Home რუბრიკები საზოგადოება რომელი კანდიდატის გამარჯვება აძლევს ხელს ქართულ ეკონომიკას?!

რომელი კანდიდატის გამარჯვება აძლევს ხელს ქართულ ეკონომიკას?!

627

ნებისმიერი არჩევნების წინ მოსახლეობა არჩევნებში ერთადერთი მიზნით მონაწილეობს _ მხარი დაუჭიროს უკეთეს ცხოვრებასამ იმედის გამო გაიმარჯვა «ოცნებამ». იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ მომავალი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გზა გავიარეთ და სად აღმოვჩნდით ამჟამად.

 

ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ინსტრუმენტი ინვესტიციებია, ხოლო მის განსახორციელებლად მოზიდული კაპიტალი _ ორი წარმომავლობის: უცხოეთიდან მოზიდული ინვესტიცია და შიდა, ეროვნული ბიზნესის მიერ განხორციელებული მუდმივი რეინვესტირება (გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კრედიტებსა და გრანტებს ამ შემთხვევაში არ განვიხილავთ).

მაგრამ უცხოური ინვესტიცია ყოველთვის პოლიტიკური დატვირთვისაა.

საქართველოსთვის რეალური კაპიტალი, წარმომავლობის, გნებავთ, გეოპოლიტიკის გამო, უტრირებულად რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული ან თურქულ-ახლო აღმოსავლური.

არ დებენ ბელგიელები თუ ბრიტანელები კაპიტალს საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ასევე, არც ამერიკელები და არც აღმოსავლეთ ევროპელები.

მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში საქართველოზე შეუდარებლად მიმზიდველი საინვესტიციო ადგილები არსებობს. მაგალითად, ბევრი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიური ქვეყანა, რომლებშიც დიდწილად ჩვენზე ლიბერალური საგადასახადო სისტემაა და შეუდარებლად იაფი მუშახელი; ასევე, აღმოსავლეთი ევროპა, აქ განვითარების პოტენციალი თანხვედრაშია სტაბილურ პოლიტიკურ გარემოსთან.

ჩვენი მოსახლეობის სტრუქტურული შემადგენლობის გათვალისწინებით უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა (მასობრივი უმუშევრობა) რომ მეტნაკლებად სწრაფად შემცირდეს, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის განვითარებაა საჭირო თავისი თანმდევი გადამამუშავებელი მრეწველობით, ხოლო საბოლოო პროდუქტი გარანტირებულად უნდა გადიოდეს ექსპორტზე. მაგრამ სოფლის მეურნეობა «ნაციონალებისთვის» ყოველთვის გერის მდგომარეობაში იყო და ამას თავისი სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

სოფლის მეურნეობა სპეციფიკური დარგია. მისი განვითარებით გამოწვეული საბიუჯეტო ამონაგები წლებში გაწელილი პროცესია. გლეხობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებით მიღებული პროდუქციის რეალიზაცია პირველად გადამუშავებამდე პრაქტიკულად არაფრით იბეგრება. კანონმდებლობით ექსპორტიც არ ექცევა დაბეგვრის რეჟიმში. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ექსპორტის ზრდა მყისიერად ბიუჯეტის შემოსავლებზე გავლენას ვერ ახდენს. ამას დავუმატოთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარე მთავარი მომხმარებელი რუსეთი იყო. რაც შეეხება გადამამუშავებელ მრეწველობას, აქაც დრო და სახსრებია საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ ფერმერული მეურნეობები შეიქმნას და სოფლის მეურნეობა სრულფასოვან ბიზნეს-სეგმენტად ჩამოყალიბდეს, დროსთან ერთად საჭიროა სახელმწიფო ხელშეწყობაც.

და მთავარი … გლეხს უშუალოდ წილში ვერ ჩაუჯდები.

