Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: აგენტომანიის ისტერიკის ამტეხი უნდა დაისაჯოს, თორემ ხომ ხედავთ, რა დომხალია

ანზორ მაისურაძე: აგენტომანიის ისტერიკის ამტეხი უნდა დაისაჯოს, თორემ ხომ ხედავთ, რა დომხალია

946

«საქართველო და მსოფლიოს» შეკითხვებს უპასუხებს სახელმწიფო უშიშროების გენერალმაიორი ანზორ მაისურაძე.

_ ამ დღეებში ჩვენს პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები იმის თაობაზე, რომ თურმე «ქართული ოცნების» კოალიციის ლიდერები სოდისა და კუდის აგენტები იყვნენ და არიან.

 

მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო მარათონის დასკვნით ეტაპზე, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის, ასეთი მაკომპრომენტირებელი მასალების გასავრცელებლადაც, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პროფესიონალის შეფასება საზოგადოებისთვის ობიექტური ორიენტაციის მისაცემად ზედმეტი არ უნდა იყოს.

_ გეთანხმებით და გიპასუხებთ.

უწინარეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ასეთ პერიოდებში (და სხვა დროსაც) პოლიტიკურ ორთაბრძოლებში მოწინააღმდეგის ლანძღვა და თათხვა, ყველა ამქვეყნიური ცოდვის მიწერა ჩვენთან მოდაში შემოვიდა, რაც ფრიად სამწუხაროა.

სახელმწიფო უშიშროებისთვის მოწოდებული არც ერთი სამსახური, რომლებიც აღჭურვილია პასუხისმგებლობით, გამოირჩევა ჭეშმარიტი პროფესიონალიზმით და, ბოლოსდაბოლოს, დაკარგული არ აქვს თავმოყვარეობა, არ დაუშვებს არც ამგვარი ინფორმაციის გაჟონვას, მით უფრო დოკუმენტების პუბლიკაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

_ ესე იგი, ფალსიფიკაციის მოწმენი ვართ?

_ ჩემი ღრმა რწმენით, ეს გაკეთებულია დაინტერესებული ძალის მიერ მოწინააღმდეგე, გამარჯვებული ძალის და მისი მოწინავე ბირთვის კომპრომენტაციის მიზნით. უშნო, მავნე, არაპროფესიული, უგემოვნებო, სპეცსამსახურების ენაზე რომ ვთქვათ, .. აქტიური ღონისძიების განხორციელების მცდელობაა, ჩვენ შემთხვევაში, კოალიცია «ქართული ოცნების» აქტიური პირების წინააღმდეგაა მიმართული, ანუ დღევანდელი ხელისუფლების კომპრომენტაციისთვისაა გამიზნული.

აგენტურა საიდუმლო სამსახურია, საიდუმლოდ შექმნილი, მისი გამჟღავნება ისევე დასჯადია, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა.

კარგი ბიჭები იქნებოდნენ, უცხო ქვეყნების აგენტების სია რომ გამოექვეყნებინათ, რაც სპეცსამსახურების უშუალო მოვალეობაა _ გამომჟღავნებას ვგულისხმობ. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და ჭორების გავრცელებით გზა-კვალს ურევენ ხალხს.

_ მახსენდება თქვენი მონაყოლი, როცა პრეზიდენტმა გამსახურდიამ ქართული ინტელიგენციის 30 წარმომადგენლის სია გადმოგცათ და დაგავალათ, დაგემოწმებინათ მათი უშიშროების აგენტობა

_ თქვენ იცით, რომ მაშინ სხვა სიტუაცია იყო, პარალელის გავლება დღევანდელობასთან მაინცდამაინც ზუსტი არ იქნება, თუმცა პრინციპი _ სიმართლის თქმა და არა ცრუ თანხმობა _ იყო მთავარი და რჩება ასეთად.

მე ვუპასუხე, რომ არც ერთი, ვინც იმ სიაში ეწერა, აგენტი არ იყო, რასაც დავადასტურებ ყოველთვის და ყველასთან. რომ ყოფილიყვნენ, არც იმას ვიტყვი, რადგან ჩემი პროფესიონალიზმი და ღირსება ამის უფლებას არ მაძლევს.

მითხრა, რომ ერთ კვირაში დაგირეკავ და შენი თანამდებობაზე ყოფნა და სამსახური შენს პასუხზე იქნება დამოკიდებულიო.

ვუპასუხე, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ და თქვენი კაბინეტიდან პირდაპირ შინ მივდივარ _ სახლში-მეთქი.

ერთი კვირის თავზე მირეკავს და მეუბნება, _ შენ მე მატყუებ და ამიტომ სამსახურიდან გაგდებ!

არ გამგდების-მეთქი!

_ ბატონო ანზორ, თქვენ ისიც გაქვთ ნათქვამი, რომ, როცა თქვენმა თანამშრომელმა პირველი მრავალპარტიული არჩევნებით მოსული დეპუტატებით სავსე სხდომათა დარბაზს გადახედა, თქვა: ასე მგონია, ჩემს სეიფში შევიხედეო (სადაც აგენტების კართოტეკა ინახებოდა).

