Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: მზადდება დანაშაულებრივი შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ…

ლევან ჩაჩუა: მზადდება დანაშაულებრივი შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ…

873

საპრეზიდენტო არჩევნებამდე თერთმეტი დღე დარჩა. პოლიტიკური მარათონი დასასრულს უახლოვდება და დაძაბულობა მატულობს. კანდიდატების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემო ადრინდელივით არაჯანსაღია, ივანიშვილი კი დემოკრატიით დასავლეთის გაკვირვებას აპირებს. ფაქტი ისაა, რომ სიები უცვლელია, კანდიდატთა დაფინანსების სისტემა _ არათანაბარი. ამ დროს «ენდიაი» კვლევას კვლევაზე აქვეყნებს და «ნაცმოძრაობისთვის» «გარანტირებული» მეორე ადგილის «გაპრავებას» წინდაწინვე გეგმავს. კოაბიტაცია დანაშაულებრივ გარიგებაში გადადის, დაპირებები არავის ახსოვს; «ოცნების» რეიტინგიც დღითიდღე ეცემაროგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და რას უნდა ველოდოთ 27 ოქტომბრის შემდეგ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჩაჩუა.

 

_ ბატონო ლევან, პრემიერი თავის გამოსვლებში ხშირად ამბობს ხოლმე, რომ მომავალი არჩევნები ჩვენთვის დემოკრატიის ტესტია. ალბათ, ასეცაა, მაგრამ რამდენად ჯანსაღია დღეს საარჩევნო გარემო, რამდენად თანაბარ პირობებში ხართ კანდიდატები?

_ თანაბარ გარემოზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ის პრობლემები, რომლებიც იყო წინა არჩევნებში, კაციტაძის კომისიის მიერ გაბერილი სიების სახით, დარჩა მოუგვარებელი. მეტიც, ამ ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, მოხდა პოლიტიკური სივრცის ერთგვარი მონოპოლიზება და ახალ სახეებს, რომელთაც უნდათ ამ სფეროში შემოსვლა, არანაირი საშუალება არ ეძლევათ. გარდა ამისა, ბევრი კითხვის ნიშანია დაფინანსების საკითხთან დაკავშირებითაც. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ოცდასამი კანდიდატი ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. დუხჭირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხალხს საარსებო მინიმუმი არ აქვს. ასეთ დროს ხელისუფლება თითოეულ თეთრს მიზანმიმართულად უნდა ხარჯავდეს და არა რაღაც მოკლევადიან კამპანიებში… მაგრამ უფასო საერთო დროის თანაბრად გადანაწილება და თოქშოუებში ახალი სახეების მონაწილეობა ხომ სავსებით შესაძლებელია, ოდესმე ხომ უნდა მოხდეს ამ ჩამყაყებული პოლიტიკური ველის გადახალისება.

_ ბოლო დროს ჩატარებულმა თითქმის ყველა კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ტურის ალბათობა დიდია, თუმცა საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებისგან ჩარევას არ გამორიცხავს ხმის მიცემის პროცესში

_ არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. როგორც გითხარით, წინასაარჩევნო სიტუაცია იმდენად არათანაბარი და მიკერძოებულია, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, პროცესმა ნორმალურად ჩაიაროს. ვერც პრემიერის განცხადებები, რომ თურმე ევროპას გავაკვირვებთ და ვერც სხვა ღონისძიებები, რომლებიც რეალურად შედეგისკენ არ იქნება მიმართული, მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. აქ კონკრეტული ქმედებებია საჭირო და სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს.

_ ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური ორიენტირები უცვლელია, ისევ ევროკავშირისა და ნატოსკენაა სწორება. თუ მომავალი არჩევნები, როგორც თქვენ ამბობთ, დემოკრატიული არ იქნება, როგორ მოხერხდება დასავლეთთან ინტეგრაცია?

_ ვფიქრობ, ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, გამიზნულია იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ნიჰილიზმში ჩაგდება, ანუ არჩევნებზე აქტივობა იყოს დაბალი და ხალხმა ინტერესი დაკარგოს. მერე თავიანთ ამომრჩევლებს მიიყვანენ უბნებში, ზოგს _ ფულით, ზოგს _ სხვადასხვა დაპირებებით და მიაცემინებენ ხმას. ამას რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი შეთანხმებულად გააკეთებს, რის შემდეგაც გადაინაწილებენ ძალაუფლებას.

