პერიოდში აგრძელებდა თანამშრომლობას ეხლა უკვე რუსეთის საგარეო დაზვერვასთან და თავის ახალ მეკავშირეს აწვდიდა საიდუმლო მასალებს ცსს-ს ლოკალური კომპიუტერული ქსელიდან. შეხვედრები ოლდრიჩ ეიმსთან ტარდებოდა უცხოეთში. ასე გრძელდებოდა 1994 წლის 21 თებერვლამდე.

გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცსს-ს თანამშრომელთა მტკიცებით, ეიმსის დაპატიმრებას წინ უძღოდა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა, რისი აუცილებლობაც გამოწვეული იყო 1985-1987 წლებში სსრ კავშირში ცსს-ს აგენტთა მასობრივი ჩავარდნით. კვლევის პროცესში, 1986 წელს, ეჭვი ეიმსზეც მიიტანეს. თუმცა, ეს ეჭვი მალე გაქარწყლდა.

ეიმსმა 1986 და 1990 წელს წარმატებით გაიარა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე. მის მიმართ განხორციელდა მხოლოდ «სტანდარტული შემოწმება». შემდეგ მიიღეს ეიმსის შემოსავლების ფინანსური შემოწმების დაწყების გადაწყვეტილება. 1992 წლის აგვისტოსთვის, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა მის საბანკო ანგარიშებზე შენატანებსა და საბჭოთა წარმომადგენლებთან 1985 წელს განხორციელებულ ოფიციალურ შეხვედრებს შორის კავშირი.

1993 წელს შედგა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დაასკვნეს, რომ ადგილი ჰქონდა ცსს-ში აგენტურულ შეღწევას. 1993 წლის მაისში გადაწყდა ოლდრიჩ ეიმსის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (გფბ) დაადგინა, რომ ოლდრიჩ ეიმსი, სავარაუდოდ, 1993 წლის ზაფხულში აპირებდა თავისი ოპერატორისთვის (მეკავშირისთვის) ინფორმაციის შემცველი კონტეინერის საიდუმლოდ გადაცემას. მკაცრი თვალთვალის მიუხედავად, ეიმსმა შეძლო მეთვალყურეებისგან თავის დაღწევა. ამის შემდეგ, 1993 წლის 13 სექტემბერს მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ფარული ჩხრეკა. იქ აღმოჩენილი და 1993 წლის ნოემბერში კარაკასში ყოფნის დროს ეიმსის საბანკო ანგარიშების ზრდის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, როგორც ზემოთ ითქვა, 1994 წლის 21 თებერვალს, ოლდრიჩ ეიმსი დააკავა.

ასეთია უკანასკნელი პერიოდის ამ ყველაზე გახმაურებული და დრამატული  ისტორიის ოფიციალური ვერსია, რომელმაც მოგვიანებით ასახვა ჰპოვა როგორც ფრედერიკ ფორსაიტის რომანში Икона («ხატი») და ამერიკელების მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმში Олдрич Эимс: предатель внутри (სხვა თარგმანში Шпион), ისე დოკუმენტური ფილმების სიუჟეტებში, სადაც ეიმსის საბჭოთა, შემდგომ რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობის მოტივად დასახელებულია მხოლოდ მატერიალური დაინტერესება. თითქოს, ამით ყველაფერი ითქვა, მაგრამ დღემდე საკამათოდ რჩება მისი ჩავარდნის რეალური მიზეზები.

ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ოლდრიჩ ეიმსის გამოვლენა შესაძლებელი გახდა გფბ-სა და ცსს-ს ერთობლივი შრომატევადი საქმიანობის შედეგად. რუსული ოფიციალური მხარე, მათ შორის, სპეცსამსახურები, «ეიმსის საქმეზე» კომენტარს საერთოდ არ აკეთებენ და არაფერს აღიარებენ, თუმცა მომხდარ ფაქტს არ უარყოფენ. არადა, როგორც ამერიკელებმა, ისე რუსებმა მშვენივრად იციან, თუ როგორ მოხდა მისი ჩავარდნა.

