Home რუბრიკები სამართალი ლია მუხაშავრია: ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ კბილაშვილის უწყება არჩევნების შემდეგ აქტიურად ამუშავდება

ლია მუხაშავრია: ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ კბილაშვილის უწყება არჩევნების შემდეგ აქტიურად ამუშავდება

636

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია «ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის» ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.

 

_ ქალბატონო ლია, «ქართული ოცნების» მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებებიდან უმეტესობა დღემდე შეუსრულებელია. არ შექმნილა სამუშაო ადგილები, არ გაზრდილა ხელფასები და პენსიებისაინტერესოა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს, რა მივიღეთ ამ ერთი წლის განმავლობაში?

_ ახალი ხელისუფლების მიერ ერთი წლის თავზე წარდგენილ ანგარიშში ყველაზე სუსტი მხარე არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის ნაწილი, რომელიც იყო ძალიან მკაფიო დაპირება მათ წინასაარჩევნო პროგრამაში. დღეს უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს დაპირება არ შესრულდა, თუმცა ვფიქრობ, არ შესრულდა კიდევ არასრულყოფილი შეფასებაა.

ყველამ ვიცით, საზოგადოებას რა მოლოდინიც ჰქონდა, რას ითხოვდა ხალხი და რისთვისაც მისცა ხმა 1 ოქტომბერს კოალიციას. ამის მიუხედავად, აქ არანაირი კომპლექსური ღონისძიება არ ყოფილა, დაწყებული სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებიდან, დამთავრებული წართმეული ქონების დაბრუნებით, ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა.

_ არ გააკეთა თუ ვერ გააკეთა?

_ ვფიქრობ, მას არც ჰქონია ამის განზრახვა, იმიტომ, რომ კანონმდებლობაში არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილებები. მხედველობაში მაქვს საპროცესო კანონმდებლობის ისეთი ცვლილებები, რომლებიც სასამართლოს მიერ მიღებული და უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვას გახდიდა შესაძლებელს. ეს რომ არ გაკეთდა, ცხადია, პროკურატურა თავს იკავებს და გვეუბნებიან, გადაწყვეტილებას ვერ გადავხედავთო. ასევე თავს იმართლებენ სხვა უწყებებიც. საბოლოო ჯამში კი გამოვიდა, რომ ის დაპირება, რომელიც შეეხებოდა სამართლიანობის აღდგენას, იყო მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკი.

_ თქვენი აზრით, რა მექანიზმებითაა შესაძლებელი ამ განაჩენების გადახედვა?

_ სწორედ ამაზე უნდა იმუშაონ შესაბამისმა უწყებებმა. აქ საქმე გვაქვს სრულ სამართლებრივ აბსურდთან, _ ერთის მხრივ, არის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მეორე მხრივ, პარლამენტის დადგენილება, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით დევნილები. ამ ორი დოკუმენტის ერთდროულად არსებობა ნონსესია. ასე რომ, ერთი წლის თავზე შეიძლება ითქვას, _ სამართლიანობის აღდგენის საკითხი სრულად ჩავარდა.

_ თქვენ თქვით, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი იყო. რა გამოდის _ «ოცნების» მესვეურები იმთავითვე ცრუობდნენ, როცა ამ დაპირებას იძლეოდნენ?

_ ვერ გეტყვით, რომ იმთავითვე ცრუობდნენ, მაგრამ ფაქტია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, არაფერი გააკეთეს. კიდევ ვიმეორებ: აქ არ არის ლაპარაკი უშედეგო მცდელობაზე, მათ, ფაქტობრივად, არც კი მოინდომეს სამართლიანობის აღდგენა.

_ თავიდან პროკურატურამ თითქოს აქტიურად დაიწყო მუშაობა, მაგრამ შემდეგ შეფერხდა პროცესი. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი ნაწილობრივ დასავლეთის ფაქტორიც ხომ არ იყო? მაგალითად, წინა კვირას ჰილარი კლინტონმაც განაცხადა: «იმ ადამიანებზე კი არ უნდა იფიქროთ, რომლებმაც, თქვენი აზრით, კანონი დაარღვიეს, არამედ ახალი ხელისუფლების პოზიციაზე და იმაზე, ახდენს თუ არა მთავრობა დემოკრატიის კონსოლიდირებას».

_ იმის თქმის უფლება, რომ სამართლიანობის აღდგენაზე არ ვიფიქროთ, არავის აქვს და ვერც იტყოდა ამას ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელი, თავის დროზე რომ გადადგმულიყო სამართლებრივად სწორი, ადეკვატური ნაბიჯები. მხედველობაში მაქვს კონკრეტულად სამი შემთხვევა:

როცა ახალაია დააკავეს და შემდეგ, როცა მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს, ხელისუფლებამ პროცესუალურად იმდენად ღრმა დარღვევები დაუშვა, რომ შემდეგ უკვე მთლიანად სამართლიანობის აღდგენის მცდელობებს გადაეფარა პოლიტიკური დევნის საბურველი. აი, ზუსტად ამ საბურველმა მისცა ამერიკელებს კრიტიკის საფუძველი, თორემ გარწმუნებთ, ჩვენამდე ძალიან ბევრ ქვეყანაში გაუსამართლებიათ საკუთარი დიქტატორები, საკუთარი კაციჭამიები და ომის დამნაშავეები.