_ თქვა, მაგრამ გვარები არ დაუსახელებია, ესე იგი, არც კანონი დაურღვევია, არც მორალური პრინციპი. ესაა პროფესიული დამოკიდებულება და არა ის, რასაც დღეს ვხედავთ, როცა საიდუმლო აგენტების პერსონალიებზე ალაპარაკდნენ ისინი, ვისაც ამ საქმესთან შეხება არასოდეს ჰქონიათ.

_ პრეზიდენტ გამსახურდიას ისიც უთხარით, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, გაქვთ უფლება, იცოდეთ, ვინ არის აგენტი, მაგრამ ამის გასაჯაროების უფლება თქვენც კი არ გაქვთო.

_ ასეა. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის, რათა უკეთ მართოს ქვეყანა, უკეთ შეარჩიოს კადრები. აგენტურა არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ეს ინსტიტუტი ქვეყნის შინაური თუ გარეშე მტრების გამოსავლენად და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად. სწორი და მართალი ხელისუფალი იქნება ის, ვინც ამ პრინციპს განახორციელებს.

_ შეუძლიათ თუ არა იმ პოლიტიკოსებს თუ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომლებიც კუდის თუ სოდის აგენტებად მოიხსენიეს, რამენაირად იმართლონ თავი?

_ რატომ უნდა იმართლონ თავი? როგორც დასწამეს ცილი (თუ ეს ცილისწამებაა), ასევე უნდა განაცხადონ, რომ ტყუილია ის, რასაც აბრალებენ. მეტი არაფერია საჭირო.

_ სასამართლო? ერთერთმა დასახელებულთაგანმა პრესაში განაცხადა, რომ მიმართავდა სასამართლოს ჭეშმარიტების დასადგენად. მაგრამ შეძლებს კი?

_ ვერა, ვერ შეძლებს. მაგრამ ვერ შეძლებს მისი აგენტობის დამტკიცებას, ვერც ის, ვინც ეს ჭორი გაავრცელა. სასამართლოში ჩივილი წყლის ნაყვაა. ხოლო ის «დოკუმენტები», რომლებიც გამოქვეყნდა, წმინდა წყლის ფალსიფიკაციაა. გამორიცხული არ არის, რომ ცრუ საბუთები სპეცსამსახურებში ხელგაწაფულთა მიერაა შედგენილი და მათ მიერვეა «დიდ ცურვაშია» გაშვებული.

ასეთი მაგალითები ადრეც იყო საკმაო ოდენობით.

_ თქვენს დროსაც?

_ დიახ. მაგრამ არა იმ სამსახურის მიერ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი…

_ ამ, გამიზნულად აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით ეროვნული ხელისუფლების წევრმა თემურ ქორიძემ «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში განაცხადა, რომ «აგენტომანიას ყავლი გაუვიდა. თუ ჟურნალისტს მყარი არგუმენტაცია არ გააჩნია, ამაზე არ უნდა ისაუბროსროცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, მე ვითხოვდი, რომ, თუ ვინმეზე ასეთი მასალები არსებობდა, გამოექვეყნებინათ».

_ სწორი პოზიციაა. სამართლიანი მოთხოვნაა.

_ და ამასთან დაკავშირებით, გაიხსენა «ერთი ძველი ანეკდოტი», როცა სუკის ძველმა თანამშრომელმა, რომელსაც მავანმა აგენტი უწოდა, უპასუხა: «აგენტი შეიძლება შენ იყო, თორემ მე გენერალი ვარო».

_ (იცინის). ეს ანეკდოტი კი არა, ნამდვილი ამბავია. გივი გუმბარიძეს შეეკითხნენ _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილ თავმჯდომარეს (შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივანი გახდა. _ ა. ს.), და ზუსტად ასე უპასუხა.

სხვათა შორის, ერთმა, მაშინ დამწყებმა ჟურნალისტმა, რომელიც შინ მეწვია, მკითხა, აგენტი იყავითო?

მაშინ იმ თქვენს კოლეგას ვუპასუხე, აგენტი არა, მაგრამ აგენტების უფროსი კი ვიყავი-მეთქი, ობერაგენტი! (იცინის).

შევეშვათ მოგონებებს. აი, იმათ რა სურთ, ვინც აგენტომანიის ჭირისგან არ გათავისუფლებულა, ისა ვთქვათ.

_ ჩვენ რა უნდა ვთქვათ, თვითონვე წერენ, რომ მათი მიზანია ახალი ხელისუფლების კომპრომენტირება, სახელის გატეხვა, ანუ ყოფილი ხელისუფლების წისქვილზე შეეცადნენ წყლის დასხმას. თუმცა ამ დროს იმ კუდისა და სოდის ხელმძღვანელებზე, ქარდავებსა და მათნაირებზე უფრო კომპრომეტირებული ადამიანების წარმოდგენაც კი ძნელია.