ამიტომ «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ საერთოდ ხელი აიღო ამ დარგის განვითარებაზე და თავისი მიზნებისთვის მარტივ გამოსავალს მიაგნო: იმპორტის საშუალებით დაბალხარისხიანი, ხშირად ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ქვეყნის ბაზრის გაჯერება. ბიუჯეტიც მყისიერად ივსებოდა და ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ ნებისმიერი დარგის მონოპოლიზაციაც მარტივად ხორციელდებოდა.

ამიტომ ახლა, როდესაც დაისვა საკითხი, ეკონომიკის თუ რომელი დარგების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ, ეს, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაა აუცილებლად თავისი გადამამუშავებელი მრეწველობით; ასევე სატრანზიტო-ინფრასტრუქტურული სეგმენტი, გამომდინარე საქართველოს სპეციფიკური გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, და ჰიდროენერგეტიკა.

აქედან ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად ეკონომიკური განვითარების საწყისი ეტაპისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობა რჩება.

მაგრამ რა მდგომარეობა შეიქმნა დღეისთვის?

ერთი რეგიონული ზესახელმწიფოს (რუსეთის) ადგილი დაიკავა მეორე რეგიონულმა ზესახელმწიფომ (თურქეთმა).

გამომდინარე აქედან, საქართველომ რეალურად დაკარგა რუსული ბაზარი, თანაც, ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, თურქეთის ბაზარზე ვერ შევაღწიეთ. ვერც შევაღწევდით და არც იყო ეგ გეგმაში. პირველი იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი იმპორტის სტიმულირება და მეორე, თურქეთი თვითონ არის იმ სახეობის პროდუქციის ექსპორტიორი, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ქვეყანაც. თურქეთში ვერ შევიტანთ ვერც პირველად და ვერც გადამუშავებულ ხილეულს თუ სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციას იმ ფასად და იმ მოცულობით, რომელიც გასცდება სატრანზიტო რეექსპორტის ჩარჩოებს. ღვინო-პროდუქციასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ ულტრა სპეციპიკური სიტუაციაა. პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, ჯერჯერობით სხვა ბაზარი, რეალური მოცულობებიდან გამომდინარე, არ არსებობს.

კაპიტალს აუცილებლად ახლავს პოლიტიკური სარჩულიც.

ამის უთვალსაჩინოესი მაგალითი (და არამარტო) უკვე აჭარაა. პოლიტიკური დომინანტის როლს ფინანსური ინსტრუმენტით ამჟამად ახდენს ქვეყანა, რომელთანაც არანაირი კულტურული თუ ეთნონათესაური კავშირი არ გაქვს, ეს სახიფათოზე სახიფათოა. დროის დინამიკაში კი რა იქნება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

ეს შეცდომაა!

უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შემადგენელი თითქოს ე. წ. ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმებიცაა.

მაგრამ ამ ოფშორებს ზურგს უკან დასავლური, სულ ცოტა, დასავლური ლეგალური-სუფთა კაპიტალი ვერ უნდა იმალებოდეს. ასეთ ზონებში ძირითადად ე. წ. შავი ფულის აკუმულირება ხდება მათი შემდგომი გათეთრების მიზნით. ჩვენ შემთხვევაში კი აქ აკუმულირებული თანხები, ძირითადად, «ნაციონალების» მიერ სხვადასხვა ბიზნესიდან «ახეული» და აკუმულირებული კაპიტალი იყო და ახლაც, აღნიშნული ნაკადის შეჩერების გამო, დიდწილად გამოწვეულია ის სრული ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც «ოცნების» მოსვლის შემდეგ დაიწყო ქართულ ეკონომიკაში. «ნაცოფშორები» ფულს საქართველოში აღარ დებენ… «მათი საბაღნარო აღარაა» ქვეყანა და რატომ გარისკონ?!

მაგრამ აქამდე საერთოდ გამოუყენებელი იყო მთავარი «ქართული კაპიტალი», ე. წ. ეთნიკური კაპიტალი, ანუ მდიდარ, ძალიან მდიდარ ქართველთა კაპიტალი.