არაოფიციალურად სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვის) ყოფილი თანამშრომლები ოლდრიჩ ეიმსის ჩავარდნაში ბრალს სდებენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობას, რომელმაც ნაჩქარევად მოახდინა საბჭოთა უშიშროების ორგანოებში მოქმედი ამერიკის დაზვერვის აგენტების თაობაზე ეიმსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის რეალიზაცია. ნაწილი თვლის, რომ ეიმსი ეწეოდა საკმაოდ ხელგაშლილ ცხოვრებას და, აქედან გამომდინარე, ლეგენდა თანხის წარმომავლობის თაობაზე ადვილად მოწმდებოდა.

ოლდრიჩ ეიმსი რომ მოსკოვში გაყიდეს, ამაში ღრმად არის დარწმუნებული სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ლეონოვიც, რომელიც წლების მანძილზე (1973-1983 წ.) მუშაობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) ანალიტიკური სამსახურის უფროსად, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ (1983-1991 წ.), ხოლო თადარიგში გასვლამდე (1991 წ. თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში) სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსად.

«მე შემიძლია მთელი დარწმუნებით ვივარაუდო, რომ ეიმსი გაყიდეს და ის გაყიდეს მოსკოვში. წლების მანძილზე მე პირადად ვამუშავებდი ამერიკაში ჩვენ აგენტურასთან კავშირის ტექნოლოგიას. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მან იმუშავა უმწიკვლოდ და უვნებლად. ჩავარდნა გამორიცხული იყო. ყველა ეს მონათხრობი ეიმსის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელ მასალებზე, რომლებიც, თითქოსდა, ნახეს მის სანაგვე ყუთში და დანახარჯები, რამაც ყურადღება მიიქცია, გათვლილია მხოლოდ სულელებზე. ეიმსი, ისე როგორც უოკერი, რომელიც, თითქოსდა, დააბეზღა მეუღლემ, «ჩააბარეს» მოსკოვში. გააკეთეს ეს იმ პირებმა, რომელთაც ჰქონდათ სამსახურებრივი შეხება «ეიმსის საქმესთან» (Прокол Эймса в США был невозможен. Его предали в Москве. Комсомольская правда. 1994 г. 22 декабря).

როგორც ზემოთ ვნახეთ, ოლდრიჩ ეიმსს ჯერ კიდევ 1989 წლიდან ჰქონდა დაშვება ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს «პრაქტიკულად ყველა საიდუმლოზე». აქედან გამომდინარე, სრულიად ცალსახაა, რომ მან კარგად იცოდა ამერიკელთა საიდუმლო პროგრამები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის შესაძლო დაშლასთან და ახლო თუ შორეულ პერსპექტივაში ამ ქვეყნის ახალ გეოპოლიტიკურ ხედვასთან როგორც მსოფლიო, ისე კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ ჯერ საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელი მიხეილ გორბაჩოვი, ხოლო შემდგომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი დეტალურად იყვნენ საქმის კურსში კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო გეგმებზე. შესაბამისად, დაიგეგმა საწინააღმდეგო ღონისძიებებიც.

თავდაპირველად, ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა ამერიკელებს გაუჭირდათ ორი ძირითადი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, აშკარად ჩანდა, რომ ცსს მზვერავები საქართველოს საინფორმაციოსადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებს უყურებდნენ როგორც ყოფილ მტრებს და, მეორეც, ამერიკელებს, ეგონათ, რომ მოხვდნენ ველურ გარემოში და დაბალინტელექტუალურ საზოგადოებაში. თუმცა მოკლე დროში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

1992 წლის შემოდგომიდან ამერიკელთა მხრიდან «რეგიონულ საქმეებზე» პასუხისმგებელი პირი გახდა ცენტრალული სადაზვერვო სამმართველოს კადრის ოფიცერი ფრედ ვუდროფი, «კოვბოური ტიპის» ცსს-ს უკანასკნელი თანამშრომელი. ერთ-ერთი ინტერნეტსაიტი (ჰტტპ://ობზორ.ტომსკ.რუ ობზორ@წესტსიტ.რუ (Наш человек в Тбилиси) მას მოიხსენიებს როგორც საქართველოში ცენტრალული სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტს. ფ. ვუდროფი იყო მაღალი აღნაგობის, გამხდარი, შინაგანად თავისუფალი, სასიამოვნო მოსაუბრე და კარგი იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული პიროვნება, ტიპიური ამერიკელი. თავისი უშუალობითა და ინტელექტით ნებისმიერ მოსაუბრეს მის მიმართ პატივისცემით განაწყობდა.

