Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას თუ არა

რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას თუ არა

630

აგვისტოს საომარი მოქმედებების მონაწილის, რუსეთის გმირის _ ივან ნეჩაევის სოჭის ოლიმპიადზე ერთერთ მეჩირაღდნედ დანიშვნამ ჩვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რას ფიქრობს ქართული მხარე ასეთ ვითარებაში: მიიჩნევს თუ არა მართებულად სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ღირს და მიზანშეწონილია თუ არა ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება და ამით უარის თქმა საქართველოს შესაძლო წარმატებებზე? სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრნენ ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში _ზარბეგ ბერიაშვილი, «ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი და ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

 

ზარბეგ ბერიაშვილი:

_ რას ფიქრობთ, ნეჩაევის მეჩირაღდნედ გამოცხადება, უბრალოდ, მისი დაფასებაა რუსეთის მხრიდან თუ, გამიზნულად გაკეთდა ქართველების გასაღიზიანებლად?

_ ვფიქრობ, აგვისტოს ომის მონაწილის მეჩირაღდნედ დანიშვნა შემთხვევითობაა ან, უბრალოდ, პატივისცემის გამოხატვა მის მიმართ. ამ ამბავს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რათა რაიმე დამატებითი გართულებები არ წარმოშვას რუსეთთან ურთიერთობაში. ოლიმპიურ თამაშებში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და რუსეთის მიმართაც არა გამაღიზიანებელი, არამედ დალაგებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ოლიმპიადაში მონაწილეობას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გავიმეორებ, რომ ქართულმა მხარემ ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს.

რუსეთისთვის, ალბათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს გადაწყვეტილებას ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. დარწმუნებული ვარ, ეს არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ მოექცევა. ჩვენი სპორტსმენები კი ამით ძალიან დაზარალდებიან. სოჭის ოლიმპიადა მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება და ეს შანსი მათ არ უნდა წავართვათ. ზამთრის სახეობებში არ ვართ ძალიან ძლიერნი, მაგრამ გედევანიშვილის დიდი იმედი გვაქვს. ოლიმპიადა თითოეულ ქართველ მონაწილეს სპორტულ ოსტატობას აუმაღლებს.

აკაკი ასათიანი:

_ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია ნეჩაევის მეჩირაღდნედ დანიშვნასთან დაკავშირებით?

_ რუსეთის ამ გადაწყვეტილებამ ერთგვარი უხერხულობა ნამდვილად შექმნა და  ცხადია, მას რეაქციაც მოჰყვებოდა. ქართველებისთვის ძალიან ძნელია, რომ აგვისტოს ომის ერთ-ერთი მონაწილე სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობის არმიღებაზე დაფიქრება ბუნებრივი რეაქცია იყო. ამის მიუხედავად, ეს საკითხი მაინც რუსეთის მხარის გადასაწყვეტია. პასუხს მათ ამის გამო ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ საინტერესოა, ვინ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ, მიუხედავად ქართული მხარის ნეგატიური რეაქციისა, ჩვენი მთავრობა მაინც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. სხვა საკითხია, ამას რამდენად წარმატებით ახორციელებს. მე მაინც ვთვლი, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია.

თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის არმიღებაზე, ეს ჩვენი სპორტსმენებისთვის ნამდვილად გულდასაწყვეტი ფაქტი იქნება. ისინი, უკვე წლებია, ემზადებიან ოლიმპიადისთვის და მრავალი დიდი წარმატებაც მოუტანიათ საქართველოსთვის. ამით კი ნამდვილად შეილახება მათი ინტერესები. ვფიქრობ, ქართული მხარის პოზიცია, უბრალოდ, რეაგირება იყო რუსეთის გადაწყვეტილებაზე და მეტი არაფერი. საკითხი მართლაც მტკივნეულია. ალბათ, რუსეთის მხარეც გაიზიარებს და გაგებით მოეკიდება ამას.

გულბაათ რცხილაძე:

_ ჯერ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და გადაწყვეტილებებიც საღი აზრიდან გამომდინარე მივიღოთ. რაც შეეხება მთავრობის მოსაზრებას ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე, მე შემდეგ პოზიციაზე ვდგავარ: დღევანდელ რეალობაში თუ სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა ქართველი ხალხისთვის რაიმე დამამცირებელი იქნება, რა თქმა უნდა, არ ღირს გამოსვლა. მეჩირაღდნესთან დაკავშირებული ქმედება თუ არაა გამიზნული საქართველოს წინააღმდეგ და ოლიმპიადაში მონაწილეობას, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ შემთხვევაშიც ჩვეულებრივი ხასიათი ექნება, მაშინ არ ღირს დეტალებზე გამოკიდება-გამოდავება.