ეკონომიკას აქვს თავისი კანონები. გასაღების ბაზარი საბოლოო საფეხურია, ის ხელს უწყობს ინვესტიციის მოზიდვას. ინვესტიციით კი შენდება საწარმოები, რომლებიც ასაქმებს მუშახელს და ქმნის მატერიალურ დოვლათს, რომელიც უნდა გაიტანო ისევ იქ _ გასაღების ბაზარზე. ჩაკეტილი, მაგრამ ურთიერთდამოკიდებული წრეა.

ამიტომ ფორმულა: «იქნება ბაზარი? იქნება ქარხნებიც! იქნება ქარხნები? იქნება დასაქმებაც!» უნივერსალურია.

და აქ მივდივართ მთავარ სათქმელთან:

ქართული პროდუქციის პოტენციური ბაზარიც და «ეთნიკური კაპიტალიც» მხოლოდ ერთ ქვეყანაშია აბსორბირებული და ეს ერთი ქვეყანა, გვინდა თუ არა, რუსეთია.

ბაზრის გაჯერებულობის, მოთხოვნადობის, ხარისხისა და ცნობადობის გამო ქართული პროდუქცია, რომლის გატანაც ჩვენ ექსპორტზე რეალურად შეგვიძლია, მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეა, რომლის უდიდესი წილიც ისევ რუსეთზე მოდის.

ეთნიკური კაპიტალიც მხოლოდ რუსეთშია. არ არსებობს «არარუსულკაპიტალიანი» ძალიან მდიდარი ქართველი ადამიანი. ცუდია ეს? რასაკვირველია, ცუდია! მაგრამ დღევანდელი მოცემულობაა. დივერსიფიკაცია ყველგან და ყველაფერშია საჭირო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზს გამო დღევანდელი სურათი ასეთია.

აქამდე ეს კაპიტალი გამოუყენებელი იყო და დგება დრო, შევეცადოთ, იმ უამრავ «ეთნიკურ ინვესტორს» გზა გავუხსნათ საქართველოს ბაზრისკენ.

მაგრამ, რუსეთში არსებულმა «ქართულმა ეთნიკურმა კაპიტალმა» საქართველოსკენ გზა რომ გამოიკვლიოს, საჭიროა რუსეთის ხელისუფლების თანხმობა. მიზეზი მარტივია _ ეს ხალხი დიდ ფულს რუსეთში შოულობს და რუსეთის ხედვით მისდამი არაკეთილგანწყობილი ქვეყნის ეკონომიკაში ფულს არავინ ჩაადებინებს.

პროსაბჭოთა პოლიტიკის გატარების გამო ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა კუბა. აბსოლუტური ბლოკადა აქვს გამოცხადებული მას ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან.

მთელი მსოფლიო ბიზნესი ხარჯავს ფულს, რათა შეაღწიოს რუსულ ბაზარზე.  «ნაცმოძრაობამ» კი მთელი თავისი უშრეტი ენერგია დახარჯა, რათა გამოვსულიყავით რუსული ბაზრიდან.

1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო საერთო ენის გამონახვის მცდელობები. რუსეთთან «მომლაპარაკებლად» დაინიშნა გამოცდილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე. ეს საწყის ეტაპზე პოზიტიურ სიგნალად რუსეთმაც ჩათვალა და თავადაც დაიწყო შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა და ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის. მაგრამ გადიოდა დრო და საქართველოს ოფიციალური პოზიცია ევროატლანტიკური ვექტორის ერთადერთობასთან დაკავშირებით უცვლელი რჩებოდა. პრაქტიკულად აბაშიძის არაფორმალური სტატუტის გამო აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ლეგიტიმაციის დონეც ვერ განვითარდა და რუსეთიდანაც არ დააყოვნა «საპასუხო» ნაბიჯებმა. არც დიცის ამბები და არც ონიშჩენკოს დროდადრო წამოსროლილი სისულელეები, რუსულ ბაზარზე სხვადასხვა ქართული ფირმების დაბლოკვასთან დაკავშირებით, ცალკე რაიმე სურათს არ გადმოსცემს.