იმ ურთულეს ვითარებაში . ვუდროფი ცდილობდა საქართველოს, მისი წარსულის და აწმყოს, განსაკუთრებით, ტრადიციების შესწავლას. შეიყვარა ქართული სუფრა, ხიბლავდა ქართველების გულწრფელობა, უშუალობა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ სწრაფვის სურვილი. თავისუფალ დროს ეცნობოდა საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, შეიძინა ბევრი მეგობარი. თუ რამდენად გულწრფელი იყო . ვუდროფი თავის დამოკიდებულებაში საქართველოს და ქართველების მიმართ, და ხომ არ იყო ეს მისი «პროფესიული ნიღაბი», საუბრის სხვა თემაა, თუმცა ხშირად ამბობდა, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში და სამუდამოდ აქ დასახლდებოდა. განსაკუთრებით ხიბლავდა არაგვის ხეობა. ვუდროფი გარდაცვალებამდე იყო აქტიური ორგანიზატორი ცენტრალული სადაზვერვო სამმართველოს მიერ დაგეგმილი პრაქტიკულად ყველა იმ პროგრამის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ქართველ კოლეგებთან ურთიერთობის პროცესში იბადებოდა.

დასაწყისში ამერიკელების დახმარება შემოიფარგლებოდა ძირითადად საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის საკანონმდებლო ბაზის ფორმირების და თანამშრომელთა სასწავლო და გადამზადების პროცესისთვის რჩევების მიცემით. შემდგომში თანამშრომლობა უფრო გაფართოვდა.

1992 წლის 12 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ტელეფონით დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძეს. ისაუბრეს საქართველო-რუსეთის დიდი ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობაზე. ყინული, თითქოს, დაიძრა.

ძნელია იმის თქმა და, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორი სიხშირითა და სიჩქარით აწვდიდა ოლდრიჩ ეიმსი მოსკოვს საქართველოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თუმცა, ერთი რამ ცხადი იყო _ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საკმარისი იყო საქართველოს ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს მიეღო რაიმე კონფიდენციური ხასიათის გადაწყვეტილება, რომ მას მომენტალურად მოჰყვებოდა რუსეთის რეაქცია, თუმცა შესაძლოა, ნაწილობრივ, ობიექტურად განვითარებულ მოვლენათა დამთხვევასაც კი ჰქონდა ადგილი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ეიმსი 1994 წლის თებერვალში სამსახურებრივი მივლინებით სსრ კავშირში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა დააპატიმრა. ამ ინფორმაციაში ერთი უზუსტობაა გაპარული. აღნიშნული პერიოდისთვის სსრ კავშირი უკვე სამი წლის დაშლილი იყო და ოლდრიჩ ეიმსი, ბუნებრივია, სსრ კავშირში ვეღარასდროს გაემგზავრებოდა. ენციკლოპედიის შემდგენლები შეგნებულად გვერდს უვლიან იმ გარემოებას, რომ  ეიმსი 1993 წლის ზაფხულში იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში, კერძოდ, საქართველოში.

ოლდრიჩ ეიმსი რომ საქართველოს სტუმრობდა დასტურდება რამდენიმე ინტერნეტწყაროთი, რომლებშიც, კერძოდ, ნათქვამია: …Незадолго до убийства Вудроффа, в Тбилиси побывал Олдрич Эймсс“; „До него случайно дошли сведения об Эймсе, который приезжал в Грузию в 1993 году“. (წწწ.პროფისმარტ.რუ. Николай Зенькович – Тайны ушедшего века); „…Незадолго до гибели, Вудроффа навещал по делам сотрудник ЦРУ Олдрич Эимсс“ (ჰტტპ.//ობზორ.ტომსკ.რუ ობზორ @ წესტსიტ.რუ — „Наш человек в Тбилиси“); „И тогда все вспомнили о том типе с противными усиками — проверяющего из Ленгли,  который приехал за неделю до гибели Вудроффа в Тбилиси, чтобы инспектировать его работу). (Aგენტურა.რუ — Глубокая и темная бездна).