_ ალბათ, «ოცნებასა» და «ნაცმოძრაობას» გულისხმობთ?

_ ცხადია. ნახეთ, რას აკეთებს თუნდაც «ენდიაი».  ეს ორგანიზაცია ყველანაირად იღვწის იმისთვის, რომ ბაქრაძე და მარგველაშვილი გავიდნენ პირველ-მეორე ადგილზე. მინდა პირდაპირ მივმართო საზოგადოებას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მათგან რომელი გაიმარჯვებს. ბაქრაძე მოვა თუ მარგველაშვილი, ერთი და იგივეა, იმიტომ, რომ კვლავ «თავისუფლების ინსტიტუტის» იდეოლოგია და დიქტატი იქნება ქვეყანაში გაბატონებული.

_ თავისთავად რა საფრთხეებს შეიცავს ეს ჩვენთვის?

_ პირდაპირ დარტყმის ქვეშ დგება ეროვნული ცნობიერება, სულიერება და საბოლოო ჯამში, ის შეტევები, რომლებიც იყო «ნაცმოძრაობის» დროს, მონაგონი იქნება. თვითონ «ნაციონალებიც» ამბობენ, ჩვენ რესპუბლიკელებთან შედარებით შავი ბერები ვართო. ასე რომ, ისეთი საშიშროების წინაშე ვდგავართ, აქ თითოეულმა მორწმუნემ და პატრიოტმა სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რა პროცესები გველოდება.

_ პოლიტიკაში მოსვლამდე ივანიშვილი, როგორც სამების ამშენებელი და ქველმოქმედი, ყველას ეროვნული ცნობიერების ადამიანად მიაჩნდა. დღეს კი მისი ხელისუფლების ანტირელიგიურობაზე საუბრობენ.

_ ეს ყველაფერი განპირობებულია რეალობით, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მივიღეთ. რაც შეეხება ანტირელიგიურ კამპანიას, შეტევა, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა, ჯერჯერობით ამას თავშეკავებულად აკეთებენ. არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ დამთავრდება თუ არა არჩევნები, ეს შეტევა მიიღებს ბევრად უფრო მძაფრ, აგრესიულ ხასიათს. ამის თავი და თავი კი იქნება რესპუბლიკური პარტია, რომელიც დიდად არც მალავს თავის დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ. სხვათა შორის, ამას წინათ ქალბატონი თამარ კორძაია გამოვიდა პარლამენტში და ანგარიში მოითხოვა საპატრიარქოსგან, თუ რაში დაიხარჯა 25 მილიონი ლარი. საიდან და რა ძალებისგან იღებენ ისინი მსგავს მითითებებს, ესეც ცნობილია. ასე რომ, დამალული არავისთვის არაფერია.

_ დღესდღეობით საქართველოში ხელისუფლების მთავარი მალეგიტიმირებელი ძალა დასავლეთი, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებია. ასეთ პირობებში რა შანსები აქვს ეროვნული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს?

_ გმადლობთ, ასეთი საინტერესო შეკითხვისთვის. პერსპექტივას რაც შეეხება, როდესაც ჩვენი წინაპრები ათჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერს უპირისპირდებოდნენ, ეს აბსოლუტურად უპერსპექტივო ბრძოლა იყო, მაგრამ, რომ არა ის წინააღმდეგობა, ჩვენ დღეს ქართველები აღარ ვიქნებოდით. ვფიქრობ, ბრძოლას საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის, ხალხის ცნობიერებისთვის და დედაეკლესიისთვის ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ, მთლიანად ეროვნულ მასშტაბებში თუ ვერ მოხერხდება ამ ბრძოლის გაგრძელება, ადამიანურ, პირად ასპექტში მაინც, უფალთან და ჩვენს წინაპრებათან უნდა ვიყოთ მართლები. როგორც დიდი ილია ამბობს, კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს: ერთი _ აქ დასატოვებლად და მეორე _ იქ წასაღებად…

_ გასაგებია, მაგრამ არსებობს ინტერესთა შეუთანხმებლობა. ერთის მხრივ, არის საზოგადოება, რომელიც მზადაა, ეროვნული ხელისუფლება მოიყვანოს და მეორე მხრივ _ გარეშე ძალა, ამერიკის სახით, რომლისთვისაც ცალსახად მიუღებელია ეს.

