Home რუბრიკები პოლიტიკა «ნავერტილეს» დაბრუნება, ანუ კობა და «ნაცები» გარიგდნენ?!?!

«ნავერტილეს» დაბრუნება, ანუ კობა და «ნაცები» გარიგდნენ?!?!

671

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 დღე დარჩა. პოლიტიკურ სარბიელზე მთავარი მოთამაშეები გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე არიან. დანარჩენები საარჩევნო ყუთებთან უბრალოდ «დუბლიორებს» ჰგვანან, რომლებიც ძირითადი მოთამაშეებისთვის სასათბურე პირობების შექმნისა და გარკვეული მოტივაციისთვის იყრიან კენჭს.

 

სქემა, რომელიც «საქართველო და მსოფლიოსთვის» გახდა ცნობილი, «ნაციონალური მოძრაობის» ოფისში დაიგეგმა, პოლიტიკის კულუარებს გასცდა და ჟურნალისტებმაც გაიგეს. საარჩევნო მანიპულაციების სქემაში, წყაროს ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური სახეებიც მონაწილეობენ.

პოლიტიკური გარიგება, რომელზეც კულუარული საუბრებია,  საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილსაც ეხება. «ხალხის პარტიის» ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც «ქართული ოცნების» მძიმე წონა იყო, მოულოდნელად და ცამოწმენდილზე ჯერ ჯანდაცვის მინისტრს გადაეკიდა და მალევე უმრავლესობა ხმაურიანად დატოვა. ეს კომბინაციაც ამავე გათვლილ  გარიგებაში ჯდებოდა, დავითაშვილმა ამით «ოცნების» საოცნებო უმრავლეობის დაშლის ტენდენცია დააფიქსირა და გააფორმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ამავე  «ნაციონალების» გარიგების სქემაში ჯდება, დავითაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატობა რომ მოუნდა. სხვა თუ არაფერი, დავითაშვილს საამისოდ არც ფული ჰქონდა და არც რეიტინგი ჰყოფნიდა. ამიტომაც, როგორც ამბობენ, ამასაც ჰქონია ქვენა წინაპირობები. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, თანაც პოლიტიკური კომბინაციები სასაქონლო ოპერაციები არაა, რომ მისი ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურები და მტკიცებულებები ჟურნალისტების სამუშაო მაგიდაზე იდოს, თუმცა ფაქტია, რომ კობას ფული და «ნავერტილე» უყვარს. თუ რეალობასთან ახლოსაა, რომ დავითაშვილის მიერ «ნაციონალების» დაკრულზე ცეკვა» სწორედ მისი ზუთხის მწვადისადმი სიყვარულითაა განპირობებული, მაშინ ვარაუდები მხოლოდ იქითკენ მიდის, რომ «ნაცებმა» მას ბურჯანაძისთვის ხმების 2 პროცენტის «ახევა» დავით ბაქრაძის სასარგებლოდ სთხოვეს. თუ ეს რეალობაა, მაშინ კობას ნინოს ჩაძირვისთვის და ბაქრაძის აღზევებისთვის უნდა ემუშავა, რომ საარჩევნო მარათონში მეორე ადგილს დავით ბაქრაძე დამშვენებოდა და არა  ნინო ბურჯანაძე. თანაც ისე, რომ ხილული თვალისთვის ეს საარჩევნო კლიპებიდან ცხადი არ გამხდარიყო.

სხვათაშორის, ამ ვერსიის პარალელურად თავად «ოცნების» შიგნით ალაპარაკდნენ ანალოგიურზე. დავითაშვილის ფრაქციიდან წამოსვლისა და შემდგომ საპრეზიდენტო კანდიდატად თავის დაყენების პარალელურად დავით საგანელიძემ მაშინვე აღნიშნა, რომ კობას შიგნით რამე თუ არ მოსწონდა, გარეთ არ უნდა ელაპარაკა და თანაც საპრეზიდენტო კანდიდატურად მისი წამოყენება უფრო სხვა მიზნებს ემსახურებოდა. რა მიზანი უნდა ყოფილიყო ეს?!

დავითაშვილი, რომელიც ადრე სხვა ჯიბიდან იკვებებოდა, ივანიშვილის  ყულაბიდან აშკარად ვეღარ ჭამდა და ბენზინისთვის ვეღარც მილიონებს ხარჯავდა. დავითაშვილი, მართალია, ამას ქრთამს არ უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს გარიგებას. მართალია, დავითაშვილი ამბობს, რომ «ნავერტილეს» სკანდალის დროს არა პირადი მიზნები ამოძრავებდა, არამედ პარტიული შემოწირულობებისთვის ზრუნავდა, თუმცა ფაქტები მეტყველებენ, რომ დავითაშვილს პოლიტიკა თავისებურ ბიზნესად ესმის.

საინტერესოა, როგორ შეაფასებდა ის აღნიშნულ კულუარულ ინფორმაციას მისი და «ნაციონალების» გარიგების თაობაზე, რომელიც ბაქრაძის სასარგებლოდ ბურჯანაძისთვის ხმების წართმევას მოიცავს, თუმცა ბატონ დავითაშვილს საკონტაქტო მობილურები გამორთული ჰქონდა და მისი პოზიცია ვერ დავაფიქსირეთ.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here