_ თქვენი აზრით, რატომ მოხდა ახალაიას, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების დროს პროცესუალური დარღვევები? მიზანმიმართული პოლიტიკა უფრო იყო ეს თუ უბრალოდ კვალიფიციური კადრები არ ჰყავდათ?

 _ იცით, რა, ახლა აღარ გვაინტერესებს, რა იყო ამის მიზეზი. ეს უკვე ჩავლილი ამბავია და დროს უკან ვერ დააბრუნებ. მე მაშინ ვეუბნებოდი მათ, თუ თქვენ დღეს სწორად არ დაიჭერთ ვინმეს მაინც, მერე სხვა პირების მიმართ, რომლებიც უფრო სერიოზული დამნაშავეები არიან, ვერაფერს გახდებით-მეთქი. სამწუხაროდ, ზუსტად ასე მოხდა. დღეს კი ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს არც უნარი, არც შესაძლებლობა და სურვილი, აღადგინოს სამართლიანობა.

_ გასაგებია, მაგრამ, თუკი სამართლიანობა არ აღდგება, ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერას დაკარგავს. ეს არაფერს ნიშნავს მათთვის?

_ ცხადია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: მათ ამის უნარი და შესაძლებლობა არ აქვთ. სხვანაირად როგორ შეიძლება, ხელისუფლება თავისი ძალოვანი სტრუქტურების შიგნით არ ახდენდეს რეორგანიზაციას და კადრების შერჩევას, რომ ბოლოს ასეთ დოყლაპიურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

_ ერთი მხრივ, საუბარია საგამოძიებო სტრუქტურების სისუსტეზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომელთა უფლებებიც წლების მანძილზე სხვადასხვა ფორმით ირღვეოდა. საინტერესოა, უფრო მეტად რატომ არ აქტიურობენ ისინი და რატომ არ აიძულებენ პროკურატურას, იმოქმედოს?

_ ვერ ვიტყოდი, რომ საზოგადოება პასიურია, შვიდი თუ რვა ათასი საჩივარი შევიდა თავიდან პროკურატურაში. მერე რომელი ერთი გამოიძიეს, რომელს გასცეს პასუხი და დაადასტურეს?! აი, ეს რომ დაინახა ხალხმა, ყველას გაუტყდა გული. რატომ უნდა დაკარგონ ადამიანებმა დრო და ენერგია იმაში, რასაც აზრი არ აქვს?!

_ გამოდის, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმია?

_ მე უფრო მოლოდინს დავარქმევდი, ხალხს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ რაიმე შეიცვლება. საზოგადოება გაცილებით უფრო ჭკვიანია, ვიდრე ხელისუფლებას ჰგონია, ამიტომ მოსახლეობა დიდხანს ვერ იქნება მოტყუებულ მდგომარეობაში. ქვეყანა შეურაცხყოფილია, როცა, მაგალითად, შაშკინი დაგიჯდება ეთერში და მორალს გიკითხავს. ეს ხელისუფლებისთვისაც სირცხვილია.

_ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზეც. საპარლამენტო უმცირესობას თუ დავუჯერებთ, ციხეებს ადრინდელივით კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ.

_ მე მგონი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა თუნდაც იმის გამო, რომ პატიმრების რაოდენობა განახევრდა. რაც შეეხება საუბარს კრიმინალურ ავტორიტეტებზე, ეს არის დაუსაბუთებელი ლაპარაკი და მე პირადად არ მჯერა ამ ჭორების.

_ ბოლო ერთი წელია, დასავლეთიდან მუდმივად კრიტიკა გვესმის, საქართველოში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიანო. როცა ამდენი მტკიცებულებაა და ამდენი დაზარალებული, საინტერესოა, პირიქით თუ ფიქრობს ვინმე, ანუ ამბობენ, რომ ივანიშვილმა სამართლიანობა ვერ აღადგინა?

_ მანდ სხვა მომენტია. მე პირადად 50 საქმე მაქვს სტრასბურგში გასაჩივრებული და აქედან მხოლოდ ერთადერთია ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე. იმის თქმა მინდა, რომ თავის დროზე ადამიანები გაჩუმდნენ ამაზე და, შესაბამისად, არ არსებობდა სტატისტიკა, რა ხდებოდა აქ. მერწმუნეთ, დასავლეთში ჩვენს ცოდნას მოკლებულები არიან, ამიტომ იწვევს ხოლმე საზოგადოების გაკვირვებას მათი ზოგიერთი შეფასება.