ზემოაღნიშნულ ინტერნეტსაიტებზე ასევე მითითებულია, რომ ეიმსი არცთუ ისე ცუდად ფლობდა რუსულ ენას, იყო კარგი ანალიტიკოსი, თუმცა უკმაყოფილო იყო იმით, რომ ცსს მას იყენებდა აგენტ-გადმომბირებლად. ეიმსი წერდა საბჭოთა სპეცსამსახურებზე სამეცნიერო ნაშრომებს. იყო ვუდროფების ოჯახის დიდი ხნის მეგობარი (ფრედი ვუდროფის მეუღლეც ცსს-ს მაღალი რანგის მოხელე გახლდათ). ოლდრიჩ ეიმსი საბჭოთა და შემდგომ რუსეთის დაზვერვას გადასცემდა ყველა ინფორმაციას, რაც ხელში ჩაუვარდებოდა, მათ შორის, თბილისში ვუდროფის საქმიანობის ამსახველ მასალებს.

ეიმსი რომ საქართველოში იმყოფებოდა უდავოა და ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს. ამის თვითმხილველები საქართველოშიც არიან.

ოლდრიჩ ეიმსი თბილისში ჩამოვიდა ფრედ ვუდროფის 1993 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულად გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. სწორედ ამ ერთკვირიან პერიოდში ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთერთი ყველაზე დრამატული მოვლენის კულმინაციას, რომლის კვანძიც დღემდე გაუხსნელია.

დავუბრუნდეთ ეიმსთან დაკავშირებით რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნების ნიკოლოზ ლეონოვის კატეგორიულ გამონათქვამს, რომ «ეიმსი გაყიდეს მოსკოვში». ავტორი ამაზე მეტის თქმის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევს. არადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნ. ლეონოვმა ამ მოსაზრების დაფიქსირების მომენტში კარგად იცოდა ეიმსის ჩავარდნის ზუსტი მიზეზები. მაგრამ გაუფრთხილდა საკუთარი ქვეყნის პრესტიჟს, უფრო სწორად, ქვეყნის პრეზიდენტის იმიჯს. ასევე ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ გასაგები მიზეზების გამო, დღემდე ეიმსის ჩავარდნას მძიმედ უნდა განიცდიდდნენ საბჭოთა კავშირის (შემდგომში რუსეთის ფედერაციის) საგარეო დაზვერვის ის თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ შეხებაში არიან მის გადმობირებასთან და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროფესიულ ასპექტებთან.   

ოლდრიჩ ეიმსის საქართველოში ჩამოსვლის მომენტისთვის, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ უკვე ბევრი რამ იყო მომხდარი. პოლიტიკური და საომარი ვითარება აფხაზეთში უკიდურესობამდე იყო დაძაბული

სწორედ ასეთ ურთულეს პირობებში, 1993 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში თბილისში მყოფი ოლდრიჩ ეიმსი კონფიდენციალურად შეხვდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს.

ედუარდ შევარდნაძემ იცოდა, რომ მისი სტუმარი აშშ-ის ყველაზე გასაიდუმლოებული უწყების _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კავკასიის რეგიონულ საქმეებზე პასუხისმგებელი და ამ უწყების ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება იყო. საქართველოს მეთაურმა ისიც კარგად იცოდა, რომ ამერიკის დაზვერვა მისეულ ხედვას მიმდინარე ურთულეს მოვლენებზე და საქართველოს სამომავლო სტრატეგიულ გეგმებსა და ამოცანებზე აუცილებლად, თანაც სასწრაფოდ მიაწვდიდა ამერიკის ადმინისტრაციას, კერძოდ, იმ სტრუქტურებსა თუ პირთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოს მიმართ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ.

