Home რუბრიკები პოლიტიკა სირიის სამოქალაქო ომმა შეიძლება კავკასიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

სირიის სამოქალაქო ომმა შეიძლება კავკასიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

487

თითქოს უცნაურია ის, რომ სირიის სამოქალაქო ომს შეიძლება გამოხმაურება ჰქონდეს ამ ქვეყნის საზღვრებიდან ასე მოშორებით _ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. მართალია, მათ სირიასთან საერთო საზღვრები არ აქვთ, მაგრამ უამრავი რამ აკავშირებთ ახლო აღმოსავლეთთან და, კერძოდ, სირიასთან.

 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ესაზღვრებიან ირანს და თურქეთს. ირანს საზღვარი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან (მათ შორის, გასასვლელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში), რომლის სიგრძეც 600 კილომეტრს აჭარბებს. თურქეთის საზღვრების საერთო მანძილი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან დაახლოებით 500 კილომეტრია და დღეს ამ ქვეყანაში ცხოვრობს 2,5-დან 7 მილიონამდე კავკასიური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი. დემოგრაფიული და გეოგრაფიული კავშირების გარდა, ირანისა და თურქეთის მთავრობები აქტიურად მონაწილეობენ სირიის საქმეებში. ირანი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, ხოლო თურქეთი აქტიურად ემხრობა რეჟიმის დამხობას და მზადაა, აშშ-ის მეთაურობით მონაწილეობა მიიღოს ინტერვენციაში, საკუთარი ინტერვენციაც კი განახორციელოს.

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს და მათ მეზობლებს შორის ურთიერთობებში რთული დინამიკაა. თურქეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირეა. ის ბაქოს მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან. სერიოზული დაძაბულობით გამოირჩევა აზერბაიჯანირანის ორმხრივი ურთიერთობებიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მაღალი რელიგიური სოლიდარობაა, ოფიციალური ბაქო მუდმივად აკრიტიკებს ირანს აზერბაიჯანში რადიკალური ისლამისტური ძალების მხარდაჭერის გამო. ორმხრივ ურთიერთობებში მტკივნეულია სამხრეთ (ირანული) აზერბაიჯანის საკითხი.

თეირანი ყველაზე დიდ საფრთხედ აფასებს ამერიკელების ყოფნას კასპიის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თეირანს არ მოსწონს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის, განსაკუთრებით კი, ირანზე ან სირიაზე სამხედრო დარტყმისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა.

დიდ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა ამ რეგიონის ბევრ ქვეყანასთან აკავშირებს. აღსანიშნავია, საქართველოაშშის სტრატეგიული თანამშრომლობა. დღეს ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 1500 სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს, რაც ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობაა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველო მონაწილეობდა ასევე ერაყის საბრძოლო მოქმედებებში.

კავკასიის ქვეყნები, უკვე 20 წელიწადზე მეტია, დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ზოგადი ვითარება რეგიონში სტაბილური არ არის. პოსტსაბჭოთა სივრცის რვა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტიდან, ექვსი ამ რეგიონში მოხდა. მკვლევარები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ გეოპოლიტიკურ სიტუაციას კავკასიაში, მაგრამ ძირითადად ისინი მას ამერიკულ-რუსული კონკურენციის პრიზმაში განიხილავენ.

საქართველოში პოლიტიკოსები ინტერვენციას ერთსულოვნად ემხრობიან. ამ ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ერთ პოზიციაზე არიან. ამ წლის აგვისტოში ორივემ დაუჭირა მხარი ამერიკულ ინტერვენციას. ეს შეიძლება უჩვეულოდ ჩანდეს ქართულირანული ურთიერთობის ფონზე, რომელშიც შეიმჩნევა დათბობის ტენდენცია. 2010 წელს, პროამერიკელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ძალისხმევის წყალობით, თბილისი და თეირანი უვიზო რეჟიმზე შეთანხმდნენ, მაგრამ საქართველო ისრაელის ურთიერთობები, განსაკუთრებით ფუქსიფრენკელის საქმის შემდეგსერიოზულად გაუარესდა.

აზერბაიჯანის პოზიცია სირიასთან დაკავშირებით ფრთხილია. თუკი აზერბაიჯანი სირიასთან დაკავშირებით საბოლოო და შეუქცევად პოზიციას დაიკავებს, ეს ირანთან მის დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

სომხეთს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით განსაკუთრებული ინტერესი აქვს. იმიტომ, რომ სირიაში სომეხთა თემი ცხოვრობს. სექტემბერში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული სირიის მოვლენებთან. სხვა მნიშვნელოვანი საკითხი – სირიის ინტერვენციაში თურქეთის მონაწილეობის მზადყოფნაა. რაც ცუდ პრეცედენტს ქმნის სომხეთისთვის, რომელსაც არ აქვს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. ამგვარმა დინამიკამ დაარწმუნა სომხეთის ხელისუფლება, გაწევრიანებულიყო საბაჟო კავშირში იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი შეენარჩუნებინა.

რუსეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. მოსკოვისთვის სირია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კავკასიის ფაქტორი. რუსეთი ეწინააღმდეგება უცხოურ სამხედრო ინტერვენციებს და სტატუსკვოს შენარჩუნება იდეალურად არა, მაგრამ მაინც საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, კავკასია რუსეთის სირიულ პოლიტიკაში მოტივაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსკოვის აზრით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაზრდის დესტაბილიზაციას რუსეთის არასტაბილურ კავკასიურ ნაწილში. კატარი უკვე ეხმარება სირიის ოპოზიციას; რუსეთი ვერ დატოვებს უყურადღებოდ იმ ფაქტს, რომ სირიული რეჟიმი, რომელშიც ალავიტები დომინირებენ, მრავალი წლის განმავლობაში აკავებდა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს.

დღეს უამრავი დებატი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ვინ არის ყველაზე მეტად დამნაშავე სირიულ კრიზისში, მაგრამ პოლიტიკური კურსი, რომელიც ამ დებატების საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს, უნდა გატარდეს იმის გათვალისწინებით, რომ ასადის რეჟიმის მარცხი სერიოზულად აისახება სირიის საზღვრებიდან მოშორებით _ კავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებზე.

სერგეი მარკედონოვი

The American Interest

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here