_ ცოდნასა და ინფორმაციას სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყვნენ მოკლებულნი, დღეს კი ჰამერბერგი პირადად იმყოფება საქართველოში.

_ ჰამერბერგმა ძალიან კარგი ანგარიში დადო. სხვათა შორის, საეჭვოა, რომ არ ეღირსა ანგარიშს გადმოქართულება და გამოქვეყნება. გირჩევთ,  მოიპოვოთ ის და გაეცნოთ მის ქართულ ვერსიას. ეს მთელმა საზოგადოებამ უნდა ნახოს…

_ დავუბრუნდეთ სამართლიანობის აღდგენის საკითხს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არაა და ხალხისთვის წართმეული ქონების დაბრუნება ამიტომ ვერ ხერხდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი?

_ კარგი, დავანებოთ დროებით თავი იმ წართმეულ მილიონებს, დღემდე ავტოსადგომებზე გაჩერებული მანქანების პატრონები უშედეგოდ ითხოვენ მათ დაბრუნებას, ამასაც სახსრები უნდა?! მეტსაც გეტყვით, არის ბინები, რომლებიც არაა პატიოსანი შემძენის საკუთრებაში გადასული და მაინც არ აბრუნებენ. რაც შეეხება ბიუჯეტში თანხის არ არსებობას, რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავს მისცემს ამ განცხადების გაკეთების უფლებას, მან ხომ დაიბრუნა თავისი 82 მილიონი?! მორჩა, დანარჩენი არ აინტერესებს, გეუბნებიან, ბიუჯეტი არ გვყოფნისო. «მშვენიერი» მიზეზია. რაც გინდა, იფიქრე და ილაპარაკე.

_ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ სამართლებრივ პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა და თითქმის ყველა გამოძიება დროებით შეჩერდა. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ 27 ოქტომბრის შემდეგეს პროცესი განახლდება?

_ ახლა ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომლის უფლებებიც საკმაოდ შეზღუდულია. შესაბამისად, ამ უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის მოსვლით, ვფიქრობ, ქვეყანაში არსებითი ცვლილება ვერ მოხდება ვერც პოლიტიკურად, ვერც ეკონომიკურად და ვერც სამართლებრივად. ამას, მგონი, ყველა ხვდება, ამიტომ, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ არჩევნების შემდეგ კბილაშვილის უწყება მუშაობას დაიწყებს.

_ არადა, «ოცნება» კოაბიტაციის დასასრულს გვპირდება.

_ არ ვიცი, დასასრულში რას გულისხმობენ, მაგრამ პროკურატურის მუშაობაში ცვლილებას ნამდვილად არ ველოდები. თუ აქამდე ვერ აღადგინეს სამართლიანობა, ვერც ხვალ და ზეგ აღადგენენ და, კადრები თუ არ ჰყავდათ, უცებ ერთ თვეში ვერ გაზრდიან. კიდევ ვიმეორებ, საზოგადოების მოლოდინი სრული ილუზიაა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის. რაში სჭირდებათ, გასაგებია, იმისთვის, რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ილუზია გაიფანტა, ადამიანებს ისღა დარჩენიათ, გამოვარდნენ ქუჩაში, მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვნად შეცვალონ კოალიციის არსებობა სათავეში. ამის თავიდან ასაცილებლად დღეს მმართველი გუნდი ყველაფერზე მიდის. ალბათ, მომავალშიც გადადგამენ გარკვეულ ნაბიჯებს.

_ საპროტესტო გამოსვლების ალბათობაზე ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან და ცოტა ადრე ხომ არაა ამაზე ფიქრი?

_ ჩემი აზრით, ეს ძალიან მალეა მოსალოდნელი, მით უფრო, რომ ეკონომიკური ფონი მძიმეა და ადამიანებმა საკუთარ ტყავზე ვერ იგრძნეს ვერანაირი ცვლილება.

მართალია, ციხიდან ხალხი გამოუშვეს, მაგრამ გარეთ გამოსული მოქალაქე სამუშაოს ვერ შოულობს, კიდევ უფრო მეტად გაბოროტდება. ამიტომ ხელისუფლებას ის ურჩევნია, ნორმალურად იმუშაოს და შეეცადოს, სანამ კიდევ აქვს შანსი, თავი გადაირჩინოს, რაც სააკაშვილის რეჟიმს ცხრა წელი გაუვიდა, ამათ არ გაუვათ. საზოგადოებამ საქართველოში უკვე ძალიან კარგად ისწავლა, როგორ შეცვალოს ხელისუფლება. ამ ცოდნას ის, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენებს. ასე რომ, «ოცნებას» სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. სხვანაირად, კიდევ ვიმეორებ, მათ გაუჭირდებათ ხალხთან საუბარი და ადრე თუ გვიან გაიზიარებენ წინამორბედის ბედს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here