ონიშჩენკოც, დიციც და ის სოჭელი მეჩირაღდნე-მფრინავიც _ ყველა ბედკრული დიდი პოლიტიკის მცირე ფრაგმენტებია.

სამწუხაროდ, ამ დიდი სურათის ვერდანახვისას ჩვენ შეიძლება ისევ არასწორი გათვლა გავაკეთოთ და აღმოვჩნდეთ ისევ იქ, საიდანაც თავის დაღწევა გვინდოდა.

ხვალ თუ რუსეთმა ისევ დაკეტა საზღვარი ქართული ღვინოებისთვის, კახეთში ყურძნის ჩაბარების ფასი ისევ 30-40 თეთრი გახდება!

ამიტომ მთავარია, გასაღების ბაზარი სტაბილური იყოს, ხოლო «ეთნიკურ კაპიტალს» შეეძლოს ჩვენთან ფულის დაბანდება. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს «ეთნიკური კაპიტალი» ჩვენი ქვეყნის ლობისტი უნდა იყოს რუსეთში, რასაც ასე ოსტატურად იყენებენ ჩვენივე მეზობლები.

ამ წერილის თემა არ იყო საქართველოს ყველაზე მტკივნეულ, ოკუპირებული ტერიტორიების, პრობლემებზე საუბარი, რომლის გასაღებიც ასევე დიდწილად ისევ რუსეთის ხელშია. მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების დატანდემება აუცილებლად მოუწევს. მუდმივი პოლიტიკაში არაფერია, მუდმივი მხოლოდ ინტერესები უნდა იყოს.

მაგრამ ყველაზე წამგებიანი ჩვენთვის ამ შემთხვევაში გამოკვეთილი პოლიტიკური ვექტორის არქონაა. გაურკვევლობა ამ შემთხვევაში დამღუპველია. ამ გაურკვევლობას თვით «ნაციონალების» მიერ აბსოლუტურად აღვირახსნილი რუსოფობული, ამერიკისა და ევროპის ნეოკონსერვატი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის მიერ გაცხადებული პოლიტიკის გატარებაც ჯობდა. იმიტომ, რომ იმ პოლიტიკით ვიღაცის მოკავშირე მაინც ვიყავით. მართალია, ისეთი მოკავშირის, რომელმაც ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში მხოლოდ პამპერსი და წყალი გაიმეტა, მაგრამ მაინც მოკავშირის. დღეს კი ვართ ამორფულ სიტუაციაში, რომელიც, პირველ რიგში, ურტყავს ქვეყნის ეკონომიკას.

ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. «ნაციონალების» დროს ჩვენს ქვეყანაში დომინანტი ალფა-ქვეყნის როლის დაკავება დაიწყო თურქეთმა. ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში გვაქვს შანსი, სტაბილურად გაიხსნას რუსეთის ბაზარი, ხოლო «ეთნიკურად ქართული ინვესტიცია» ჩადგეს ქვეყნის შენების საქმეში; აი, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში კი არც ერთი იქნება, არც მეორე და, თქვენ წარმოიდგინეთ, _ არც მესამე და მეოთხეყველანაირი გაურკვევლობა იქნება ყველანაირი მიმართულებით ყველა ასპექტში და თანაც ყველასთვის.

გაურკვევლობა ყველგან და ყველასთვის!

ბიზნესს ყველაზე მეტად არ უყვარს გაურკვევლობა.

საქართველოს ეკონომიკას არაფერი ეშველება, თუ რუსეთის ბაზარი მთლიანად და, რაც მთავარია, სტაბილურად არ გაიხსნა და თუ ჩვენს ეკონომიკაში ჩვენმა «ეთნიკურმა ინვესტორმა» ფული არ ჩადო.

გამომდინაზე ზემოთქმულიდან, თითქოს სამი კანდიდატია საპრეზიდენტო რეიტინგებში გამოკვეთილი: მარგველაშვილი, ბურჯანაძე, ბაქრაძე. მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, თუ ეკონომიკურ ჭრილში შევხედავთ სიტუაციას, არჩევანი მხოლოდ ორს შორის გაკეთდება: ბურჯანაძესა და ბაქრაძეს შორის.

