Home რუბრიკები პოლიტიკა რა უხარიათ რესპუბლიკელებს

რა უხარიათ რესპუბლიკელებს

597

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებმა ქართველებისთვის უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მნიშვნელოვანი იყო ის დეტალიც, რომ ერთი წლის წინ «ნაცების» გადაგდებით აღტკინებული ქართველი ხალხის 54%-მა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. ფსიქოლოგები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან, ზოგი ამბობს, რომ ნიჰილიზმით იყო გამოწვეული, ზოგი ამბობს, რომ დაიღალნენ, ხოლო «ოცნება» ხალხის სიმშვიდესა და ბედნიერებაზე საუბრობს. სინამდვილეში კი შევარდნაძეს თავის დროზე საარჩევნო კანონში ცვლილება რომ არ შეეტანა, უკანასკნელი არჩევნები საქართველოში ჩატარებულად არ ჩაითვლებოდა.

 

მოკლედ, არჩევნები ჩატარდა. შედეგიც თითქოს არ იყო მიუღებელი და მოულოდნელი, მაგრამ «ნაციონალების» 20 პროცენტმა მაინც გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური და ხშირი სჯა-ბაასი მიმდინარებს და უამრავი აზრიც გამოითქვა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის რესპუბლიკელმა წევრმა ლევან ბერძენიშვილმა «ნაცების» 20% გადაცემაში «სუბიექტური აზრი» ყველაზე საინტერესოდ ახსნა. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა «ნაცების» დიდი წვლილი და როლი რესპუბლიკელების ოცნების ასრულებაში. აი, როგორ გვიხსნის დამსახურებულ მეორე ადგილს ლევან ბერძენიშვილი:

«ოცი პროცენტი ის ხალხია, რომელთაც გამარჯვება უნდა მივულოცოთ, მათ ის მიიღეს, რაც თავისთვის საჭიროდ ჩათვალეს. მეორე ადგილზე გასული იბრძოდა იმისთვის, რომ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, დაფიქსირებულიყო, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამ კუთხით მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. რაც მოხდა, შეიძლება ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას _ არა, ზოგი იმასაც ამბობდა, თუ ეს მოხდა, საქართველოს მივაფურთხებო, საქართველოს მიმფურთხებელი ბევრი არ დაბადებულა და ამის უფლებას ნუ მისცემენ საკუთარ თავს. საქმე ისაა, რომ ქართველი ხალხის ნებას პატივისცემა სჭირდება. «ნაციონელების» ეს პროცენტი არ გამკვირვებია, ნამდვილად ვიცოდი, მეორე ადგილზე ვინც გავიდოდა.

 მათ ჰქონდათ სწორი მართვის სლოგანი: «ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა», მათ ქვეყნის პულსზე ხელი უდევთ. დავით ბაქრაძის დაფიქსირებას ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კარგად ვხედავ. დღეს ორპარტიულობის, მრავალპარტიულობის დრო იწყება.

ამ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განლაგებას, მნიშვნელობა ჰქონდა, რა რეალობა დადგებოდა, იქნებოდა მეორე ტური, ძლივს გაიმარჯვებდა თუ არა. ასეთი რეალობა რომ არ დამდგარიყო და «ნაციონალებს» არ გაემარჯვათ, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა, იტყოდნენ, რომ «ნაციონალები» მეორე ადგილზე ვერ გავიდნენ, გავიდნენ მესამე, მეშვიდე ადგილზე, მათ გაასწრო ყველამ _ კობა დავითაშვილმა, შალვა ნათელაშვილმა. ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ყველა გამარჯვებული, ანუ მეორე ადგილზე გასული იტყოდა, რომ მთავარი ოპოზიცია ჩვენ ვართ, არადა, მათ პარლამენტში ორმოცპროცენტიანი წარმომადგენლობა ჰყავთ, ამის უფლება კი არ აქვთ, პარლამენტი ქართველი ამომრჩევლის ნებას არ ასახავსო. დღეს კი ამ საკითხის დაყენება უხერხული იქნება, ასეთი საფუძველი არ არსებობს. ვადამდელი არჩევნების საკითხი მოიხსნა

გადაცემის დასასრულს, ბერძენიშვილმა სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა:

«რაც შეეხება სააკაშვილს, თუ მას უვიცად, პოლიტიკურად უნიჭოდ, დეგენერატად გამოვაცხადებთ, მაშინ მასზე გამარჯვების ფასი არაფერია. მიხეილ სააკაშვილს ტალანტი რომ ჰქონდა, იმით დამტკიცდა, რომ მან მოახდინა საქართველოს ორგანიზება საიმისოდ, რომ რეფორმები განხორციელებულიყო. მან ერთ საპრეზიდენტო ვადაში წარმატებას მიაღწია. სააკაშვილმა აჭარის საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

 მერე რაღაც რომ მოხდა, ვიღაცას ჰგონია, რომ დადებითი აღარ უნდა დავინახოთ. თავადვე თქვა, ამდენს ნუ მაგინებთ, რომ წავალ, თან ხომ არ წავიღებ ჩემს გაკეთებულსო?! რა, რომ წავა, ხომ ვერ წაიღებს ბათუმში დაგებულ გზებს?» 