საუბარი დიდხანს გაგრძელებულა. ამ შეხვედრას ორივე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ედუარდ შევარდნაძე სისხლხორცეულად იქნებოდა დაინტერესებული, რომ მისი შეხედულებები და მოსაზრებები, მათ შორის, ისეთებიც, რის თაობაზეც ის პირველად და კონფიდენციალურად ისაუბრებდა, რაც შეიძლება მეტი დოზით მიეწოდებინა აშშის ცენტრალული სადეზვერვო სამმართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის. ეიმსიც, როგორც გამოცდილი მზვერავი და კარგი ანალიტიკოსი, შეეცდებოდა შევარდნაძისგან მაქსიმალური და სრულყოფილი სადაზვერვო ინფორმაციის მიღებას

ოლდრიჩ ეიმსის ჩავარდნასთან მისი და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ დავინახოთ, გადავფურცლოთ წიგნის Все о Внешней разведке (მოსკოვი, 2002 წ.) ავტორების ა. ი. კოლპაკიდის და დ. პ. პროხოროვის მიერ დაფიქსირებულ ერთ ასეთ ინფორმაციას: «ეიმსზე დაწესებული მეთვალყურეობისა და მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შედეგად გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა, რომ 1993 წლის ზაფხულში ის, შესაძლოა, ემზადებოდა თავისი ოპერატორებისთვის საიდუმლო ინფარმაციის შემცველი კონტეინერის გადასაცემად. ამ დღეს, ეიმსზე დაწესდა მჭიდრო მეთვალყურეობა, თუმცა მან შეძლო «კუდისგან» თავის დაღწევა და გფბ-ს აგენტებმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიიღეს. მაშინ, 1993 წლის 15 სექტემბერს, ეიმსის საცხოვრებელი სახლიდან საიდუმლოდ ამოიღეს ნაგვის ტომარა, რომელშიც აღმოჩნდა დახეულ ყვითელ საფოსტო ბარათზე შესრულებული ჩანაწერი». ჩანაწერში მინიშნებული იყო რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელთან _ მეკავშირესთან მისი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში შესაძლო შეხვედრის მზადყოფნის დამადასტურებელი ინფორმაცია. ვინაიდან ეიმსის შეხვედრა ე. შევარდნაძესთან მოხდა 1993 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, მაქსიმუმ 8 რიცხვამდე, ხოლო ამავე წლის ზაფხულში საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კონტეინერით დაუსხლტა აშშ-ის გამოძიების ფედერალული ბიუროს, გამოდის, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ჯაშუშმა თბილისში მიღებული ინფორმაციის, საკუთარი ანალიტიკური მოსაზრებებითა და დასკვნებით, მოსკოვისთვის გადაცემა მოასწრო და ის, 15 სექტემბრის მონაცემებით, ახალი საიდუმლო შეხვედრისთვის ემზადებოდა.

ზემოაღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი პროფესიული ასპექტის კარგად გააზრება. კერძოდ, ეიმსის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილება მიიღეს 1993 წლის მაისში (აშშ-ს კონტრდაზვერვას ეჭვი ოპერატიული ინფორმაციის დონეზე 1992 წლის აგვისტოდან უკვე ჰქონდა), მაშინ რატომ მისცა ცსს-მ პირს, რომლის მიმართ ჯაშუშობის ბრალდებით აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, საქართველოში გამგზავრების და, მით უმეტეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეთაურთან შეხვედრის და მისგან კონფიდენციური პოზიციის გაგების საშუალება? ხომ ცხადი იყო, რომ ეიმსი ე. შევარდნაძისგან მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გადასცემდა რუსეთის დაზვერვას? ეს ხომ საქართველოს ჩავარდნას და მისი პოლიტიკური ლიდერის, გაწირვას ნიშნავდა? ძნელი დასაჯერებელია, რომ ოლდრიჩ ეიმსის დანაშაულებრივ ქმედებაზე დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად მსგავსი ნაბიჯი გადაედგა აშშ სპეცსამსახურს. იქნებ, საიდუმლო კონტეინერში სწორედ ე. შევარდნაძესთან საუბრის ამსახველი ინფორმაცია იდო, რომელიც ცსს-მ ხელში ვერ ჩაიგდო და მოსკოვში აღმოჩნდა? არ არის გამორიცხული ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძისა და ეიმსის შეხვედრა თავად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ყოფილიყო წახალისებული, ანუ საქართველოს მეთაური ნებსით, თუ უნებლიედ აღმოჩნდა ერთ-ერთი სერიოზული სადაზვერვო პროცესის, ე.წ. აქტიური ღონისძიების _ აგენტის შემოწმების მონაწილე.