_ ჩვენ მივდივართ რწმენით და სიყვარულით ღირსეული მომავლისკენ. ესაა ჩემი გზავნილი ამომრჩევლისადმი და ქვეყანაში, სადაც 90 პროცენტი არის მართლმადიდებელი, ვფიქრობ, საზოგადოებას საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მთავრობაშიც. ზუსტად ამ პროცესის დასაწყისია მომავალი არჩევნები, ამიტომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გველის. მთავარია, ეს საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და დაანახოს ყველა შიდა თუ გარე ანტიეკლესიურ და ანტიეროვნულ ძალას, რომ აქ გადამწყვეტ ფაქტორს ქართველი ერი განსაზღვრავს.

_ თქვენი აზრით, დღევანდელ მთავრობასა და პარლამენტში რამდენად არიან ეროვნული ცნობიერების ძალები?

_ რა თქმა უნდა, არიან იქ მორწმუნე ადამიანები, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი რესპუბლიკელების დიქტატისა და ტყვეობის ქვეშ იმყოფებიან. ყველამ ვიცით, რომ დღევანდელ პარლამენტში დომინანტია რესპუბლიკური პარტია და, თუ ვინმემ რაიმე ეროვნულ  საკითხზე ხმის ამოღება გაბედა, მერე ბოდიშებს ახდევინებენ. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სიმართლის თქმა ყველას შეუძლია, სიმართლისთვის ბრძოლა კი _ ნაკლებს… მაგრამ, როგორც იაკობ მოციქული ბრძანებს, სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია.

_ საქმეებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ადამიანის მსოფლმხედველობას, ეკლესიურ ცნობიერებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობას არ გააჩნია მყარი მსოფლმხედველობა, ეროვნული ღირსების განცდა და ისინი ყოველთვის სხვისი იდეოლოგიური ნასუფრალის შემყურე რჩებიან. სანამ ასეთი მიდგომები იარსებებს, ჩვენს სახელმწიფოს, როგორც კულტურულ, სულიერ და ზნეობრივ ქვეყანას, არავინ გაუწევს ანგარიშს. მუდმივად ვიქნებით რაღაც სათამაშო და საცდელი ობიექტი, რომელსაც ყველა სათავისოდ გამოიყენებს.

_ საზოგადოების დიდ ნაწილს, ალბათ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან აქვს შეკითხვა: გამარჯვების შემთხვევაში ჩაატარებს თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე, რამდენად საჭიროა ეს?

_ არა თუ საჭირო, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ, გავიმარჯვებთ თუ არა არჩევნებში, ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ურეიტინგო და ხალხის თვალში ოდიოზური პოლიტიკოსები აღარ იყვნენ პარლამენტში. საზოგადოებას მათთვის არ მიუცია ხმა 1 ოქტომბერს და ისინი არ გამოხატავენ მოსახლეობის ნებას. უსამართლობა იქნება, ორ და სამპროცენტიანმა პარტიებმა მართონ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო.

_ პრემიერმინისტრის პოზიცია სრულიად საპირისპიროა. მან თქვა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას. რა გზა რჩება საზოგადოებას, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს?

_ როცა პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა, მაშინ მის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი იყო საზოგადოებაში. დღეს კი სულ სხვა რეალობაა. მე მოვიარე თითქმის ყველა რეგიონი, შევხვდი უამრავ ადამიანს და ხალხი იმედგაცრუებულია, ამიტომ ამ განცხადებას დღეს ნაკლებად დაეყრდნობა მოსახლეობა.

_ არ დაეყრდნობა და რა იქნება?

_ თუ არ ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და არ მოხდა პოლიტიკური ველის გადახარისხება, ვფიქრობ, საპროტესტო აქციების დიდი ტალღა დაიწყება.

_ ქუჩაში გამოსვლებს გულისხმობთ?

