Home რუბრიკები პოლიტიკა ორი «ჯადოსნური» წინადადება არჩევნების მოსაგებად

ორი «ჯადოსნური» წინადადება არჩევნების მოსაგებად

497

საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება დიდია არამარტო სააკაშვილის რეჟიმის დასრულებაში (მავანთა უსაგნო წუწუნს _ «ნაცების» რეჟიმი არ დასრულებულა, რატომ ყველას არ იჭერენო _ უპასუხოდ დავტოვებ, მარტო ერთს ვიტყვი: ვანო მერაბიშვილის გარანტირებული პრეზიდენტობა რომ ავიცილეთ თავიდან ბატონი ბიძინას საშუალებით, უკვე დიდი სიკეთეა). ბატონი ბიძინას დამსახურება ასევე დიდია რუსეთთან პოლიტიკურეკონომიკურ დაახლოებაზე საუბრის დეკრიმინალიზაციაში.

 

სააკაშვილის განუკითხავი პარპაშის დროს მისი უწმინდესობის, ილია მეორეს წინააღმდეგ სამარცხვინო სალანძღავი კამპანია სწორედ პატრიარქის მხრიდან რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისთვის გადადგმული ნაბიჯებით იყო გამოწვეული. ბუნებრივია, როდესაც რეჟიმის მსახურნი პატრიარქის ლანძღვას არ ერიდებოდნენ, უბრალო მოკვდავისთვის ბევრად უფრო საშიში იყო რეჟიმის რისხვა. რუსეთთან არა თუ დაახლოება, არამედ ელემენტარულად რუს ხალხთან მეგობრობაზე კრინტის დაძვრაც კი «სამშობლოს ღალატად» ითვლებოდა. ეს ყოველივე აგვისტოს ომის შემდეგ ბევრად უფრო გამძაფრდა.

ამიტომ პოლიტოლოგიის სფეროში მომუშავე ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ვბედავდით რუსეთის ფაქტორზე მსჯელობას, კრიმინალიზებულნი ვიყავით და, სულ ცოტა, მარგინალების პოზიციაში ვიმყოფებოდით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ჩურჩულით გამოხატავდა თავის მხარდაჭერას ჩვენი პოზიციის მიმართ. რუსეთის თემაზე სააკაშვილის მიერ დაწესებული ტაბუ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ინერციით გაგრძელდა, რაშიც დიდ როლს მასმედია ასრულებდა. ისევ ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია არსებული ტაბუ და თეორიულად საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება არ გამორიცხა. ეს უდიდეს მოვლენად მიმაჩნია ქართულ პოლიტიკაში, რადგან ბოლო 20-23 წლის მანძილზე რუსეთთან რაიმე სერიოზულ ინტეგრაციულ პროექტში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე საუბარი ისევ და ისევ «სამშობლოს მოღალატეობას» უტოლდებოდა. ევრაზიის კავშირი კი არა, გავიხსენოთ, ყოვლად უსახურ და ამორფულ დსთ-ში საქართველოს შესვლა-არშესვლაზე რამდენი ემოცია ამოიფრქვა. ასე რომ, საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების თემა მარგინალობის მდგომარეობიდან დაიხსნა. რა თქმა უნდა, პრემიერი აცნობიერებს, რომ ხალხის ფართო ფენები მისგან სწორედ რუსეთთან სრულმასშტაბიან დარეგულირებას ელოდებიან, რაც საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და პოლიტიკური სტაბილიზაციის საწინდარი გახდება.

მაგრამ არ ჩერდებიან დასავლურ გრანტებზე გამოზრდილი მასმედია და არასამთავრობო სექტორი. ისინი დგანან პრემიერმინისტრსა და ხალხს შორის. ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს (ამას ყველა გამოკითხვა მოწმობს) რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება მიაჩნია ქვეყნის პრიორიტეტად, ამას ანგარიშს უწევს და საამისოდ შინაგანადაც განწყობილია პრემიერმინისტრი, მაგრამ ხალხსა და პრემიერს კომუნიკაციაში ხელს უშლიან სწორედ ხსენებული მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამას დავუმატოთ «ქართული ოცნების» პოლიტიკური სიჭრელე, დასავლური ლობის სიძლიერე ამ ორგანიზაციაში და იოლად გავაცნობიერებთ, რა სირთულის წინაშე დგას პრემიერმინისტრი.

მიუხედავად ამ სირთულისა, მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე, და ეს ეტაპი, ჩემი აზრით, უკვე დადგა, პრემიერმა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს თავისი გონივრული კურსი რუსეთის მიმართ და ხალხის ნება განახორციელოს. ეს ჩემი ახირება არ არის. კარგად უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ქართული ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული, ევროკავშირი კარგა ხანს ვერ გვიშველის. რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ნაწილობრივ უკვე გაიხსნა, ეს ძალზე სასიხარულო ფაქტია. მე, როგორც რუსულქართულ ურთიერთობებზე მომუშავე სპეციალისტი, მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით ყურადღებით ვაკვირდები, ამიტომ სიკეთესთან ერთად ვხედავ ხარვეზებსა და რისკებს, რომლებიც ამ დადებით პროცესს თან ახლავს. კერძოდ:

_ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სხვა კავკასიური რესპუბლიკების ანალოგიურ პროდუქციასთან შედარებით ნაკლებკონკურენტუნარიანია, ფასებიდან გამომდინარე. საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური დაურეგულირებლობის პირობებში საბაჟო გადასახადები ჩვენს პროდუქტებზე უფრო მაღალია. მაგალითად, რუსული ბაზარი სავსეა აფხაზური ციტრუსებით. წელს ქართული ციტრუსები ვერ გაუწევს კონკურენციას აფხაზურს, რადგან აფხაზებს საბაჟო გადასახადის გარეშე შეაქვთ თავიანთი პროდუქტები, რუსეთის კეთილი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე. ამიტომ აფხაზური ციტრუსები უფრო იაფია, ხარისხით კი ქართულს არ ჩამოუვარდება;

_ პოლიტიკური დაურეგულირებლობის პირობებში რუსი ბიზნესმენები გაურბიან ქართულ კომპანიებთან უშუალო ურთიერთობებს და მათთან ხელშეკრულების გაფორმებას. მათ პოლიტიკური რისკები აშინებთ, რომლებიც რეალურია, რადგან ამ ორ ქვეყანას არ აქვს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები;

_ სავიზო რეჟიმის სიმკაცრე რუსეთის მხრიდან ხელს უშლის ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას, რაც ისევ და ისევ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობით არის განპირობებული. ჩემთან ბევრი ბიზნესმენი მოდის თხოვნით, როგორმე დავეხმარო რუსეთის ვიზის გაფორმებაში. ბატონმა პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ ახლახან ტელევიზიით გაპიარებული ქართული სატრანსპორტო კომპანიის მიერ რუსეთში მარშრუტის აღდგენა თავისით არ მომხდარა. იყო კარასინ-აბაშიძის პრინციპული შეთანხმება, მაგრამ პრაქტიკულად ქართველი მძღოლები ვიზების გარეშე დარჩნენ. რეალური დახმარების აღმოჩენა მათთვის სწორედ ევრაზიის ინსტიტუტმა მოახერხა და მძღოლები რუსეთში შევიდნენ, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება _ საჭიროა სახელმწიფოებრივი დარეგულირება, დიპლომატიური ურთიერთობების დონეზე.

ამიტომ აუცილებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და სასურველია, დავიწყოთ კვალიფიციური მსჯელობა, საბაჟო კავშირთან დაახლოების თაობაზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რაც უწინაც გამიკეთებია პრესით და ტელევიზიით: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან არ ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის «დამოუკიდებლობის» აღიარებას! საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ბატონ ზურაბ აბაშიძეს, კიდევ ერთხელ შევახსენებ სერბეთის პრეცედენტს _ კოსოვო აღიარა დასავლეთის დიდმა ნაწილმა, მაგრამ სერბეთს არც ერთ დასავლურ სახელმწიფოსთან (და თუნდაც არადასავლურთან) დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ბელგრადში ყველა უცხოური საელჩო ფუნქციონირებს, ისევე, როგორც პრიშტინაში. ჩვენ რომ ვიძახოთ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს არსებობა დაუშვებელიაო, განა ამით ორი უკვე არსებული საელჩო დაიხურება?! იქნებ სჯობს, რომ მესამე საელჩო თბილისში იყოს, რათა მეტი გავლენა ვიქონიოთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე?!

საბედნიეროდ, ეს ანბანური ჭეშმარიტებები ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული. ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან. საქართველოს ერთიანობა ამით არ ილახება, პირიქით, პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი ტენდენციები თუ გაჩნდება. საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა ეშინიათ სეპარატისტებს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს დასავლეთში, ამიტომ მეტი ენერგიით უნდა გავაუმჯობესოთ რუსეთთან მეზობლობა. დღეს რომ საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმეს გადაელახა მასმედია-არასამთავრობოების კომპლექსი და პირდაპირ გამოეცხადებინა, რომ: 1. მხარს უჭერს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას; 2. საბაჟო კავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, მას რეიტინგი თუ არ გაუორმაგდებოდა, სერიოზულად მაინც გაეზრდებოდა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომლის მთავარი პოლიტიკური კაპიტალი პრეზიდენტ პუტინის მხრიდან კეთილი განწყობის გამოხატულებაა, ვერ ბედავს ამ ლოგიკური ნაბიჯის გადადგმას და გასაკეთებელს ისევ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, თუნდაც ეს კურსი მისი მხრიდან ჯერჯერობით არასაკმარისად მყარი და ეფექტურია.

პირადად მე, როგორც საზოგადოების რიგითი წევრი და პოლიტოლოგი, ჩემ მიერ წარმოდგენილი ევრაზიის ინსტიტუტის სახელით ვთავაზობ ყველა საღად მოაზროვნე პიროვნებას, ასევე პროფილით მომუშავე ორგანიზაციებს, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება ზემოთ აღნიშნული წინადადებების რეალიზების მოთხოვნით. ამით ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავეხმარებით, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს ხალხთან და ხელი არ შეუშალონ შუალედურმა რგოლებმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here