ედუარდ შევარდნაძესთან საუბრის დროს ეიმსის მიერ მიღებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვაში გადაწყდა სასწრაფოდ მისი მოხსენება ქვეყნის პრეზიდენტისთვის. სწორედ აქ იქნა დაშვებული ფატალური შეცდომა.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, მათ შორის, სადაზვერვო სტრუქტურების მუშაკებმა, რომლებიც კონფიდენციური ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობენ, კარგად იციან, რომ ინფორმაციის რეალიზაცია შესაბამის ინსტანციებში, მათ შორის, ქვეყნის პირველ პირთან, ტექნოლოგიური თვალსაზრისით რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. სხვადასხვა პროფესიული მანიპულაციები და კომბინაციებია საჭირო იმისთვის, რომ, ჯერ ერთი, რისკის ფასად მოპოვებულმა ინფორმაციამ შედეგი გამოიღოს და, მეორეც, არ მოხდეს ინფორმაციის მომწოდებლის გამჟღავნება _ გაშიფრვა.

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი უკიდურესობამდე გააღიზიანა ედუარდ შევარდნაძის გულწრფელმა აზრებმა. ამას მოწმობს ის მძიმე სატელეფონო საუბარი, რომელიც მათ შორის გაიმართა, ედუარდ შევარდნაძე, ბუნებრივია, დაუკავშირდებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პასუხისმგებელ პირს, რომელსაც მოუყვებოდა მის თავს გადამხდარი უცნაური, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის თაობაზე _ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაილანძღა იმ მოსაზრებებისა გამო, რომლებიც, კონფიდენციალურ ვითარებაში ცოტა ხნის წინ მხოლოდ ოლდრიჩ ეიმსს გაანდო.

ეჭვი ეიმსის მიმართ აშკარად სახეზე იყო.

ამ ამბის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს სასწრაფო და გადაუდებელი ზომები უნდა მიეღო.

ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო აშშ-ის გამიძიების ფედერალური ბიუროს მიერ 1994 წლის 21 თებერვალს ოლდრიჩ ეიმსის დაპატიმრების ფაქტი.

ოლდრიჩ ეიმსი დაჩქარებული წესით გაასამართლეს. 1994 წლის 28 აპრილს, დახურულ სასამართლო სხდომაზე ეიმსს, ჩადენილი დანაშაულისათვის _ ჯაშუშობა, გადასახადებისგან თავის არიდება, მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. 1994 წლის 23 ოქტომბერს გაასამართლეს მისი მეუღლეც _ მარია როსარიო ეიმსი და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საპატიმრო ვადის ციხეში მოხდით.

«ეიმსის საქმემ» ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. უდიდესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რის შედეგადაც ცსს-ს დირექტორი ჯეიმს ვულსი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. სკანდალი ამით არ ამოწურულა. აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, 1994 წლის 26 თებერვალს პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს ვაშინგტონში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის რეზიდენტი ა.ი. ლისენკო. იძულებული იყო ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინსაც მოსკოვში ცსს-ს რეზიდენტის დ. მორისის მიმართ. იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გარკვეულწილად განმუხტულიყო, ბორის ელცინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ, თითქოს, მან არაფერი იცოდა ოლდრიჩ ეიმსის საქმიანობის შესახებ.

სავარაუდოდ, ედუარდ შევარდნაძე არ დაადასტურებს 1993 წლის ზაფხულში ოლდრიჩ ეიმსთან მისი შეხვედრის და ბორის ელცინთან მწარე საუბრების ფაქტს და ამას, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ავტორის ფანტაზიის ნაყოფს მიაწერს.

გელა სულაძე,

სახელმწიფო უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი,

უსაფრთხოების ანალიტიკოსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here