_ იმიტომ, რომ კომპრომეტირებული, უვარგისები არიან, მოიგონეს იმის გამოქვეყნება, რასაც ასე ხარბად დაეწაფა ობივატელი. «ნაციონალების» მოგონილია ეს ამბავი. ამათგან სხვას არაფერს უნდა ელოდო, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი: ვინც ავრცელებს ხმებს სპეცსამსახურებთან თანამემამულეების თანამშრომლობის თაობაზე, არის ჩვენი სამშობლოს მტერი. ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, რაც თავისთავად კანონით ისჯება. ედუარდ სნოუდენს, რომელსაც რუსეთმა თავშესაფარი მისცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელის გასამართლება, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების გამცემს.

თუ ისინი, ვისზეც პრესაში ლაპარაკობენ და უარესი _ დოკუმენტებსაც აქვეყნებენ, მათი სოდისა და კუდის აგენტობის დამადასტურებელს, მართლაც არიან აგენტები, ეს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას ნიშნავს და მოლაყბენი მკაცრად, კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ.

თუ ასე არ არის, თუ უგონებენ და ხმებს უვრცელებენ, მაშინ ამ ქმედებისთვის არიან დასასჯელნი.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში აგენტომანია.

_ თუ გახსოვთ, ერთ დროს ხელისუფლების სათავეში მდგარ ადამიანებს სასჯელის ასეთი სახეც კი ჰქონდათ შეიარაღებაზე: «აგენტად გამოგაცხადებო», _ აშინებდნენ თანამოქალაქეებს.

_ მახსოვს, როგორ არ მახსოვს. ეს მეთოდი მოკლე ხანში ისე გაუჯდა ძვალსა და რბილში პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების წარმომადგენლებს, რომ პირველ დიდ პრესკონფერენციაზე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გავმართეთ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ, იუსტიციის მინისტრმა ჯონი ხეცურიანმა და მე _ სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელმა, პირადად მე _ ანზორ მაისურაძეს ასეთი კითხვა დამისვეს:

_ იყო თუ არა ზვიად გამსახურდია საბჭოთა კავშირის უშიშროების აგენტი?

_ არა, არ ყოფილა, ვუპასუხე მაშინ მე. ცხადია, რომ აგენტომანია, რომელიც ავი სენივით 90-იან წლებში გავრცელდა, დღესაც ცალკეული კერების სახით არსებობს ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზმში და დროდადრო, როცა შესაფერისი პირობები დგება, იფეთქებს ხოლმე.

დღეს, როგორც ჩანს, საამისო პირობებია შექმნილი. ნეგატიური მორიგი აფეთქების პერიოდი დადგა.

_ თქმა ყველაფრის შეიძლება, დაბრალებაც. ასე ესმით სიტყვის თავისუფლებამაგრამ ეს ცალკეული ადამიანის ან პოლიტიკური ძალის პრობლემაა და არა საერთოდ საზოგადოების.

_ უბედურება ის არის, რომ საზოგადოება იჯერებს ასეთ ნაბოდვარს, ე. ი. ვერ მოვერიეთ იმ დაავადებას, რომელზეც ვლაპარაკობთ. ჯერ არ გამოვჯანსაღებულვართ.

_ ხომ არ ფიქრობთ, ბატონო ანზორ, რომ ასეთი მოარული ხმებისთვის ნოყიერი ნიადაგი, შესაფერისი ფონი შექმნა თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ? ხალხმა ვერ ახსნა, რატომ დაუტკბა ხელისუფლება «ნაციონალბოლშევიკებს», და მიზეზთა ძიების პროცესში მყოფ ჩვენს საზოგადოებას ასეთი სენსაცია რომ შემოუგდეს _ «ნაცების» აგენტები ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიანო «ოცნებაში» _ უცებ და დაუფიქრებლად აკენკა კიდეც?

_ პოლიტიკური მოტივი, კოაბიტაციის მიუღებლობა რომ შეიძლება იყოს ამ ვითარებისთვის ბიძგის მიმცემი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მაგრამ ამჯერად მე ვსაუბრობ, როგორც უშიშროების პროფესიონალი და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაუსვან წერტილი ასეთი განწყობილებების განვითარებას.

არსებობს ამის უამრავი მეთოდი და საშუალება, უპირველესად, კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში არეულობის წინააღმდეგ არის მიმართული და ობიექტურობისა და სტაბილურობის გარანტიაა.

მე მგონია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები ექსპერტებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რამდენიმეკაციან ჯგუფთან იყო სიტყვის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის, ამ ორი პრინციპის განუყოფლობისა და ერთიანობის დაცვის შეხსენებაც და მოთხოვნაც.

თორემ, ხომ ხედავთ, რა დომხალია და რა არეულობა ტრიალებს!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here