Home რუბრიკები პოლიტიკა გოდერძი ორმოცაძე: კეზერაშვილი და თემურ ალასანია იარაღს უკრაინაში ყიდულობდნენ და ირანში ყიდდნენ

გოდერძი ორმოცაძე: კეზერაშვილი და თემურ ალასანია იარაღს უკრაინაში ყიდულობდნენ და ირანში ყიდდნენ

905

საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთში დააკავეს. ყველამ იფიქრა, ნუთუ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და 2008 წელს ქართველების თავს გადამხდარი უბედურების შემოქმედთა დასჯა-გასამართლება მოხდებაო, მაგრამ, ასე ვთქვათ, «კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა», ამჯერადაც იმედი გაგვიცრუვდა _ კეზერაშვილი ჯოზეფ ქეის საჩივრის გამო დააკავეს. ეს ის საჩივარია, რომლის საფუძველზეც თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე ძლივს მიიყვანეს. ნეტავ, თუ მართლა სჯერა წულუკიანს, რომ გაურკვეველი რეპუტაციის მქონე პიროვნების, ჯოზეფ კეის, საჩივრის საფუძველზე საფრანგეთი ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილს გასასამართლებლად საქართველოს გადმოსცემს?!  არადა, რა მარტივი იყო კეზერაშვილისთვის იმ ბრალის წაყენება, რომლის ხელის დაფარებასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. სამწუხაროა, მაგრამ დღეს ეს არავის უკვირს, რადგან ახალაიას ვაშლის გაფრცქვნისთვის აკავებენ, მერაბიშვილს _ სამსახურეობრივი უფლებამოსილების მსუბუქი გადამეტებისთვის და კეზერაშვილს _ სპირტის უკანონო ბიზნესისა და ჯოზეფ ქეის გაცუცურაკებისთვის. ამის შემდეგ იმის იმედი, რომ სააკაშვილს რამეს დაუშავებენ, სულ ტყუილად გვაქვს. უკვე რამდენი ხანია, ჟურნალისტებს თავი გვაქვს გადადებული იმისთვის, რომ როგორმე მთავარ პროკურორ კბილაშვილს კომპრომატების მოძიებაში დავეხმაროთ და არც თუ ურიგო მასალები იდება.  «საქართველო და მსოფლიო» ამჯერადაც კიდევ ერთხელ შეეცადა პროკურორის დახმარებას და თადარიგის კაპიტან გოდერძი ორმოცაძეს დაუკავშირდა.

_ ბატონო გოდერძი, დავით კეზერაშვილი სპირტის უკანონო ბიზნესისა და ჯოზეფ ქეის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს არის კეზერაშვილის დანაშაული?

_ დავიწყოთ იმით, რომ წაგებული ომის შემდეგ ყველა პირველი და პასუხისმგებელი პირი ისჯება. კეზერაშვილი სამშობლოს ღალატისთვის არის დასაკავებელი. ბრალდება, რომელიც წაუყენეს, სასაცილოა. მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ჯერ მხოლოდ პროკურატურას მივაწოდეთ, მაგრამ რატომღაც ამ დრომდე რეაგირება არ არის. კეზერაშვილის დაპატიმრების დროს მათ უკვე ჰქონდათ ჩვენ მიერ მიწოდებული მასალა _ 8 ოქტომბერს პროკურატურას ყველა ჩვენს ხელთ არსებული ფაქტი გადავეცით.

ომის წინა პერიოდის ბიუჯეტს გაგაცნობთ. თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველად გამოყოფილი ჰქონდა 513 მილონ 270 ათასი ლარი, შემდეგ დაამატეს 442 მილიონ 100 ათასი ლარი. ყველა ეს თანხა განსაზღვრულ ვადაშია გახარჯული. რაში დაიხარჯა ფული? _ გაფუჭებულ ტექნიკაში, საჰაერო თაცდაცვის საშუალებებში გადახდილია 50 მილიონ 343 ათასი ლარი, ჭოგრიტებში _ 2 მილიონ 700 ათასი ლარი, თავსებადი რადიოსადგურების შესაძენად _ 23 მილიონ 800 ათასი ლარი, ვერტმფრენებისა და ტანკებისთვის – 106 მილიონი ლარი, არსებული ტანკების NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გადახდილია 64 მილიონ 200 ათასი ლარი.

2008 წლის ომის დროს ზემოჩამოთვლილი არც ერთი ტექნიკა გამოყენებული არ ყოფილა, რადგან უვარგისი გამოდგა. თანხები გაწერილია ასევე ყაზარმების მშენებლობაში, მაგრამ აშენებული არ არის, მხოლოდ გარემონტებულია. ის შენობები მათ არ აუშენებიათ, რუსების დანატოვარი იყო, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ შეღება და შეაკეთა. სენაკში რეზერვისტთა ბაზა გავაკეთეთო, უწერიათ. რა ბაზა გააკეთეს?! რუსებმა ბომბი რომ ჩამოაგდეს, რეზერვისტებს თავშესაფარი არ ჰქონდათ და 17 ბიჭი დაიღუპა. გახარჯულ თანხებში საავიაციო ანგარების მშენებლობა უწერიათ, ესეც სისულელეა, ანგარებიც რუსების დანატოვარი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამინისტროში მკვდარი სულები არსებობდნენ. თანხების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარია, რომ ყველა დოკუმენტური მასალა პროკურატურაში მიტანილია და ყველაფრის საქმის კურსში არიან.