ბერძენიშვილმა, სანამ სააკაშვილზე საუბარს დაიწყებდა, ესქილეს ტრაგედია გაიხსენა, ის, თუ როგორ ტიროდნენ ბერძნები, როდესაც უძლიერესი მტერი, სპარსეთი, დაამარცხეს.

ამაზე უკეთეს ახსნას, ალბათ, ვერც მოვისმენდით, ყველაფერი გასაგებია.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ შეხვედრიდან კულუარული ინფორმაცია გამოვიდა და არჩევნების შედეგების ზუსტი ციფრები დასახელდა, რაც არავინ დაიჯერა. ხალხს სხვა მოლოდინი მაინც ჰქონდა, ყველას ეგონა, რომ «ნაციონალები» ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არენიდან თუ კობა დავითაშვილივით არ გაქრებოდნენ, 5%-იან ბარიერს ძლივს გადალახავდნენ.

ლევან ბერძენიშვილის «სუბიექტურ აზრში» გამოსვლამ და ახსნა-განმარტებამ ყველა ჭორი თუ მართალი დაადასტურა. ის, რომ «ნაცები» და რესპუბლიკელები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ და მხოლოდ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ, თორემ იდეოლოგია ერთი და იგივე აქვთ და .. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ლევან ბერძენიშვილი ასეთი აღფრთოვანებით საუბრობს «ნაცების» მეორე ადგილზე, სლოგანზე, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ერთად უნდა აკონტროლონ მთავრობა და მართლაც რესპუბლიკელებს ახალ ხელისუფლებაში, მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია აქვთ, ისინი არამც და არამც არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველომ სწორი და ხალხისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგას.

ბერძენიშვილი ორპარტიულობაზე საუბრობს და ასეთ შემთხვევაში, «ნაცებზე» უკეთეს მეორე პარტიას ვერც ინატრებენ. რესპუბლიკელები, ისევე, როგორც «ნაციონალები», ნორლანდის სიტყვიდან გადახვევას არასდროს დაუშვებენ. ბერძენიშვილის საუბარი ძალიან ჰგავდა «ნაცების» საუბარს, როდესაც ამბობდა, რომ მთელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი ხალხის ერთ-ერთ წარმატებად ჩათვალესო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ ახსოვს ვინმეს, რომ უცხოეთს ეთქვას, ეს რა ჩაიდინეთ და როგორ გააყალბეთო?!

ბერძენიშვილი არც მალავს და უკვე აღარც სჭირდება ეს, რომ «ნაცების» მეორე ადგილმა არალეგიტიმური პარლამენტი «გააპრავა».

მართალია, როდესაც ამბობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგებოდაო, ხალხი ამას აუცილებლად მოითხოვდა და მაშინ მართლაც დაიღუპებოდნენ «ნაცებიც» და რესპუბლიკელებიც, მათ შორის, უფრო მეტად რესპუბლიკელები, რადგან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლებოდათ და თავად კი 1% პროცენტსაც ვერ აიღებდნენ (როგორც ყოველთვის), რასაც ვერ ვიტყვით «ნაცებზე», რადგან მათი იეღოველებივით «ერთგული» მხარდამჭერები ბარიერის გადალახვას მაინც მოახერხებინებდნენ

ბერძენიშვილი ასევე, საუბრობს ხალხის ნებაზე, მაგრამ საეჭვოა, რომ ხალხის ნება იცოდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ არც მათ რესპუბლიკელებს და არც «ნაცებს» ამ ქვეყანაში, რეალური არჩევნების პირობებში, მომავალი არ ექნებოდათ. ხალხის ნება იყო სწორედ ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 54% პროცენტმა მონაწილეობა არ მიიღო. თუ ბატონი ბერძენიშვილი კარგად დაფიქრდება, უნიჭო კაცი არ არის და მიხვდება, რომ ამით საქართველოს მოსახლეობამ თავისი აზრი ნათლად დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნები ზუსტად ისე ჩატარდა, რომ ერთი პროცენტითაც არ გაცრუებიათ იმედი: ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რესპუბლიკურ პარტიას და «ნაცებს».

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here