მარტო ნეჩაევი რომ იყოს მეჩირაღდნე და მთელი ოლიმპიადა მხოლოდ მას ებაროს, მაშინ ჩვენი მხრიდან აღშფოთება უფრო გასაგები და უფრო ლოგიკურიც იქნებოდა. ვიცი, რომ ის ოლიმპიადის მხოლოდ ერთ ეტაპზე დაიკავებს ჩირაღდანს, როგორც რუსეთის გმირი. მე თუ მკითხავთ, ეს რუსეთის თავსატკივარია, რომ გმირებს საქართველოსთან ომში ეძებენ და ჩვენი საქმე სულაც არაა. ჩვენ, ქართველებიც ძალით ვეძებთ გმირებს და ისინიც თავიანთი გმირების ძებნაში არიან. ეს არაა გასაკვირი. ორივე ერი მსგავს უბედურ დღეში ვართ. თუ სააკაშვილის საშინელი რეჟიმის დროს მომხდარ ომში რუსეთს გმირები გამოუჩნდა, ეს მათი პრობლემაა და განხილვის ღირსიც არაა. მე თუ მკითხავთ, ნეჩაევის თითქოს გმირობის ამბავიც გასათვალისწინებელია. მისგან მართულ თვითმფრინავს ქართველების მხრიდან მოხვდა საზენიტო ჭურვი. ნეჩაევმა კი მაინც მოახერხა თვითმფრინავის უვნებლად დასმა. შესაბამისად, გმირობის სტატუსი მან არა მოწინააღმდეგის განადგურებისთვის, არამედ აგვისტოს ომის დროს თვითმფრინავისა და საკუთარი თავის გადარჩენისთვის მიიღო. ამ გარემოებიდან გამომდინარე კი, ნამდვილად არ ღირს ისტერიკის ატეხვა და გაგიჟება.

_ თქვენი აზრით, ვინ ცდილობს ოლიმპიური თამაშების პოლიტიზირებას?

_ ოლიმპიური თამაშების პოლიტიზირებას «ნაციონალური მოძრაობის» ნარჩენები ცდილობენ. ისინი ყოველთვის იმისკენ არიან მომართულნი, რომ ყველაფერი გაბერონ და გააზვიადონ. ამას ვამბობ არა მხოლოდ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, არამედ დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებსაც ვგულისხმობ. დვანის ამბავზე მრავალი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გავრცელდა. რეალურად კი, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მრავალი პოპულისტური ლოზუნგით თვითონ ჩაბრძანდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკადრისი პასუხი გასცა. ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლაზეც კი უარი განაცხადეს. მიზეზად კი ისევ მთავრობის წევრების პოპულისტობას ასახელებდნენ. მსგავსი ქმედებები აღიზიანებს მოწინააღმდეგე მხარეს. საბოლოო ჯამში კი პირისპირ დგომა მოწინააღმდეგესთან მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას უწევს. დვანელები მიიჩნევენ, რომ აგვისტოს ომი ქართული მხარის დაწყებულია და ეს დაუფარავადაც კი განუცხადეს იქ ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოსახლეობა გამოფხიზლებულია და ძალიან საღად აფასებს ყველა მოვლენას. ჩვენ კი, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკანები ცდილობენ მსგავსი თემების, მათ შორის ოლიმპიადის თემის, გაბერვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესაა ხელმოცარული «ნაციონალური მოძრაობის» ნარჩენების მიერ დაწყებული კამპანია. მათ კი დღევანდელი მთავრობა ნამდვილად არ უნდა აჰყვეს. ზოგადად კი, ყველაფერს რომ დაფიქრება და აწონ-დაწონვა სჭირდება, ორი აზრი არ არსებობს. 

ნუ ვიტყვით, რომ რუსეთს არ აინტერესებს საქართველოს საბოლოო გადაწყვეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ძალიანაც აინტერესებს. მე ეს ინფორმაცია ვიცი რუსეთიდან და ამას შემთხვევით არ ვამბობ. მაგრამ ის, რომ საქართველოს მონაწილეობის გარეშე ოლიმპიადა ჩაიშლება ან რაიმე ზიანი მიადგება მას, ნამდვილად არაა მოსალოდნელი.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here