აღნიშნული ბიუჯეტიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრიც ომის დაწყების ინიციატორები იყვნენ, რადგან ხელს აძლევდათ, _ 1 მილიარდი ლარი გასათეთრებელი ჰქონდათ. ომი თანხის ჩამოსაწერად საუკეთესო საშუალება იყო…

_ ვაჭრობდა თუ არა იარაღით კეზერაშვილი?

_ ვაჭრობდა, აბა, რა! დოკუმენტებში, რომლებიც პროკურატურას წარვუდგინეთ, იარაღის ისეთი სახეობებია შესყიდული, საქართველოში თვალითაც არ გვინახავს.

ისინი ტექნიკას ნამდვილად ყიდულობდნენ, ეს ინფორმაცია ზუსტად ვიცით, რადგან შესყიდულ საუკეთესო ტანკებს უკრაინიდან წარმომადგენელი გამოჰყვა; აქ რომ დაინახა ეს გადასაყრელად გამზადებული ტანკები, კაცი კინაღამ გაგიჟდა, _ ეს რა არისო, კითხულობდა. ქართველებიც და უკრაინელებიც სახტად დარჩნენ.

თანხები, რომლებიც დოკუმენტებში წერია, ნამდვილად საუკეთესო ტექნიკაშია გადახდილი, ოღონდ ჩვენამდე არ მოუღწევია.

კეზერაშვილის მინისტრობის დროს ნაყიდია: 6 ერთეული ბუკ-ი (ჩვენამდე გაფუჭებული მოვიდა),  41 ერთეული რაკეტა (თვალით არ გვინახავს), 82 ცალი ტანკი (საქართველოს საერთოდ ამდენი ტანკი ჰყავს?), საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (არ ვიცით, სად არის), ბოლოს კიდევ 25 ცალი ტანკი უყიდიათ, ტყვიამფრქვევები და ვინ მოთვლის, კიდევ რა, მაგრამ ეს ყველაფერი სად იყო და სად წაიყვანეს, წარმოდგენა არავის აქვს, მხოლოდ კეზერაშვილს ან სააკაშვილს შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა.

საბუთებში წერია ისიც, რომ თავდაცვის სამინისტრო ყიდულობდა საბრძოლო იარაღს, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწერებოდა, ეს ისეთი იარაღია, რომელსაც მხოლოდ ტერორისტები გამოიყენებენ. ეს უკვე ახალაიას დროს ხდებოდა. მეცინება, როდესაც ვისმენ, რომ ახალაიას ამ დრომდე ბრალი ვერ წაუყენეს და ვითომ რაღაცას ეძებენ, ახალიას, კეზერაშვილისა და სააკაშვილის საქმეები ხელისგულზე დევს. ვგულისხმობ იმ სფეროს, რომელშიც ვიყავი და რისი მომსწრეც ვარ.

ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ხელში ჩავიგდეთ დოკუმენტური მასალა, რომელიც უკრაინასთან საქართველოს იარაღით ვაჭრობის ფაქტს ადასტურებს. 2008 წელს ამ საქმის წარმატებით განხორციელებისთვის სააკაშვილმა იუშჩენკოს კომპენსაციის სახით ორი ცალი ახალთახალი «ლენდ როვერი» აჩუქა. ჩვენ გვაინტერესებს, თუ იცოდა ამერიკამ, რომ სააკაშვილი ამდენ იარაღს ყიდულობდა და, თუ იცოდა, ხმას რატომ არ იღებდა? გვინდა ჩვენს ხელთ არსებული მასალა ვთარგმნოთ და საელჩოებს დავურიგოთ, სააკაშვილი ყველას ატყუებდა.

საბრძოლო ტექნიკა უკრაინიდან ფოთის პორტში შემოდიოდა, ყველა გემის სახელი ვიცით. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული შუამავალ ფირმა «ბელ ტრეიდინგთან», რომელიც ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებას აწარმოებდა. ფული ამ ფირმის ანგარიშზე ირიცხებოდა, ქართული მხარე შეკვეთასაც მას აძლევდა. აღნიშნულ ფირმას ხელმძღვანელობდნენ ვინმე კისელი და ანტონენკო.

საბუთები გენერალმა წითელაშვილმა მოიპოვა და მაშინვე პროკურატურაში შევიტანეთ. გვეუბნებიან, რომ საქმის ძიება მიმდინარეობსო, ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ კეზერაშვილის დანაშაული მხოლოდ სპირტის უკანონო ბიზნესით შემოიფარგლებოდა. საქმეში ფიგურირებს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს უფროსი ბერძენიშვილი, ასევე შესყიდვების უფროსი _ მუჯირი, ამ ადამიანებს დღეს არავინ ახსენებს. არადა, სწორედ მათი ხელიდან გადიოდა ყველა თანხა.