სამწუხაროდ, მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო დაჭაობებას გამოიწვევს.

საჭიროა, ქართულმა ისტებლიშმენტმა წყნარად, ემოციების გარეშე გაიაზროს, რომ, რუსეთის ბაზრის სტაბილური გახსნის გარეშე, საქართველო ეკონომიკურ სიდუხჭირეს (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე) ვერ გაუმკლავდება, უმუშევრობა ვერ შემცირდება. სტაბილურ ბაზარს კი სჭირდება თამამი ნაბიჯები.

თამამი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით კი შეუძლია პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც არის ქალი, რომელსაც აქვს სერიოზული კავშირები საქართველოსთვის უმთავრესი გასაღების ბაზრის და საქართველოში ფულის ჩამდები «ეთნიკური კაპიტალის» ქვეყანაში.

პოლიტიკაში ხშირადაც, გაბედულ, არაორდინალურ და ქვეყნის განვითარების გადამწყვეტ მომენტებში საჭირო ნაბიჯებს მხოლოდ ქალები დგამდნენ. ამის მაგალითი ინგლისისთვის მარგარეტ ტეტჩერია, არგენტინისთვის _ ხუსტიალიზმის მოძრაობის სახისა და სულისჩამდგმელის _ ევა პერონის დღევანდელი «პოლიტიკური რეინკარნირებული სახე» კრისტინა კირშნერი, ინდოეთისთვის _ ინდირა განდი, ბრაზილიისთვის _ დილმა რუსეფი, გერმანიისთვის _ ანგელა მერკელი… ყველა ამ ქვეყანაში ქალებმა არამარტო ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტებში ჩაიბარეს სახელმწიფოს მეთაურის საჭე, არამედ ხშირად მათი გააზრებული და გაბედული, არაორდინალური ნაბიჯების წყალობით მათ თავიანთი ქვეყნები გამოიყვანეს კრიზისული სიტუაციებიდან ან სხვა სიმაღლეზე აიყვანეს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტატუსები.

საქართველო, შესაძლოა, ამ ქვეყნებზე მეტად რთულ სიტუაციაშია დღეს. მას გაბედული და კიდევ ერთხელ უგაბედულესი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

გრანტებზე დამოკიდებული ხალხისთვის, რასაკვირველია, ძალიან განყენებულ ან მიუღებელ თემებზე ვსაუბრობ, რამეთუ გრანტების წარმომავლობის გეოგრაფია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ იმ ხალხისთვის, რომლისთვისაც დღე იმაზე ფიქრით იწყება, სად იშოვოს საჭმლის ფული ოჯახში მისატანად, ეს საკითხი უპირველესი მნიშვნელობისაა.

«ოცნებას» პროფესიონალიზმზე მეტად აკლია უფრო მთავარი კომპონენტი, რომელიც კი პირველ რიგში უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს, _ პოლიტიკური გამბედაობა! პოლიტიკური გამბედაობა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეთ მომენტში ხალხს აუხსნას რეალური საქმის ვითარება. ხალხი ყველაფერს გაიგებს, ოღონდ უნდა აუხსნა და დაანახო ალტერნატივა.

ხალხი ყოველთვის უფრო კარგ ცხოვრებას ირჩევს ამიტომ მომავალი მე მაინც გაბედული ნაბიჯების გადამდგმელთა მხარეს მგონია.

მამუკა ჩხეიძე,

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში

 

1 COMMENT

  1. სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ ჰყავს სტრატეგები. საქართველოში ტაქტიკოსები არიან, მაგრამ საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული სტრატეგების დეფიციტია. ქვეყნის ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: არ უნდა იყოს მარიონეტი; მას ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა უნდა გააჩნდეს; უნდა ერკვეოდეს მსოფლიოს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური განვითარების ტენდენციებში; უნდა იყოს კარგი მმართველი, პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში იმპროვიზაცირება და ლავირება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here