Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ჩიხლაძე: მინდა, რაღაც სასარგებლო გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის

გიორგი ჩიხლაძე: მინდა, რაღაც სასარგებლო გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის

1891

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გიორგი ჩიხლაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და რუსეთში საკუთარ ბიზნესს ფლობს და საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული ბიზნესგეგმის განხორციელებას აპირებს. თუ რატომ გადაწყვიტა წარმატებულმა ბიზნესმენმა საქართველოს პრეზიდენტობა და რა იქნება მისთვის პრიორიტეტული, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ჩიხლაძე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

 

_ რა გეგმებით მოდის გიორგი ჩიხლაძე პოლიტიკაში და, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, უპირველესად, რა უმთავრესი პრობლემების გადაჭრას აპირებს?

_ ნებისმიერ სფეროში აუცილებელია მთელი რიგი გრძელვადიანი პროგრამების განხორციელება. მე, როგორც ბიზნესმენმა, ნამდვილად ვიცი, ეკონომიკის ასაღორძინებლად რა უნდა გავაკეთო. ვფიქრობ, უპირველესად, საჭიროა ქვეყანაში ექსპორტის განვითარება. მონაცემებს თუ გადავხედავთ, დღეს იმპორტი 70%-ს შეადგენს, როცა ქვეყანას შეუძლია საკუთარი პროდუქციის ექსპორტი აწარმოოს. ჩემი მიზანია, ბიუჯეტის პროფიციტს მივაღწიოთ. წავიკითხე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც არ მუშაობს. ვაუჩერები დაარიგეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. არადა, მთელი რიგი ღონისძიებებისა გასატარებელია. აუცილებელია მართებული საგადასახადო სისტემის ამოქმედება. ჩვენ ძალიან ლმობიერი საგადასახადო სისტემა გვაქვს, მაგრამ ბიზნესის სტიმულირებისთვის გარკვეული დათმობებია საჭირო. მაგალითად, ახლადშექმნილ საშუალო საწარმოს 1 წლის განმავლობაში გავათავისუფლებდი გადასახადებისგან.

სოფლის მეურნეობა უნდა ავაღორძინოთ. პროდუქცია ქვეყნის გარეთ უნდა გავიტანოთ. სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ სოფლის მეურნობის განვითარებისთვის, რასაც დღეს ვერ ვხედავ. ასაღორძინებელია საქონლის შიდა გასაღების ბაზარი. ამას გარდა, ქვეყანაში აუცილებელია მთელი რიგი საგანმანათლებლო, სოციალური პროგრამების განხორციელება. აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც მკურნალობას, სანახევროდ კი არა, სრულად დაუფინანსებს. თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად უნდა იგრძნოს. დღეს შეიძლება ბევრი პროგრამა არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი არ მუშაობს. არადა, ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია.

სიმართლეს გეტყვით: არ მაქვს პრეტენზია, ვიყო პრეზიდენტი, მაგრამ მინდა რაღაც სასარგებლო გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, მინდა ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ ახლა არ მაქვს შესაბამისი ბერკეტები, რაც პრეზიდენტობის შემთხვევაში მექნება. მაგალითად, ისეთ ღირსეულ ადამიანს რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, როგორიც პაატა ბურჭულაძეა, მე უარს ვიტყოდი არჩევნებში მონაწილეობაზე. არ ვიცი, რატომ არიან ვიღაცები ბიძინა ივანიშვილის საქმიანობით უკმაყოფილონი. რაც მან შიდა ბრძოლების ფონზე ამ ერთი წლის განმავლობაში შეძლო, ამაზე არავინ ფიქრობს.

_ როგორი იქნება თქვენი საგარეოპოლიტიკური კურსი, თქვენ იცნობთ რუსებს, ამერიკელებს, როგორ დაარეგულირებთ მათთან ურთიერთობებს?

_ ჩვენ გვაქვს ერთი ყველაზე დიდი პრობლემა _ ტერიტორიული პრობლემა, რომლის გადაჭრაც უახლოესი 50 წლის მანძილზე თითქმის შეუძლებელია, მაგრამ  გამორიცხული არ არის, უახლოეს 5 წელიწადშიც მოგვარდეს, ვინაიდან ეს მხოლოდ ხელისუფლებასა და ხალხზე არ არის დამოკიდებული. ეს დიდწილად დამოკიდებულია დიდი სახელმწიფოების პოლიტიკაზე. ეს პრობლემები მუდმივად საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა იყოს და, სანამ არ მოგვარდება, არ უნდა დავივიწყოთ.

_ 23 კანდიდატი იბრძვის საქართველოს პრეზიდენტობისთვის, ვის მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ კონკურენტად?

_ ვფიქრობ, 23 კანდიდატი ძალიან ბევრია. მე, მაგალითად, პარლამენტს შევთავაზებდი კონსტიტუციის შეცვლას და პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ იმ კანდიდატის დარეგისტრებას, რომელიც ბიუჯეტში 200 ათას ლარს გადაიხდის და, თუ პირმა 2% მაინც ვერ მოაგროვა, აღარ დაუბრუნდეს ეს თანხა.

რაც შეეხებ კონკურენტებს, პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან ჩაჩუამ მითხრა, ჩვენ ერთი საქმის გაკეთება გვინდა და ამიტომ კონკურენტები არ ვართო. აქედან გამომდინარე, ჩემი კონკურენტი არავინაა. მეტიც, მაქვს იდეა, პრეზიდენტობის კანდიდატების კლუბი ჩამოვაყალიბო. ზოგს აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნების გეგმა აქვს, ზოგს _ განათლების სისტემის დახვეწის და ა.შ. შევქმნათ კლუბი და ერთად დავიწყოთ ჩვენი პროგრამების განხორციელება. ეს ხალხი არჩევნების შემდეგ ისევ თავისი ვიწრო სპეციალიზაციით აგრძელებს საქმიანობას.

აღნიშნული იდეის შესახებ გელა სალუაშვილსა და ლევან ჩაჩუას ვესაუბრე. ნინო ბურჯანაძესთან, დავით ბაქრაძესთან და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა მსურდა, მაგრამ არ შემხვდნენ და მიზეზად მოუცლელობა დაასახელეს. მაგალითად, გიორგი მარგველაშვილს არ ვიცნობ, სურვილი მაქვს, გავესაუბრო, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი?! როგორ შეიძლება დანიშნული პრეზიდენტი გვყავდეს?! ჩატარდეს დებატები და ხალხმა თითოეული ჩვენგანი გაიცნოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატონო გიორგი, თქვენ ნამდვილად გირსეული პიროვნება ხართ მე თქვენ გიჭერთ მხარს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here