ამბობენ და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ძვირადღირებული ტექნიკა ირანში მიჰქონდათ. სააკაშვილის ბიძა _ თემურ ალასანია ამ საქმეებს აგვარებდა. ცხვრის ბიზნესს რომ ახსენებდნენ, სწორედ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმის მოწმეებად გამოდგებიან. კეზერაშვილი და თემურ ალასანია იარაღს უკრაინაში ყიდულობდნენ და ირანში ყიდდნენ. საქართველოში თვალის ასახვევად უვარგისი საბრძოლო ტექნიკა შემოჰქონდათ.

ომი მოწყობილი იყო, რაც იმით დასტურდება, რომ უკანდახევისას არც ერთი საბრძოლო იარაღი არ განადგურებულა. ომის წესია, თუკი რამ გაგაჩნია, უნდა გადამალო, რომ მოწინააღმდეგეს ხელში არ ჩაუვარდეს, მაგრამ, თუ გაყვანას ვერ ახერხებ, მაშინ უნდა ააფეთქო, ჩვენებმა ყველაფერი ადგილზე დატოვეს და მოწინააღმდეგეს საშუალება მისცეს, წაეყვანა. მაშინვე ითქვა, _ ურიდიას ტექნიკის აფეთქების ბრძანება არ გაუციაო. ასეთი ფაქტები ომის დაწყების დიდ სურვილზე მეტყველებს. მათ ხელს აძლევდათ, რომ ტექნიკა რუსებს გაეტანათ. ასე იყო დაგეგმილი. გახსოვთ, მერე ამბობდნენ, რუსებმა უნიტაზები წაიღესო, უნიტაზები კი არა, გაფუჭებული ტანკები წაიყვანეს. ეს ურიდია ახლაც, ალასანიას მინისტრობის დროსაც, საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა.

მაიორმა ხვიჩა ლეკვეიშვილმა თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავები სენაკიდან ააფრინა და წყალტუბოში, ტყეში გადამალა. დღეს რომ თვითმფრინავები გვყავს, სწორედ მისი დამსახურებაა, მაგრამ მაშინ ის სამსახურიდან გამოუშვეს დამოუკიდებელი მოქმედებისთვის, ალბათ, ის თვითმფრინავებიც რუსებისთვის იყო გამზადებული. საქმე ისაა, რომ მაშინ კი გამოუშვეს, მაგრამ დღეს ეს ადამიანი ჩვენთან ერთად იბრძვის და არავინ ეკითხება, ომში რა მოხდა და რისთვის გაგათავისუფლესო… და რამდენი ასეთი ადამიანი ზის სახლში. ხოლო კეზერაშვილის დამქაშები ალასანიას გვერდით მუშაობენ. მაგალითად, ფერაძე _ მეტსახელად «ბულბულა», ურიდია, ფოჩხუა, შენგელია. ეს ხალხი დღესაც მუშაობს და დარწმუნებული ვარ, იმავე დანაშაულს სჩადიან.

კომისია უნდა შექმნილიყო, 15 თავდაცვის ნაწილი უნდა შემოწმებულიყო, ვცდილობდით, ფაქტები დაგვედო _ რა გაკეთდა, რა იყო და დანაშაული გამოგვეკვეთა, მაგრამ დაგეგმარების უფროსებმა _ ძნელაძემ და ჯანჯღავამ უარი გვითხრეს, თუმცა თავიდან ამ კომისიის შექმნა გადაწყდა. რაღაცას ბოდიალობენ, ვითომ ტექნიკას ნაწილებს უცვლიან, სისულელეს აკეთებენ. ზედაპირულად არემონტებენ, რაღაცის გადაფარვას ცდილობენ, მაგრამ არ ვიცი, როდემდე დამალავენ იმას, რომ საქართველოს C-200 არ აქვს, რუსებს ორი ცალი C-300 აქვთ _ ერთი ცხინვალში და ერთიც აფხაზეთში, რომლითაც მთელ საქართველოს აკონტროლებენ და, თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის C-200-ის ქონა რას ნიშნავს? სინამდვილეში საბუთებიდან ჩანს, რომ კეზერაშვილს C-200 ნაყიდი აქვს, ფოთის პორტში ჩამოვიდა, ამის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს,  მაგრამ თავდაცვის სამინისტრომდე არ მოუღწევია. ამ ყველაფრის გამომჟღავნება ალასანიასაც არ უნდა, ყველა ინსტანციაში გვაქვს საბუთები შეტანილი, ყველაფერს ვამბობთ, მაგრამ არავის აინტერესებს. თქვენ რომ ის პასუხები ნახოთ, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო გვიგზავნის, გაგიჟდებით. არადა, უმარტივესი პროცესია, საქართველოს პროკურატურამ უკრაინას უნდა მისწეროს და ისინი ყველაფერს გამოუგზავნიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ან მართლა არ აძლევთ ხელს, ან უნდა ვაცადოთ… პროკურატურაში დაგვპირდნენ, რომ ზემოჩამოთვლილი ყველა დანაშაულისთვის ყველას შესაბამის ბრალს წავუყენებთო.

ესაუბრა ეკა ნაყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here