_ ცხადია. წინა რეჟიმის მიერ გამწარებული ხალხი, რომელიც აქამდე ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას, გარეთ გამოვა და მერე მათი შეკავება ძალიან ძნელი იქნება.

_ არის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ განახლდება სამართლებრივი პროცესი.

_ სწორედ ეს მოლოდინი აკავებს ხალხს, მაგრამ რეალურად რას ვხედავთ ჩვენ დღეს? ბაჩო ახალაიას უხსნიან ბრალდებებს. ცალკე იმ ძველი ზონდერბრიგადების წარმომადგენლები ბედავენ, ადამიანებს დაურეკონ და ეუბნებიან: ჩვენ ვბრუნდებით ხელისუფლებაში, დროზე მოდითო, ანუ, ფაქტობრივად, რეჟიმი ნელ-ნელა ისევ ფეხს იდგამს. პირდაპირ ვაცხადებ: ამ კოაბიტაციამ ქართველი ერის წინააღმდეგ შეთქმულების ხასიათი მიიღო, ამიტომ საზოგადოებამ პრინციპულად არ უნდა შეცვალოს მოთხოვნები. თუ ხელისუფლებამ სიღრმისეულად არ გაიაზრა, რა ხდება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, ვშიშობ, შესაძლოა, ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს…

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ სამართლებრივი პროცესის შეფერხება დასავლეთის ზეწოლამაც განაპირობა?

_ დასავლეთის ასეთი მძლავრი ზემოქმედების ქვეშ არ მოექცეოდა ხელისუფლება, მის ინტერესებს რომ არ ემსახურებოდეს. ასე რომ, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება წინა კითხვას მოლოდინთან დაკავშირებით, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ესენი არჩევნების შემდეგ აღადგენენ სამართლიანობას. პირიქით, გეუბნებით, რომ დანაშაულებრივი შეთქმულებაა მომზადებული ქართველი ერის წინააღმდეგ. რესპუბლიკელები და «ნაციონალები» იდეალურ კოაბიტაციაში არიან ერთმანეთთან, ის მეტ-ნაკლებად ეროვნული ძალები კი, რომლებიც კანტი-კუნტად არიან პარლამენტში, ხმასაც ვერ იღებენ. ძალიან რთული მდგომარეობაა და საფრთხეები ბევრია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხალხს შეცდომის უფლება არ აქვს. 27 ოქტომბერს ყველამ უარი უნდა უთხრას უსამართლობას და წარსულს ჩაბარდეს ის ანტიეროვნული ცნობიერება, რომელიც დღეს გაბატონებულია მმართველ ელიტაში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. გეთანხმები ლევან და არა მარტო მე, უამრავი ემიგრანტიც… ეხლა მოვუსმინე პირდაპირ ბიძინას გამოსვლას და ….. ეს რომ ეთქვა შარშან ვინ აირჩევდა მას… ვინ ეუბნება ნაცები ჩამოახრჩვეო..ისინი ჩვენს მხარეზე უნად გადმოვიყვანითო…ქართველები არიანო და ათასი ზღაპრები… მორიელი მოიშლის კბენას ბატონებო? მაგათ გასასთწთრებლად მოგიყვანათ ხალხმა? ქვეყანა იღუპება და თქვენ ამ მორიელების გამოსჭორებას ცდილობთ? ძაღლის კუდი გასწორდება? მართლა ბნელა თუ რა ხდება?

  2. ლევან ბოლომდე განაგრძე ბრძოლა!…მართლმადიდებლები გვერდში დაგიდგებით!წარმატებები!!!

  3. რა მტავრობაც არ უნდა მოვიდეს არ არსებობს იმატ რიგებში ყოფილი პოლიტიკოსები არ მოხვდნენ,დაყველას მოსაწონი მტავრობა არასდროს არ იქნება, იქით ნინო იმუქრება მე თუ არ ამირჩიეთ ხალხს გამოვიყვან ქუჩაშიო, როდის უნდა დამტავრდეს ეს მიტინგობია. იმის მაგივრად ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა ვეცადოტ რომ არ გაყალბდეს და ხალხის არჩEვანს უნდა ვცეთ პატივი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here